Tuesday, July 27, 2010

სამსახური

შვებულებამდე 3 დღეა დარჩენილი. ორი კვირის წინ მზიკა სკამზე დადგა და ხმამაღლა გამოაცხადა, ხალხნო, 2 კვირაღა მოვუთმინოთ ერთმანეთს და მერე სუყველას გვეშველებაო. ჰოდა ვზივართ ახლა ჩუმად, ცოტათი კონდიციონერი ზუზუნებს (ან კომპიუტერებია) და ყველა ჩვენ-ჩვენს მონიტორებს მივჩერებივართ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება არ ყოფილა, ძალიან ბევრი რამე პირველად მაინც აქ გავიგე:
1. პირველად გამიფორმეს ხელშეკრულება.
2. პირველად მაქვს 100 ლარზე მეტი ხელფასი :)))
3. პირველად მაძლევენ შვებულებას.
4. პირველად დამაქვს ლანჩი სამსახურში და ჭკუაზე არ ვარ ისე მომწონს ჩემი ცისფერი კონტეინერი თავისი ცისფერი ჩანგლით. (ნუ ეს გვიანდელი გამოცდილებაა, მაგრამ მაინც პირველად აქ გამოიცადა).
5. პირველად ვმეგობრობ უფროსებთან. (შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ მაინც, იყოს:P)
6. პირველად ვყიდულობ სახლისთვის და ოჯახისთვის საჭირო რაღაცებს რეგულარულად.
7. პირველად ვიხმარე ტიბისის ბარათი. (ნუ ზოგადად ბარათი ხელფასისთვის).
8. პირველად აღარ ვთხოვ დედაჩემს (რაც სამსახური დავიწყე) ყოველდღე ფულს. ისიც გადაეჩვია სხვათა შორის მოცემას. (იმედია სულ ასე გაგრძელდება!)
9. პირველად ვისესხე ფული "ხელფასამდე".
10. და ბოლოს, ტატაამ: პირველად მივდივარ ზღვაზე ჩემი საკუთარი ფულით! და საერთოდ, ჩემი ფულით პირველად ვისვენებ!

მოკლედ, კარგია სამსახური. რაღაც დიდი მგონია საკუთარი თავი და მომწონს ეს ახალი ამპლუა. :P შვებულებამდე 3-ნახევარი დღე დარჩა, პრინციპში უკვე სამი და ერთი სული მაქვს გავიქცე. სამსახურში ორი დღეა ქუსლებით დავკაკუნობ და თავი ვიღაც მგონია:)))))
სანამ სულ გამირეკია, ეს სამუშაო დღეც მალე უნდა დამთავრდეს!

Wednesday, July 14, 2010

parachutes


პირველ რიგში ამოჩემებული სიმღერა



იმდღეს ავტობუსიდან ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ არაა საჭირო ისტორიების და ადამიანების გამოგონება. ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია და ადამიანია თავისი ხასიათებით, პატარა დეტალებით და რეკვიზიტებით, რომლების შესახებაც ღირს წერა. ცხოვრებაში უამრავ ისეთ ადამიანს შევხვედრივარ, რომელსაც ჩამოყალიბებული ხასიათი აქვს. ზუსტად ისეთი, რომლებზეც წერენ, ფილმებს იღებენ. ვისაც კი ვიცნობ, ჩემთვის სუყველა მყავს დაყოფილი პირველ და მეორეხარისხოვან როლებად. ოდესმე, როცა მოვიცლი და ყოველდღიურად სიუჟეტზე ფიქრი აღარ მომიწევს, ამათ შესახებ აუცილებლად დავწერ.

როცა ქუჩაში დავდივარ, არასოდეს ვიხედები მხოლოდ წინ. ჩემს თავს გარემოს მთლიანობაში აღვიქვამ. ვხედავ მსხვილ კადრებად ჩემს ფეხებს, ჩქარი და დიდი ნაბიჯებით რომ დადიან. ჩანთა, გვერდზე რომ მაქვს გადაკიდებული, ყოველთვის უკან მექცევა. ვხედავ გამვლელების მზერებს, ვხედავ ჩემს თავს ქუჩის მეორე მხრიდან. ზევიდანაც კი, თითქოს "კრანით" მიღებდეს ვინმე. მომწონს ასე, დიდი ხანია მივეჩვიე საკუთარი თავის ასე ყურებას.

უკვე მერამდენეჯერ მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ ღირს თავის მართლება. ეს ხომ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. პრინციპში იმ დანაშაულის, რომელიც არ ჩამიდენია. ნუ თუ რაღაც დავაშავე, ამას მაშინვე ვაღიარებ ხოლმე და ბოდიშსაც ვიხდი. ოღონდ გააჩნია რას ვთვლი დანაშაულად. ბევრს არაფერს.

იმდღეს დედაჩემს ვუმტკიცებდი, რომ ნორმალურია, როცა 21 წლის გოგომ ჯერ არ იცის, როგორი უნდა რომ იყოს. ჩემი აზრით, ნორმალურია. მე ხომ ჯერ ისევ ძიების პროცესში ვარ და ეს პროცესი ყველაზე მეტად მსიამოვნებს. სკარლეტ იოჰანსონის გმირივით ვიცი რა არ მინდა (ვიკი, კრისტინა ბარსელონაში, ჩემი საყვარელი ფილმია). თუმცა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს იმაზე, როგორი ვიქნები ან სად ვიქნები ათი წლის მერე. დედაჩემი მეუბნება, რომ ასე ემოციებს ტყუილად ვფლანგავ. გასაგებია, რომ ჩემზე ზრუნავს და უნდა რომ ბედნიერი ვიყო. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ უემოციოდ ცხოვრება როგორ შეიძლება. როგორ უნდა შევძლო ისე ცხოვრება, რაღაცამ ძალიან რომ არ აღმაფრთოვანოს, ან პირიქით, არ გამაწბილოს, მოკლედ, შთაბეჭდილებები რომ არ მომცეს. როგორ უნდა გამომელიოს ემოციები, როცა უბრალოდ ხასიათი მაქვს ასეთი. რატომაც არ უნდა დავუშვა შეცდომები, არ მესმის. ოდესმე ხომ უნდა გავიზარდო და დამოუკიდებელი გავხდე. მერე ნელ-ნელა მივხვდები, როგორი მინდა ვიყო, როგორი ადამიანები მინდა, რომ ჩემ გვერდით იყვნენ.

ამაში არაფერია ტრაგედია. იქამდე კი, სანამ გავიზრდებოდე (ნუ უფრო სწორედ ამ პროცესში), ვცდი ყველაფერს, ვნახავ იმდენს რამდენიც შემიძლია. კიდევ ვინ იცის, რამდენი რამის გაფუჭებას მოვასწრებ. :))

P.S. ახლა სამსახურში ვარ და ყველა ვუსაქმურობთ მერის გარდა. ზის თავისთვის პატიოსნად და კალენდარს ამონტაჟებს. მე ამ ჩემს ბლოგს ვუკირკიტებ, ანი ილუკმება და მულტფილმებს უყურებს, თეო გაცხარებული პოსტავს ფეისბუქზე რაღაცებს, მზიკა კი მთელი მონდომებით ცდილობს სკაიპში ჩეთავი და მეორე სამსახურის სტატიის წერა ერთმანეთს რამენაირად შეუთავსოს. :))))
P.P.S. საოცარი სამსახური მაქვს:)))))






Tuesday, July 6, 2010

ცუდი პოსტი

არ მიყვარს, როცა თავი უნდა მოვაჩვენო ყველას, ვითომ ყველაფერი რიგზეა. დამღალა ძლიერი ტიპის თამაშმა. ვაკვირდები, ადამიანები ყოველთვის ისეთს აღგიქვამენ, როგორიც თვითონ უნდათ. როცა ცოტა სხვანაირად მოიქცევი და ან ცინიკოსობას იწყებენ, ან გიკიდებენ. როცა რამე სისულელეს მაბრალებენ, ერთი სული მაქვს ბოდიში მოვიხადო და ამ თემაზე ლაპარაკი იქვე შევწყვიტო. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მართლება უნდა დავიწყო, რაც სასტიკად არ მიყვარს და ყოველთვის მეზარება. სულ ერთია, მაინც მე გამოვდივარ ცუდი, ფეხებზემკიდია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე. მაინც ისე გამოდის, თითქოს ვიღაცას ვჩაგრავ და ვიღაცაზე მეტობის პრეტენზია მაქვს. ამიტომ, ასე რომ არ გამოვიდეს, ჯობს გავჩუმდე.

არადა დავიღალე სხვისი ტიპის თამაშით. თუმცა მაინც არავინ მიცნობს ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ. არ მიცნობს რა, არც უნდათ დანახვა.
დავიღალე თავის მართლებებით, რომ არ ვარ ასეთი და ნუ მაბრალებენ. მაინც არ მისმენენ.
სულ ერთია ყველაფერი უკვე. აღარ მაინტერესებს მერე რა მოხდება.