Thursday, August 11, 2011

PINA

გუშინ მე, ზურა, ანი და სალო "პინაზე" ვიყავით. მანამდე რამდენიმე სტატია, რაც ხელში მომხვდა, გადავიკითხე, იმისთვის, რომ სრული წარმოდგენა შემქმნოდა. ბევრგან იყო თვითონ ლეგენდარული ქორეოგრაფის, პინა ბაუშის ცხოვრების შესახებ, თუმცა უშუალოდ ფილმზე თითკმის ყველა ავტორს საკმაოდ მოკლედ ეწერა.

არ ვიცი ეს რისი ბრალია. ეტყობა იმის, რომ ფილმი თვითონ დოკუმენტურია და ისიც, ბუნებრივია, რომ პინას შესახებ ყვება. შეიძლება თვითონ რეჟისურა და ოპერატურა თავად ამ ქალის გენიალობით არის დაჩრდილული, ყველა მხოლოდ ცეკვას ამჩნევს სტატიებში, ხაზს უსვამს საოცარ ქორეოგრაფიას და არაფერს ამბობს თუნდაც 3D ხარისხზე, რომლის მეშვეობითაც, მაყურებელი არა მხოლოდ ფილმის, არამედ თვითონ წარმოდგენის ნაწილი ხდება, თვითონ ადის სცენაზე და ნერვიულად მოძრავ კაცებთან და თვალდახუჭულ, ქალებთან ერთად იწყებს ცეკვას.

ბევრი ფილმი მინახავს, სადაც პერსონაჟები ცდილობენ თავიანთი მარტოობა დაგანახონ, მერე გზებიც გირჩიონ, როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ სევდას. "პინა" კი არაფერს გაძლევს, ის გაჩვენებს მოწყენილობას. გმირები მოწყენილები არიან და არაფერსაც არ აკეთებენ იმისთვის, რომ გაერთონ. უბრალოდ ცეკვავენ და თავიან მოწყენილობას ამითი ამძაფრებენ. გაშტერებული სახეებით, მიყინული ღიმილით ტორტმანებენ და საერთოდ არ ანაღვლებთ ამ დროს მაყურებელი რას ფიქრობ: სამსახურის და ცხოვრების რუტინაზე ხარ ჩაფიქრებული, კომუნალური გადასახადები გახსენდება თუ ბალის საოცარ ლანდშაფტზე ოცნებობ.

ცეკვავენ ველურებივით. არც მაკიაჟი, არც ქუსლიანი ფეხსაცმელი. მხოლოდ ინსტინქტები. მარტოობა, მოწყენილობა და ინსტინქტები. და ამ ყველაფერს სამი განზომილება უფრო ამძაფრებს _ სცენის ფარდა თითქოს ცხვირწინ გიფრიალებს, სცენიდან წყალი პირდაპირ სახეში გესხმევა და ერთი მოცეკვავე მეორეს რომ მონდომებით აყრის მიწას, თითქოს ის მიწაც შენ გეყრება.

აქამდე ვიცოდი, რომ ასეთი ქორეოგრაფია სადღაც არსებობდა. არა ჩვენთან, რა თქმა უნდა, მაგრამ სადღაც, სადაც MEZZO-ს ოპერატორები დადიან გადაღებებზე. გამიგია, რომ ჩვენთანაც იყო ჩამოსული ასეთი დასი, თუ არ ვცდები ირჟი კალიანის. თუმცა აქამდე არც დავინტერესებულვარ, რა იყო ეს. ცეკვა, სპექტაკლი, პერფორმანსი, თუ _ რა.

როგორც სალაროში გვითხრეს, 10-ის მერე თუ მოთხოვნა იქნა, დავამატებთ სეანსებსო. იმედია დაამატეს და კიდევ ბევრს გექნებათ საშუალება ეს საოცარი ფილმი ნახოთ.

Here is a Trailer ;) enjoy!