Sunday, November 22, 2009

ჩემი რელიგია

არა, უნამუნოსი არა, ჩემი. 

იმდენი მსაყვედურობს ჩემი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრების გამო რელიგიაზე, რომ ხანდახან მეც კი მეპარება ეჭვი ჩემს თავში_ ნეტა მართლა რისი მწამს?

მართლმადიდებლად ვარ მონათლული. არა, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არსებობს. ეს ფაქტებმა დამიმტკიცეს. თუმცა ეს ხელს არ მიშლის მჯეროდეს სულის რეინკარნაციის, მჯეროდეს ასტროლოგიის, ეჭვის თვალით ვუყურებდე ქართულ ეკლესიას და ეკლესიის მსახურებს და ათას კითხვას ვსვამდე _ რა ვქნა, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, მართალს მეუბნებიან ისინი, რასაც მეუბნებიან?

დღეს ერთმა ამერიკელმა ბიჭმა გვკითხა, ეკლესიაში მაღაზიები რატომაა, ღმერთი ვაჭრობსო? მე ვთქვი, რომ საინტერესო კითხვაა, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც არ ვარ რელიგიური–მეთქი. რასაც, რა თქმა უნდა, რასაც უკვე მივეჩვიე, მოჰყვა ომი.

არ მიყვარს ფარისევლები. მაგრამ უფრო მეტად არ მიყვარს ის ხალხი, რომელიც ფანატიკურად უჯერებს ფარისევლებს და ბრმად სწამს მათი, უფრო მეტად სხვათა შორის, ვიდრე ღმერთის. ეს ამაზრზენია.

ერთადერთხელ ჩავაბარე აღსარება. დაახლოებით 6–7 წლის წინ. მღვდელმა სასწრაფოდ გადაიკითხა ის ფურცელი სადაც ჩამოწერილი მქონდა ჩემი ცოდვები (სხვათაშორის ერთადერთი მამათმავალი და კაცისმკვლელი არ აღმოვჩნდი) და სასწრაფოდ გამომისტუმრა, სხვები იდგნენ რიგში.

რა გასაკვირია, რომ აღსარების რიტუალი არ მომეწონა. არც ზიარებაზე მივსულვარ და იმის მერე ფეხიც აღარ მიმიდგამს ეკლესიაში. ეს ალბათ ბავშვობისდროინდელი კომპლექსია.

ამ ორი წლის წინ როცა ჩემი ბიძაშვილი მოვნათლეთ, მღვდელმა დედამისი არ შეუშვა ეკლესიაში, არ შეიძლებაო. გასკდა ბავშვი ტირილით, ორი საათი ნათლავდა, არ შეიმჩნია ბავშვი როგორ გადაბჟირდა. რატომღაც იქ მყოფებს არავის არ შეუმჩნევიათ. როცა გამოიყვანეს ჩემი საწყალი ბიძაშვილი, არა მგონია, გაქრისტიანება დიდად უხაროდა, გადაღლილი და გათიშული იყო. 

ამის მერე უფრო მეტად გამიმძაფრდა ეჭვები ეკლესიის მიმართ. ჰოდა საბოლოოდ დღეს უკვე საბოლოოდ შემერყა რწმენა მათ სიკარგეზე. 

ჩემი დაკვირვებების პარალელურად, ვკითხულობდი ბიბლიას, ბჰაგავადგიტას, დაოს, ოშოს მოძღვრებას, კრიშნას ცხოვრებას... და მივხვდი: არ აქვს მნიშვნელობა სად შევალ და ვილოცებ: ღმერთთან ყველა სალოცავიდან ერთნაირად ისმის. მე შემიძლია ვილოცო მეჩეთშიც, სინაგოგაშიც, წარმართულ სალოცავებშიც... მოკლედ ყველგან ერთნაირი წარმატებით. არ აქვს მნიშვნელობა რას დავუძახებ ღმერთს ქრისტეს, ალაჰს, ბუდას თუ ბოკონონს:)) ესაა კეთილი, ყოვლისშემძლე უშრეტი ენერგია, რომელიც იდეალურად აწყობს ჩვენს სამყაროს, და ეს ენერგია ასულდგმულებს ყველაფერს. ამ ენერგიით ხდება წყლის ცირკულაცია, ევოლუცია, სულ ყველაფერი... სწორედ ესაა ის მუდმივი ენერგია, რომელიც არასოდეს იკარგება და ერთი საგნიდან მეორეში გადადის. 

არ აქვს მნიშვნელობა რას დაარღვევ და რას_არა. ჩვენ ასე ვართ მოწყობილი. არ აქვს მნიშვნელობა ჭიპს გამოიჩენ თუ კოჭს, არ აქვს მნიშვნელობა ვის ეომები და ვისი სახელით, მთავარია ამ უშრეტი ენერგიის გწამდეს და გიყვარდეს ისინი, ვისში და რაშიც კი ეს ენერგია ოდესმე შესულა. 

აი ესაა ჩემი რელიგია.

P.S. ბარემ ამასაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, ღმერთს ძლიერი, გაბედული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანები უყვარს, რომლებიც უშვებენ შეცდომებს, თავისივე შეცდომებზე სწავლობენ და ცხოვრების არ ეშინიათ.