Wednesday, September 30, 2009

გვჭირდება ჯარი ვითომ?

სანამ ლექცია დაიწყებოდა, ახალი ამბები განვიხილეთ. რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ტალიავინის დასკვნაა, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ველოდებით.
მერე ამ თემიდან ომს გადავწვდით, ომიდან რეზერვისტებს, რეზერვისტობიდან გოგო რეზერვისტებზე (რაზეც 20 კაციანი ჯგუფის 16-მა წარმომადგენელმა აღშფოთება გამოვთქვით :)) ), და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვჭირდება საერთოდ ჯარი?
და დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი სიტუაცია: არის ერთი კვაზი-სახელმწიფო (აბსოლუტურად ყველა სფეროში), რომლის ერთი მეზობელი თურქეთია (თავისი ”უუუშველებელი” ჯარით), მეორე კი _ რუსეთი, რომლის წინაშე, ერთ-ერთი ჩემი ჯგუფელის თქმის არ იყოს, მთელი 66 მილიონიანი გერმანია თრთის. (ეს თრთოლა სულ თრითინას მახსენებს, თეთრ თრთვილზე რომ თრთის:)) ). ჰოდა, მოკლედ ამისთანა კვაზი-სახელმწიფოს მოქალაქეები ყოველწლიურად ჯარის შენახვისთვის თავისი ჯიბიდან ხარჯავენ იმდენ ფულს, ეს ამდენი ფული განათლების სისტემაში (ასეთივე წარმატებით ნებისმიერ სხვა სფეროში ბირთვული შეიარაღების გარდა, რა თქმა უნდა) რომ დაგვეხარჯა, დღეს ამდენი სულელი აღარ ისწავლიდა უმაღლეს სასწავლებლებში. :)) (მაპატიეთ უხეშობისთვის).
ის კიდევ ცალკე საკითხია, ყოველწლიურად დამოუკიდებლობას რომ აღვნიშნავთ და ჯარს და შეიარაღებას რომ ვამარიაჟებთ, რატომ ვამარიაჟებთ :))

Monday, September 28, 2009

გაიტანეთ სტალინი!



ალბათ ეს სიუჟეტი ბევრმა ნახეთ. ჩემი რამდენიმე ნაცნობი ჟურნალისტი აღშფოთებული დარჩა ამ იდეით _ გაიტანონ სტალინი გორიდან. რამდენიმემ ამის არგუმენტად ტურიზმიც კი დაასახელა, ანუო ტურისტებიო გორში სტალინის ძეგლის სანახავად მოდიანო.
რა კარგია ბლოგზე წერა, რასაც გინდა იმას წერ! ეს ჩემი აზრია, რომ გაიტანეთ სტალინი ტვინებიდან!
ნუთუ არის კიდევ ერთი-ორი ადამიანი, ჩემი თაობის მით უმეტეს, ვინც კიდევ წინააღმდეგია სტალინის ძეგლის გატანის, ან ”მისტირის” და ნოსტალგიები აწუხებს საბჭოთა კავშირის მოგონებებზე, როცა მოსკოვში 37 მანეთად დაფრინავდნენ...
კი ბატონო, ძალიან კარგია, როცა ადამიანურად გექცევიან და 37 მანეთად მოსკოვში მიდიხარ, მაგრამ კარგით რა, როცა ვერც მილიონად მიდიხარ სხვაგან? როცა ერთით მეტით ჟიგულს თუ იყიდიდი, მაშინვე კაგებე გისახლდებოდა? როცა ოლიმპიურ ჩემპიონებს ჩვეულებრივი შემოსავალი ჰქონდათ და არაფრით განსხვავდებოდნენ ტიპური თბილისელი უსაქმურებისგან? როცა ეს ”საოცარი” ქვეყანა მილიონების სისხლზეა აშენებული და ძალიან დიდი ცოდვა აქვს ნებისმიერ ლიდერს და ნებისმიერი იმ ადამიანის მშობელია ამ მასობრივ ჟლეტაში მოყოლილი, ვინც დღეს საბჭოთა კავშირის ”ფანია?”
კერქით რა...
ძალიან გაბნეულად ვწერ ამ პოსტს, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს, მართლა გინდათ რომ სტალინი დაგვრჩეს გორში? ყველანაირ კომენტარს მივიღებ სიამოვნებით :)

Saturday, September 26, 2009

მაცადე ტირილი...




მაცადე ტირილი.
გამოვიგლოვო ეს სიცოცხლეც.
მაცადე ვიტირო ჩემი და შენი სიყვარული_
სცენაზე შესრულებული დრამა ყვავილებით და
ოპერის გახუნებულ მძიმე ფარდებზე დარჩენილი მტვერივით არაფრისმთქმელი.
მაცადე ტირილი.
რომ მერე ყველაფერს მოგიყვე,
მოგიყვე, როგორ ვიბადებოდი,
ვცოცხლობდი ადამიანების სხეულებში სხვადასხვა დროს,
სხვადასხვა კანებში, ფერებში, რასებში და რელიგიებში.
მაცადე მოგიყვე,
როგორ ვაგროვებდი შენთვის ფერად ისტორიებს
კაბის კალთებით, ჭუჭყიანი უბით, ოქროს ჯაჭვებით.
როგორ ვიზრდებოდი და ვბერდებოდი,
რომ ისევ დავბადებულიყავი და შენამდე მომეღწია.
მაცადე მოგიყვე,
როგორ აღარ მახსოვდა შენი სახე და
როგორ მახსოვდა მხოლოდ ჩემი სიყვარული.
მაცადე მოგიყვე,
როგორ სულმოუთქმელად ველოდი ჩემს მორიგ გარდაცვალებას,
რათა მერე ხელახლა დავბადებულიყავი და
შემდეგი სიკვდილისთვის მელოდა...
მაცადე ტირილი.
მოვედი შენამდე რამდენჯერ.
ჩემი სხეული ვეღარ იტანს რამდენჯერმე დაბერებას და
ნაადრევად გამიჩნდა ჭაღარა.
მაცადე ჩემი სიყვარული,
ასე რომ გავუფრთხილდი ყველა ქვეყანაშI,
ყველას სხეულში,
მონის, კეისრის,
კურტიზანის, სამურაის,
მომთაბარის სხეულში,
არსად მახსოვდი.
მახსოვდა მხოლოდ რომ შენ მიყვარდი.
მაცადე ვიტირო აქამდე მოღწეული,
სხვების სხეულებში გამოვლილი,
ჩემი და შენი სიყვარული.

Saturday, September 19, 2009

-----------------------

წუხელ ქრისტე მესიზმრა.
იჯდა მხიარული სამზარეულოში,
მიირთმევდა ყავას და ბუტერბროდებს.
ეცვა ჯინსები. 
რომ დამინახა, მხიარულად დამიქნია თითი და მითხრა:
მე რას მიმალავ, ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ.
არაფერს გიმალავ, ღმერთო.
ხანდახან ადამიანების მრცხვენია და
მოდი, ეს ყველაფერი
ჩემი და შენი საიდუმლო იყოს.
თუ გინდა დამცინე და თითი მიქნიე,
ოღონდ არ გამცე.
თუ გინდა გაბრაზდი,
ოღონდ გიყვარდე.
ხანდახან ისე მეშინია, როცა გავიფიქრებ:
ნუთუ ღმერთიც გადაიყვარებს ვინმეს?
არ გადამიყვარო, ღმერთო.
თუ გინდა დამცინე და თითი დამიქნიე.
შენც ხომ იცი, 
მე ყოველღამე, უკვე სიმშვიდით, მისჯიან სიკვდილს,
თავის მოკვეთას და 
მთხოვენ, ჩავაგდო მონეტა სალაროში, ავიღო ქვითარი და
ჩემს რიგს ველოდო.
ჩემი მეგობარი კი ამ დროს, ისიც სიმშვიდით,
"ძაღლის გულს" კითხულობდეს.
მივეჩვიე თვითმკვლელობასაც, ზაფხულის საღამოობით
მშვიდად რომ ჩამოვჯდები მტკვრის ხიდზე მოაჯირთან 
და უინტერესოდ ვუყურებ,
როგორ იყრება ჩემი სხეულიდან შიგნეულობა გასაოცარი თანამიმდევრობით.
თვალს ვარიდებ, მრცხვენია თვითმკვლელობის.
ხმამაღლა ვყვირი: ეს ჩემი არ არის!
ხიდზე კი ამ დროს ჩემი მეგობრები მორბიან
მხიარული შეძახილებით.
ვერ მიხვდნენ თავი რომ მოვიკალი.
მე კი ჩურჩულით გაბარებ, ღმერთო, აღსარებას.
ვიცი, რომ ცოდვა ჩავიდინე.
თუმცა ისევ ცოცხალი ვარ.
არ გამცე ღმერთო.
ხომ იცი როგორ მრცხვენია ადამიანების.
როცა ჩემში ხელების ფათურს იწყებენ, მეცინება. 

Tuesday, September 15, 2009

over and over again


ეს ქალი ჩემი ბებიაა. არა, მიქაბერიძის არა, ჩემი. ალექსანდრა ჩქარეული. 20იანი წლების ოპერის მთავარი დიზაინერი. როცა ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან მიყვარდა დედის მაღალი ქუსლებით, წითელი პომადით და ბებიის სამკაულებით თამაში, იმ დროინდელი. მარგალიტის მძივები ჰქონდა, ბრილიანტის გულსაკიდები. ძალიან მომწონდა. ძველებური ფერ-უმარილი. ადრე ასე ეძახდნენ. ჩემს მახსოვრობაში ყავისფერ ტონალობებში შემორჩა_ გადაკტეცილი კანით, წითელი პომადით, მარგალიტის მძივებით, მოვლილი, ლამაზი, მდიდრული, ძველებური ფრანგული პარფიუმერიის სურნელით, თორელის ქალი... ქალის პისტოლეტი ჰქონდა, ისიც ძველებური, გრძელი ლულა ჰქონდა, სულ თან ატარებდა. ამბობდა, რომ თავისი მომავალი ქმარი, თავადი თორელიც სწორედ ამ იარაღით მოხიბლა. პირდაპირ უსროლია... ყველაფერს ძვირფასს ხმარობდა_წარმოდგენა არ მაქვს მერე, კომუნისტების პერიოდში, საიდან აძრობდა ევროპულ კოსმეტიკას, ძველებურს, ხარისხიანს...

* * *

მე ისევ ვუსაქმურობ. სხვა რა დამრჩენია, ჯიპამდე საქმე არაფერი მაქვს. ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი მოვასწრო. ასე არასოდეს მდომებია სწავლის დაწყება და თავიდან ფეხებამდე საქმეებში გადაშვება. არ მინდა თავისუფალი დრო მქონდეს. თავისუფალ დროს ათას უაზრო რამეზე ვფიქრობ. რაც არასოდეს გამომადგება და ტყუილად დროს დამაკარგვინებს. კიდევ ერთხელ შევიცვალე. ყოველ ზაფხულს ფენიქსივით ვიცვლები. დავასკვენი, რომ სასწორის ზოდიაქო ჩემი ბედისწერაა. ყოველთვის მექნება ძალიან დიდი პრობლემები როცა არჩევანის წინაშე დავდგები. არჩევანის გაკეთება კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მომიწევს. ამას უკვე მივეჩვიე. ეს ჩემი ბედისწერაა. ჩემი პროფესიაც ჩემი ბედისწერაა.

* * *

დღეს იორიკს ველაპარაკე. თუ ყველაფერი კარგად იქნა, ხვალ აუცილებლად ვნახავ. ძალიან მომენატრა. ასე მგონია ყოველთვის ერთნაირი ხმა ექნება, ყოველთვის ერთნაირი მიმიკები, ხველებითაც კი, ქრონილულად რომ ახველებს, ყოველთვის ასე იზამს. ყოველთვის ექნება დიადი გეგმები. მერე ამ გეგმებიდან ერთს მაინც შეასრულებს. და რა თქმა უნდა გაუმართლებს. ყოველთვის წარმატებული იქნება. რაც არ უნდა ვეტრაბახო, ყოველთვის უფრო მეტი ექნება ჩემთვის სათქმელი, ვიდრე მე მისთვის. 

* * *

ისევ მჯერა ნიშნების. ყველაზე დიდ ლოგიკაში ჩემს ცხოვრებაში ნიშნები ჯდება. ტყუილად დავკარგე ამდენი დრო. ნიშნები ყოველთვის სწორ გზას მკარნახობენ. კენტები და ლუწები, ნაბიჯები, ფერები, წუთები, ზოდიაქოს ნიშნები, უეცარი სიტყვები... ყოველთვის მართლები არიან.