Friday, December 21, 2012

ყველაფერი (პრობლემები) ერთ სივრცეში?!

მეტად დასამახსოვრებელი და ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი მივიღე ამ ერთი თვის განმავლობაში იუსტიციის სახლში და ვფიქრობ, რომ უნდა მოვყვე ყველაფერს დაწვრილებით, რომ სხვებმა ჩემი გამოცდილება გამოიყენონ, იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა კი იქნებ ცოტათი მაინც იფიქრონ საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.


ნოემბრის ბოლოს მე და ჩემს მეგობრებს მოგვიხდა, სასწრაფოდ დაგვერეგისტრირებინა ერთად ორგანიზაცია (არ აქვს ამას მნიშვნელობა რა) და მეც ერთ-ერთი დამფუძნებელი უნდა ვყოფილიყავი. თუმცა ოპერატორმა გოგომ მითხრა, რომ ჩემი პირადობის მოწმობა რეგისტრაციიდან არის მოხსნილი და სტატუსი შეჩერებულია. გავოცდი და როცა ვიკითხე რატომ-მეთქი, მითხრა, რომ სახლის მეპატრონემ ამომშალა. ჯერ მეგონა, საკუთარმა მამამ ამომშალა-მეთქი სახლიდან, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ჩემს ქუჩაზე არის ორი თითქმის ერთნაირი მისამართი: 1. საირმის ქუჩა #2 და 2. საირმის ქუჩა, კორპუსი #2. ხვდებით თქვენ განსხვავებას? მე _ მივხვდი. მით უმეტეს, რომ ეს ორი მისამართი და ეს ორი კორპუსი ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი კმ-ის დაშორებით დგას და სულ სხვადასხვა სახლია. მე პირველ მისამართზე ვცხოვრობ.

რატომ აქამდე არ გავაპროტესტე? საქმე ისაა, რომ ჩემს ძველ პირადობაზე წერია ნამდვილი მისამართი, ანუ სადაც რეალურად ვცხოვრობ, ის ადგილი. თურმე ელექტრონულ ბაზებში შევუყვანივარ არასწორად. იმ სახლის მეპატრონემ კი როგორც იქნა გაიგო, რომ ვიღაცა სხვა ვიყავი მიწერილი და ამომშალა. (ამიტომაც არ მომივიდა ჩემს საარჩევნო უბანზე ბიულეტენი). აქედან გამომდინარე, აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა რამე შეცდომა იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოსვლოდათ, მეგონა პირადობაზე და ბაზაშიც ერთ მისამართზე ვცხოვრობდი.

ვერასოდეს გავიგებდი ამოშლილი რომ ვიყავი, იმიტომ რომ ბანკები და სხვა წვრილი ორგანიზაციები თურმე ამ ცვლილებას ვერ ხედავენ. ყოველ შემთხვევაში, იუსტიციის სახლში ერთ-ერთმა ოპერატორმა ასე ამიხსნა, ჩვენ ყველაზე მაგარი სისტემა გვაქვსო.

მოკლედ, პირველ მისვლაზე, ოპერატორმა მითხრა, რომ ელექტრონულ ბაზებში გავასწორებთ და წესით დღის ბოლომდე შეცდომა გამოსწორდებაო. მეც გულდამშვიდებული გამოვბრუნდი უკან, იმ დღეს, სამწუხაროდ, ორგანიზაცია ვერ დავარეგისტრირეთ, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი დამფუძნებელი უნდა ვყოფილიყავი.

რამდენიმე დღის მერე კიდევ მივედით ამ ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად ისევ იმავე ადგილას. ოპერატომა ახლაც შეიკრა წარბი და მითხრა, რომ ჩემი პირადობა ისევ გაუქმებულია. მე ავუხსენი როგორ იყო იქამდე, იმ ოპერატორმა რა მითხრა, მაგრამ ამან (ახალმა) თავი გააქნია და მწუხარედ მითხრა, რას ქვიაო, ასე ვერ გასწორდებოდა და აიდი ბარათზე უნდა შეიტანოთ განაცხადიო.

რაღას ვიზამდი, აიდი ბარათის აღება იდეაში ისედაც მინდოდა (თუმცა არა ასეთ გამოუვალ სიტუაციაში), მაგრამ რადგან ორგანიზაცია აუცილებლად უნდა დაგვერეგისტრირებინა, მე დამფუძნებლებში ვეღარ მოვხვდი და ეს ამბავი იურიდიულად უჩემოდ განაგრძეს. თუმცა სამწუხაროდ, იმ დღეს გადახდა ვეღარ მოვასწარი (უკვე 6 საათი ხდებოდა და სალარო დაკეტილი იყო) და ოპერატორს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ბანკით გადახდა და რომელი ბანკით. მითხრა, რომ ნებისმიერი ბანკისთვის შემეძლო მიმემართა. ოპერატორმა ასევე მითხრა, რომ ბარათი 10 სამუშაო დღის ვადაში დამზადდებოდა და მეც გულდამშვიდებით წამოვედი სახლში.

თუმცა, ბარათის დასამზადებლად თანხა 3 დღის დაგვიანებით გადავიხადე. იმის გამო, რომ იქამდე სამი დღის განმავლობაში ყოველდღე მომდიოდა რეესტრიდან მესიჯები, გადაიხადე გადაიხადეო და გადახდის მერე შეწყდა, ჩავთვალე, რომ თანხა დაჯდა და აღარ მომსვლია თავში აზრად, გადამემოწმებინა. ეს იყო 1 დეკემბერს. გახდა 19 დეკემბერი და ვრეკავ რეესტრში: (ხო იქამდე, 14-შიც დავრეკე, 15-16 შაბათ-კვირა იყო და მერე კიდევ განვაახლე, თუმცა გამუდმებით დაკავებული იყო ყველა ოპერატორი და მხოლოდ 19-ში მოვახერხე დაკავშირება). მოვუყევი, რომ 3 დღის დაგვიანებით გადავიხადე თანხა, რომ ქვითარი მქონდა შენახული და მაინტერესებდა პრობლემა ხომ არ შემექმნებოდა ან ბარათის დამზადება ხომ არ გადაიწევდა მომავალში. ოპერატორმა მიპასუხა, რომ თანხა არ დარიცხულა და ჯობდა მივსულიყავი და ადგილზე გამერკვია სიტუაცია.

მეც მივედი, უკვე ძალიან განაწყენებული ვიყავი - ჯერ ერთი, თანხა თუ არ დაჯდა, მესიჯები რატომ შეწყდა? მეორეც, თუ იმაზე იგზავნება მესიჯები, რომ თანხა გადავიხადო, იმაზეც მომწერონ, რაც ევალებათ. ანუ ამ შემთხვევაში, დაახლოებით ასეთი ტექსტის მესიჯს ველოდი: "თქვენი ბარათი მზადაა. გთხოვთ, ამა და ამ დღეს მობრძანდეთ და წაიღოთ. დიდი მადლობა". როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ მეორე დღეს გამზადებულ ბარათს წავიღებდი.

მივდივარ დღეს. ავიღე ბარათი.
 ოპერატორი გაღიმებული მახსენებს: - ხომ იცით, თქვენზე რომ ჯარიმაა გამოწერილი?
- ???? (ძლივს ვიკავებ თავს რომ არ გადმოვვარდე სკამიდან)
- ბოდიში, არ მესმის რა ჯარიმაზე მელაპარაკებით, დავიმორცხვე.
- რა ჯარიმაზე და 6 თვეა გასული რაც რეგისტრაციის შეჩერებაზე განცხადება შემოვიდა, ამ დროის განმავლობაში უნდა მოგემართათ ახალი პირადობის დამზადებაზე, რადგან არ მოგვმართეთ, 5 ლარი უნდა გადაიხადოთ ჯარიმა, მეუბნება ისევ ღიმილით.
- კი, მაგრამ აქ უკვე მეოთხეჯერ მოვდივარ ამ საქმის გასარკვევად და არც ერთ ოპერატორს არ მოსვლია თავში აზრად, რომ ჩემთვის ეგ ეთქვა (უკვე ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ მეცინება).
- ძალიან ვწუხვართ, წერილი იქნებოდა გამოგზავნილი.
- სად?
- იქ, საიდანაც ამოგშალეს. 
- მაგარი ლოგიკაა, თქვენს უფროსს რომ შემახვედროთ, არ შეიძლება?
- კი რა თქმა უნდა, რიგი დაიკავეთ.

გავდივარ, ვიღებ ბილეთს, ვეძებ სივრცეს და ველოდები ჩემთვის პატიოსნად. მიმიღო ერთმა ოპერატორმა. ვუყვები ჩემს ისტორიას თავიდან ბოლომდე, როგორც შემიძლია წყნარად ისე. თან ცოტათი მაინც მეცინება.

- ანუ თითქმის ერთნაირი მისამართებია, ოღონდ სხვადასხვა ადგილას? - როგორც იქნა, რაღაცას მიხვდა.
- კი, ვეუბნები, წარმოდგენა არ მაქვს ვინ დააპროექტა, მაგრამ ეგრეა.
- გადაიხადეთ მერე 5 ლარი, ჯარიმა გეკუთვნით.
- კაცო, კი გადავიხდი, 5 ლარი რა არის, მაგრამ თქვენი აზრით, სამართლიანად დავჯარიმდი?
- ...
- მოიცა, სივრცის ან სექტორის კოორდინატორს დაგალაპარაკებ.

გავიდა და სექტორის კოორდინატორი მოიყვანა. დღეს უკვე მესამე ადამიანს ვუყვები იმას, რაც ამ პოსტში მიწერია ზევით. :|

- ვერ გავიგე - ამბობს ბოლოს, როცა თხრობა დავამთავრე.

კიდევ თავიდან ვუხსნით, ახლა მე და ის ოპერატორი ერთდროულად. მე ვეკითხები, არის თუ არა სამართლიანი ჩემი დაჯარიმება მაშინ, როცა მე გონზე არ ვიყავი, როდის და რატომ გამომიწერეს ჯარიმა. არავის აუხსნია ჩემთვის წესები, არავის უთქვამს, რომ იცი, ჩვენ ჯერ არასწორად ჩაგწერეთ, მერე შენ მოგიწია 19 დღიანმა ლოდინმა, მერე აიდი ბარათი აიღე და + ამას ჯარიმაც უნდა გადაიხადო, იმიტომ რომ არ მოგსვლია ჩვენი შეტყობინება.

- კი მაგრამ, არავითარი შეტყობინება არ მიმიღია, რანაირად შემატყობინეთ? - ფარ-ხმალს არ ვყრი მე.
- როგორ არა, ჩვენ წერილი გამოგიგზავნეთ, მეუბნება რიხით.
- სად?
- იმ მისამართზე საიდანაც ამოგშალეს.

მეღადავებიან!! ჩემი ტვინი ლოგიკურ გამოსავალს ეძებს.
- და თქვენი აზრით, იმ მისამართზე საიდანაც ამომშალეს, ვნახავდი? ეს სამართლიანია?
- აი ახლა გეტყვი, რა არის აქ მნიშვნელოვანი - მეუბნება ისეთი გამარჯვებული სახით, რომ ჰგონია, მიმახვედრა როგორც იქნა საქმის არსს - საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ ვაგზავნით წერილს, ვითვლით დაახლოებით ჩვენი ფოსტის მოქმედების ვადებს, ასე 5-10 დღეს და თუ პასუხი არ მოგვცა, ე.ი. იქ ნამდვილად აღარ ცხოვრობს და ვშლით იმ მისამართიდან მოქალაქეს!
- ალილუია! კი ბატონო წამშალეთ, მაგრამ ჯარიმას მაინც ვერ მივხვდი რატომ მაკისრებთ, ვახამხამებ თვალებს.
- თქვენ არც ერთმა ოპერატორმა არ გაგაფრთხილათ აქამდე, აიდი ბარათზე რომ შემოგქონდათ განაცხადი, რომ შეიძლებოდა ჯარიმა დაგკისრებოდათ?

ხო, ისეთი დებილი ვარ, რომ გამაფრთხილეს და მაინც ჩემი გავიტანე. ადმინისტრაციული კოდექსი დამირღვევია შეგნებულად, შეგნებულად არ გამოვცხადდი 6 თვის განმავლობაში და არ ავიღე ახალი პირადობა და არც ახლა ვაპირებ ამ 5 ლარის გადახდას, რომელიც ჯარიმის გამოწერიდან ერთ თვეში 500 ლარად გადაკეთდება თუ არ გადავიხდი.

- არა, არავის არ უთქვამს მსგავსი რამ, თქვენ კიდევ არ გგონიათ, რომ კომუნიკაციის ძალიან ძველი მეთოდებით სარგებლობთ?
- აბა როგორ უნდა მოვძებნოთ ხალხი, სოციალური ქსელებით? - დამცინავი ტონი შეეპარა ბიჭს.
- რა ვიცი, როგორც ტელეფონზე მატყობინებდით სამი დღის განმავლობაში რომ რაღაც გადასახდელი მქონდა, ისევე მოგეწერათ. აბა იმ მისამართზე რომ აგზავნით წერილს, საიდანაც ამომშალეს, როგორ ფიქრობთ, რამდენი იყო შანსი, რომ ის წერილი წამეკითხა? - მეც დამცინავად ვპასუხობ.
- მაგაშია საქმე, დღეს ბევრს იურიდიულ მისამართად სხვა ადგილი აქვს მითითბული და სხვაგან ცხოვრობს, რა ჩვენი საქმეა ვინ სად ათევს ღამეს.
- ეგ არ მიგულისხმია. მე მინდა, რომ კომუნიკაცია უფრო გამარტივებული იყოს, მით უმეტეს თუ ეგ პრობლემა თქვენთვის ცხადია, რაღატომ აგზავნით იმ ადგილას წერილს, სადაც ერთი პროცენტიც კი არაა შანსი წავიკითხავ?
- მოკლედ, თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ. (მეზარება, არც ეგეთი მოქალაქეობრივი თვითშეგნება მაქვს).
- სხვა გამოსავალს რას მთავაზობთ?
- რახან ასეთი აქტიური ხართ, ბარემ ისიც გვითხარით, როგორ შეიძლება უკეთესად მოვემსახუროთ ხალხს.
- სიამოვნებით, შეგიძლიათ ტელეფონზე მიწეროთ, მეილი მიუთითოს, ან რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში იმ მისამართზე წერილის გაგზავნა, სადაც იურიდიულადაც ამოშლილია და არათუ ოჯახის წევრები, მეზობლებიც ადასტურებენ რომ ეგეთი ადამიანი არ ცხოვრობს, ბოდიში მაგრამ სისულელეა.
- მადლობა რჩევისთვის - მეუბნება ბოლოს გაღიმებული.
- არაფრის - ვპასუხობ საბოლოოდ გაოცებული.

ხოდა ჯერ მართლა გასაჩივრება მინდოდა, მერე დამეზარა. ხოდა დიდ პოსტს მაინც დავწერ და სხვებისთვისაც გაკვეთილი იქნება და იუსტიციის სახლის თანამშრომლები იმედია გაითვალისწინებენ და სხვებს უკეთესად მოემსახურებიან.

აი ჩემი რჩევებიც იუსტიციის სახლისთვის: 

1. ღიმილით მომსახურებაში ტრენინგის ნაცვლად, პროფესიულ უნარ-ჩვევებში უფრო მეტი ტრენინგი რომ ჩაატაროთ ჯერ, კარგი იქნება.
2. გააუმჯობესეთ კომუნიკაციის მეთოდები - იმ მისამართზე წერილის გაგზავნა ფოსტით, საიდანაც მოქალაქე ამოშლილია, ცოტა არ იყოს, სასაცილო და არადამაჯერებელია.
3. მით უმეტეს, რომ ახალი აიდი ბარათები საშუალებას იძლევა, ცოტა მეტი ონლაინი შეიტანოთ მომსახურებაში.
4. დაამახსოვრებინეთ ოპერატორებს, რომ ყველანაირი პირობა და შესაძლებლობა, როგორიცაა შესაძლო ჯარიმები და ა.შ., რაც მოქალაქეს ეხება იმ კონკრეტულ მომენტში, გააცნონ მოქალაქეს. სთხოვონ მოქალაქეს, რომ რაც ვერ გაიგო, იკითხოს.
5. 6-7 ოპერატორთან მქონდა ამ ჩამოთვლილ ქეისებში შეხება და ყველამ სხვადასხვა რაღაც მითხრა ამ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე! უთხარით ოპერატორებს, რომ ერთ დაწესებულებაში მუშაობენ და ერთი წესებია მანდ. 
6. და ბოლოს, თუ ამ რჩევებს ვერ ითვალისწინებთ, სლოგანი მაინც გადააკეთეთ, სირცხვილია ასეთი ტყუილები!

2 comments:

  1. მოგესალმებით,

    თქვენს პერსონალურ საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად (თქვენს საქმეზე პასუხისმგებელი ორგანო) განიხილა თქვენი საკითხი და შედეგად გაწვდით შემდეგი სახის ინფორმაციას.

    პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გააბათილა გადაწყვეტილება თქვენი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის გადახდა აღარ მოგიწევთ. გადაწყვეტილება დღეიდან უკვე ძალაშია შესული.

    რაც შეეხება ქვითრის გადახდას... მინდა გაუწყოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლის მოლარე-ოპერატორები 18.30-მდე მუშაობენ და შესაბამისად მომხმარებლებს, რომლებიც დარბაზში იმყოფებიან, საშუალება აქვთ, თუნდაც იუსტიციის სახლის დახურვის შემდეგ, გადაიხადონ დოკუმენტების დასამზადებლად შესაბამისი საფასური.

    რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნას... სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო, კანონით განსაზღვრული რეგულაციის შესაბამისად ვალდებულია მომხმარებელს სმს შეტყობინება გაუგზავნოს მხოლოდ ერთხელ და თანხის არ გადახდის შემთხვევაში (3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ), სააგენტო უფლებას იტოვებს ხარვეზი დაადგინოს მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული განხორციელდა კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში და ხარვეზის შესახებ გეცნობათ წერილობით.

    ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ აიდი ბარათის დასამზადებლად საჭირო საფასურის გადახდა მოახდინეთ იუსტიციის სახლის გარეთ არსებულ საბანკო დაწესებულებაში. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში წარმოიქმნა ტექნიკური ხარვეზი და მას შემდეგ რაც თქვენ ეწვიეთ იუსტიციის სახლს და წარმოადგინეთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმის წარმოება დაუყოვნებლივ გაგრძელდა და იმავე დღესვე დაიბეჭდა თქვენი აიდი ბარათი.

    დასასრულს გვინდა გითხრათ, რომ იუსტიციის სახლი მზადა თქვენთვის სასურველ დროს შეგხვდეთ და დამატებით განიხილოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომხმარებლის მოსაზრება თითოეულ ჩვენს პროდუქტთან დაკავშირებით.

    გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. :) ეუფ.. :)) რა მონდომებული პასუხია და.. მართლა მგონია, რომ ქვეყანა მახათების ნაკლებობას განიცდის.. :))

    ReplyDelete

დააკომენტარეთ