Wednesday, September 30, 2009
გვჭირდება ჯარი ვითომ?
მერე ამ თემიდან ომს გადავწვდით, ომიდან რეზერვისტებს, რეზერვისტობიდან გოგო რეზერვისტებზე (რაზეც 20 კაციანი ჯგუფის 16-მა წარმომადგენელმა აღშფოთება გამოვთქვით :)) ), და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდება საერთოდ ჯარი?
და დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სიტუაცია: არის ერთი კვაზი-სახელმწიფო (აბსოლუტურად ყველა სფეროში), რომლის ერთი მეზობელი თურქეთია (თავისი ”უუუშველებელი” ჯარით), მეორე კი _ რუსეთი, რომლის წინაშე, ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელის თქმის არ იყოს, მთელი 66 მილიონიანი გერმანია თრთის. (ეს თრთოლა სულ თრითინას მახსენებს, თეთრ თრთვილზე რომ თრთის:)) ). ჰოდა, მოკლედ ამისთანა კვაზი-სახელმწიფოს მოქალაქეები ყოველწლიურად ჯარის შენახვისთვის თავისი ჯიბიდან ხარჯავენ იმდენ ფულს, ეს ამდენი ფული განათლების სისტემაში (ასეთივე წარმატებით ნებისმიერ სხვა სფეროში ბირთვული შეიარაღების გარდა, რა თქმა უნდა) რომ დაგვეხარჯა, დღეს ამდენი სულელი აღარ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებლებში. :)) (მაპატიეთ უხეშობისთვის).
ის კიდევ ცალკე საკითხია, ყოველწლიურად დამოუკიდებლობას რომ აღვნიშნავთ და ჯარს და შეიარაღებას რომ ვამარიაჟებთ, რატომ ვამარიაჟებთ :))
Monday, September 28, 2009
გაიტანეთ სტალინი!
ალბათ ეს სიუჟეტი ბევრმა ნახეთ. ჩემი რამდენიმე ნაცნობი ჟურნალისტი აღშფოთებული დარჩა ამ იდეით _ გაიტანონ სტალინი გორიდან. რამდენიმემ ამის არგუმენტად ტურიზმიც კი დაასახელა, ანუო ტურისტებიო გორში სტალინის ძეგლის სანახავად მოდიანო.
რა კარგია ბლოგზე წერა, რასაც გინდა იმას წერ! ეს ჩემი აზრია, რომ გაიტანეთ სტალინი ტვინებიდან!
ნუთუ არის კიდევ ერთი-ორი ადამიანი, ჩემი თაობის მით უმეტეს, ვინც კიდევ წინააღმდეგია სტალინის ძეგლის გატანის, ან ”მისტირის” და ნოსტალგიები აწუხებს საბჭოთა კავშირის მოგონებებზე, როცა მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდნენ...
კი ბატონო, ძალიან კარგია, როცა ადამიანურად გექცევიან და 37 მანეთად მოსკოვში მიდიხარ, მაგრამ კარგით რა, როცა ვერც მილიონად მიდიხარ სხვაგან? როცა ერთით მეტით ჟიგულს თუ იყიდიდი, მაშინვე კაგებე გისახლდებოდა? როცა ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩვეულებრივი შემოსავალი ჰქონდათ და არაფრით განსხვავდებოდნენ ტიპური თბილისელი უსაქმურებისგან? როცა ეს ”საოცარი” ქვეყანა მილიონების სისხლზეა აშენებული და ძალიან დიდი ცოდვა აქვს ნებისმიერ ლიდერს და ნებისმიერი იმ ადამიანის მშობელია ამ მასობრივ ჟლეტაში მოყოლილი, ვინც დღეს საბჭოთა კავშირის ”ფანია?”
კერქით რა...
ძალიან გაბნეულად ვწერ ამ პოსტს, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს, მართლა გინდათ რომ სტალინი დაგვრჩეს გორში? ყველანაირ კომენტარს მივიღებ სიამოვნებით :)
Saturday, September 26, 2009
მაცადე ტირილი...
მაცადე ტირილი.
გამოვიგლოვო ეს სიცოცხლეც.
მაცადე ვიტირო ჩემი და შენი სიყვარული_
სცენაზე შესრულებული დრამა ყვავილებით და
ოპერის გახუნებულ მძიმე ფარდებზე დარჩენილი მტვერივით არაფრისმთქმელი.
მაცადე ტირილი.
რომ მერე ყველაფერს მოგიყვე,
მოგიყვე, როგორ ვიბადებოდი,
ვცოცხლობდი ადამიანების სხეულებში სხვადასხვა დროს,
სხვადასხვა კანებში, ფერებში, რასებში და რელიგიებში.
მაცადე მოგიყვე,
როგორ ვაგროვებდი შენთვის ფერად ისტორიებს
კაბის კალთებით, ჭუჭყიანი უბით, ოქროს ჯაჭვებით.
როგორ ვიზრდებოდი და ვბერდებოდი,
რომ ისევ დავბადებულიყავი და შენამდე მომეღწია.
მაცადე მოგიყვე,
როგორ აღარ მახსოვდა შენი სახე და
როგორ მახსოვდა მხოლოდ ჩემი სიყვარული.
მაცადე მოგიყვე,
როგორ სულმოუთქმელად ველოდი ჩემს მორიგ გარდაცვალებას,
რათა მერე ხელახლა დავბადებულიყავი და
შემდეგი სიკვდილისთვის მელოდა...
მაცადე ტირილი.
მოვედი შენამდე რამდენჯერ.
ჩემი სხეული ვეღარ იტანს რამდენჯერმე დაბერებას და
ნაადრევად გამიჩნდა ჭაღარა.
მაცადე ჩემი სიყვარული,
ასე რომ გავუფრთხილდი ყველა ქვეყანაშI,
ყველას სხეულში,
მონის, კეისრის,
კურტიზანის, სამურაის,
მომთაბარის სხეულში,
არსად მახსოვდი.
მახსოვდა მხოლოდ რომ შენ მიყვარდი.
მაცადე ვიტირო აქამდე მოღწეული,
სხვების სხეულებში გამოვლილი,
ჩემი და შენი სიყვარული.
Saturday, September 19, 2009
-----------------------
იჯდა მხიარული სამზარეულოში,
მიირთმევდა ყავას და ბუტერბროდებს.
ეცვა ჯინსები.
რომ დამინახა, მხიარულად დამიქნია თითი და მითხრა:
მე რას მიმალავ, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ.
არაფერს გიმალავ, ღმერთო.
ხანდახან ადამიანების მრცხვენია და
მოდი, ეს ყველაფერი
ჩემი და შენი საიდუმლო იყოს.
თუ გინდა დამცინე და თითი მიქნიე,
ოღონდ არ გამცე.
თუ გინდა გაბრაზდი,
ოღონდ გიყვარდე.
ხანდახან ისე მეშინია, როცა გავიფიქრებ:
ნუთუ ღმერთიც გადაიყვარებს ვინმეს?
არ გადამიყვარო, ღმერთო.
თუ გინდა დამცინე და თითი დამიქნიე.
შენც ხომ იცი,
მე ყოველღამე, უკვე სიმშვიდით, მისჯიან სიკვდილს,
თავის მოკვეთას და
მთხოვენ, ჩავაგდო მონეტა სალაროში, ავიღო ქვითარი და
ჩემს რიგს ველოდო.
ჩემი მეგობარი კი ამ დროს, ისიც სიმშვიდით,
"ძაღლის გულს" კითხულობდეს.
მივეჩვიე თვითმკვლელობასაც, ზაფხულის საღამოობით
მშვიდად რომ ჩამოვჯდები მტკვრის ხიდზე მოაჯირთან
და უინტერესოდ ვუყურებ,
როგორ იყრება ჩემი სხეულიდან შიგნეულობა გასაოცარი თანამიმდევრობით.
თვალს ვარიდებ, მრცხვენია თვითმკვლელობის.
ხმამაღლა ვყვირი: ეს ჩემი არ არის!
ხიდზე კი ამ დროს ჩემი მეგობრები მორბიან
მხიარული შეძახილებით.
ვერ მიხვდნენ თავი რომ მოვიკალი.
მე კი ჩურჩულით გაბარებ, ღმერთო, აღსარებას.
ვიცი, რომ ცოდვა ჩავიდინე.
თუმცა ისევ ცოცხალი ვარ.
არ გამცე ღმერთო.
ხომ იცი როგორ მრცხვენია ადამიანების.
როცა ჩემში ხელების ფათურს იწყებენ, მეცინება.
Tuesday, September 15, 2009
over and over again

ეს ქალი ჩემი ბებიაა. არა, მიქაბერიძის არა, ჩემი. ალექსანდრა ჩქარეული. 20იანი წლების ოპერის მთავარი დიზაინერი. როცა ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან მიყვარდა დედის მაღალი ქუსლებით, წითელი პომადით და ბებიის სამკაულებით თამაში, იმ დროინდელი. მარგალიტის მძივები ჰქონდა, ბრილიანტის გულსაკიდები. ძალიან მომწონდა. ძველებური ფერ-უმარილი. ადრე ასე ეძახდნენ. ჩემს მახსოვრობაში ყავისფერ ტონალობებში შემორჩა_ გადაკტეცილი კანით, წითელი პომადით, მარგალიტის მძივებით, მოვლილი, ლამაზი, მდიდრული, ძველებური ფრანგული პარფიუმერიის სურნელით, თორელის ქალი... ქალის პისტოლეტი ჰქონდა, ისიც ძველებური, გრძელი ლულა ჰქონდა, სულ თან ატარებდა. ამბობდა, რომ თავისი მომავალი ქმარი, თავადი თორელიც სწორედ ამ იარაღით მოხიბლა. პირდაპირ უსროლია... ყველაფერს ძვირფასს ხმარობდა_წარმოდგენა არ მაქვს მერე, კომუნისტების პერიოდში, საიდან აძრობდა ევროპულ კოსმეტიკას, ძველებურს, ხარისხიანს...
* * *
მე ისევ ვუსაქმურობ. სხვა რა დამრჩენია, ჯიპამდე საქმე არაფერი მაქვს. ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი მოვასწრო. ასე არასოდეს მდომებია სწავლის დაწყება და თავიდან ფეხებამდე საქმეებში გადაშვება. არ მინდა თავისუფალი დრო მქონდეს. თავისუფალ დროს ათას უაზრო რამეზე ვფიქრობ. რაც არასოდეს გამომადგება და ტყუილად დროს დამაკარგვინებს. კიდევ ერთხელ შევიცვალე. ყოველ ზაფხულს ფენიქსივით ვიცვლები. დავასკვენი, რომ სასწორის ზოდიაქო ჩემი ბედისწერაა. ყოველთვის მექნება ძალიან დიდი პრობლემები როცა არჩევანის წინაშე დავდგები. არჩევანის გაკეთება კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მომიწევს. ამას უკვე მივეჩვიე. ეს ჩემი ბედისწერაა. ჩემი პროფესიაც ჩემი ბედისწერაა.
* * *
დღეს იორიკს ველაპარაკე. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ხვალ აუცილებლად ვნახავ. ძალიან მომენატრა. ასე მგონია ყოველთვის ერთნაირი ხმა ექნება, ყოველთვის ერთნაირი მიმიკები, ხველებითაც კი, ქრონილულად რომ ახველებს, ყოველთვის ასე იზამს. ყოველთვის ექნება დიადი გეგმები. მერე ამ გეგმებიდან ერთს მაინც შეასრულებს. და რა თქმა უნდა გაუმართლებს. ყოველთვის წარმატებული იქნება. რაც არ უნდა ვეტრაბახო, ყოველთვის უფრო მეტი ექნება ჩემთვის სათქმელი, ვიდრე მე მისთვის.
* * *
ისევ მჯერა ნიშნების. ყველაზე დიდ ლოგიკაში ჩემს ცხოვრებაში ნიშნები ჯდება. ტყუილად დავკარგე ამდენი დრო. ნიშნები ყოველთვის სწორ გზას მკარნახობენ. კენტები და ლუწები, ნაბიჯები, ფერები, წუთები, ზოდიაქოს ნიშნები, უეცარი სიტყვები... ყოველთვის მართლები არიან.
Monday, July 27, 2009
sweet dreams :)
ჩემს ეზოზე მინდა წერა. ეს ეზო ძალიან ძალიან დიდი ხნის წინათ არსებობდა პეკინის #5-ში. გვერდზე სასტუმრო "აჭარა" ედგა, იქ კი აჭარის ნაყინი იყიდებოდა. უუუგემრიელესი ნაყინი! ეზოს ბავშვები ხან ვის დავდევდით და ხან ვის, ეს ნაყინი რომ ეყიდა. ეზოში პეჩკინა მახსოვს, თავაწეული და სულ მომღიმარი, ფანჯრებში გადმომდგარ ჭორიკანა მეზობლის ქალებს რომ ართობდა. მე რატომღაც მეგონა, რომ ფოსტალიონი იყო. კიდევ გენო და ჟანგო მახსოვს_გენო მზემოკიდებული 60 წლის კაცი იყო, სქელჩარჩოიანი სათვალით, ჟანგო იმის დოგი, შავი იყო, გაპრიალებული. გენოს გარეშე არსად ფეხს არ ადგამდა.
ჟუჟუნა მახსოვს კიდევ, ისეთი საყვარელი ქალი იყო, როცა დავინახავდი, ჟუჟუნა წვიმა მოვიდა-ს სიმღერას ვიწყებდი ხოლმე სულ :D
ეზოში ორდროშობანა გვქონდა ყოოველთვის ამოჩემებული. კიდევ, ბაბაჯანა გითამაშიათ ვინმეს? უნდა გამოკიდებულიყავი ერთ-ერთს ბაბაჯანას ძახილით. მერე აღარ მახსოვს რა ხდებოდა :D
ეს ეზო, მოწითალო ფერის ფოტოდ დამრჩა. ფაცხით და მაღალი ნაძვით, მედიკოს ცისფერი "ნოლშესტით", ფართო, ძველებური სადარბაზოებით.
Friday, July 17, 2009
boring-"est" training and Batumi jazz-festivalllll
გუშინ თუ გუშინწინ მოვდიოდით მე, ზურა და ანი კოლმეურნეობაზე. ანიმ თვალები დახუჭა, ზურას ხელი ჩაკიდა და ისე მოსდევდა. მერე მეც მომინდა და ასე, ორი "ბრმა" ისე მივენდეთ, სანამ გზის მეორე მხარეს გაჩერებაზე არ გადავედით ( რა თქმა უნდა, მიქისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლეთ), იქამდე თვალი არც ერთს არ გაგვიხელია.
ყველაზე უცნაური რა იყო ეხლა ამ მსვლელობაში, რო ანიმ რო დახუჭა თვალები, მართლა არ გაუხელია და ბოლომდე ენდო. მე_ვერა, კაი ხანი თვალები თავისით მეხილებოდა, სანამ მივხვდი, რომ ზურას მართლა თვალდახუჭული შეიძლება რომ ენდო.
სასიამოვნოა ამის შეგრძნება. როცა შეგიძლია მეგობარს თვალდახუჭული გაყვე დიდ გზაზე. თან ისე ენდო, ორიენტაციის შეგრძნებაც კი დაკარგო და ვერ მიხვდე ვარაუდითაც კი, სად შეიძლება იყო.
მოკლედ, როგორც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, ასეთი წვრილმანი რამეებით ვაკვირდები და ვხვდები ყველაზე ადვილ და ან რთულ ამბებს.
ჰოო, სასიამოვნო კიდევ ის იყო იმ ტრეინინგიდან (არადა საააშინლად მოსაწყენი იყო), რომ სადილის მერე დავადეთ თავი მე, ანიმ და კიდევ ორმა გოგომ და წამოვედით. მანამდე პლაკატები გავუკარით და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ აუდიტორია. გარეთ რომ გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას თავი დავაღწიე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კი, ნამდვილად სასიამოვნო იყო ამის გაფიქრება.
კიდევ რა. ჰო, 21 ივლისიდან ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება. სამივე ჯგუფს მოვუსმინე იუთუბზე. სხვათაშორის, პარკერი მომეწონა. ვინმემ ხომ არ იცით, ჩარლი პარკერის ვინმე ხომ არაა? ესეც საქსოფონისტია თან...
კიდევ, Nატურალ 7-ს არა უშავდა რა, მაგრამ რეავი, რეავი, ვეღარ ვკაიფობ ასეთ რაღაცებზე უკვე: პირით რომ ბაძავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს... რაც იუთუბზე ვნახე, დიდი ვერაფერ კომპოზიციას მღეროდნენ... მოკლედ, დიდი ექსპერტი არ ვარ, უბრალოდ, ჩემს შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.
და რაც შეეხება ამ ბრაზილიურ ჯაზს, ნუ ესეც რა გითხრათ...
პრეტენზიული სულაც არ ვარ, მაგრამ თბილისში რომ ფესტივალები ტარდებოდა, მგონი როგორც მახსოვს, მაშინ უკეთესი ბენდები ჩამოყავდათ.. ან შეიძლება არ მახსოვს და მაშინ უფრო პატარა ვიყავი.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არც ბრაზილიური ჯაზი არ მომწონებია დიდად.
თანაც გუშინდელი ასათიანის "პროფილის" მერე, ქართველი მომღერლები კიდევ ერთხელ რომ ამღერა (რას ერჩოდა, იყვნენ თავისთვის ჩუმად:))) ), ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები მაინც ყველა ვარიანტში მისწრებაა.
მოკლედ, ჯაზ-ფესტივალის დაწყებით ზაფხული უკვე კააარგად გახურდა ააასე რომ ჯააზზზზზზი ჩჩჩჩასსსსსვვრამდეეეეეეე!!!
www.batumijazz.com <<<<