Thursday, December 2, 2010

"ვაჟკაცობისას ამბობენ"

კარგია როცა შენი მეგობარი ცას და ქვეყანასაა მოდებული და ყველას იცნობს. ამ დროს ერთი–ორად ორმაგდება იმის შანსი, რომ რუსთაველის აკადემიურ თეატრში სპექტაკლზე უფასოდ და შემთხვევით მოხვდე. მაგალითად, სტუმარ–მასპინძელზე, რომელიც დადგმის დღიდან გაინტერესებს. მერე შეიძლება, რომელიმე მაყურებელმა ზედმეტი ერთი ბილეთი კონტროლიორს დაუტოვოს, იმან კიდევ შენ დაგითმოს, ასე რომ, ყველაფერი ხდება.

მოკლედ, ეს არის სპექტაკლი, რომელიც შინაარსს არ გიყვება, რომელიც მთელ პოემას ჯერ ნაწილებად შლის და მერე, კუბისტურად აწყობს სასურველ ნაწილებს ერთმანეთზე. ჯერ ერთ სცენას, მერე _ მეორეს, უცებ რაღაც დეტალი იშლება, ისეთი დეტალი, რომლისთვისაც ყურადღება პოემის სკოლაში სწავლისას არ მიგიქცევია. სპექტაკლის რეჟისორი გოშა გორგოშიძეა, რომელიც სხვა სპექტაკლებშიც გამოირჩევა თავისი მინიმალისტური გადაწყვეტებით. ასეთივე მკაცრი, სადა და უბრალოა "სტუმარი", რომელსაც რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე თამაშობენ.

მე და ზურა გზაში ვკამათობდით, გაიგებდა თუ არა სპექტაკლს უცხოელი მაყურებელი ან ისეთი ქართველი, რომელსაც "სტუმარ–მასპინძელი" ჯერ არ წაუკითხავს. და შევთანხმდით, რომ _ ვერა. ეს სპექტაკლი არის გათვლილი სწორედ ისეთ მაყურებელზე, რომელმაც კარგად იცის ეს პოემა. მოსწავლების დროიდან ახსოვს საზეპიროები და "ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა"–ს ტუჩების ცმაცუნით ზვიადაურთან (ლევან ხურცია) ერთად გაიმეორებს.

"ვაჟკაცობისას ამბობენ
ერთურთის დანდობისასა
სტუმარ–მასპინძლის წესზედა
ცნობის და და–ძმობისადა". _ აქ ერთმანეთში ირევა ქისტების მაჰმადიანური ტრადიციები, მთის ფოლკლორი, ანალიზი, განათების და ხმების მონაცვლეობა, მინიმალისტური დეკორაცია, რომელიც გოგი ალექსი–მესხიშვილს ეკუთვნის, ალაგ–ალაგ კი მოლას კივილი _ ისე, რომ სულ დაძაბული ხარ, სკამზე წრიალებ და ცდილობ არც ერთი მოქმედება არ გამოტოვო.

სცენაზე ბევრი ნიღაბია. იქნებ იმიტომაც, რომ პიესა და პოემა იმ საზოგადოებაზე მოგვითხრობს, რომელიც ტრადიციების, წარსულის უსარგებლო ნიღბებს ატარებენ. ან იქნებ, ამ საზოგადოების წევრებს საკუთარი სახეები სულაც არ აქვთ.

ჩემთვის და ზურასთვის სპექტაკლი მაშინ დამთავრდა, როდესაც აღაზა (ია სუხიტაშვილი) და ჯოყოლა (ბაჩო ჩაჩიბაია) დაწვნენ. გახსოვთ ალბათ ის მონაკვეთი, ჯოყოლა ცოლს რომ ეუბნება, მკვდარ ვაჟკაცს უხდება დიაცის ტირილიო და რომ წვებიან. ამ სცენის შემდეგ კიდევ რამდენიმე ისეთი მოქმედება იყო, რომელიც ჯერ ე.წ. "პაკლონი", მერე კი ფინალი გვეგონა, თუმცა ამაოდ. ბოლოსკენ სპექტაკლი შინაარსს სიტყვა–სიტყვით გაყვა, რაზეც, ცოტა არ იყოს, მოვიწყინეთ.

P.S. მიყვარს დაუგეგმავი საღამოები. რუსთაველზე განათებული "მედუზები" უნდა გვენახა და სპექტაკლზე მოვხვდით... აი "მედუზები" რა არის, ეს ჩემი და ზურას საიდუმლოა.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ