23 ივნისი, 2014 წელი
ქალების რიგი საზღვარზე |
კულტურული შოკიდან ვერ გამოვდივარ! აი ეს იყო, თუ იყო,
ბარიერი! არასოდეს აღარავინ არ თქვას, რომ ჩვენ თუნდაც სულ მცირე რამით ვგავართ აზიელებს,
საერთოდ არაფრით!
დილაუთენია ასტარას სასტუმროში ვისაუზმეთ არაჩვეულებრივი
ცხელი, ახალგამომცხვარი და სურნელოვანი პურით, აქაური ყველით და კარაქით, გიომ ერბოკვერცხიც
დააყოლა. საუზმის შემდეგ ჩვენი წუხანდელი თანამგზავრი მოვიდა თავისი საქართველოში ნაყიდი
მანქანით და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე მიგვაცილა.
საზღვარზე უამრავი ხალხი ირეოდა, მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი. მგზავრებს დიდი ყუთები მოეტანათ. იქაურებმა დაგვიწყეს
შემოთავაზება, რომ თითო ფუთა 20 დოლარის სანაცვლოდ გადაგვეტანა საზღვარზე. უსაფრთხოაო,
გვარწმუნებდნენ. ეტყობა, კვოტაა რაღაც, რომ საზღვარზე რამდენიღაცა კილოს გადატანა უფასოდ
შეგიძლია და მერე ფული უნდა გადაიხადო და ეს 20 დოლარი გაცილებით ნაკლებია ალბათ, ვიდრე
ის გადასახადი. თუმცა მაინც თავი შევიკავეთ და სასტიკი უარი განვაცხადეთ. მე რა ვიცი,
რა უდევთ იმ ფუთებში! იქნება და ნარკოტიკი გადააქვთ! როგორც იქნა მოვიშორეთ.
აზერბაიჯანის საზღვარი მოუწესრიგებელი იყო, მაგრამ როგორც
იქნა გავიარეთ. შევყოვნდით ისევ ჩემი პასპორტის ფოტოს გამო, რომელშიც თმა ქიმიურად
მაქვს დახვეული და ჩემს თავს ახლა საერთოდ აღარ ვგავარ. მესაზღვრე ერთი საათი დაეჭვებული
ხან მე შემომხედავდა, ხან ფოტოს უყურებდა და ჩემს ნაკვთებს სათითაოდ ამოწმებდა ფოტოზე.
მე კი გულში თან ვიცინოდი, თან ჩემს თავს დებილს ვეძადდი, ასეთი ფოტოს საპასპორტედ
გამოყენებისთვის. ყველგან ასეთი პრობლემები მექმნება თან, არა მხოლოდ აქ.
შემდეგ კი ირანის საზღვარზე შევედით. ჯერ იყო და ერთმა
მესაზღვრემ „მეგობრულად“ ურჩია გიოს, რომ მის თანამგზავრ ქალს, ანუ მე, მოსასხამი წინაც
შემეკრა. მე ამის ახსნის ღირსად არ ჩამთვალა, ირანში გინდა საქმე ქალს ეხებოდეს, მის
შესახებ მაინც კაცებს ელაპარაკებიან. არადა უკვე სული მეხუთებოდა, დილაუთენია ტემპერატურა
35 გრადუსს აღწევდა და გულში ყველა ირანელს და იმათ ჯიშს წყევლა-კრულვას ვუთვლიდი.
რაღა მექნა, წელზე მჭიდროდ შემოვიკარი და შევედით.
აი იქ კი მართლა პირველად ვიგრძენი, რომ აქ რაღაც საშინელება
ხდებოდა! ორი ცალ-ცალკე პუნქტი კაცებისთვის და ქალებისთვის! ჩვენთან ერთადერთი ადგილი,
სადაც კაცები და ქალები ცალ-ცალკე შედიან, ტუალეტია. ირანში კი ეს შესასვლელები ყველგან
გაყოფილი იყო. კაცების რიგი გაცილებით თხელი იყო და სუნთქვაც შეიძლებოდა. ქალები ს
რიგი კი უსასრულოდ იყო გაწელილი. ბავშვებიც მათ ჰყავდათ და იმ ჭყლეტვაში ატირებდნენ.
ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ, აწვებოდნენ და წინ გაძრომას ცდილობდნენ. ზოგიერთმა
მოახერხა კიდეც ეს და დანარჩენების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც როგორღაც
წინ გაძვრნენ. საშინელი სიცხე იყო, ცალკე სულს მიხუთავდა მოსასხამი და შარფი, რომელსაც
ჩადრად ვიყენებდი, არადა ყველა მეუბნებოდა, კიდევ უფრო მეტად შემეკრა, იმიტომ რომ ძალიან
თამამად გამოვიყურებოდი!
დაახლოებით 40 წუთის ლოდინის მერე, (რომელიც საუკუნედ
გაიწელა) ჩემი რიგიც მოვიდა. თავფეხიანად შავებში გამოწყობილმა, ჩადრიანმა მესაზღვრე
ქალმა კარგა ხანს მიყურა და მამოწმა, სანამ დარწმუნდებოდა, რომ ის ხუჭუჭა და შუბლზე
თმაჩამოყრილი გოგო მე ვიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, გამიშვა.
თვალებს არ ვუჯერებდი. მეორე დარბაზში გაცილებით უკეთესი
იყო. კონდიციონერიც მუშაობდა და სიხალვათეც იყო. რაც მთავარია, იქ გიო მელოდა. იქაც
დაგვხვდა ხალხი, რომელიც ისევ ფუთების გადატანას გვთავაზობდა. (როგორც მერე გიომ მომიყვა,
თურმე სანამ მე მელოდა ერთი კაცი მთელი მონდომებით კერავდა, რომ ფუთები გადაეტანა,
თუმცა გიო მედგრად მდგარა).
- ირი, დარწმუნებული ხარ, რომ თავისუფლები ვართ და აღარსად
აღარ უნდა გავიაროთ? - მკითხა დაეჭვებულმა გიომ, თან აზერბაიჯანში წამსვლელთა უფრო
დიდ და მასშტაბურ რიგს შეშფოთებული ათვალიერებდა. და რადგანაც ეზომდე აღარავის გავუჩერებივართ,
ჩვენც თვალების ცეცებით გზას გავუყევით.
„ტამოჟნიას“ მერე გზა ტაქსისტებმა გადაგვიღობეს. თითოეული
სხვადასხვა ფასად გვთავაზობდა თეირანში წაყვანას, ბოლოს ერთმა და ყველაზე რეალისტმა
(რომ შეგვატყო, რომ კაპიკს ზედმეტს ვერ გაგვაგდებინებდა), ავტობუსის გაჩერებამდე წაყვანა
შემოგვთავაზა და ჩვენც მაშინვე დავთანხმდით.
გაჩერება ტრასაზე აღმოჩნდა. იქ სამმა აზერბაიჯანელმა
კაცმა, რომლებმაც ცოტ-ცოტა ინგლისურიც იცოდნენ და რუსული უფრო უკეთესად, ფული გადაგვიხურდავეს,
ცივი წყალი დაგვალევინეს, ჩრდილში დაგვსვეს და საქართველოზე საუბარი გაგვიბეს. ერთ-ერთმა,
რომელიც თეთრ ტილოს კოსტიუმში, „ცაში ახედე“-წვეტასებიან შავ ფეხსაცმელებსა და რეიბანებში
იყო გამოწყობილი, გვკითხა, კრიშნაიდები ხართო? ჩვენ გაგვიკვირდა და ვუპასუხეთ, მართლმადიდებელი
ქრისტიანები-თქო. სამაჯურებზე გვანიშნა, (ბევრი ფერადი ხის სამაჯური გვქონდა ორივეს
ასხმული), ასეთებს კრიშნაიდები ატარებენ და მაგიტომ მეგონეთო.
- მართლმადიდებლები ისპაჰანშიც არიან, სომხები - აღნიშნა
ერთ-ერთმა.
- სომხები გრეგორიანელები არიან, კაცო - გაგვიკვირდა
ჩვენ.
ავტობუსი მალე მოვიდა. ახლა აქ ვართ. გიო ცდილობს ახალ
აპლიკაციას რამე გაუგოს, რომელიც ტურისტული გიდია ირანში. კონდიციონერმა და ცივმა წყალმა
ცოტა აზრზე მოგვიყვანა. ფანჯარაში ვიყურები. გადამწვანებული ველები და ლურჯი მთები
ჩანს. ძალიან ჰგავს საქართველოს ბუნებას აქაურობა.
- თუ ირანში მოგზაურობას აპირებთ, აუცილებლად უნდა დაწეროთ
წიგნი - გვითხრა ჩვენმა თანამგზავრმა, რომელმაც ერთ-ერთ გაჩერებაზე, ქაზვინთან ახლოს
გზისპირა რესტორანში სადილზე დაგვპატიჟა. ესეც მასწავლებელია. მასთან ერთადაა თეთრი
ტილოს ზედა-ქვედიანი კაცი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი. ირანული ქაბაბი ბრინჯით,
სოუსით და მაწვნით ვჭამეთ, ზედ აირანი დავაყოლეთ, რომელიც დოს გავდა. ბებიაჩემთან ვსვამდით
ხოლმე სოფელში და ძალიან გვიყვარდა. ესენი საქართველოზე და ბათუმზე საუბრობენ. გვეკითხება,
ბათუმში ათი დღით მინდა დასვენება და დაახლოებით რა დამიჯდებაო. ამბობენ, ძალიან მაგრადაა
გაკეთებულიო. ჩვენც ვეთანხმებით.
მერე გვეკითხება, თბილისშიც ასე ცხელა თუ არაო. ძლივს
შევიკავე თავი, რომ არ მიმეხალა, კი ცხელა, მაგრამ ქალებს ამხელა პალტოთ სიარულს არ
ვაიძულებთ-მეთქი. მაგრამ თავი შევიკავე. ჩემი მხრიდან დიდი უმადურობა იქნებოდა, ახლა
ამაზე ხაზგასმა, როცა ამდენ რამეზე დაგვპატიჟეს და მეგზურობაც გაგვიწიეს. თუმცა ამხელა
მოსასხამის ტარება ამ სიცხეში მაინც ძნელი გადასახარშია.
რომ გამოვედით, ვიკითხე, გზად ვენახები შევამჩნიე და
თქვენ რა, ღვინოს წურავთ-მეთქი. არაო, გაიცინა, აქ რომ ვინმემ ღვინო დააყენოს, 100
როზგს მიიღებსო. აი ეს კი მართლა არ მესმის. შეიძლება ქალთა ჩაგვრა რაღაცნაირად ახლოსაა
ჩვენს კულტურასთან (და ძალიან სამწუხაროა), მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი ღვინოს
არ აყენებდეს და არ სვამდეს! საქართველო წარმოუდგენელია ამის გარეშე.
რვასაათიანი მგზავრობის მერე თეირანში ჩამოვედით. ახლა
ქალაქის ძველ ნაწილში, ანუ ცენტრში ვიმყოფებით. სასტუმროს ფირუზი ჰქვია, თუმცა აქაურობას
ლაჟვარდისფერთან საერთო ნამდვილად არაფერი აქვს. სამაგიეროდ სუფთა საწოლები და აბაზანა
გვაქვს, wi-fi-ც არის, მაგრამ თურმე ირანში Facebook და Youtube დაბლოკილია! სასტუმროს
ადმინისტრატორმა გვითხრა, რომ აქაურები მაინც ახერხებენ ამ საიტებზე შეძრომას და შემოგვთავაზა,
თქვენც გასწავლითო, მაგრამ დაგვეზარა. რაც მთავარია, დედაჩემს მივწერე sms.ge-დან,
რომ კარგად ვართ და არაფერი გვიჭირს და რომ თეირანში ვართ. მართალია პასუხს ვერ მომწერს,
მაგრამ მას ნამდვილად მიუვიდა მესიჯი.
თეირანი დიდი და ხმაურიანი ქალაქია, როგორც, ალბათ ყველა
ქვეყნის დედაქალაქი. ქუჩებში მოტოციკლეტებს გიჟებივით დააქროლებენ. აქ ერთ ქუჩაზე იმდენი
მოტოციკლეტია, რომ ამდენი ერთად აღებული ცხოვრებაში არ მინახავს არსად. დიდი თუ პატარა,
ქალი თუ კაცი მოტოციკლს დააქროლებს. ძალიან ბევრი მანქანა და ავტობუსია, გიჟებივით
დადიან ისინიც, გადასასვლელებზე მოძრაობას არ ანელებენ და გზაჯვარედინებზე ყველა მხრიდან
უხვევენ გიჟებივით. მოკლედ ქუჩებში სრული ქაოსია!
მეორე შოკი მაშინ მივიღე, როცა თეირანამდე გზაში და
მერეც, ქალაქშიც, დავინახე დიდ ბილბორდებზე გამოსახული სამხედრო ფორმებში ჩაცმული კაცები,
ფონზე უგემოვნოდ მიხატული ჭყეტელა ყვავილებით და მზით განათებული მდელოებით. ყველას
ქვეშ ეწერა „ეროვნული გმირი“ ინგლისურად და კიდევ რაღაც წარწერები სპარსულად. ტანში
გამცრა. ალბათ ომში დაღუპულები არიან. ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელია ჩემთვის მკვდრების
ფოტოების ასე გადიდება და საცხოვრებელ კორპუსებზე მიხატვა.
ხალხი, ერთი შეხედვით, გულუბრყვილოები ჩანან. კაცები
რაღაცნაირად გაბრაზებულები მიყურებენ, ქალებს კი ისეთი გამომეტყველება აქვთ, გეგონება
მათთვის ყველაფერი სულერთია და მათ ცხვირწინ სულაც სახელმწიფო გადატრიალება რომ დაიწყოს,
იმ საშინელ ჩადრებს მაინც არ მოიხდიან. კაცები მშვენივრად იცვამენ და ძირითადად ყველა
მოდას მისდევს. ქალები კი დაფრიალებენ ყვავებივით, ჩადრებს შიგნით ჩანთები უჭირავთ,
წინ არიან გადახრილები და ეს ცოტა არ იყოს, ექსტარავაგანტულ შესახედაობას ანიჭებთ.
ღამე ცოტახნით გარეთ გავედით საჭმელად. მილიონერები
ვართ, ჯიბეში მთელი 100 000 რიალი გვედო! იქვე პატარა საშაურმეში შევედით. ბიჭმა ორი
სენდვიჩი გაგვიკეთა, მერე კაფეში დაგვტოვა, (ჩვენ გარდა კაციშვილის ჭაჭანება არ იყო),
გავარდა და უცებ იმისთანა მანქანით მოვიდა, ლუკმა გადაგვცდა! ასეთი მანქანებით თბილისში
მხოლოდ ვაკელი მამიკოს ბიჭები დადიან!
მაინც ვერ დავამუღამე ეს ამათი ფული. სულ ტყუილად უმატებენ
ამდენ ნულებს. თქვან რა, 10 რიალი, 1 რიალი. თორემ ის ტაქსისტი, რომელმაც ვაგზლიდან
სასტუმრომდე მოგვიყვანა, კინაღამ ფეხსაცმლიდან ამოხტა, როცა ორი რიალის მიცემა დავუპირეთ
(დოლარებში რაღაც ცენტების), ანუ ჩვენს ფულზე რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით 50 თეთრს
ვაძლევდით. ბოლოს, როგორც იქნა გაგვაგებინა რა უნდოდა და შვებით ამოისუნთქა, როცა ფული
სრულად ჩავუთვალეთ.
როცა შემოვბრუნდით სასტუმროში და ვიბანავეთ, გიომ აღმოაჩინა,
რომ ჩვენ გვერდით ნომერში ქართველი მურმან ნატრიშვილი გაჩერებულა. ბიზნესმენი ყოფილა,
ყავაზე დაგვპატიჟა, აქაური ამბები მოგვიყვა და ბევრიც გვაცინა.
თურმე იმდენი ხანია აქ დადის, რომ აქაურები უკვე ქორწილებშიც
პატიჟებენ. გულისტკივილით გაგვიმხილა, მე მეგონა ქორწილში კარგად ვიქეიფებდით, თანაც
ოხშივარადენილი ქვაბები შემოიტანესო და ქორწილის ვიღაცა მთავარმა კაცმა გვითხრა, ყველაფერი
მალე იქნებაო. გამეხარდა, მეთქი, კაი ხაშლამას ან მწვადს მაინც შევჭამო და უცებ ბრინჯი
და შემწვარი ქათმის პატარა ნაჭრები დაგვიდეს ყველას თეფშებზეო. ამათი დედა ვატირეო,
ხელით ჭამეს ყველაფერი და თან ძირს ისხდნენო, მერე სიძე გადაპროშნეს და მთელი ქორწილი
15 წუთში დასრულდაო. ვერ გავიგე, სიძე-პატარძალი რანაირად უნდა დამელოცა ღვინის გარეშეო.
არადა ჩემი შვილის ქორწილში მახსოვს 3 დღე ვიქეიფეთო. ისე, კი ვიფიქრე, რა განსხვავებაა
ქართულ სუფრაზე ჩაძინებულ მთვრალ კაცებსა და ბრინჯის ხელით ჭამას შორის, ორივე საკმაოდ
არაესთეტურია-თქო, თანაც ბრინჯს ფხიზლები მაინც ჭამენ და არა მთვრალები, მაგრამ არც
ეგ მითქვამს. ისედაც უხაროდა, ქართველებს რომ გვხედავდა და აღარ ჩავეძიე. თანაც, იქ,
ირანში, ქალის ბევრი ლაპარაკი მე მგონი ლამის მსოფლიოს მერვე საოცრებად ითვლება. ისე
კი, მგონი მივეჩვიე ჯერ დაფიქრებას, სიტყვების აწონ-დაწონას და მერე თქმას. აშკარად,
სასარგებლო ჩვევაა!
ისე კი, მართლა მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა ღვინის
გარეშე იცხოვროს! ვერაფრით ვხვდები. დიდი მსმელი მე არ ვარ, მაგრამ ყოველშემთხვევაში,
ღვინის კულტურა იმდენადაა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამჯდარი, რომ აქამდე ვერც კი
ვამჩნევდი, რამდენადაა ეს სასმელი ჩემს ტრადიციებთან და ყოველდღიურობასთან გადაჯაჭვული.
თურმე ნუ იტყვით და ამხელა ვენახებსაც ქიშმიშისთვის აშენებენ! ვის რაში სჭირდება ნეტა
გაფშიკინებული ყურძნის მარცვლები, როცა ღვინის დაწურვა შეიძლება? თუმცა ყურძნის წვენისგან
სხვადასხვა ტკბილეულს ამზადებენ. ირანელებს აშკარად ესმით კომფორტის ცნება!
მერე ოთახში შემოვბრუნდით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ვიგრძენი
რომ გიო მომენატრა!
ლოლ
ReplyDeleteარადა როგორ ვგავართ, შენ ვერ წარმოგიდგენია, განსაკუთრებით ირანელებს. აი, ძალიან. შეიძლება ქართველ ქალებს თავზე დაფარებას არავინ აიძულებს, მაგრამ მენტალიტეტი სასწაულად!!! სპარსეთმა რომ მოახდინა ჩვენზე გავლენა, ისე არავის, დაჟე ქართული ენა სავსეა სპარსული სიტყვებით.
მე აქ გერმანულს რომ ვსწავლობდი, ჩემთან ერთად დადიოდნენ ირანელი გოგოები და მაშინ დავრწმუნდი, როგორი ფარსია, თითქოს ბედნიერები იყვნენ ასე ჩაცმულ-დახურულები რომ დაჰყავთ ქალები ზამთარ-ზაფხულ! უმეტესობას ერთი სული აქვს გაიქცეს იქიდან და თავზე მოიხადოს.
ენივეი, იმით დავიწყე, რომ ვგავართ აზიელებს. შენ ეტყობა საქართველოს სოფლებში არ მოხვედრილხარ, ქელეხში მაგალითად, ქალების სუფრა და კაცების რომ ცალკეა და ა.შ.
ეგ გმირები კიდევ რა კიჩია, მართლა, შენობებზე მიხატული. თუ არ ვცდები 80-იანებში ერაყთან ომში დაღუპულები უნდა იყვნენ.
მე, უბრალოდ, ძალიან, უძალიანესად :დ მიყვარს სპარსული პოეზია, ისტორია და ამიტომ გეჩრები ყველა პოსტში და ჭკუას გასწავლისავით :ლოლ: არ გეწყინოს.
ძალიან მაგარი პოსტებია და შენ და გიო სულ უნდა მოგზაურობდეთ რა, მომწონხართ სასწაულად! :დ