მე მგონი არასოდეს დამიწერია ჩემს საქმიანობაზე. კი, იმას ყოველთვის ვამბობდი, როგორ ძალიან მიყვარს ჟურნალისტობა, როგორ მგონია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა დედამიწაზე და როგორ მიყვარს ის სამსახურები, სადაც კი ოდესმე მიმუშავია, მაგრამ კონკრეტული პროექტები არასოდეს გამომიყვია.
შეიძლება იმიტომ, რომ ასე თუ ისე ყველა სამუშაო ერთმანეთს ჰგავდა. მაგრამ 2013 წლის დასაწყისში ისეთი პროექტი დავიწყე "მედია პორტალში", რომ როცა ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ აი, ეს ჭირდება დღეს ქვეყანას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, რაც კი შემიძლია, დღეს ვაკეთო.
"ბლოგპოსტის" იდეაზე ხშირად მისაუბრია და მიკამათია ჩემს მეგობრებთან, ნაცნობებთან. (ამ პროექტში აფხაზი, ოსი და ქართველი ბლოგერები ერთდროულად წერენ ერთ თემაზე დღიურებს, პროექტის მიზანი იქაურობის ყოველდღიურობის წარმოჩენაა). როგორც წესი, პირველი კითხვა, რასაც ისინი მისვამენ, არის ეს:
"მოიცა, კაცო, შენ დევნილი ხარ?"
და როცა იგებენ, რომ არ ვარ, შემდეგი კითხვა, ავტომატურად, ესაა: "აბა ნათესავები გყავს აფხაზეთში ან ცხინვალში?"
არა. არავინაც არ მყავს. არც არასდროს ვყოფილვარ იქ. არც ბავშვობის ფოტოები მაქვს. ის კი არა, ზღვა პირველად 13 წლის ვიყავი, რომ ვნახე ქობულეთში, არათუ - სოხუმი და გაგრა. ცხინვალთან უფრო მქონდა შეხება, მამაჩემი დადიოდა ხოლმე იქ ეუთო-ს მისიაში რომ მუშაობდა და ისე ახსენებდა, როგორც - თუშეთის, ყაზბეგის ან - მგონი ყვარელის ბაზებს. (ზუსტად არ მახსოვს ისე :D)
სიმართლე რომ ვთქვა, კონფლიქტური რეგიონები ჯიპაში ჩაბარებამდე საერთოდ არ მაინტერესებდა. მერე საგანი დაგვიმატეს მეორე კურსზე, სამხედრო ჟურნალისტიკა, რომელსაც გიორგი ცხვიტავა გვასწავლიდა, მერე იმავე პერიოდში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ძალიან მაგარი ჟურნალისტი და ომის რეპორტიორი, მარი კოლვინი ჩამოვიდა. დოკუმენტური ფილმი ვნახეთ მასზე და კიდევ ოთხ ომის რეპორტიორზე, ჰოდა მაგრად მახსოვს ჩემი და თეო ქავთარაძის აჟიტირება - არიქა, ომის რეპორტიორები უნდა გამოვიდეთ და ავღანეთში წავიდეთო. ეს იდეა იქვე გავუზიარეთ კოლვინსაც, რომელმაც გვითხრა: "ავღანეთში რას მიდიხართ, ამდენი კონფლიქტური რეგიონის პატრონებიო" :))) ჰოდა, ეს ყველაფერი ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ, ძალაუნებურად, ინტერესი გამიჩნდა.
მერე ყველგან და ყველასთან ვწუწუნებდი, თუ როგორ მინდა სოხუმში წასვლა და იქაურობის გადაღება, თუ როგორ მინდა აფხაზების გაცნობა, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ. ჰოდა, ერთ დღესაც, ჩემი მეზობელი, ალეკო კვახაძე მეტროში საღამოს შემთხვევით შემხვდა, ჰოდა, მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, დავიწყე მაშინვე ტვინის ჭამა ამ თემაზე ლაპარაკით. მოკლედ, ალეკომ მირჩია, ფეისბუქზე დამემატებინა რამდენიმე ადამიანი, სოხუმელები, რომლებიც შეიძლებოდა დამხმარებოდნენ. ასე გავიცანი ერთი კარგი, აქტიური და ძალიან ჭკვიანი გოგო, ენჯი პატარაია.
მე და ენჯი უკვე მესამე წელია რაც ვმეგობრობთ. ერთმანეთი არასოდეს გვინახავს. სოციალურ ქსელებში ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ინსტაგრამზე ფოტოებს ვულაიქებთ, ფეისბუქის ჩატში ვჭორაობთ და ა.შ. მაგრამ აფხაზეთსა და პოლიტიკაზე გაცნობის დღის მერე აღარ გვისაუბრია. სწორედ ენჯიმ გამაცნო ის ხალხი, ვინც დღეს ჩვენი პროექტისთვის წერს დღიურებს.
მაინც, რა ხდება დღეს სოხუმში და ცხინვალში?
ჩვენ, მენტალურად არ ვიცი, მაგრამ ფასადურად, ნამდვილად აღარაფერი გვეტყობა 90-იანების სამოქალაქო ომის. იქ რა ხდება?
კი, აქ რაღაც პროექტებს ვაკეთებთ, საჯაროდ ან ბოდიშებს ვიხდით, ან ისევ "გაეთრიეთ აფსუებო და ოსებოო" ვყვირით, ან რავი, რუსებს ვადანაშაულებთ ყველაფერში. ამასობაში კი იქ ახალი თაობა იზრდება. (სასკოლო განათლებაზე დავწერეთ უკვე და აფხაზური და ოსური ენების პოლიტიკაზე ახალი ბლოგები მზადდება და ამ ორშაბათს აფხაზურს ნახავთ www.mportali.com-ზე) როგორც გავიგე, ორივეგან - ცხინვალშიც და აფხაზეთშიც სასკოლო განათლება რუსულ ენაზე მიდის. უმაღლესი განათლებაც, თავისთავად. აფხაზეთში გადასვლაზე ვიზა გინდა, ოღონდ, იმ ვიზას, როგორც ტურისტი ისე აიღებ. ცხინვალში - ვერ გადახვალ. ცხინვალში ბანკები არაა, სოხუმში - კოკაკოლა. უფრო სწორედ, კი არის, მაგრამ ძვირია - ან რუსეთიდან შედის, ან - უკანონოდ, გალიდან (ზუგდიდის გავლით). თავიანთი პასპორტებით მოგზაურობა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნეს, მაგრამ, პრინციპში, ცხინვალელებს ჯერ ეგეც არ შეუძლიათ - საერთაშორისო პასპორტები არ აქვთ, აფხაზებისგან განსხვავებით; აფხაზები ერთმანეთშიც კი რუსულად საუბრობენ - როგორც ჩვენმა ბლოგერმა თქვა, იმიტომ, რომ აფხაზები ეთნიკური უმცირესობაა აფხაზეთში და ა.შ. რამდენი რამე ჩამოვთვალო, რაც მათზე ამ პროექტის საშუალებით, პირველად გავიგე.
და რაც მთავარია - არც აფხაზებს და არც ოსებს ჩვენთან არ უნდათ. განა ვეზიზღებით, ან ვძულვართ და რამე, არა. უბრალოდ, არ ვაინტერესებთ. მე არ ვიცი პოლიტიკოსები რას ფიქრობენ, მაგრამ რიგითი ადამიანები უკვე აღარ ფიქრობენ საქართველოზე. ეს ფაქტია. მე კი, წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ შეიძლება, ეს ადამიანები და ტერიტორიები ოდესმე დავიბრუნოთ. მიჭირს იმიტომ, რომ როცა ქართველების დისკუსია მესმის ამ თემებზე, თუნდაც ყველაზე ჭკვიანი და კაი ტიპებიც კი ხაზს მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებას უსვამენ. იმათაც კი არ მოსდით თავში აზრად, აფხაზები და ოსები, ადამიანები ახსენონ. უბრალოდ, ახსენონ, რომ იმ ადგილებზე, რომლის დაბრუნებაც გვსურს, ადამიანები ცხოვრობენ და ამ ადამიანებს, რაც არ უნდა გვინდოდეს ის ტერიტორიები, ვერ გავაქრობთ.
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ