Wednesday, August 25, 2010

დე...

როცა დედაჩემი რამეს მიკრძალავს ხოლმე და რატომ აზრზე ვერ მოვდივარ, სულ ვფიქრობ, რომ ამას ჩემს შვილს არასოდეს დავუშლი. არადა, კაცმა არ იცის მე როგორი დედა ვიქნები. კაცმა კი არა, საერთოდ ვერ წარმომიდგენია, შვილთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს, რომ მეც ისე ვუყვარდე, როგორც მე მიყვარს დედაჩემი. ასე მგონია, პირველივე წინააღმდეგობისას, დავიბნევი და ან ძალიან შევზღუდავ ჩემს შვილს, ან პირიქით საერთოდ არ გავაკონტროლებ და ორივე შემთხვევაში უაზრო შვილი გამომივა.. :S რაებს ვბოდავ არა?

ძაან ძნელია დედობა. კაცმა არ იცის, ეხლა რატომ ვფიქრობ ამაზე, დედაჩემი მეუბნება, გაიზრდები მაგას და მერე გამიხსენებო, ხოდა მეც ეხლავე ვუფიქრდები, რაღა გაზრდას და ეგეთ აბსტრაქტულ რამეებს ვუცადო _ ეხლა დიდი ტაბლეტი მაქვს გაჩხერილი ყელში და რამდენი ნერწყვი ჩავყლაპე და წყალი მივაყოლე, მაინც არ ჩადის. შეიძლება კაი ხანია ჩასულია, მაგრამ ეგეთი განცდა მაქვს. ნებისმიერ წუთას შემიძლია დედას დავუძახო და ვუთხრა რაც მჭირს, დედა რას მეტყვის ისეთს, არაფერს, მაქსიმუმ მითხრას, წყალი მიაყოლეო და მომიტანოს წყალი, მაგრამ ეგაა საქმე, რომ დედაჩემი რომ მიშველის უფრო მაგარია, თორემ მეც ვიცი რა უნდა გავაკეთო. შეიძლება იმის ბრალია, რომ ნაკლებად დამოუკიდებელი ვარ, შეიძლება ეგ არაფერ შუაშია და უბრალოდ ჩემი უაზრობის გამო მელანდება ყველგან დამოკიდებულება თუ დამოუკიდებლობა. არ ვიცი. დედობა კი მართლა ძნელია. ძნელია შვილს ენდო, მაშინ, როცა მისთვის კარგი გინდა და გგონია, რომ არასწორად იქცევა. პრინციპში ისიც იცი, რომ შენი შვილი დიდია და ისეთს აღარაფერს დააშავებს, გამოსწორება რომ არ შეიძლებოდეს, მაგრამ მაინც, ნერვიულობ რა.

ხანდახან დედაჩემს რომ ვეუბნები, დე რა ლამაზი ხარ მეთქი, მეჩხუბება, ეგრე ნუ მეუბნებიო. არადა მართლა მგონია რომ ლამაზია. დედა მეუბნება რომ მე უფრო ლამაზი ვარ და ეგ უხარია. ნეტა მეც თუ გამიხარდება, ჩემი შვილი ჩემზე ლამაზი რომ იქნება. ან რატომ არ უნდა გამიხარდეს პრინციპში. ან ისეთი ლამაზი რა ვარ, ჩემზე ლამაზი რომ ვერ წარმოვიდგინო.

მე მგონი ისევ სიცხემ ამიწია, სისულელეებს ვწერ უკვე.

ანდა იმ აბსტრაქტულმა გაზრდამაც მომიწია ბოლოსდაბოლოს და იმ სიძნელეებზე დავფიქრდი, დედაჩემი რომ მეუბნება ხოლმე, გაიზრდები და მიხვდებიო.

Monday, August 23, 2010

for my best friend


დღეს შედარებით უკეთესად ვგრძნობ თავს. თავიც აღარ მტკივა და არც სიცხე მაქვს. ექიმს თუ დავუჯერებთ, ორ დღეში ან კარგად უნდა გავხდე, ან საბოლოოდ ჩავიქნიო ამ ცხოვრებაზე ხელი. მაგრამ თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. შეიძლება ცოტა სუსტად ვარ და მახველებს, მაგრამ გუშინდელთან შედარებით თითქოს ხელახლა დავიბადე. ჩემი მეგობრის არ იყოს, მეც მიყვარს ეს განცდა: დიდი ტკივილის მერე ბოლოს და ბოლოს შვებას რომ იგრძნობ ხოლმე.

ჩემს მეგობარს დავპირდი, რომ თუ ოდესმე კარგი მწერალი დავდექი, მასზე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმიტომ, რომ ჯერ ერთი ძალიან მიყვარს. მეორეც, სულ მიკვირს, მის პატარა თავში ამდენი უცნაური აზრი ერთად როგორ იბადება. ერთ–ერთი მორიგი აზრის გამოცხადებისას, (რაღაცას ამბობდა ცისარტყელის შესახებ) ვუთხარი: „ან, თუ ოდესმე მწერლობა მომინდა, პირველ რიგში შენზე დავწერ.“ იმან გაიცინა და გაუხარდა.

ჩვენს სამეგობროში ბევრია მომავალი მწერალი და პოეტი. ეს იმიტომ რომ ყველას ერთი ლიტერატურული საიტი გვაერთიანებს. ამ მომავალ მწერლებს თუ პოეტებს ბევრჯერ დაუწერიათ ანიზე და სულაც არ მინდა ჩემი ნაწერიც იმათ დაემსგავსოს. მით უმეტეს, რომ ანის ყველაზე დიდი ხანია მე ვიცნობ. მის შესახებ რა ვიცი? რა და მაგალითად ის, რომ ქუხილის და სიმაღლის ყველაზე მეტად ეშინია და რამდენჯერაც არ უნდა წავიდეს ტყეში და რამდენჯერაც არ უნდა მოუსწროს წვიმამ, ქუხილის მაინც ყოველთვის შეეშინდება. კიდევ ის, რომ გამოგონილი ზღაპრების სამყაროში ცხოვრება ბევრად ურჩევნია რეალობაში ცხოვრებას და ყავაზე მეტად ჩაი უყვარს. თუმცა რატომღაც ყავას უფრო ხშირად სვამს. ეტყობა დღემდე ჰგონია, რომ ყავა აფხიზლებს. კიდევ? კიდევ ისიც, რომ ძალიან ჯიუტია. შეიძლება რაღაც ამოიჩემოს და ამის მთელი ცხოვრება ჯეროდეს. ჩვენ ერთმანეთს უნივერსიტეტში შევხვდით. პირველივე დღესვე ვუთხარი, შენ ვერძი იქნები–მეთქი. მაშინ ასტროლოგიით გატაცებული ვიყავი. ანი დღემდე მთხოვს მისი ზოდიაქოს შესახებ უფრო დეტალების მოყოლას, მაგრამ რატომღაც ეს ვერასოდეს მოვუხერხე.

რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის, რომ ამ ხალხს ყოველთვის კარგ ხასიათზე ვგონივარ და ცუდად რომ ვარ, ვერ ეგუებიანო. „ამ ხალხსკი არა, ვერც მე წარმომიდგენია ანი ცუდ ხასიათზე, უფრო სწორად, როგორ არ მინახავს, მაგრამ ვერ ვეგუები. იმიტომ რომ ანი ზაფხულის ბავშვია, ყვავილების. რომ შეხედავ, წარმოუდგენელია, შენც იმის ტალღებზე არ გადაეწყო და ზღაპრებში ცხოვრება არ მოგინდეს. მასთან ერთად უცებ გაგახსენდება ბავშვობაში წაკითხული ყველა რომანი, ტომ სოიერის ყველა ეშმაკობა, პეპის და კარლსონის თავგადასავლები, ყველა ბიულერბიუელი ბავშვი, ჰეკი ფინის სიგიჟეები _ მოკლედ ყველაფერი, რაც ბავშვობასთან გაკავშირებს. თუ გინახავთ 70იანებში გადაღებული ამერიკელების ერთი ფოტო მაინც? ზუსტად ეგეთია. ფერად საზაფხულო ტანსაცმელში გამოწყობილი, გრძელთმიანი გოგო, თმაში ყვავილებით. 21– საუკუნის ჰიპი, ყვავილების ძალაუფლების რომ სჯერა


.



მწვანე კონცხზე ვართ ხუთნი თუ ექვსნი. ნაპირთან რაღაც ბეტონის თუ რაღაცის კონსტრუქცია დგას. წარმოდგენა არ მაქვს რისთვისაა. ალბათ მეთევზეებისთვის. მაგრამ მეთევზეების მაგივრად იქ მოცურავეები დგანან და წყალში ხტებიან. მათემ აიჩემა, იქიდან უნდა გადმოვხტეო. ანიც რისი ანია, თუ რაღაც იდეა მაშინვე არ აიტაცა. ადგა და მიყვება. მიცურდნენ ნაპირთან. კაი ხანს არ გამოჩენილან. შორიდან ჩანს, რომ ანი დგას და ვერ ბედავს გადახტომას, მათე უკან უდგას და რაღაცებს ასწავლის. ეტყობა თავით ხტომას, თორემ ამდენი ხანი სარფის კლდიდან გადმოხტომაზე არ უყოყმანია. გადმოხტნენ. მთვარე მეხვეწება, რომ ჩვენც გადმოვხტეთ. სიცილით შეიძლება მოკვდე კაცი, აუზში ჩახტომის მეშინია, იქიდან ვინმე ხელს თუ მკრავს, თორემ ჩემი ნებით ვერაფერს ვიზამ, შეიძლება მთელი დღე იქ დავრჩე. ანიც ეგეთი ტიპია. სიმაღლის კი ეშინია, მართლა შეუძლია მთელი დღე იქ დარჩეს, ოღონდ არც უკან მობრუნდება. ბევრს იფიქრებს თუ ცოტას იფიქრებს, მერე აუცილებლად გადმოხტება. აღარ ჩანან. ეტყობა გადმოხტნენ. კაი ხანს დარჩნენ ისე. ვეღარ ვხედავ მათ სილუეტებს. ჩვენ საღამოს გეგმებს ვაწყობთ. ბიჭებს მიდიების დაჭერა და შეწვა ნებავთ. ოღონდ ერთი პრობლემაა _ შეწვა არ ვიცით არც ერთმა. მაგრამ ერთი ზარი და მიდიების იდეამ ჩაყვინთა: ახლა ფრენბურთიო... სანამ მიდიების მხარდაჭერას ვცდილობ, ანი მოღუშული მიახლოვდება და პლაჟზე ხმისამოუღებლად ჯდება. მერე ვატყობ, ფეხის თითიდან სისხლი მოსდის, მუხლიც ჩალურჯებული აქვს. რას მიარტყი მეთქი, ვეკითხები, არ მპასუხობს. მერე გამოტყდა, ამოძრომისას, იმ რკინაზე თუ რაღაცაზე ფეხი დასრიალებია და თან ფრჩხილი აძვრა, თან მუხლიც მაგრად მიარტყა. მერე დედამისს დაურეკა. დედამისი ეუბნება იცოდე არ გადმოხტეო, ამან კიდე, რა აზრი აქვს უკვე გადმოვხტი და მეორეჯერ აღარ ვიზამო. იმ წუთას ვერაფრით გავაცინეთ. იჯდა ნაპირზე და იბუსხებოდა. მერე სუყველა წყალში ჩავედით. დიდის ამბით განაცხადა უარი, ფეხის თითში ინფექცია შემეჭრება და ვერ შემოვალო. თუმცა არ გასულა ხუთი წუთი გავიხედე წყალში რაღაც ჩადგაფუნდა. გულმა დიდხანს ვერ გაუძლო ასე შორიდან ეყურებინა ჩვენთვის. ვიღას ახსოვდა ფეხის თითი. ასეთი ტიპია. ვერც დააძალებ ვერაფერს, ვერც დაუშლი. შანსი არაა, მაინც გააკეთებს. ან თუ ვერ გააკეთა, გულში ისე ჩაიდებს, ოდესმე მაინც აისრულებს თავის ჩანაფიქრს. რა ქნას, ვერძია. ჩვენი პირველი შეხვედრისას, ხომ სწორედ ეს ვუთხარი, ვერძი იქნები მეთქი.

ზაფხული უკვე მალე გავა. აგვისტოს ბოლოა და შესამჩნევად აგრილდა. დაბნელებითაც შედარებით მალე ბნელდება. სულ მალე სწავლაც დაიწყება. და რაც მთავარია, ჩვენი პირველი შვებულებაც დამთავრდება. ალბათ კარგია, როცა შენი საუკეთესო მეგობარი შენივე კოლეგა და თანამშრომელია. ბოლოს და ბოლოს, თუ გაცინებაა, პირდაპირ ეთერში უფრო გულიანად გაიცინებ, თუ იცი რომ ვიღაც მკაცრი წამყვანი კი არა, შენი მეგობარი გიზის და ისიც ხალისით აგყვება სიცილში. დამთავრდა ზაფხულიც. ამ ზაფხულის ბავშვის თავში კიდევ ვინ იცის რამდენი უცნაური იდეა დაიბადება. შეიძლება ეს ნაწერი უფრო მეტად ბლოგის პოსტს ჰგავს, ვიდრე მოთხრობას, რომელიც ანის დავპირდი, მაგრამ ოდესმე, თუკი კარგი მწერალი დავდგები, მის არანორმალურ იდეებზე უფრო მეტს დავწერ და საბავშვო წიგნს გამოვცემ. მანამდე კი, ეს იყოს.

Sunday, August 1, 2010

ტობა



ერთ კვირაში ტობაზე უნდა წავიდეთ. ძალიან მინდა, ბევრი რამე არაა გარკვეული და მეშინია, არ ჩაიშალოს. თან დედაჩემიც ორჭოფობს, ერთი დღე რომ მეუბნება გიშვებო, მეორე დღეს მეუბნება _ ეგ როდის გითხარიო. მესამე დღეს კიდევ, ან ზღვაზე წახვალ, ან _ ტობაზეო. არადა, ისეთი მისტიკური ადგილია, თვითონ გზაც მთელი თავგადასავალია და ადგილიც ხომ საერთოდ, ჯადოსნური.

აი, ნახეთ სად გაშვებაზე მაწუწუნებენ: :(



როგორ მინდა წასვლა. თანაც, ამისთანა ადგილას მეორეჯერ წასვლის შანსი როდისღა მომეცემა. აბუდელაურზე ლამაზი თუ რამე სადმე იყო, არ მეგონა :O




P.S. დეეე, გამიშვი რააა:(