Monday, June 29, 2009

ჩვენი ვალი

ალბათ ყველა მე-6-ელი ბლოგერი დავწერთ მე-6-ში ბოლო დღეებზე. დღეს ვისხედით დარბაზში ბავშვები და მომავალ ბანკეტზე ვყაყანებდით. დაახლოებით ისევ ისე სასტავი ვისხედით, რომლებიც სულ პირველ კურსზე, სულ პირველად პაიჭაძეს შევხვდით დარბაზში. ანისაც ვუთხარი, პირველი ლექცია გამახსენდა თქო.
პირველი ლექცია მართლა გამახსენდა. პირველ ლექციაზე, თამაზ ჯოლოგუამ თავისუფალი თემები გვაწერინა_ქართული ტელესივრცის შეფასება თუ რაღაც ამგვარი_მეოთხე კურსზე განახებთ და გაგიხარდებათო. მაშინვე მეგონა, რომ ამაზე მეტი რაღა უნდა ვისწავლო თსუ-ში, მე ხომ უკვე კარგად ვწერ-მეთქი. :)) მერე ჯოლოგუას ლექციები რომ გვიტარდებოდა, სულ მინდოდა ამ კაცისთვის ფოტო გადამეღო პროფილში. ფანჯრიდან შუქი შემოდიოდა და ჯოლოგუა კონტრაჟურში ჩანდა, მაგიდას ეყრდნობოდა სულ. 4 წელი აქ ვისწავლე და მაინც ვერ მოვახერხე ფოტოს გადაღება მისთვის.
ეჰ, ისე, რამდენი რამის გაკეთება გვინდოდა და მაინც ვერ მოვახერხეთ. პირველად მე-6-ში ჩემი ატესტატი და გრანტის მოწმობა რომ მოვიტანე, თვალში ლეგენდარული ჟურნალისტური კლუბის სამგანზომილებიანი სურათები მომხვდა. მაშინ იმდენად გულუბრყვილო ვიყავი, რომ ჩავთვალე, ასეთი კლუბი უკვე გვქონდა ჟურნალისტებს. მერე აღმოჩნდა რომ ეს კლუბი სარდაფში უნდა გაკეთებულიყო.
ხან ვის ვუცადეთ, ხან უფროსკურსელებს, ხან ლექტორებს, ხან შეცვლილ ადმინისტრაციას, მოკლედ ხან ვის და ხან ვის. არადა აღარ ეღირსა ამ კლუბს გარემონტება. ბოლოს, მეოთხე კურსზე, ჩემი ჭკუით, ბიზნეს-გეგმაც კი დავწერე, რამდენი რა დაჯდებოდა ამ კლუბის შეღებვა-გარემონტება-ტექნიკის მოტანა_რაც შემეძლო იაფად გამოვედი, მაგრამ ცივი წყალი გადამასხა ნათიამ_ამ კორპუსიდან ისედაც ვიბარგებით და ჟურნალისტური კლუბის იდეაც აუხდენელ ოცნებად დამრჩა.
ყველაზე მაგარ მოგონებად ნათელა დონაძესთან პირველი გამოცდა დამრჩება. როგორც წესი, ეს ქალი ჟურნალისტებს არაფრად გვაგდებდა და სოციოლოგებთან შედარებით, ყოველთვის დაბალ დონედ მივაჩნდით. მით უმეტეს, რომ მე, ერთ-ერთი აქტივისტი აღმოვჩნდი, როცა ჟურნალისტების ჯგუფმა მისთვის "იმპიჩმენტის" მოწყობა ვცადეთ. ეს რა თქმა უნდა არ გამოგვივიდა. გამოცდაზე სულ პირველი გავედი. კათედრაზე ავედი და იქიდან მოვყევი ბიუროკრატია და ნომენკლატურა :)))) (თან მაშინ ეს ორი თემა ჩემთვის "ჰოთ-ნიუსი" იყო :))) ). ამ დღიდან დავმეგობრდით მე და ნათელა დონაძე.
შემაჯამებელი ანგარიშივით გამომდის, არა? არადა, თითქოს, ძველ ფოტოებს ვათვალიერებ_ფუ რა ბანალური ვარ. მაგრამ ასე მინდა.
მე-6-ში ვისწავლე "ტიპობა". ლიტკაფეებში ჯდომა და გაუთავებლად ლაყბობა ბიტნიკებზე, ბევრი შოკოლადის ჭამა, ჩაის სმა და მერე იქ ჩაგდებული ლიმნის ბოლომდე შეჭმა, საჯარო ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ საღამოებზე სიარული და პროტესტის ნიშნად ძირს ჯდომა, ხელნაკეთი ნივთების ტარება, მონიტორზე ნოველების კითხვა, დომკინოში ფილმების წამოწოლილი ყურება (ანი, რა ერქვა იმ კაცს, ფეხები ჩამოწიეთ თორემ ფილმის ჩვენებას შევწყვიტავო რომ გვემუქრებოდა?), სასწავლო ლიტერატურის გაუთავებლად თარგმნა ინგლისურიდან ქართულად, 5 ლარზე დალევა დათრობამდე...
მოკლედ, ბევრი რამე ვისწავლე.
http://www.youtube.com/watch?v=FdD6RMICpfg აი ეს სიმღერა კი, უნის პირველ დღეს მახსენებს. მთელი დღე ამ სიმღერას ვუსმენდი, ახლაც კი მახსოვს. :)

Friday, June 19, 2009

დეკორაციული სახლები და ფანჯრები

რიგაზე მინდა დავწერო. არაფერი დამიწერია, რაც ჩამოვედი, იმის მერე, ჩუმად ვარ. თანაც, პრინციპში, უახლოესი ადამიანების გარდა, მეგობრებიც არ დაინტერესებულან, როგორი იყო. არადა, რომ არ ვთქვა არ ვიცი. მუსიკასაც ვიცი რასაც დავადებ. ეგ სიმღერა სულ რომ ვკვდებოდე, მაინც რიგას გამახსენებს.
მე და სანდრო გამოვედით რიგის აეროპორტიდან დილის 6 საათზე. ისე ბნელოდა, თან ციოდა. ნოემბერი იყო, მაგრამ მაგათთან უკვე მაგრად ყინავდა. იქ ერთი მშვიდობიანი სკინჰედიც დავინახეთ. ეგრევე მოვცილდით.
მერე დიდხანს ვუმტკიცებდი სანდროს, მეთქი აქ რომ სახლებია, დეკორაციულია და სინამდვილეში შიგნით არავინ ცხოვრობს მეთქი. აბა შენი აზრით, ეს ხალხი სად ცხოვრობსო, ცინიკურად მეკითხებოდა. აი მეც ეგ მაინტერესებს. ისეთი გამომეტყველებით დადიოდა ხალხი ქუჩაში, გეგონება იმ სახლებში მართლა ცხოვრობდნენ!
მთელ ბალტიისპირეთში იმ 5 დღის განმავლობაში თუკი ვინმე წესრიგს არღვევდა მე და სანდრო, ანუ ქართველები ვიყავით. გადავდიოდით არასწორ ადგილებში, დავდიოდით ველოსიპედების სავალ გზებზე, ნაგავსაც არასწორად ვყრიდით (4-ნაირი სანაგვეა, ნაგავსაც ახარისხებენ :ვვ: ), იმხელა ხიდებზე ღამე გადავდიოდით, კიდევ კარგი დაყრუებას გადავრჩი! მდინარიდან ცივი ქარი უბერავდა და ხან ერთი ყური მეყინებოდა, ხან მეორე.
არსად არ იყო მთა კი არა, ზევით ასასვლელი, შემაღლებული მიწაც კი!
ვილნიუსში, ვილნიალეს ნაპირთან ხელოვნების რესპუბლიკა ვნახეთ, საკუთარი კონსტიტუციით (სანამ მე და სანდრო ინგლისურენოვან კონსტიტუციას ვეძებდით, რომ რამე გაგვეგო, ამასობაში მარტინმა დაგვიძახა, ჰეი გაიზ, რამე ხომ არ გეცნობათო და ქართულ ენაზე დაწერილი კონსტიტუცია გვანახა :))) ), გერბით, დროშით და სხვა სიმბოლიკებით. წარმოიდგინე, ამ პატარა ადგილას ცხოვრობენ მთელი ლიტვის ხელოვანები, მეცნიერები _ დადიან ველოსიპედებით და პაწაწუნა მანქანებით, თუმცა მათი სახლებიც დეკორაციებს ჰგავდნენ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე მთელი ქალაქის სახლები ერთად აღებული.
მთელი ვილნიუსი და რიგა დაორთქლილი ობიექტივით გადაღებულ ფოტოებად დამრჩა. ასეც იყო, იმ სიცივეში ფოტოაპარატის ობიექტივი განუწყვეტლად იორთქლებოდა. (მე ხომ სულელი ვარ, სახურავი სად დავკარგე, არ ვიცი :).
აი ეს სიმღერაც, რომელიც ყოველთვის რიგას და ვილნიუსს გამახსენებს, ჩემს "baltic dreams": http://www.youtube.com/watch?v=uOmdmO0v1oo

ჩემო იღბლიანო კეშა :)

რაღაც წერილივით მინდა რომ მოგწერო. იმდღესაც ვლაპარაკობდით, იმ ფილმის გმირს მაგონებ თქო, "oh, lucky man"-ში რომ არის. მაშინ ვერ გითხარი წესიერად. თან არც გქონია ეგ ფილმი ნანახი.
ვახ, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დავიწყო ამ წერილის წერა. თანაც შენთან ერთად სხვა ბლოგერებიც წაიკითხავენ და ისევ პოსტი გამოვა. nevermind.
მოკლედ, რა ხდება იცი ფილმში? ძალიან ენერგიული, ძალიან ოპტიმისტი, ძალიან მიმნდობი, ძალიან მონდომებული და ძალიან იღბლიანი ახალგაზრდა კაცი ინგლისის ოთხივე მხარეს მოგზაურობს. მოგზაურობს რა, ბედია ყველაფერი, ხომ გეუბნები. სხვათა შორის, კარგი ფილმია და უყურე, რაღა სხვათა შორის, მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. :)) anyway, რაზე გავჩერდი. ჰოდა, დამოგზაურობს ეს ტიპი აქეთ-იქით, ჯერ ერთ-ერთი კომპანიის (როიალი ქვია როგორც მახსოვს, ყავას აწარმოებს) მარკეტინგის მენეჯერად ნიშნავენ, მერე საბჭოთა კავშირის აგენტობას დააბრალებენ და მაგის ბედზე აფეთქდება შსს (თუ რაცაა), მერე ავტოსტოპით მოდის და (აი ეს მეც მეხება, ავტოსტოპით მოგზაურობაზე რომ ვოცნებობ სულ, ყველას კი არ უნდა ჩაუჯდე, ვინც გაგიჩერებს:)) ) შემთხვევით ვიღაცა გიჟი მეცნიერის კვლევით ცენტრში ამოყოფს თავს (ვაიი მთელი ღამე ის საშინელებები მესიზმრებოდა მერე :))) ), მერე ვიღაც მუსიკოსებს გადაეყრება (ნეტა მეც ეგრე გადავეყარო ალან პრაისს და რაღა მიჭირს :)) ) შუაღამისას გზაზე, 5 წელი ციხეშიც იჯდება ფულის საზღვარგარეთ გატანის მცდელობის ბრალდებით, მერე ქრისტიანები ჩაქოლავენ, მერე ღატაკებს ეხმარება და ის ბომჟებიც ჩაქოლავენ, ერთ ქალს ფანჯრიდან აუხსნის, რატომ არ უნდა მოიკლას თავი და ფანჯრიდან გადავარდება, ის ქალი კი თავს მაინც მოიკლავს.. ჰოდა ბოლოს ბედი რეჟისორთან გაუღიმებს, რომელიც როლზე აიყვანს.
ჰოდა, რაღაც გაურკვეველი დასასრული აქვს, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ ისწავლა ამ სულელმა ჭკუა და ისევ წრეზე ტრიალებს (ან ეს ამისი ბედია), მთელ ფილმს ალან პრაისის სიმღერები გასდევს. იმდღეს ვუყურე და მთელი ის 2 საათი სულ შენ მახსენდებოდი :)))
ანუ, ვერ მიხვდი ხო, რისი თქმაც მინდოდა შენთვის? :)) ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, უბრალოდ, ხომ იცი, ყველაფერი ლოგიკურად სრულდება ხოლმე, შენ თვითონ უყურე ფილმს, მერე გაანძრიე ტვინი, მოფხიკე ინტელექტი (ვიცი, რომ ბევრი გაქვს ;) ) და მიხვდი რატომ გამახსენდი ამ ფილმზე.

ჩემო ძვირფასო, იღბლიანო კეშა :)

http://www.youtube.com/watch?v=MCsYDZ2M04M აჰა შენ ეს სიმღერა, მგონი მოგეწონება :) ;)

Friday, June 5, 2009

wadiT, momwydiT Tavidan, dabereba ar minda!

არც ერთ უცხო ქალაქში არ შეიძლება დაკარგვა. ყველგან აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გზის მოძებნაში დაგეხმარებიან. აბსოლუტურად უსასყიდლოდ და გამორჩენის გარეშე დაინტერესდებიან შენი ამბით, შეწუხდებიან შენი პრობლემით და აუცილებლად მოძებნიან გამოსავალს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ. არ აქვს მნიშვნელობა მათ გარეგნობას _ არც საეჭვოს, არც სანდომიანს. მთავარია, რომ ისინი გულწრფელად გაიზიარებენ შენს წუხილს, მერე მთელ მატარებელში გამართავენ ბჭობას, როგორ გიშველონ, ამ დროს გეშინია შენს მეგობარს შეხედო, იმიტომ რომ იმასაც შენნაირი შეშინებული სახე აქვს, როცა ვერ ხვდებით ორივე რა ენაზე ლაპარაკობენ ეს ქალები, შენი პრობლემებით რომ დაინტერესდნენ და საკმარისია ერთი გადახედო, შეიძლება ორივე ბოლო ხმაზე აბღავლდეთ. არადა სირცხვილია, 20 წლის გოგოები ხართ, ოდესმე ხომ უნდა გახდეთ დამოუკიდებლები. მერე ერთი მონაზონი შემოგთავაზებთ თავისთან ეკლესიაში, პატარა პანსიონატში წაყვანას, მატარებლის სადგურზე მანქანით დახვედრილ სხვა მონაზვნებს თქვენს თავებს გააცნობთ, ეტყვის, რომ ეს "რაგაცები" ჯორჯიადან არიან და თავშესაფარი ჭირდებათ და თავისთან წაგიყვანთ. იქ გემრიელ ვახშამს და სუფთა და მყუდრო ოთახს დაგახვედრებენ, ინტერნეტთანაც მიგიშვებენ, რომ მშობლებს მოატყუო, არაფერი ისეთი რომ არ გჭირთ და იმ ღამეს სახლი დაგესიზმრებათ. ორივეს. დილით რომ გაიღვიძებთ, არ მოყვები, რა დაგესიზმრა წუხელ სიზმარში. მაგრამ დილით კარგი ამინდი იქნება, მატარებელშიც ორი სიმპათიური ბიჭი დაგხვდებათ, დათბება კიდეც, ბევრ ფოტოსაც გადაუღებთ უცნობ ძველებურ ქალაქს და სასტუმროს პატრონიც პირდაპირ სადგურზე მოგაკითხავთ. კეთილი ადამიანები ხომ ყველგან ცხოვრობენ. თანაც ძალიან ბევრნი, უბრალოდ, ზედმეტი შარავანდედის გარეშე კეთილები და გულწრფელები. რომ არ დაენანებათ არაფერი შენთვის, ისეთები და არაფერს რომ არ მოგთხოვენ სანაცვლოდ, ისეთები. 

მინდა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობდეს. თავზე ყვავილების გვირგვინებით, უბრალო ტანსაცმლით, ბევრი არეულ-დარეული აზრით, სამყაროს შეცვლის იდეებით, მუსიკით და ლექსებით, ღიმილით, ფერადი მაკიაჟით, ისე, სიძულვილის მაგივრად, ქუჩაში სიყვარულს გამოხატავდნენ, არ რცხვენოდეთ ერთმანეთის კოცნის პროსპექტზე და ამას ყველასგან მოშორებით, ბნელ სადარბაზოში არ აკეთებდნენ. მინდა, რომ ყველანი ვცხოვრობდეთ დიდ კომუნაში (აი ისეთი, ქრისტიანია როა, დაახლოებით :P) და ერთმანეთს ბუშტებს ვესროდეთ.



ბავშვობაში ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ვაგროვებდი. მთელი გულით მეგონა, რომ ასტრიდ ლინდგრენი ქართველი იყო. ეს აზრი არც ქართულისთვის უცნაურ სახელს და გვარს შეუცვლევინებია, არც პერსონაჟების სახელებს. პეპიც, ლასეც, ბოსეც, ემილიც, მიოც და რასმუსიც _ სულ არ მაინტერესებდა. რამდენი რამე გადმომიღია ამ წიგნების მიხედვით _ აი, მაგალითად, "ბიულერბიუელი ბავშვებიდან" ვიღებდი ხოლმე ძალიან ბევრ რამეს, მერე ჩემს დაქალებს ვუყვებოდი და ხან თოკებზე ასანთის კოლოფებს დავასრიალებდით და ერთმანეთს წერილებს ვუგზავნიდით, ხან ბიჭებს ვატყუებდით, ჩვენი კორპუსის უკან რომ რაღაც კერძო სახლი შენდებოდა, იქ განძია ჩაფლულიო, ხან თუ სოფელში ვიყავი, წავიყოლებდი ბავშვებს მდინარის მეორე მხარეს და ვითომ სახლში ვბრუნდებოდით და თან ვიღაცებს გავურბოდით, ნაქურდალი მოგვქონდა (ძირითადად, ერთმანეთის ბოსტნებიდან მოპარული სიმინდები:D)... და თუ სადმე, რომელიმე წიგნის შენიშვნაში ახალი წიგნის სახელს აღმოვაჩენდი, წელში ვწყდებოდი, რომ როგორმე ის წიგნიც მეპოვა... მერე, კალე ბლუმკვისტის ხათრით, "ფა-ფა"-ებით ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ ვერავის ვასწავლე და თავი დავანებე. 

პოლიტიკაზე შეგნებულად არ ვლაპარაკობ. ისედაც ყველა პოლიტიკაზე წერს და კითხულობს, რა უნდა ვთქვა ახალი. იმდღეს ჩემს ლექტორს პირში მივახალე, კუმირების, გმირების და სახელების სკანდირების მოთხოვნილება უინტელექტო ადამიანებს აქვთ მეთქი. გვთხოვდა, 5 კუმირი დაგვესახელებინა. :)))) man, ზოგს როგორ აწუხებს ზედმეტი სხეულები ორგანიზმში, ჩართოლანის თქმის არ იყოს :))))

http://www.youtube.com/watch?v=9lMT22RnRAg&NR=1 ;) :) enjoy with it

Thursday, June 4, 2009

პარადოქსები

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონა-მანჩესტერის ფინალური მატჩის გახსნაზე ქართველმა გოგოებმა იცეკვეს. მერე, როგორც გავიგე, თამაშის ორგანიზატორებს უთქვამთ, ამდენი ლამაზი გოგო ასე მასობრივად ქუჩაში ჯერ არ გვინახავსო. გესიამოვნება კაცს.
იმდღეს ერთი სტატიისთვის ჭავჭავაძის "ქვათა ღაღადიდან" ერთი ციტატა დამჭირდა. ამხელა და ამისთანა თემატიკის სტატიაში ერთი ჰომოფობიური თუ ქსენოფობური სიტყვა ვერ ვიპოვე. აი ჟურნალისტიკა! აი პროფესიონალიზმი და დიპლომატია! გეამაყება, როცა გაგახსენდება, რომ არცთუ მთლად ჩამორჩენილები არ ვართ ჟურნალისტიკაში, და საერთოდაც, მენეჯმენტში _ ჭავჭავაძე ხომ თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი იყო: ადამიანმა შეძლო ბანკის, წერა-კითხვის დამაარსებელი საზოგადოების, სასამართლოს, გაზეთის დაარსება, ამდენი თანამოაზრის შემოკრება.
(დღეს არ მინდა ამ ყველაფრის ბნელი მხარის გახსენება, არ მინდა იმის თქმა, რომ ასეთი კაცი ვერ შევიფერეთ, ათასი კუდი მოვაბით, ათასი სისაძაგლე დავწამეთ და შურის გამო გავასაღეთ...)
საამაყოა.
"ალიონში" ჩემი პირველი სიუჟეტი "ერისიონის" განახლებულ პროგრამაზე იყო. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი და კამერას ოპერატორთან ერთად ჩავყურებდი. ცეკვაში, სიმღერაში, ტრადიციებში _ ხედავ, როგორ სცემდნენ შენი წინაპრები ქალს პატივს, როგორი ზრდილობა და თავაზიანობა ჰქონდათ, როგორ პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, როგორი ჯენტლმენები იყვნენ, როგორი თავისუფლები და ლაღები... აბა ვინ მოიგონა ასეთი ცეკვა, ვინ მოიგონა შვიდხმიანი ჰასანბეგურა, ვინ მოიგონა ასეთი მდიდრულხმიანი მრავალჟამიერი, ვინ მოიგონა, რომ ცეკვისას ქალს არ უნდა შეეხო, უკან უნდა მისდიო და დაიცვა... ბებო ხშირად მიყვებოდა ერთი ქართველი თავადის ამბავს, რომლის ჩოხის კალთას ერთ სუფრაზე ქალი შემთხვევით დააჯდა. თავადმა, რომელსაც ადგომა უნდოდა, ქალი არ შეაწუხა და ჩუმად მოაჭრა ძვირფას ჩოხას კალთა...
ვინ მოიგონა ამდენი ლეგენდა, ქართული მითოლოგია, ზღაპრები, ირმისა და ასფურცელა, მისტიკური გმირები: აბუდელაური, ლაშარელა, კოპალა... ვინ მოიგონა, რომ ყველა საიდუმლოს გასაღები სანუკვარი ქალის თმებშია ჩაწნული და რომ ეს გასაღები მეცამეტე კარს აღებს, რომ დევები თავიანთ სულებს პატარა კოლოფებში ინახავენ, ვინ დაწერა "ვეფხისტყაოსანი", ვინ ჩადო ამ ჯადოსნურ პოემაში ამხელა იდუმალება, ასეთი მხატვრობა... 
ვინ მოიგონა ქართული ანბანი, მისი მრგვლოვანი მოხაზულობა, ბნელი ისტორია, ათასი ვარაუდით, თითქოს ციდან ჩამოვარდნილი, მაგრამ მაინც გამოუკვლეველი ფესვებით... 
ათასობით ქართველმა, ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა როგორ უბრალოდ, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე არ გადაუარეს ხატებს და როგორ გაწირეს თავი იდეისთვის... 
და როგორ გაწყდა მე-20 საუკუნის რიგი რეპრესიების დროს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, თავადები, განათლებული თაობა, სხვანაირად მოაზროვნე ელიტა... (ისევ არ გავიხსენებ ვის გამო, რის გამო და რანაირად...)
შესანიშნავია, როცა დღეს კლასიკად აღიარებული შანელის პირველი სახე წლების განმავლობაში ქართველი მერი შერვაშიძე იყო.

დღეს უცნაურ გუნებაზე ვარ. ხანდახან, ალბათ ყველას გვახსენდება, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. და ამ დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ ხოლმე სინდისის ქენჯნას_სადამდე მოვედით. იქამდე მოვედით, რომ ეს ყველაფერი სასაცილოდაც აღარ გვყოფნის, გმირულმა წარსულმაც ლეგენდებში გადაინაცვლა და ხანდახან არც კი გვჯერა, რომ ეს ყველაფერი, ეს ერთი სევდიანი, უცნაური, ლამაზი, მისტიკური და საინტერესო ისტორია ჩვენ გადაგვხდა თავს... 
http://www.youtube.com/watch?v=Mjm2DWh9uhY&feature=PlayList&p=E3CE128E4881ED29&playnext=1&playnext_from=PL&index=2:)

Monday, June 1, 2009

აბზაცები

* * *
ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მიყვარს ლაპარაკი-მეთქი, პირველ პოსტში ვთქვი. რაღაც მოვლენებს მხოლოდ "ყურით" და "ცხვირით" ვიმახსოვრებ. აი გუშინ, მაგალითად, კუს ტბაზე მთელ ხმაზე ისმოდა ჯო კოკერის რომელიღაც სიმღერა, ჰოდა მაშინვე ის დღე გამახსენდა, მე, იორიკი და თაკო რომ მოვსეირნობდით კოსტავაზე და ჯო კოკერიანი კოკა-კოლა რომ მეჭირა ხელში, მეთქი არ გადავაგდებ, შევინახავ, რა იცი, ჯო კოკერი მეორეჯერ თბილისში როდის ჩამოვა და ასეთ კოკა-კოლებს როდის გამოუშვებენ-თქო, ისე, კარგი ზაფხული კი იყო. ჯაზით, ზღვით, კოკა-კოლით, ზაგრით, მერე ლუდით და ჩიფსებით. სულ იმას ვამბობ, ჯაზი ცხოვრების წესია თქო. თავისი ზაფხულით, ცხელი მზით, საქსოფონებით, ლამაზი გოგოებით და ბიჭებით, ზაგრით, ლუდით და ზღვით. იიიფ! მომინდა :

* * *
ერთი წლის წინ ერთ-ერთ ჩემს კარგ ნაცნობთან (საქმე ისაა, რომ ამ ბიჭთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ინტერნეტში, აი ლაივში კი არც კი ვიცით რაზე ვილაპარაკოთ, მხრების აჩეჩვით ვიფარგლებით ხოლმე) ცხარე კამათი მომივიდა (რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ფორუმზე) პაზოლინის "სალოზე". (ზუსტად იგივე სიცხარით მანამდე ერთი წლით ადრე უკვე მქონდა ნაკამათები ჩემს რეჟისორ საუკეთესო მეგობართან. მაგრამ ეს ამ თემას არ ეხება). ეს ბიჭი მოკლედ, მიმტკიცებდა, რომ "სალოზე" საზიზღარი ფილმი ჯერ არ უნახავს და ყველა "ჩაინიკს" ურჩევს ხოლმე ამ ფილმს. ჩემი საყვარელი ფილმი, რაღა დაგიმალოთ და, არაა, მაგრამ ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ყველას ვურჩევ სანახავად, მაინც სალოა. http://www.lib.ge/body_text.php?6777 პირველ რიგში ამ ლინკს დავაგდებ წასაკითხად, (კარგი ლინკია, ნახეთ), და მეორეც, ამ ფილმის ნახვიდან რამდენიმე თვე გული მერეოდა როცა სალო მახსენდებოდა. მერე, პრინციპში (ნუ, რაღაც-რაღაცების წაკითხვის მერეც, ალბათ), მივხვდი, რომ სალო ყველაზე მწარე სიმართლეა კაცობრიობის შესახებ, რომ ადამიანის ყველა სურვილი, ფობია, მანია... იმ სურვილზე დადის, როგორმე მიიპყროს საწინააღმდეგო სქესის ყურადღება და თუ ვერ იკმაყოფილებს ამ სურვილს, მთელი სექსუალური ენერგია, რაც მასშია მოზღვავებული ან აგრესიად იქცევა, ან, (მეტნაკლებად გონიერი ჰომო-საპიენსის შემთხვევაში) რაიმე ნიჭად და შესაძლებლობად...


* * *
ჰო, რატომ არ დავდივარ ეკლესიაში და საერთოდაც, რატომ არ ვცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით...
მგონი არ ღირს იმის ხელახლა ახსნა, რომ მარხვის პერიოდში გინებისგან თავის შეკავება, კაბით თავდახრილი სიარული, სამარხვო ნაყინების, კატლეტების და მწვადების ჭამა, ეკლესიების წინ დიდი მეტანიების მოწყობა, ლოყების დახოკვა და აღდგომის ღამეს, ლიტანიობაზე ეკლესიის ეზოში "დაბირჟავება" რელიგიურობა არ მგონია... მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვებით. ალბათ, დაგაინტერესებთ.
რამდენიმე თვის წინ ერთ სუფრაზე მოვხვდი, სადაც მხოლოდ ერთი სასტავის ცოლები იყვნენ შეკრებილები. (ნუ როგორ და რატომ მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მხოლოდ ქალები იყვნენ, ძმაკაცების ცოლები). მძიმე მარხვის პერიოდი იყო. ერთი გოგო ამბობდა, რომ ისეთი რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, მეორეჯერ ბავშვის გაჩენას კაი ხანს არ იფიქრებს, არადა მის ქმარს, რა თქმა უნდა, კიდევ უნდა შვილი. ჰოდა ამიტომაც იმდღეს თურმე ქმრის უჩუმრად ე.წ. "სპირალი" ჩაუდგამს. მეორემ კი თქვა, რომ ეგ რა არისო, მეორის გაჩენა რომ არ მინდოდაო, დავფეხმძიმდიო და სანამ ჩემი ქმარი გაიგებდა, აბორტი გავიკეთეო. ნუ, გაიცინეს. მერე იმანვე, (ვინც აბორტი გაიკეთა) შეიცხადა, რა არის, ამ მძიმე მარხვის პერიოდში ამაზე რომ ვლაპარაკობთ, ცოდვააო. მერე, რაღაცაზე მოაყოლა, მარხვაზე ვარო.

არ მინდა, ბატონო, რელიგიურად ცხოვრება, არ მინდა რა, არ შემიძლია! ვერ ვიტყვი უარს რძიან და თხილიან შოკოლადზე, შარვლის ჩაცმაზე, უზრდელობაზე, ხორცის ჭამაზე და ლუდის დალევაზე, "აკრძალულ" თემებზე ლაპარაკზე და "აკრძალული" ფილმების ნახვაზე, როკის მოსმენაზე, ვერ გადავიწერ ეკლესიასთან ყოველ ავლა-ჩავლაზე პირჯვარს, ვერ მოვუყვები ჩემს ყველაზე დაფარულ ცოდვებს ვერავის, საკუთარი უახლოესი მეგობრების გარდა, რა ვქნა, არ შემიძლია და რაც მთავარია, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ჩემს ღმერთს საერთოდ არ აქვს პრობლემა ამაზე!

* * *
იმდღეს, დიდი ხნის ჩიჩინის მერე, ვუყურე "მამა მიას". ღამე იყო და ფილმის მერე ისეთ კარგ ხასიათზე დავიძინე, მთელი ღამე ფერად-ფერად სიზმრებს ვხედავდი. კარგი მუსიკით, კარგი მსახიობებით, კარგი სანახაობებით, საყვარელი, ისეთი, "გოგოშკური" სიუჟეტით, აი, მოკლედ, მთელი გულით მომეწონა. :)

* * *
ჰო და, ბარემ, სიმღერის ლინკიც, რახან "მამა მიათი" ვამთავრებ, ბარემ ალბომის ლინკსაც დავაგდებ:
http://www.avoe.ge/music/index3.php?gr=Music/&gd=Foreign/&ga=S/&galb=17680