Saturday, January 30, 2010

ავტობუსი, ხალხები, ჩემი პრობლემები..უჰ:)))

ადრე მქონდა ერთი მოთხრობა დაწერილი წითელი ავტობუსის მძღოლ გოგოზე, რომელიც ისე ეჩვევა თავის მგზავრებს, რომ მერე გაჩერება აღარ უნდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს სუყველა მგზავრი მაინც ჩადის, ეს მძღოლი გოგო რჩება და თავისივე კონდუქტორ კარენას უყვარს.

მოთხრობა დიდი სისულელეა ნამდვილად:)) მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემ გვერდით სულ ასე მოძრაობენ ადამიანები. ზოგს მეტად ვეჩვევი, ზოგს _ ნაკლებად, ზოგზე უფრო მწყდება გული, ზოგის წასვლას კი საერთოდ ვერ ვამჩნევ.

ისე მივეჩვიე ასეთ ურთიერთობებს, რომ ბუნებრივი მგონია როცა ჩემგან მორიგი საუკეთესო მეგობარი მიდის. ეს ასე იყო მაშინაც, როცა მე–10 კლასში პირველად დავკარგე მეგობრები _ ჩემთვის მაშინ საუკეთესო ადამიანები. ეტყობა მე ვიცვლები, თორემ ისინი დღესაც ისეთები არიან, როგორებიც მაშინ დავტოვე. ძალიან კარგები, მაგრამ ჩემგან ტოტალურად განსხვავებულები. ეს დები ძალიან მიყვარდნენ, მაგრამ მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მიზნები და ინტერესები აბსოლუტურად შეიცვალა. მერე ერთი წელი საერთოდ მეგობრის გარეშე გავატარე. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე, ვწერე...

მერე სხვებს შევხვდი. ჩემს კლასელებს. საოცარი ადამიანები არიან, მთელ მსოფლიოში! მაგრამ ჩვენ სხვადასხვა გზები ავირჩიეთ. მე ჟურნალისტიკა, მათ ხელოვნება. თითქოს პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან დიდი სინამდვილეში, ჟურნალისტიკა ცხოვრების წესია და არა 9–6pm სამსახური მყუდრო ოფისში.

შეიძლება ჩემშია რაღაც პრობლემა. ადამიანებთან დიდხანს ვერ ვჩერდები. წლების მანძილზე არ შემიძლია ვიღაცასთან ყოველდღიური ურთიერთობა. ადრე უფრო კონფლიქტური ვიყავი, უფრო ემოციური და უფრო ადვილად ვამბობდი უარს ადამიანებზე.

რა ადვილია რაღაცებს მიაღწიო კარიერაში, კარგად ისწავლო, კარგი CV გაიკეთო, რაღაცები გაარტყა (ვთქვათ სტიპენდია), მაგრამ რა რთულია ადამიანებთან ურთიერთობა! :( თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მერე ვიწყებ ცინიკოსობას, არარსებულ პრობლემებს ვქმნი, ვეჭვიანობ სუყველაზე და სუყველაფერზე, მერე ყველაფერს ერთი დიდი სკანდალით და ხმაურით ვამთავრებ, ვიკეტები თავში და ვიწყებ ათასი სისულელის წერას, რომლებსაც მერე ლექსებს ვეძახი:))

თუმცა დღეს გაცილებით ჭკვიანი ვარ და უფრო მეტად ვაკონტროლებ ჩემს ემოციებს, ვიდრე მე–10 კლასში.

Wednesday, January 27, 2010

ჩემი მარშუტკის ინცინდენტი:))))

ხანდახან მგონია, რომ გონებაშეზღუდული ადამიანები აღარ არსებობენ, იმიტომ რომ ათასში ერთხელ მიწევს ხოლმე ასეთებთან ურთიერთობა.
საბედნიეროდ. :))

დღეს ერთი ეგეთი გონებაშეზღუდული ტიპი შემომელანძღა მარშუტკაში. არადა ჩემთვის წყნარად ვიჯექი და რაღაც წიგნს ვკითხულობდი.

მოკლედ ის იყო ზურას დავემშვიდობე, მარშუტკაში ავედი და მოხერხებულად მოვეწყე, რომ წარმოდგენა დაიწყო. სულ უკანა სკამზე პატარა ბიჭები ისხდნენ, ასე 12–13 წლისები, არც კი მიმიქცევია ყურადღება, ცოტა ხმამაღლა კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ არც იგინებოდნენ, არც იფურთხებოდნენ, თავიანთთვის ღლაბუცობდნენ საყვარლად. ხოდა ერთი წუთი არ იყო გასული რომ წამოუხტა ვიღაც 50 წლამდე კაცი, უფრო სწორედ 2–მეტრიანი თეთრწვერიანი რაღაც და დაუწყო ლანძღვა. და რატო არ იცით? ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ თქვენი ტრაწიანი დედა მოვ...ანო, ნაბიჭვრები ხართო, გაიზრდებით და რა გამოხვალთო, საზოგადოებას გვაწუხებთო, დაგამტვრევთ ნეკნებში თქვე ლაწირაკებოო. ბიჭო, მივბრუნდით ყველანი ამ კაცისკენ, ვიფიქრე რომ მართლა გიჟი იყო ვიღაც, მაგრამ ნუ სახეზე ასე თუ ისე ნორმალური გამომეტყველება აქვს. ნუ, ნორმალური რა და, მოძველბიჭო :D

ნუ ბავშვები დაიზაფრნენ, გაჩუმდნენ ეგრევე, ბოდიში მოიხადეს, ერთხანს შეშინებულები ისხდნენ ჩუმად და საწყლად, მერე გაუარათ შიშმა და ისევ დაიწყეს ლაპარაკი, ოღონდ უკვე ჩუმად. არც ამაზე გაგიჟდა ეს კაცი და დაუწყო ისევ ლანძღვა–გინება, ოღონდ უკვე მთელ თაობას მისდგა, მიშას გაზრდილებიო, დედაიმასმიქნილი თაობაო, ესენი ერთად უნდა შეაგროვო და სცემოო, მოკლედ ნუ არანორმალური მართლა, მერე უცებ ვიღაც მოხუცმა ქალმა გამოიდო თავი, ამ კაცს ეთნხმება, აბა აბაო, რა თაობა მოდისო, სად იზრდებიანო. აი აქ ავფეთქდიიიი!!:))))

მეთქი მოიხედეთ ერთი წუთით ბატონო თქო, ბავშვების ასეთი აღზრდა ვის გაუგია მეთქი, როგორ შეიძლება ბავშვისთვის დაყვირება და გალანძღვა ასე სახალხლოდ მეთქი, მით უმეტეს რომ მოზარდები არიან ეს ბავშვები და არ იცით რომ ეს ყველაზე რთული ასაკია მეთქი, გადაშალეთ ნებისმიერი ბავშვთა ფსიქოლოგის ნაშრომი და გადაავლეთ მეთქი თვალი, სად და ვისთან წერია, რომ ბავშვის აღზრდა ასეთი ამაზრზენი მეთოდებით შეიძლება მეთქი. ეხლა მე გადმომდგა ეს კაცი, "ენჯეოშნიკი" ხარო, მეკითხება. არა–მეთქი, ჟურნალისტი ვარ. ფუო, იძახის, მიშას გამოზრდილიო. ეეე მეთქი, რა უფლება გაქვთ ასე მიწოდოთ, არაფერი იცით ჩემს შესახებ და შეურაცხყოფას მაყენებთ, ჯერ ერთი ჩემი მშობლების გაზრდილი ვარ და მამაჩემს მიშა არ ქვია და მეორეც ბავშვებზე ძალადობის არმოწონება პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებულ მამაშვილურ გრძნობებს სულაც არ ნიშნავს მეთქი. გადაირია, ეხლა ჩემს თაობას გადმოწვდა. ვინები ხართო, უჯიშოები, უჯიგროები და საქართველოს მოღალატეები გვეძახა სუყველას, (თან გაითვალისწინეთ ამ დროს დანარჩენი ხალხი თავს უქნევს ამას, ეს ბავშვები კიდევ უარესად შეშინებულები სხედან ჩუმად) მე ვუპასუხე, მერე ვინ გაზარდა ჩვენი თაობა, ისევ თქვენ მეთქი და თუ არ მოგწონთ როგორებიც გამოვედით, თქვენს თავს დააბრალეთ–მეთქი.

მერე კიდევ კარგი ერთი ქალი ამყვა, იმ კაცს უყვირა, მეო ორი ბიჭი მყავსო და სულაც არ მინდა ჩემი შვილები ასე უმიზეზოდ გალანძღოს ვინმემო, და მეორეც იმედი მაქვს შვილები არ გყავთ, თორემ წარმომიდგენია რანაირები იქნებოდნენო. :)))))

მერე მე ბოლო სიტყვა დავუგდე, ეხლა თქვენ უფრო მიშლით ხელს მშვიდად მგზავრობაში ვიდრე ის ბავშვები მეთქი. ხოდა ცოტა ხანში ჩავედი.

აქედან მორალი: არავის არაფერი არ უნდა შეარჩინო. :|

მოკლედ რამდენი გიჟი დადის რა :|

Saturday, January 23, 2010

ცხოვრება მშვენიერია შეყვარებულის გარეშეც!:))))

ამ ბლოგს იმისთანა ვებ–მტვერი ადევს, მარტო ჩემი ძალებით ამას ვერ გადავწმინდავ. თანაც სულაც არ მინდა ზურამ დამაბრალოს რომ შეყვარებულს დავცილდი და ჩოლკა უნდა შევიჭრა და რა დროს ბლოგია, ან რამე მსგავსი სისულელე.
ისე რას აკეთებენ ხოლმე გოგოები როცა შეყვარებულებს ცილდებიან?
უკვე 4 თვეა რაც მე და ჩემი ბიჭი ერთად აღარ ვართ, ახლა უკვე აღარაფერი, მაგრამ პირველ საღამოს სახლში რომ მოვედი და გავაცნობიერე რომ, მორჩა ირინ, დამთავრდა შენი და პაატას ერთად ყოფნა–მეთქი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ბევრი ვიტირე მიუხედავად იმისა, რომ დაშორება ჩემი ინიციატივით მოხდა. (ნუ მერე როგორც აღმოჩნდება ხოლმე, მთლად ჩემი ინიციატივა არ ყოფილა და ბიჭებმა როგორც იციან ხოლმე რო აქეთ გაიძულებენ რო დაცილდე და თვითონ უწყინარი მსხვერპლის როლში გამოვიდნენ ეგრე იყო, მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს).

ძალიანაც კარგი! მთელი ერთი თვე დაახლოებით ახალდაბადებულივით ვგრძნობდი თავს: ჯერ ერთი შაბათ–კვირა გამომითავისუფლდა და მეგობრებს აქამდე თუ თვეში ერთხელ ან ორჯერ ვხვდებოდი, ახლა უკვე კვირაში რამდენჯერმე ვხვდები. მეორე ის, რომ სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახდა, მაშინ როცა მანამდე ერთი სული მქონდა სანამ მეცადინეობას მოვრჩებოდი და ლექციები დამიმთავრდებოდა. მესამე ისიც, რომ გვერდით უამრავი სიმპათიური ბიჭია, ღმერთო:)))) მეოთხე ისიც, რომ ამის მერე თუ საზღვარგარეთ დიდი ხნით წასვლამ მომიწია, არავინაც არ მომენატრება! კიდევ უამრავი დადებითი მხარე აქვს შეყვარებულთან დაშორებას, მაგალითად, როცა მოგინდება მაშინ ივლი მარტო ჯინსით და ბათინკებით ქუჩაში და სულ გამოპრანჭული არ იქნები, (რაც ჩემთვის დამღლელი იყო!), წონას არავინ გიკონტროლებს და ჭამ რასაც გინდა, თუ გინდა ღამის 1 საათზე, ჩვეულებრივ მეგობარ ბიჭებსაც ისე ხვდები, რომ მერე არავის აბარებ დეტალურ ანგარიშს, არავის უხსნი, რომ "იცი, ის მხოლოდ მეგობარია, არაფერი არ ხდება ჩვენ შორის!", მოკლედ ათასი თავის ტკივილი ეგრევე გცილდება რა...

ერთი თვეა ჯიპადან არდადეგები გვაქვს, ძალიან დავიღალე უსაქმურობით, რა კარგია, ორ დღეში სწავლა რომ იწყება!

ჰოდა ამ თვეში რატომღაც Lanvin-ის კოლექციებზე გავჭედე! ეს დღეები პირღია ვუყურებ ჩვენებებს და მთელი გულით მშურს მოდელების, რომ ერთხელ მაინც ეძლევათ შანსი ასეთი კაბები ჩაიცვან!:((((

სამაგიეროდ ორი ახალი ჟაკეტი მაქვს! ერთი მე თვითონ მოვქსოვე, ერთი დედამ მომიქსოვა, ულამაზესია!

P.S. ჰო, და მიუხედავად სათაურისა, მარტო დიდხანს მაინც ვერ გავჩერდი:))))) ერთი ძალაინ სიმპათიური ჟურნალისტია ჩემ გვერდით :blush: whatever, (C) leli ჯერ არ ვიცი რა იქნება, ისე კი, ზურამ ტვინი რომ არ წამიღოს, ამ ბლოგის წერას ვანახლებ, ჩემთვის მაინც:)))))















თავს ვერ დავდებ რომ ყველა კოსტიუმი 2010 წლის კოლექციებია, მაგრამ Lanvin ნამდვილად არის:)))