Saturday, July 23, 2011

ვინ არის გოიმი?

ვცდილობ იმის გარკვევას, რომელი უფრო უარესია: ხალხი, ანუ ჩვენ, თუ _ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. რამდენად ვიმსახურებთ წესიერ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანად გრძნობ თავს? სადაც არავინ გატყუებს ყოველ წუთას? სადაც ფოტორეპორტიორებს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით ღამის 3 საათზე არ იჭერდნენ, მერე საპროცესო შეთანხმებით, ვითომ ჯიბის ქურდები იყვნენ და მეტი არაფერი, ათავისუფლებდნენ? სადაც საბჭოთა სიმბოლიკას ყველა ფეხის ნაბიჯზე კრძალავენ, თვითონ კი 37-იან წლებს მიყვებიან ფეხდაფეხ და ნიცას და პარიზს ედრებიან თითოეული შუშის შენობის გახსნისას?

პრეზიდენტს კიდევ მერე წყინს, ვინმე მის გემოვნებაში ეჭვს რომ შეიტანს და უბრალოდ რომ ვთქვათ, გოიმს დაუძახებს. არადა, გოიმი უნდა იყო (სიტყვა კიტჩი რომ არ ვახსენოთ, არ უყვარს ეს სიტყვა და მოკალი :)) ), ეს შუშიანი, ჭყეტელა ფერებში გადაწყვეტილი ქალაქის იერსახესთან აბსოლუტურად შეუსაბამო შენობები რომ მოგეწონოს. გოიმი უნდა იყო, უნივერსიტეტის პირველ კორპუსიც ამ შუშებში რომ გადაწყვიტო და გოიმი უნდა იყო, რომ ამხელა კაცი პრეზიდენტი იყო და მართლა ყველა ოთახის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდე. მაგრამ უარესი გოიმი და საცოდავი უნდა იყო, ამისთანა გოიმს მიკროფონით და ტრიბუნით რომ დაყვები.

არადა, როგორც მახსოვს, გოიმი ქართულად "არაებრაელს" ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო უგემოვნოსთან. მაგრამ მოდი და ნუ დაეთანხმები ერთი-ორ "დაბოღმილ" და "რუსულ კლასიკურ ტიპ" ინტელექტუალს (ნუ აი ეს მონაკვეთი ყველაზე მაგარი იყო), რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ფასადები კი გადავღებეთ, მაგრამ პროვინციალიზმი დავტოვეთ.

გოიმობაა აბა რა არის "მასმოდა", "ჯაშუშების" დაკავება, ყველანაირი განსხვავებული აზრის რუსეთთან დაკავშირება; გოიმობაა ახალი პასპორტების გაპროტესტებაც _ ხო, აი ეს დიიიდი პროვინციალიზმია. ადამიანო, ჯერ კარგად ჩაიხედე იმ კანონში, ნუ გეზარება, კარგად წაიკითხე, ერთხელ, ორჯერ, თუ ისე გეზარება, რომ ვერაფერი გაიძულებს მის წაკითხვას, გაჩუმდი რა! ე.ი. არ გაინტერესებს, და თუ არ გაინტერესებს, ტყუილად გულზე მჯიღის ცემას შეეშვი! გოიმობაა სოფო ნიჟარაძე მარად და ყველგან და ყოველთვის, სუბტიტრებიანი საკითხავი ფილმები, 2 კვირაში მოხსნილი "კარიბის ზღვის მეკობრეები" და ორ თვეზე გაწელილი "აგვისტოს 5 დღე"; გოიმობაა წვეტიანი ტუფლები, უსახელო მაიკები და ტრუსიკში ჩატანებული დუბლიონკაც, მაგრამ თუ მხოლოდ ეს იქნება ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე პრობლემა, გამიშვით, მარტო მე მოვაგვარებ და თქვენ გაიქეცით, ამათ მე შევაჩერებ. გოიმობაა, როცა მართლა "ინწილიქტუალები" და ე.წ. "ელიტა" დემაგოგიას აფრქვევენ მედიიდან, შენ კიდევ მყარი არგუმენტი არ გაგაჩნია, რომ დაუპირისპირო, არადა სადღაც გულში გრძნობ, რომ გატყუებს. სათანადოდ პასუხს იმიტომ ვერ სცემ, რომ განათლება არ გყოფნის, პროვინციალიზმი და გოიმობა კი ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა გაუნათლებლობა და ინფორმაციის ნაკლებობა. კიდევ გაძვირებული მარშუტკები და აფერისტი ტაქსისტები და გაძვირებულ მარშუტებში და ტაქსებში ჩართული "არ დაიდარდო" და "ავტორადიო". კიდევ "თერგდალეული" ახალგაზრდები, რომლებიც კანონს "იქ" იცავენ, "აქ" _ არა, გოიმობაა რუსთაველის გადაკვეთა, კონტროლიორების მიერ ბილეთების ქუჩაში დაყრა, ზოგადად, ნაგვის ქუჩაში დაყრაა გოიმობა.

პროვინციალიზმია საკურორტო ზონებში დიდი ჯიპებით მოძრაობა. ნუ ეს პროვინციალიზმი და გოიმობა კი არა, დანაშაულია და დავახევდი სუყველას ყურებს, ჩვენი პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, ვინც ეკოლოგიის დაბინძურებას ასე შეეცდებოდა. ასევე დანაშაულისა და გოიმობის ზღვარზე გადის მაღაზია, რომელშიც 4000 ლარიანი ჰალსტუხი იყიდება და რომელსაც 400 VIP მომხმარებელი ჰყავს, როცა 400 მათხოვარი მარტო ქაშუეთთან შეიძლება შეგხვდეს. (აი, სამებასთან კი უფრო მეტი, უფრო დიდია და ადგილიც მეტია დასაჯდომად ალბათ). გოიმობაა საუბარში ინგლისური და რუსული სიტყვების გამოყენება. მაგრამ ყველაზე დიდი გოიმობა, მგონი, ამ ხელისუფლებისთვის, კიდევ ხმის მიცემა იქნებოდა. :D

ნუ კიდევ ბევრი რამეა გოიმობა, მეტი უბრალოდ ახლა არ მახსენდება. თუ ვინმეს რამე გაგახსენდათ ან უფრო საინტერესო, მეც გოიმი გგონივართ, დამიკომენტარეთ და ამიხსენით, რატომ.

მარად თქვენი,

ნუ, როგორცაა:))