Friday, September 30, 2016

შვილის ყოლის 10 სასწაული

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სისულელეა შვილის ყოლის გადაწყვეტილების სისწორეზე საუბარი, იმიტომ, რომ 1. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია; 2. ყველა ადამიანს სხვადასხვა საჭიროება, შესაძლებლობა და მატერიალურ-ფსიქოლოგიური რესურსი გააჩნია და 3. საერთოდაც, შვილის ყოლა, საბოლოო ჯამში, ალბათ ყველასთვის საოცარი და ჯადოსნური თავგადასავალია. ნუ, იმათთვის, ვისაც უკვე ჰყავს.



და მაინც, მინდა რაღაცები შევაჯამო, რის გამოც ლაზარემდე ცხოვრება ვერაფრით შეედრება ლაზარესთან ერთად ცხოვრებას. მაშ ასე:

1. გაღვიძება - მაღვიძარის მოსაწყენი და საძულველი ზარი წარსულს ჩაბარდა. დილაობით მსუქანი, მომღიმარი, პირში მატყუარა-გაჩრილი რაგბის ბურთი დაგვყურებს და თავის პატარა, მსუქან ფეხებს თავისი საწოლის რიკულებს შორის ჩვენკენ ჩრის, თან აღფრთოვანებული იმით, რომ კიდევ ერთხელ გათენდა და თვითონ ფეხზე დგას (ეს ძალიან მნიშვნელოვანია!), ყვირის "იი! იიი!"

2. სახლში დაბრუნების სიხარული - რამდენ ადამიანს შემოუხედავს თქვენთვის სიხარულით, სიყვარულით და იმედით სავსე, გაბრწყინებული თვალებით? რამდენი ადამიანი გამოქცეულა დაუყოვნებლივ თქვენკენ დანახვისთანავე? ალბათ ასე ბანალურად და ჩვეულებრივად ჟღერს. არადა, ასეთი თვალების დანახვას არაფერი შეედრება.

3. როცა იცინის - ასე მგონია მზე გამოდის და აცხუნებს. ერთადერთხელ ვერ შევიკავე თავი და დავუყვირე, დაწექი და დაიძინე-მეთქი. ახალი დამუღამებული ჰქონდა ფეხზე დგომა, ჰოდა შეეძლო, ლამის მძინარესაც კი ოთხზე დამდგარიყო და სასწრაფოდ საწოლის მოაჯირზე ამძვრალიყო. ხოდა, როცა მესამედ დავაწვინე მძინარე და მესამედ წამომიხტა ეგრე, დავუყვირე გაბრაზებულმა. ლაზარემ კი რა ქნა? ადგა და მთელი ხმით გადაიხითხითა! მას მერე ბევრს ვფიქრობ, რამდენი რამის სწავლა შეიძლება ამ თითისტოლა ბიჭისგან. მაგალითად, სხვებისგან წამოსულ დაუმსახურებელ აგრესიას პასუხად სიცილი დაახვედრო. როგორია? დედას ფილოსოფოსი!

4. როცა მეხუტება - როცა ვაჭმევ, როცა სახლში მოვდივარ, როცა ეძინება, როცა ნაცნობი სახე სჭირდება, როცა გაღიზიანებულია, როცა ეძინება, როცა, უბრალოდ, ჩახუტება უნდა... თავის ხელებს ორივე ყურზე მაგრად ჩამკიდებს და ტანით სახეზე მაწვება. ამ დროს ყურთან მისი გულისცემა მესმის და ყველაზე კარგად ვგრძნობ, რომ ეს სიცოცხლე ჩემი შექმნილია, რომ მე სასწაულთმოქმედი სუპერმენი ვარ და ამაზე მეტი სუპერძალა, უბრალოდ, არ არსებობს.

5. როცა ტირის - და დასაწყნარებლად ჩემკენ მოიწევს. კი, ლაზარეს დაწყნარება მამას, ბებოს, პაპას და დიტოს გადასარევად შეუძლიათ. მაგრამ ეს მაშინ, როცა მე მის სიახლოვეს არ ვარ. თუ ვარ, მაშინ "დედა უნგა". გადმოიტოტება ეს ამხელა ვირი, ატირებულ-აქვითინებული და თავს მხარზე მადებს. მეორე წამს უკვე მზადაა კედელზე დაკიდებული ნახატები და ხატები კიდევ ერთხელ დაათვალიეროს, მაცივარზე მიკრულ მაგნიტებს ეთამაშოს, ან, სულაც, კარისკენ გამწიოს "ტა, ტა!"

6. როცა სამსახურში Youtube-ზე რამე სიმღერას ეძებ სამუშაო განწყობისთვის - და უცებ ფლეილისტში Twinkle twinkle little star ან Five little ducks went swimming one day ამოგიხტება. :)))) იმდღეს დიტო ამბობდა, ეზოში შემოვედი ლუდის ბოთლით, ძალიან სერიოზული სახით და ხმადაბლა ვღიღინებდი, "Old McDonald had a farm E-I-E-I-O-ო" :))) ეგრე მემართება ხოლმე სამსახურშიც, გამეღიმება და მთელი დღე ისევ ეს სიმღერები მაქვს აკვიატებული, რომელიც, ალბათ, ყველა მშობელმა ზეპირად იცის და ყელში აქვს ამოსული.

7. როცა რამე ახალს აღმოაჩენს ან სწავლობს - და ეს ყოველდღე, ყოველწუთას ხდება. მისი თვალები უფრო მეტ დეტალს ამჩნევენ თითოეულ ნივთზე დღითიდღე, გუშინ თუ არ გამოსდიოდა დიდ ჯამში პატარას ჩადება, დღეს გამოსდის; გუშინ თუ ვერ სცნობდა ბაყაყს თავის დასაფენზე, დღეს ცნობს და პატარა, გაშტიკინებული თითით ამაყად გითითებს. გუშინ თუ უმიზეზოდ გეგონა ზუზუნებდა, დღეს თავდაჯერებულად გკიდებს ხელს და ბორძიკით, მაგრამ სრული სერიოზულობით მიჰყავხარ კართან და სიტყვების გარეშეც მშვენივრად ხვდები, რომ გასეირნება სურს ბატონს. შენ კი უყურებ და ფიქრობ, რომ არათუ ეს პატარა არსება, არამედ, მთელი კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში, პირველი ცივილიზაციის გაჩენის დღიდან 21-ე საუკუნემდე სწორედ ასე სწავლობდა სამყაროს: ხელებით და ფეხებით ეხებოდა, პირით სინჯავდა, სწავლობდა ზედაპირს, გემოს, სუნს და არქმევდა სახელებს.

8. როცა მის ტანსაცმელს ფენ/კეცავ - უყურებ ამ პაწაწინა შარვლებს, მაისურებს, პერანგებს, ჟაკეტებს, სპორტულებს, წინდებს, ქუდებს, წინსაფრებს, ფრთხილად კეცავ და და უჯრაში დებ ჩაწიკწიკებულს. ზუსტად ასე გვიდევს მეც და გიოსაც ჩვენ-ჩვენი ტანსაცმელები. ჯერ ერთი წლისაც არაა და უკვე საკუთარი ტანსაცმელი!:)))) ხანდახან, როცა უკვე სძინავს და მე ისე მენატრება, რომ ლამის გავაღვიძო, ვსუნავ მის "ჭუჭყიან" ბოდეებს ხარბად და რძის და მისი კრემების სუნს ვგრძნობ თავისივე ნერწყვით დასველებულ ნაჭერზე. სასაცილო და ძალიან გულისამაჩუყებელია ერთდროულად. ხო არაფერი, ტანსაცმელია, სხვა რა უნდა იყოს, მაგრამ მაინც გულისამაჩუყებელია, პაწია კაცური ჯემპრი მაგალითად <3

9. საყვარელ სიმღერებზე "ცეკვა" - ცეკვა ფეხზე მდგარს ჯერ მაინც არ გამოსდის, თუმცა ერთ ადგილას მყარად უკვე კარგად დგას. ყოველდღე, 15 წუთით მაინც ვცეკვავთ როდ სტიუარტის Smile-ის ან I wish you love-ის ქავერებზე. ისევ ისე მეხუტება, როგორც სულ თოთოობაში, ტაკოს ბზეკს უკან და თითებით ცდილობს ტაქტს აჰყვეს. ნეტავ, რომ გაიზრდება, კიდევ ენდომება დედიკოსთან ცეკვა? დიდი იმედი მაქვს, თუმცა, ცხადია, არც დავაძალებ და არც შევიმჩნევ, რომ მინდა!:))) (ლაზარე, იმედია, ამ პოსტს ნახავ დიდი ბიჭი რომ იქნები!)

10. შვილები უფრო გვზრდიან, ვიდრე - მშობლები - ერთმა გოგომ დაწერა ფეისბუქზე და სრულიად ვეთანხმები. ლაზარემ მართლა უამრავი რამ მასწავლა ამ ერთი წლის განმავლობაში. უანგარო სიყვარული პირველ რიგში. ამ პუნქტში რაც არ უნდა ვთქვა, მაინც საშინლად ბანალური და პათეტიკური და, შესაბამისად, ყალბიც გამოვა, ამიტომ თქვენ თვითონ იგულისხმეთ, რა შეიძლება, ვისწავლოთ შვილებისგან.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ