Sunday, December 5, 2010

"გადი, მომშორდი წყეულო ლაქავ!"

"გადი, მომშორდი წყეულო ლაქავ!" _ ამ სიტყვების გაკვრას დღემდე ბევრი დასი ერიდება. არ ვიცი ეს საუკუნეების წინანდელი ცრურწმენაა, თუ რაღაც დამთხვევა, აი თუ არ გჯერათ!ამ სიტყვებს, ისე რომ მაყურებელმა ვერ დაინახოს და მხოლოდ მსახიობები ხედავდნენ, სცენაზე ყველა დასი ერთი სპექტაკლის დროს აკრავს.

ეს სიტყვები მუსკომედიის თეატრშიც არის. შექსპირის "მაკბეთს" სწორედ აქ თამაშობენ. და არც თუ ურიგოდ: მათ ანგარიშზე უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრიზი და პრემია "დურუჯი" ირიცხება, სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის!

ორმოქმედებიანი პიესა დათო დოიაშვილის და ნიკა მემანიშვილის ნამუშევარია. დეკორაცია, განათებები, მუსიკა, გრიმი და კოსტიუმები: მათ შექსპირის ჯადოსნურ სამყაროში შეყავხარ. ამ ყველაფერს ჭინკების სამეულიც ემატება, რომლებიც მაკბეთის სისხლიანი მმართველობის ისტორიას ყვებიან.

საქმე ისაა, რომ მაკბეთი (თორნიკე გოგრიჭიანი) და ბანქო (იმედა არაბული) შოტლანდიის მეფის, დანქანის სარდლები არიან. ბრძოლის ველიდან მაკბეთის გმირობის ამბავი მეფემდე მოაღწევს და მეფეც პატივს დასდებს თავის შორეულ ნათესავს და ომგამოვლილ მაკბეთს ოჯახში ეწვევა. თუმცა სანამ მაკბეთი და ბანქო შინ დაბრუნდებიან, მათ გზად სამი ჭინკა შეხვდებათ. ისინი მაკბეთს მეფობას უწინასწარმეტყველებენ, მის მეგობარ ბანქოს კი მისი შთამომავლობის გამეფებას.

მეფეს მაკბეთი და მისი ცოლი, ლედი მაკბეთი (ნანკა კალატოზიშვილი) ეგებებიან. ცოლ–ქმარი იმავე საღამოს მზაკვრულ გეგმას შეიმუშავებენ და მეფეს მოკლავენ. მკვლელობას კი მის დაცვას დააბრალებენ. ჭინკების წინასწარმეტყველებაც ახდება: მაკბეთი მეფეა! თუმცა მკვლელობის ღამის შემდეგ ახალ მეფეს მოჩვენებები აწუხებს, სისხლის სუნი ყველგან ცემს. ნელ–ნელა მაკბეთი წინა სისხლიან მმართველს ემსგავსება. თავის განუყრელ მეგობარს ბანქოსაც გაისტუმრებს იმქვეყნად. საბოლოოდ მაკბეთი და მისი ცოლი კვდებიან და მათ სასტიკ ბატონობას ბოლო ეღება. ცოლ–ქმარი ჯოჯოხეთში ეშვებიან. როგორ? პირდაპირ სცენიდან.

რამდენიმე იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ თავიდან ბოლომდე მაჟრიალებდა. მაგალითად ის, თუ როგორ ხვდება ლედი მაკბეთი მეფეს. ის თვალცრემლიანი გამოდის დანქანის შესახვედრად. მუსიკა ძლიერდება და სტუმრები მის წინაშე მუხლს იყრიან; ან კიდევ, როგორ ბანაობს ცოლ–ქმარი მდინარეში. სუსტი ლურჯი განათება და ბუშტები წყლის გასაოცარ ეფექტს ქმნის; ან კიდევ მაკდაფის ცოლ–შვილის მკვლელობა; ბოლოს კი მაკბეთების ჯოჯოხეთში ჩაშვება _ სცენა იწევა, ქვევიდან წითელი შუქი და ჯოჯოხეთური ხმები ამოდის. მეფე–დედოფალს მიწისქვეშეთი უხმობს.

ლედი მაკბეთის დუბლს ბუბა გოგორიშვილი ასრულებს. თუმცა გირჩევთ, რომ წინასწარ გაიგოთ და ნანკა კალატოზიშვილის თამაშისთვის მოიმარაგოთ ბილეთები. ულამაზეს ნანკას ლედი მაკბეთის თამაშში საქართველოში, ალბათ, ცოტა ვინმე თუ შეედრება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დუბლმა აიღო რამდენიმე პრიზი ქალის როლის შესრულებისთვის. ჩემი აზრით, ბუბა ცოტათი დაკომპლექსებულია ნანკას სილამაზით და ზედმეტად იხარჯება როლზე. (ამას მგონი რეჟისორები "ნაიგრიშს" ეძახიან, თუ არ ვცდები). ზედმეტად იჭიმება და სიტყვებსაც დაძაბული გამოთქვამს. ნანკა კი ძალიან ბუნებრივია, ნამდვილი ლედი მაკბეთია: გესლიანი, ძალაუფლების მოყვარული, ხარბი ქალი _ ძალდაუტანებლად, ბუნებრივად, მშვიდად თამაშობს.

მოკლედ, ესტუმრეთ მაკბეth-ს!...

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ