Friday, July 1, 2016

10 რამ რისი მოსმენაც არც ერთ ახალბედა დედას არ სიამოვნებს

1. მშობიარობიდან ორი კვირა იყო გასული, რომ ერთ-ერთმა ისერა ნაცნობმა ჩემ დანახვაზე მხიარულად წამოიძახა: "ლაზარეს დაიკო როდის უნდა გაუჩინოთ?"

არადა მეგონა, ასეთი კითხვებისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენეთ. თურმე სადა ბანაობ, ააარა, როგორ გეკადრებათ, ამოსუნთქვის საშუალებას ვინ მოგცემს, ჯერ როდის უნდა გაგვახარო (ანუ გათხოვდე), მერე - ერთი შვილი, მერე იმ ერთს დაიკო/ძამიკო არ უნდა, ან - არა უშავს, შემდეგი ბიჭი იქნება; მერე თქვენ ისეთი კარგი შვილები გყავთ, ბევრი უნდა გყავდეთ და ა.შ. მოკლედ, ეს ამბავი სანტა ბარბარასავით არასოდეს მთავრდება.

2. მშობიარობიდან ერთ თვეში კიდევ ერთმა ასევე ისე რა ნაცნობმა ნიშნისმოგებით მითხრა: "უი, მუცელი დაგრჩენია!"

კი, მუცელი დამრჩა, შვილი მეჯდა შიგნით, ადამიანი, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი და იმიტომ. ზოგადად, ჩემმა ორგანიზმმა ენითაუწერელი ცვლილებები განიცადა და დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჰორმონების ფეიერვერკი ბოლომდე, თმაც ისევ მცვივა და, საერთოდ, მეტყობა სხეულზე გადატანილი ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაციის კვალი. თქვენ წარმოიდგინეთ და, ვამაყობ ამით.

3. "ქალმა თავს აუცილებლად უნდა მოუარო, თუ არ გინდა, რომ ქმარს არ მობეზრდე" - ისე მრცხვენია ჩემივე თავის, ეს სისულელე მეც არაერთხელ მითქვამს. ნეტა, რატომ არ ჩამქოლეს. ნეტა, რატომ არ მირტყეს და ენა ამომაგლიჯეს. მაგრად დამინდეს. სასწაული მეგობრები მყვანან. ყველაზე გამგები და ადამიანურები. მსგავსი სისასტიკე არც ერთს უთქვამს. მადლობა ღმერთს. კი არა და, მათ.

4. შენც დაიწყე სისულელეების პოსტვა? - "ჩვენ ჩავიფსიიით!" - კაი, ხო. ვუტრირებ. მსგავსი რაღაცები ჯერ არ დამიპოსტავს, მაგრამ სული რომ წამძლევია, ფაქტია.

მაგალითად მაშინ, როცა ლაზარემ პირველად დაამუღამა კუჭში გასვლა ერთსა და იმავე დროს გადაყენებით. (უკაცრავად ასეთი პირდაპირობისთვის). ჩემზე ამაყი ამქვეყნად არავინ იყო. მე ეს შევძელი! მე შევძელი 6 თვის ჩვილი ბავშვისთვის გამომემუშავებინა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა, ერთსა და იმავე დროს მოსდომებოდა კუჭში გასვლა და შეეკავებინა თავი, სანამ გაიღვიძებდა და გადავაყენებდი. ეს კი, თავის მხრივ, არამხოლოდ ბავშვისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ჩვევის შეძენას ნიშნავს, არამედ საკმაოდ დიდ დანაზოგს ოჯახის ბიუჯეტში.

თქვენ გგონიათ, თუნდაც, პოსტის - "პირველი კიჭის" უკან მხოლოდ გულუბრყვილო აღფრთოვანება იმალება? არა ბატონო. ამის უკან პატარას უამრავი გათენებული ღამე, უმიზეზო და გაბმული ტირილი, უმადობა, უხასიათობა და ამ ყველაფრის შედეგი დედის გადმობრუნებული თვალებია. ამის ფონზე კბილის ამოჭრა მზის გამონათებასავითაა! ბავშვის მადა ბრუნდება, ძილი წესრიგდება, ის ისევ საყვარელი და მხიარულია, დედაც დამატებით 1-2 საათი იძინებს.

5. რა თხლად აცვია, არ გაგიცივდეს/მაწონს რატომ არ აჭმევ?/ბავშვს კბილი რომ ამოუვა, იმას ძუძუ რაღად უნდა - და ა.შ. უსარგებლო რჩევების მთელი პაკეტი. გამარჯობა, ისა, ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ დედა მე ვარ აქ და მოდი, მე თვითონ გადავწყვეტ, შვილი როგორ გავზარდო. არა, ბატონო, არ სცივა, 25 გრადუს სიცხეში ცოდოა ბავშვი ქუდით. არც წლამდე მაწონი არ შეიძლება. ვიცი, რომ ჩვენ მაწვნით ვართ დაზრდილები. მაინც არ შეიძლება. რამდენი ხანიც მომინდება, იმდენ ხანს ვაჭმევ ძუძუს ჩემს შვილს, გვსიამოვნებს ეს პროცესი ორივეს, და, საერთოდაც, ჩემი ძუძუა, შენი ხომ არა, ვახ! და ა.შ.

6. აბა რა გეგონა გენაცვალე! (ნიშნისმოგებით ღიმილით გაზრდილ შვილებზე გადახედვა) - ამას, როგორც წესი, უკვე გაზრდილშვილებიანი დედები ეუბნებიან ხოლმე ახალბედა დედებს. ეს არის ყველაზე სასტიკი და უგულო პასუხი წუწუნზე, რომ დავიღალე. ეგრე მეგონა, კი, ნამდვილად არ წარმომედგინა ვარდისფერ ფერებში შვილის ყოლა (არა, მართლა ფანტასტიკურია და არაფერი შეედრება გრძნობას, როცა ის თავისი პაწია ხელებით თავზე მეფერება და აღტაცებისგან ჭყლოპინებს, მართლა, მართლა!), მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ხომ შეიძლება, ვინმემ თავზე ხელი გადამისვას? ან რავი, თავი დამიქნიოს და ნწუნწუნწუ იძახოს დანანებით, ან რავი, ეგეთი რამე. მეტი კი არ მჭირდება. ამოვთქვამ, დავიცლები, მერე ისევ დავიქოქები.

7. შენი მოვალეობაა! - წინა პუნქტის განვითარებაა ეს. ვიცი, რომ მოვალეობაა. მაგრამ ხანდახან ისეთი ტკბილია შექება! როცა საღამოთი კარგად ნაკვებ-გართობილ-დაბანილ-გამოცვლილ-დაძინებული ბავშვი მშვიდად წევს საწოლში, მე კი პუფში ვგდივარ მისავათებული, მინდა, რომ ვინმემ (მაგალითად, ქმარმა) შემაქოს და მითხრას, რომ ფანტასტიკური დედა ვარ და ჯერ არასოდეს, არც ერთ დედას ასე კარგად შვილისთვის არ მოუვლია. ვიცი, რომ ტყუილია. ვიცი. მაგრამ წახალისება რომ საჭიროა, ვა?!

8. უი, სამ თვეში გახვედი სამსახურში? (თვალები აქაჩული, "უიმე, ეს უგულო"-ს გამომეტყველებით) - კი. მივაგდე. შვილი დედას დავუტოვე. Problem?

9. გეყოფა გართობა და აქეთ-იქით ხტუნაობა, აღარ შეგფერის, უნდა დაღვინდე - ფიჰ, როგორ გეკადრებათ. ღვინო ძალიან მიყვარს, კი. განსაკუთრებით, ქინძმარაული ან ოჩხანური საფერე. ქისსაც არა უშავს. აჰამ.

10. მეათე მიზეზი, კარგა ხანია ვფიქრობ და, ვერ მოვიფიქრე და თქვენ განავრცეთ კომენტარებში, იქნება, გული მიგრძნობს :D