Saturday, April 15, 2017

დედა, მამა და წლინახევრის ბიჭი

შარშან ამ დროს ვწერდი იმაზე, თუ რა აღმოვაჩინე, ზოგადად, შვილის ყოლის შემდეგ.
მას მერე გამოხდა ხანი. მე უკვე დიდი გოგო ვარ, ვისწავლე დროის განაწილება შვილს, ქმარს, სამსახურს, მეგობრებსა და საკუთარ თავს შორის; ლაზარე კი უკვე იმდენად დიდი ბიჭია, რომ ხორცსაც გადასარევად ღეჭავს და დამოუკიდებლადაც მშვენივრად დადის (დარბის) ფეხზე; ლაპარაკობს გაუთავებლად და ემოციებსა და შთაბეჭდილებებს დაუფარავად გადმოსცემს ყველასთან, ვინც კი მისით ინტერესება. ჩემი დახმარება კი ყოველდღე უფროდაუფრო ნაკლებად სჭირდება.

თუმცა ამის პარალელურად აღმოჩენები საერთოდ არ შემცირებულა. შარშანდლიდან მოყოლებული, რაც შემდეგი ერთი წლის მანძილზე აღმოვაჩინე, მაგალითად ისაა, რომ

1. როცა ბავშვი გაჩუმდა - ეს ნიშნავს, რომ სულ მალე სახლში "კატრინა" დატრიალდება. არადა უკვე დიდი ბიჭი გგონია, თავისთვის თამაშობს მეორე ოთახში, სადაც წვეტიანი და სიცოცხლისთვის საშიში არაფერი დევს, შეგიძლია ისე შეუშვა, რომ არ შეყვე, შენ კი შენი ყავა მშვიდად დალიო. მაქსიმუმ, ფეხი დაუცდეს და დავარდეს, მაგრამ ეგეც არაფერი, ვინ არ დავარდნილა. წამოდგება, გააგრძელებს თამაშს. და ამ დროს, რაღაც მაინც არ გასვენებს, ეჭვის ჭია გღრღნის, "კი მაგრამ, ასე რატომ გაჩუმდა?" ფეხაკრეფით შედიხარ საძინებელში და შენს წლინახევრის მონსტრიკს შენივე ბურთულებიანი "რუმიანით" ხელში პოულობ - ბედნიერი სახით ამოგხედავს და "აიიი ბუთი-ბუთი!" იტყვის.

2. სასეირნოდ ბავშვს დაყავხარ და არა პირიქით - და ამიტომაც ვერაფრით ვერ ვხვდები, ჰოლივუდის ფილმებში როგორ დასეირნობენ დედები პარკებში მშვიდად და ეს ბავშვები თავიანთი ნებით გვერდზე როგორ მოჰყვებიან ისე, რომ აქეთ-იქით არ აცეცებენ თვალებს. რამდენჯერაც გოგოებმა შვილებთან ერთად გადავწყვიტეთ გასეირნება, იმდენჯერ სიტყვაც კი ვერ ვუთხარით ერთმანეთს დღის განმავლობაში. ყველა ჩვენ-ჩვენს მხეცებს დავდევდით კუდში.

3. ნივთები ქრებიან უკვალოდ და ერთ დღესაც, როცა საბოლოოდ გადაიწურავ იმედს, რომ სულ ახალი ხელის კრემი დაიკარგა და მორჩა, ღამე, სათამაშოების მილაგებისას, უცებ აღმოაჩენ მთელ ბუდეს, სამალავს, სადაც სხვა კარგა ხნის დაკარგული ნივთებია თავმოყრილი. ასეთი სამალავი შეიძლება იყოს დივანის უკან დარჩენილი ღრიჭო, კომპიუტერის მაგიდის ქვედა უჯრა, ან სულაც სავარძლის ერთ-ერთი სახელურის ქვეშ ჩუმად გამორღვეული ნაჭერი, რომელიც დიდ ჯიბედ ქცეულა და რამდენიმე კუბიკი, ერთი მანქანა, პატარა მანათობელი ბურთი, ერთი ცალი გამხმარი ლიმონი (ეს რაღატომ?!) და შენი ხელის კრემი ერთად განისვენებენ!

4. სიურპრიზები ჩანთაში - სამსახურში მისულს ხშირად აღმომიჩენია, რომ, ჩანთაში საფულესთან, ბლოკნოტთან და სხვა ნივთებთან ერთად, ლაზარეს პატარა სალათისფერი მანქანაც მიდევს რატომღაც!

5. ნივთები მიიწევენ ზევით, ზევით - მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ამ ნივთების ზევით აწყობა, ან რით ვეღარ გამოილია ადგილი კარადების და თაროების თავებზე. მაგრამ, როცა იატაკზე ერთმეტრიანი პატარა ურჩხული დარბის და შიშის ზარს სცემს პატარა მაკრატლებს, წიგნებს, პულტებს, კოვზებს, ჭიქებს და სხვა ბასრ და ადვილად გასატეხ/დასაფხრეწ ნივთებს, აბა სხვა რა უნდა ქნა?!

6. ძირსნაყარი არაფერი ჭამო - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ დავარდნილი მატყუარა ან სხვა ნივთი გავრეცხე პატიოსნად, დავმდუღრე და ისე მივეცი, მაგრამ მეასეჯერ რომ შვრება იმავეს, ბოლოსდაბოლოს იწყებ ფილოსოფიურად აზროვნებას: "ნუთუ, ნამდვილად ავნებს პატარა, სათნო ბაქტერია ამხელა ბავშვს? საერთოდაც, რას ვერჩი ამ ბაქტერიებს, იქნებ მათაც უნდათ სიცოცხლე? ვინ ვარ მე, რომ გადავწყვიტო, იცხოვრონ თუ არა ბაქტერიებმა, ისინიც ხომ ღმერთის შექმნილები არიან!"

საბოლოოდ კი ერთ მარტივ კითხვას ვუსვამ ხოლმე ჩემს თავს, სანამ ლაზარეს რამეს ავუკრძალავ: "რატომ ვეუბნები არა-ს, იმიტომ რომ მართლა საშიშია მისთვის, თუ იმიტომ რომ მე მეზარება მერე დალაგება ან ხელების დაბანა?" ჯერჯერობით მეორე პასუხი ლიდერობს ხოლმე და ამიტომაც ჩემს შვილს სრულად დაბანილ-დასუფთავებულს მხოლოდ საღამოს, ძილისწინ თუ ნახავს ვინმე. :)

7. ის ხალხი კიდევ არსებობს, რომლებსაც ჯერაც არ მობეზრებიათ იმის გამეორება, თუ რატომ წავლეკე ნიუსფიდი ჩემი და ჩემი შვილის ამბებით და ფოტოებით - და რომელზეც პასუხი ისევ იგივე მაქვს:


"და, საერთოდაც, ამ ყველაფერს უფრო პრაგმატული ახსნაც აქვს: დღეს, მაგალითად, მიხაი ზიჩის აქამდე უცნობი ალბომი დავაშეარე, რომელიც ეროტიკული ხასიათის გრაფიკული ნამუშევრების სერიაა. სასწაული ნახატებია, ამაღელვებელი, ემოციური, თან მე-19 საუკუნის. უკვე ერთი საათია, რაც მიდევს და ჯერ მხოლოდ 12 "ლაიქი" აქვს. როცა ჩემი შვილის ერთი ფოტოს დაშეარების შემთხვევაში 9 ლაიქი მარტო 1 წამში გროვდება. ხოდა, გამარჯობა, ცდუნება დიდია-თქო, რომ ვამბობ, არა გჯერათ. ("იიი, რა კაი გოგო იყო, საინტერესო, ინტელექტუალურ რამეებს აშეარებდა, ახლა მარტო ბავშვის ფოტოებს აშეარებს..." - ტაში, დამილაიქეთ და ისევ იმას დავაშეარებ :D )"
 8. სახლი აღარასდროსაა ისე იდეალურად დალაგებული როგორც ადრე იყო. და საერთოდაც, როგორია დალაგებული სახლი? რა ქმნის მყუდროებას? სწორია, ბედნიერება და მხიარულება. ხოდა უწესრიგოდ დაყრილ კუბიკებზე ვერ მოვიშლი ნერვებს ნამდვილად.


Friday, September 30, 2016

შვილის ყოლის 10 სასწაული

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სისულელეა შვილის ყოლის გადაწყვეტილების სისწორეზე საუბარი, იმიტომ, რომ 1. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია; 2. ყველა ადამიანს სხვადასხვა საჭიროება, შესაძლებლობა და მატერიალურ-ფსიქოლოგიური რესურსი გააჩნია და 3. საერთოდაც, შვილის ყოლა, საბოლოო ჯამში, ალბათ ყველასთვის საოცარი და ჯადოსნური თავგადასავალია. ნუ, იმათთვის, ვისაც უკვე ჰყავს.

Friday, September 2, 2016

კულისები

მთელი დღეა მოცარტის “ჯადოსნურ ფლეიტას” ვუსმენ. ეს ამათი ფლეილისტის ერთადერთი ტრეკია და, ცოტა არ იყოს, ყელშია უკვე ამოსული. სხვა მხრივ, არაფერი გვიჭირს: საკვები ყოველთვის დროულად მოაქვთ, თან გემრიელად ამზადებენ. თეთრეულიც ყოველთვის სუფთაა; ავეჯი იაფი და უბრალო, მაგრამ - ნორმალური, ამინდი - გადასარევი წელიწადის ნებისმიერ დროს. ერთი ეგაა Wi-Fi არ იჭერს. ზედამხედველები თვლიან, რომ სოციალური ქსელები ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობას აშლის, ძველ დროს გაგვახსენებს, ამიტომაც მაქსიმალურად გვზღუდავენ ინფორმაციის მიღებისგან. მეც ვეღარ ვპოსტავ ვერსად. არც მეგობრები მირეკავენ. (თუმცა, დედაჩემი დღეში ასჯერ მირეკავს და მკითხულობს, თან ათას ჭორ-მართალს მიყვება, ვეღარ გავიგე რა დავიჯერო და რა - არა). მოკლედ, სრულ ინფორმაციულ იზოლატორში ვარ. აი, ბიბლიოთეკა გიყვარდეს, იმდენი წიგნია, თვალები აგიჭრელდება, მაგრამ კითხვით თავს არავინ ვიწუხებთ.

Friday, July 1, 2016

10 რამ რისი მოსმენაც არც ერთ ახალბედა დედას არ სიამოვნებს

1. მშობიარობიდან ორი კვირა იყო გასული, რომ ერთ-ერთმა ისერა ნაცნობმა ჩემ დანახვაზე მხიარულად წამოიძახა: "ლაზარეს დაიკო როდის უნდა გაუჩინოთ?"

არადა მეგონა, ასეთი კითხვებისგან ცოტა ხნით მაინც დავისვენეთ. თურმე სადა ბანაობ, ააარა, როგორ გეკადრებათ, ამოსუნთქვის საშუალებას ვინ მოგცემს, ჯერ როდის უნდა გაგვახარო (ანუ გათხოვდე), მერე - ერთი შვილი, მერე იმ ერთს დაიკო/ძამიკო არ უნდა, ან - არა უშავს, შემდეგი ბიჭი იქნება; მერე თქვენ ისეთი კარგი შვილები გყავთ, ბევრი უნდა გყავდეთ და ა.შ. მოკლედ, ეს ამბავი სანტა ბარბარასავით არასოდეს მთავრდება.

2. მშობიარობიდან ერთ თვეში კიდევ ერთმა ასევე ისე რა ნაცნობმა ნიშნისმოგებით მითხრა: "უი, მუცელი დაგრჩენია!"

კი, მუცელი დამრჩა, შვილი მეჯდა შიგნით, ადამიანი, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი და იმიტომ. ზოგადად, ჩემმა ორგანიზმმა ენითაუწერელი ცვლილებები განიცადა და დიდი სტრესი გადაიტანა. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ჰორმონების ფეიერვერკი ბოლომდე, თმაც ისევ მცვივა და, საერთოდ, მეტყობა სხეულზე გადატანილი ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაციის კვალი. თქვენ წარმოიდგინეთ და, ვამაყობ ამით.

3. "ქალმა თავს აუცილებლად უნდა მოუარო, თუ არ გინდა, რომ ქმარს არ მობეზრდე" - ისე მრცხვენია ჩემივე თავის, ეს სისულელე მეც არაერთხელ მითქვამს. ნეტა, რატომ არ ჩამქოლეს. ნეტა, რატომ არ მირტყეს და ენა ამომაგლიჯეს. მაგრად დამინდეს. სასწაული მეგობრები მყვანან. ყველაზე გამგები და ადამიანურები. მსგავსი სისასტიკე არც ერთს უთქვამს. მადლობა ღმერთს. კი არა და, მათ.

4. შენც დაიწყე სისულელეების პოსტვა? - "ჩვენ ჩავიფსიიით!" - კაი, ხო. ვუტრირებ. მსგავსი რაღაცები ჯერ არ დამიპოსტავს, მაგრამ სული რომ წამძლევია, ფაქტია.

მაგალითად მაშინ, როცა ლაზარემ პირველად დაამუღამა კუჭში გასვლა ერთსა და იმავე დროს გადაყენებით. (უკაცრავად ასეთი პირდაპირობისთვის). ჩემზე ამაყი ამქვეყნად არავინ იყო. მე ეს შევძელი! მე შევძელი 6 თვის ჩვილი ბავშვისთვის გამომემუშავებინა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა, ერთსა და იმავე დროს მოსდომებოდა კუჭში გასვლა და შეეკავებინა თავი, სანამ გაიღვიძებდა და გადავაყენებდი. ეს კი, თავის მხრივ, არამხოლოდ ბავშვისთვის ახალი და მნიშვნელოვანი ჩვევის შეძენას ნიშნავს, არამედ საკმაოდ დიდ დანაზოგს ოჯახის ბიუჯეტში.

თქვენ გგონიათ, თუნდაც, პოსტის - "პირველი კიჭის" უკან მხოლოდ გულუბრყვილო აღფრთოვანება იმალება? არა ბატონო. ამის უკან პატარას უამრავი გათენებული ღამე, უმიზეზო და გაბმული ტირილი, უმადობა, უხასიათობა და ამ ყველაფრის შედეგი დედის გადმობრუნებული თვალებია. ამის ფონზე კბილის ამოჭრა მზის გამონათებასავითაა! ბავშვის მადა ბრუნდება, ძილი წესრიგდება, ის ისევ საყვარელი და მხიარულია, დედაც დამატებით 1-2 საათი იძინებს.

5. რა თხლად აცვია, არ გაგიცივდეს/მაწონს რატომ არ აჭმევ?/ბავშვს კბილი რომ ამოუვა, იმას ძუძუ რაღად უნდა - და ა.შ. უსარგებლო რჩევების მთელი პაკეტი. გამარჯობა, ისა, ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ დედა მე ვარ აქ და მოდი, მე თვითონ გადავწყვეტ, შვილი როგორ გავზარდო. არა, ბატონო, არ სცივა, 25 გრადუს სიცხეში ცოდოა ბავშვი ქუდით. არც წლამდე მაწონი არ შეიძლება. ვიცი, რომ ჩვენ მაწვნით ვართ დაზრდილები. მაინც არ შეიძლება. რამდენი ხანიც მომინდება, იმდენ ხანს ვაჭმევ ძუძუს ჩემს შვილს, გვსიამოვნებს ეს პროცესი ორივეს, და, საერთოდაც, ჩემი ძუძუა, შენი ხომ არა, ვახ! და ა.შ.

6. აბა რა გეგონა გენაცვალე! (ნიშნისმოგებით ღიმილით გაზრდილ შვილებზე გადახედვა) - ამას, როგორც წესი, უკვე გაზრდილშვილებიანი დედები ეუბნებიან ხოლმე ახალბედა დედებს. ეს არის ყველაზე სასტიკი და უგულო პასუხი წუწუნზე, რომ დავიღალე. ეგრე მეგონა, კი, ნამდვილად არ წარმომედგინა ვარდისფერ ფერებში შვილის ყოლა (არა, მართლა ფანტასტიკურია და არაფერი შეედრება გრძნობას, როცა ის თავისი პაწია ხელებით თავზე მეფერება და აღტაცებისგან ჭყლოპინებს, მართლა, მართლა!), მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ხომ შეიძლება, ვინმემ თავზე ხელი გადამისვას? ან რავი, თავი დამიქნიოს და ნწუნწუნწუ იძახოს დანანებით, ან რავი, ეგეთი რამე. მეტი კი არ მჭირდება. ამოვთქვამ, დავიცლები, მერე ისევ დავიქოქები.

7. შენი მოვალეობაა! - წინა პუნქტის განვითარებაა ეს. ვიცი, რომ მოვალეობაა. მაგრამ ხანდახან ისეთი ტკბილია შექება! როცა საღამოთი კარგად ნაკვებ-გართობილ-დაბანილ-გამოცვლილ-დაძინებული ბავშვი მშვიდად წევს საწოლში, მე კი პუფში ვგდივარ მისავათებული, მინდა, რომ ვინმემ (მაგალითად, ქმარმა) შემაქოს და მითხრას, რომ ფანტასტიკური დედა ვარ და ჯერ არასოდეს, არც ერთ დედას ასე კარგად შვილისთვის არ მოუვლია. ვიცი, რომ ტყუილია. ვიცი. მაგრამ წახალისება რომ საჭიროა, ვა?!

8. უი, სამ თვეში გახვედი სამსახურში? (თვალები აქაჩული, "უიმე, ეს უგულო"-ს გამომეტყველებით) - კი. მივაგდე. შვილი დედას დავუტოვე. Problem?

9. გეყოფა გართობა და აქეთ-იქით ხტუნაობა, აღარ შეგფერის, უნდა დაღვინდე - ფიჰ, როგორ გეკადრებათ. ღვინო ძალიან მიყვარს, კი. განსაკუთრებით, ქინძმარაული ან ოჩხანური საფერე. ქისსაც არა უშავს. აჰამ.

10. მეათე მიზეზი, კარგა ხანია ვფიქრობ და, ვერ მოვიფიქრე და თქვენ განავრცეთ კომენტარებში, იქნება, გული მიგრძნობს :D

Thursday, April 14, 2016

ათი რამ, რაც ბავშვის გაჩენის შემდეგ აღმოვაჩინე



1. ბავშვებიც ტირიან - ჯერ ისევ ორსულად ვიყავი, როცა მე და ჩემს ქმარს მეზობლის ბავშვის ტირილი არ გვაძინებდა. მაშინ ვუთხარი: "ჩვენი ასე არ იტირებს" xD

ასე თავს ის ადამიანები იტყუებენ, ვისაც ბავშვები არ ჰყავთ. ბავშვები უმიზეზოდაც ტირიან: გამოუცვლი, ჩაბან, აჭმევ, ასმევ, დააძინებ, გაართობ, ყირაზე გაივლი - ის კი მაინც ტირის. არ შია, არ ეძინება, გამოსაცვლელი არ აქვს და არც ავადაა. კაცმა არ იცის, რა უნდა. მუნჯის ენა კი, სამწუხაროდ, არ სცოდნია დედას. ყოველ შემთხვევაში, მეცადინეობის გარეშე. 

Thursday, January 28, 2016

ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს!

სამსახურიდან მოვდივარ. ტრანსპორტში ვზივარ. პოსტს ტელეფონში ვწერ.

ამ ბოლო დროს ტელეფონით პოსტვა განსაკუთრებით დავამუღამე. სულ მიჩვევის ამბავი ყოფილა, აბზაცების ბეჭდვა შემიძლია ტელეფონით, მთავარია არ გაჭედოს!

Sunday, December 6, 2015

დეკემბერი, დეკემბერი

 კიდევ ერთი მომქანცველი დღე ისე მიილია, რომ ვერ გავიგე. ლაზარე ვაბანავეთ, ვაჭამეთ და დავაძინეთ. ჩვეულებისამებრ, ტაკო უკან გამობზიკა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო და დაიძინა. სულ ერთია, რამდენჯერ დააწვენ ზურგზე, 5 წუთში ეგეთ პოზაში გხვდება.