Friday, January 28, 2011

ქიმია

ჩემი დაქალი მეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იდეალური მამაკაცის რა კრიტერიუმები გაქვს ჩამოწერილი. ურთიერთობებში მთავარია ქიმია.

ბევრ სიმპათიურ ბიჭს ვიცნობ ჩემ გარშემო, რომლებიც, თითქოს, ჩემს ყველა პუნქტს აკმაყოფილებენ და განათლებულებიც არიან, ჭკვიანებიც, პერსპექტიულებიც, პასუხისმგებლობიანებიც და ყურადღებიანებიც. თითქოს ყველაფერი სტანდარტებში ჯდება და ჰარმონიული ურთიერთობის დასაწყისის და განვითარების ყველა მონაცემი სახეზეა. მაგრამ ასეთ დროს მინდება, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ავურიო. იცით როგორ? წყალზე რომ არის ხოლმე ყინული გადაკრული, ბავშვობაში ფეხის ქუსლს ჩავკრავდით და ყინულს ვტეხავდით. აი ეგრე მინდა ხოლმე ფეხის ჩარტყმა და ასეთი ურთიერთობების დამსხვრევა.

ხოდა აი, დღეს ამეხილა თვალი: ადამიანებთან ურთიერთობებში საჭიროა ქიმია! სწორედ ეს ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც ჩვენი თვალი ვერ აღიქვამს და შესაბამისად ვერც იდეალური მამაკაცის შესაფასებელ კრიტერიუმებში ვსვამთ, განაგებენ ურთიერთობის დასაწყისს და მის წარმატებულობას. როცა ყველა ეს ნაწილაკი ერთმანეთისკენ იწყებს მოძრაობას, მაშინ გაუცნობიერებლად ვფიქრობთ ხოლმე ერთმანეთზე, ვათენებთ ღამეებს, ვუყურებთ მობილურ ტელეფონებს და სკაიპის კონტაქტებს, დაყენებული ხმით ვლაპარაკობთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი და იმისი ყველა ელემენტარული ნაწილაკი ერთმანეთისკენ მიილტვის. არა, ეს სექსი არაა. უფრო მეტად გაუცნობიერებელი რამეა, ვიდრე სქესობრივი ლტოლვა. უფრო მეტად დამაკავშირებელი ერთმანეთთან, ვიდრე _ ფიზიკა. როცა შენი ტვინის ყველა ნეირონი უსიტყვოდ თანხმდება, რომ ეს "ისაა", რომ სწორედ ამას ვეძებდით მთელი ჩვენი ცხოვრება და თურმე ტყუილად გვიხაზავს დანარჩენი კრიტერიუმები. როცა ჩვენსა და იმის ელემენტარულ ნაწილაკებს შორის დუღილი იწყება და ახალი ნივთიერება იბადება, ანუ მომავალი ურთიერთობა.

მიმიხვდით, რას ვგულისხმობ? ჰოდა, საქმე ისაა, რომ ყველა კრიტერიუმი, რომელიც წლობით ვაგროვეთ და ათასი ექსპერიმენტით და გამოცდილებით გამოვცადეთ, აღმოჩნდება, რომ უკანა პლანზე იწევს. მეტიც, შეიძლება საერთოდ არ იცნობდე ტიპს, არც გჭირდებოდეს მისი გაცნობა და ის, როგორც პერსონაჟი, შენ თვითონვე გამოიგონო, მაგრამ შენი ელემენტარული ნაწილაკები გეუბნებოდნენ, რომ სწორად მიდიხარ.

that's what I'm talkin' 'bout ;)

Saturday, January 15, 2011

KIDS

ეს რამდენიმე დღეა ამ საახალწლოდ მთაწმინდაზე ხალხს ფოტოებს ვუღებ. უამრავი ადამიანი მხვდება, ზოგი მდიდარი და ხარბი, ზოგი ხელფასახალაღებული და ხელგაშლილი, ზოგიც ღარიბი და ბრაზიანი. ყველა სხვადასხვანაირია.

საინტერესო ისაა, რომ ყველა ბავშვი ერთმანეთს ჰგავს. ყველა ერთნაირად იჭყანება, ერთნაირად იმორცხვებს, გიჟობითაც კი ერთნაირად გიჟობენ. ზოგი უფრო მორიდებულია, ზოგიც უფრო ცელქი, მაგრამ რაღაც საერთო სუყველას აქვს, როცა სხვები, დიდები, ისეთი ჭრელები არიან, საღამოს თავბრუ მესხმის ხოლმე. საინტერესოა რა მოსდით ხოლმე ადამიანებს როცა იზრდებიან? რატომ ხდებიან ასეთი სხვადასხვანაირები. იმ საერთო რაღაცას, რაც ყველა ბავშვს აქვს, დიდობაში კარგავენ და რაღაცნაირები, თითქოს რაღაც დააკლდათო, ისეთები გამოდიან.

უკვე 70–მდე ბავშვი მაინც მყავს გადაღებული. ზოგის ფოტო შენახული მაქვს, უფრო მეტის, რა თქმა უნდა, წაშლილი. თმებიც კი თითქოს სუყველას ერთნაირად აწეწილი აქვთ. საყვარლები არიან. ზოგი ძალით იცინის, ზოგიც ბუნებრივად იბღვირება. წამით გაჩერდებიან ხოლმე, ანგელოზებივით სახეს მიიღებენ, მერე ეს ერთი წამი გაჩერდება და ისინი კი გიჟობებს აგრძელებენ.









რა უცნაურია ეს ხალხი. რაც არ უნდა ბრაზიანი და უკარება იყოს ადამიანი, როცა ის თავის შვილზე იწყებს ლაპარაკს, სახე უფრო უნათდება და ისეთი მკაცრიც აღარ ჩანს ხოლმე.

Friday, January 14, 2011

:(

თავს ახლიდან დაბადებულად ვგრძნობ. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კარგია. ახალი წელი პირდაპირი გაგებით ახალივით დავიწყე. არაფერი არ მაქვს, არაფერს არ ვგრძნობ. მაქვს მხოლოდ ერთადერთი მიზანი: ვიფიქრო ჩემს თავზე. 

არასდროს ვყოფილვარ ასეთი ეგოისტი. და მგონი სწორედ ეგოიზმი მჭირდება ეხლა ყველაზე მეტად, როგორც წესი, სხვებზე ყოველთვის უფრო მეტს ვფიქრობდი, კარგად ვწონიდი ყველაფერს, ყველას რეაქციებს და მერე ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ახლა ერთი ხელის მოსმით გავანადგურე ისეთი ურთიერთობა, რასაც შეიძლებოდა სერიოზული გაგრძელება მოჰყოლოდა და მოყვებოდა კიდეც, მე რომ არ "მევაჟკაცა".

თავი უნამუსო და უყურადღებო მგონია. მინდა, რომ ცოტა ხნით ჩემთვის ვიყო. ადამიანებს დავაკვირდე. მეტი არაფერი. გამგები გაიგებს. ვიცი, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. არადა ამ ექსპერიმენტებს თავს ვერ ვანებებ, შეთრევა იცის. ჯერ ერთი, მერე _ მეორე...  რასაც ჩავიფიქრებ, ყველაფერი ზუსტად ისე გამოდის. მაგრამ მერე ის გამოსული ისე აღარ მომწონს ხოლმე. ეტყობა დეტალებზე რომ არასოდეს ვფიქრობ კი არა, ყოველთვის ზედაპირულად რომ ვფიქრობ და ყოველთვის მეჩქარება, მაგიტომ მომდის ასე. ემოციების მიღება მეჩქარება და შედეგზე აღარ ვფიქრობ.

არ მომწონს როგორც ვიქცევი. მაგრამ სხვანაირადაც არ გამომდის. მეჩვენება, რომ ყველაფერი სწრაფად გაივლის და ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთო. ემოციების მიღებაც, მათ შორის. და სიყვარულიც. გესტაპო მაქვს ტვინში, პატარა ბანაკი, სადაც ადამიანები შემყავს, ათას რამეს ვმართებ და არ ვიცი, ვინც მიძლებს რჩება, ვინც ვერა და... :(

მოგზაურობა მინდა. ნეტა ოდესმე თუ მეყოფა გამბედაობა, ინდოეთში მარტო წავიდე?