Monday, March 11, 2013

სიმბოლოები, სიმბოლოები everywhere..

ერთი კვირაა ყველა არხზე და ყველა ბლოგზე წაღმა-უკუღმა ატრიალებენ ანსამბლ "ერისიონის" გასტროლებს რუსეთში, კრემლის დარბაზში.

რაღაც გამოკითხვასაც ვუპასუხე ფეისბუქზე, უნდა გაემართათ თუ არა კონცერტები კრემლშიო, ასეთი კითხვა იყო მხოლოდ ორი პასუხით: ან - კი, ან - არა. ვუპასუხე, რომ - არა. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პასუხის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. შეიძლება კარგად მე არ მესმის, ან საკმარისად პატრიოტი ვერ ვარ, რომ არც კონცერტის იქ გამართვა მგონია დიდი ტრაგედია, არც - მასზე უარის თქმა დიდი გმირობა. მოკლედ, აქაც ძალიან "შუაში" ვარ.

გამართეს და გამართეს. რაც მთავარია, სახელმწიფოს ბიუჯეტი ამაში არ დახარჯულა. (აი თუ დახარჯულა, ძალიანაც ცუდი, ე.ი. ეს მთავრობაც წინას ტრადიციებს აგრძელებს!) 

რომ გითხრათ, რაღაცებში სიმბოლოებს და ქვეტექსტებს ოქროს თევზივით ვეძებ-მეთქი, მოგატყუებთ.  მეტიც, არანაირი სიმბოლოსი და ქვეტექსტის, არავერბალური ენის და ჟესტიკულაციის მაინცდამაინც არ მჯერა. მჯერა კონკრეტული და დადასტურებული ფაქტების, მათი ერთმანეთთან კავშირის და რაღაც კონკრეტული დასკვნის. 

მათ შორის, არც იმის მჯერა, რომ "ერისიონი" კულტურულ ურთიერთობებს "დაათბობს". ჩემი აზრით, ეს ისეთი ტყუილია, რომ ხშირი ხმარებისგან გაცვდა და სიტყვის მასალადღა იქცა. რუსი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აი "ერისიონმა" თავის კრემლში ცეკვით აფხაზეთი და სამაჩაბლო როგორ უნდა დაგვიბრუნოს (ან სხვა დანარჩენი პრობლემები როგორ უნდა მოგვიხსნას), წარმოდგენა არ მაქვს. კუთხეში მიყენებული ბავშვის თავის მართლებას ჰგავს: "რუსეთში იმიტომ ვცეკვავთ, რომ ურთიერთობები დათბეს". ეგრე შარშან დედეტეც იყო ჩამოსული და ტევა აღარ იყო მინდორზე იმდენი ხალხი შეიკრიბა. დათბა ვითომ? გრძნობთ ვინმე?

მაგრამ ჩემთვის ეს პროტესტიც არანაკლებ სასაცილოა. აი მერე რა? გამოხატვის თავისუფლებას რატომ უზღუდავ ადამიანებს? ვისაც სადაც უნდა და როცა უნდა იქ იმღეროს და იცეკვოს, რა ჩემი საქმეა? ქვეყანას რეპუტაცია ისედაც შელახული გაქვს და მართლა საქმე რომ ვაკეთოთ, სოციალურად გაჭირვებულ ხალხს მივხედოთ, უნივერსიტეტებში არსებული პრობლემები რომ მოვაგვაროთ, ჯანდაცვის ხარვეზები გამოვასწოროთ და საავადმყოფოები გავარემონტოთ - არა? 

მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე როგორ უნდა იცეკვონო. გასაგებია, ეს არც მე მსიამოვნებს, ნამდვილად. თუმცა სახელმწიფო რატომ არ ზრუნავს იმათზე, ვინც ომში ცოცხალი კი გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ დაინვალიდდა? რატომ აქვთ ომის ვეტერანებს სასაცილო პენსიები? რატომ არ აქცევენ ომში დაღუპულთა ოჯახებს შესაფერის ყურადღებას? რა, სახელმწიფო და საზოგადოება მხოლოდ დაღუპულებზე ზრუნავს? ანუ ომში უნდა დაიღუპო, რომ სახელმწიფომ შეგამჩნიოს? ე.ი. საზარბაზნე ხორცი უნდა იყო? 

ნუთუ ამდენი მოაზროვნე და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები იმაზე კამათში ფლანგავენ დროს, რომ უნდა იცეკვონ თუ არა ქართველებმა კრემლში? 

ამ დროს კი, ერთ ახალგაზრდა მსახიობს სასწრაფოდ ესაჭიროება უძვირესი ოპერაცია, რამდენიმე ათასი ოჯახი შიმშილით კვდება, მუშებს არაადამიანური შრომის პირობები აქვთ... არ მესმის, ქვეყანას, რომელსაც ამდენი "შავი ხვრელი" აქვს, ღირსებაზე ხმა ამოსაღები როგორ აქვს? 


No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ