Monday, May 25, 2015

კულისები (II)

*******


ჩემი ამბავიც ისევე დაიწყო, როგორც - ყველა სხვა დანარჩენის. ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. რა მნიშვნელობა აქვს, სად. დედამიწაზე ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს. ყველგან პატარა და გაცილებით მოვლილი ქუჩებია, ვიდრე - მეგაპოლისებში, ყველგან ერთი დიდი მთავარი მოედანია და ერთიც - მთავარი სალოცავი. რაც მთავარია, ქალაქის ყველა მაცხოვრებელს აქვს ერთი ჯადოსნური ნივთი, ტელევიზორი.


მსგავსი შოუების ყურების დროს, თვალს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, როგორ გავიდოდი სცენაზე, მიკროფონს ავიღებდი და ვიმღერებდი. სიმღერის კულმინაციაზე მაყურებელი ტაშს დამიკრავდა, თვალცრემლიანი ჟიური კი ფეხზე ადგებოდა და მეტყოდა, რომ მხოლოდ ჩემი ნომრის ნახვისთვის ღირდა მთელი ეს სეზონი.


მერე კი მეც გამიცნობდნენ. ქუჩაში ავტოგრაფებს გამომართმევდნენ; საკონცერტო ტურნეს გავმართავდი, ვარსკვლავების დახურულ წვეულებებზე ვივლიდი, მომართმევდნენ ყვავილებს და ჩემზე იჭორავებდნენ.


ჩემ გარშემო ყველა მირჩევდა პროექტში მონაწილეობის მიღებას. ვოკალის პედაგოგი ჩემს დიდ სასცენო მომავალს უწინასწარმეტყველებდა დედაჩემს. ამდენი ქებისგან თავბრუდასხმული ჩავედი დედაქალაქში და კითხვა-კითხვით მივაგენი დიდ თეატრს, სადაც პროექტის შესარჩევი კასტინგი ტარდებოდა.


სხვა მონაწილეების შემხედვარე ჩუმ-ჩუმად ვფხუკუნებდი ჩემთვის. ერთი ბიჭი გამაყრუებლად უსტვენდა საოპერო არიებს და წამდაუწუმ ტელეფონში იჭყიტებოდა. თავზე კი რატომღაც ჯადოქრის ქუდი ეხურა. ერთი გოგო გამალებით ამუშავებდა ტანმოვარჯიშის ილეთებს. ატრიალებდა ფერად ლენტებს და თავსაც გრაციოზულად იქნევდა. ვიღაც 50 წელს გადაცილებული ქალი შავი ვუალის ქვეშ დაჟინებული მზერით მიცქერდა. წვრილი ტუჩებით ბუტბუტებდა რაღაცას, თან დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა. აქეთ-იქით დაქროდა ძალიან გამხდარი, ჩაჩაჩულ-ჯინსებიანი, მოკლედშეჭრილთმიანი გოგო ოპერატორთან ერთად. ოპერატორს თავისივე გამოსახულებიანი მაისური და ჭუჭყიანი ბათინკები ეცვა. კუთხეში ბავშვების ანსამბლი სევდიანად მღეროდა ფოლკლორულ სიმღერებს. შუახნის, მკაცრი გამომეტყველებიანი ქალი კი მათ დირიჟორობდა. სახედაბიჟვინებული კაცი მათ გვერდით იჯდა და გირებს ეწეოდა.


კასტინგი დილით დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა. შუადღისას გადაცემის ემბლემიან მაისურებში გამოწყობილმა ბიჭებმა ფენოვანი ხაჭაპურები და ლობიანები მოგვიტანეს. ჩვენც ეგრევე ვეცით საჭმელს და 15 წუთში მაგიდაზე ფენოვანი ცომის ნაფხვენებიღა დარჩა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა თავისთვის ილუკმებოდა. თვით იმ ჯადოქრისქუდიანმა ბიჭმაც კი შეწყვიტა სტვენა და ჭამა დაიწყო. ვიდექით ასე უხერხულად, რაც შეიძლება ერთმანეთისგან შორს მიყუჟულები და ვჭამდით. თან ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებდით. თუმცა, ძირითადად, უხერხულად, სადღაც სივრცეში გვქონდა თვალი გაშტერებული. ვცდილობდით, უხმაუროდ გვეჭამა, თუმცა ერთ-ერთმა დაბნეულმა ბიჭმა მაინც მოახერხა და კოკა-კოლა ზედ გადაივლო. ვიღაცამ გაიცინა. მეორე აჰყვა. მერე კი მოსაცდელი დარბაზი ისევ მოსაწყენად აზუზუნდა.


დაახლოებით 5 საათისკენ ჩემი რიგიც დადგა. მღელვარებამ, რომელიც სადილის შემდეგ ცოტა მინელდა, განახლებული ძალებით შემომიტია. სისუსტეს ვგრძნობდი მკლავებში, მუხლებს ვერ ვიმორჩილებდი. მუცელი ამტკივდა. ფეხსაცმელმა მომიჭირა. შემცივდა. ზურგზე ჩემი რიგის ნომერი მეკრა. რატომღაც ის პატარა სტიკერი საშინლად დამძიმდა და კაბაზე უკან მექაჩებოდა. გულისრევის შეგრძნება გამიმძაფრდა. ორმა რაციიანმა გოგომ ერთ ოთახში შემიყვანა. იქ ორი კამერა, ორი ოპერატორი, კიდევ ერთი სტაფილოსფერთმიანი გოგო და ორი წამყვანი იყვნენ, რომლებიც მაშინვე ვიცანი. პატარა მიკროფონი დამიმაგრეს კაბაზე, მიმღები ჟაკეტის ჯიბეში ჩამიდეს, წარმატება მისურვეს და პირდაპირ სცენის კულისებში შემაგდეს. იქიდან ჩუმად ვუყურებდი ერთ ბიჭს, რომელიც მართლა კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მაყურებელიც ტაშს უკრავდა. მერე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელსაც თვალები მტაცებელი ფრინველივით ჰქონდა დახატული, ბიჭს უთხრა, რომ კარგად მღერის, თუმცა მსგავსი რამ უკვე ნანახი აქვთ და ასე ადვილად ხალხს ვერ გააკვირვებს.
ჟიურის მეორე წევრმა, ცნობილმა რეჟისორმა, რომელიც იმ სიცხეშიც არ იშორებდა კაშნეს, თქვა:

- ჩვენ აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვნახეთ. რით გაგვაკვირვებ მეორე ტურში? რატომ გადაგიყვანოთ?


ბიჭი დაიბნა და აბლუყუნდა. არარეალურად მოკლე დროში საოცარი მიზნები დასახა, კიდევ რამდენიმე ინსტრუმენტზე ერთად დავუკრავ და მე თვითონ ორ ხმაში ვიმღერებო. (მე მგონი იუტუბზე ავი კაპლანის ვიდეოები ჰქონდა ნანახი). რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერა. ხალხი უკვე ტაშს აღარ უკრავდა. უკმაყოფილო ზუზუნებდა, იცინოდა და უსტვენდა. ბიჭი გაფითრდა, მხრები აიჩეჩა, სკამიდან წამოდგა, გიტარა მხარზე გადაიკიდა და კულისებისკენ წამოვიდა. მე რომ შემეჩეხა, თვალი გამისწორა და ჩამჩურჩულა:

- წარმატებებს გისურვებ ამათ გაოცებაში!


“შემდეგი, შემდეგი”, აჩოჩქოლდნენ ჩემს ზურგს უკან. უცებ ვერ მივხვდი, რატომ. მაგრამ რამდენიმე წამში თავში დამარტყა, რომ ეს “შემდეგი” მე ვიყავი. ჰოდა, ოდნავ არეული ნაბიჯით გავწიე სცენისკენ. გზა უსაშველოდ გაიწელა. უცნაურია, ტელევიზორიდან სცენა გაცილებით პატარა ჩანს, ვიდრე - სინამდვილეშია. როგორც იქნა, იმ წერტილამდე მივაღწიე, სადაც მონაწილეები დგებიან ხოლმე. იქ ერთი ციცქნა სკოჩია დაკრული. ამის შესახებ იმ სტაფილოსფერთმიანმა გოგომ მითხრა, სკოჩთან გაჩერდიო. თავი ავწიე და ჟიური თვალით მოვძებნე. ყველა პროჟექტორი მე მანათებდა. ხალხის მხოლოდ ხმა მესმოდა, მაგრამ ვერავის ვხედავდი. სამი კამერა ამწეკრანზე ეკიდა, სცენის ქვეშ, ორმოში რამდენიმე ოპერატორი იჯდა კამერებით. ოპერატორები იყვნენ ჟიურის წევრების უკანაც. ხოჭოსავით აპარატები მთელ დარბაზში იყო გაბნეული.

- სახელი და ასაკი - მკითხა მოკლედ კაშნეიანმა რეჟისორმა.
- მარგო, 19 წლის - ვუპასუხე მე.
- ნუ გეშინია, ჩვენ არ ვიკბინებით - სავარძელზე გადაწვა ცნობილი მსახიობი კაცი და აშკარად მტაცებლის თვალებით მომაჩერდა.
- ვიცი - მეც გამეცინა.
- კარგი, გადავიდეთ საქმეზე - მკაცრი გამომეტყველება მიიღო ჟურნალისტმა ქალმა - რით გაგვაკვირვებ?
- უნდა ვიმღერო - ამოვთქვი, როგორც იქნა, და წელში გავსწორდი.


გაისმა moon river-ის ნაცნობი აკორდები და მეც დავიწყე სიმღერა. პირველი ორი გაუბედავი ბგერის შემდეგ, როგორც იქნა გულიდან რაღაც მომშორდა და მივხვდი, რომ არაფერი მემუქრებოდა. აქ ნამდვილად არავინ შემჭამდა. მაყურებელი გაჩუმდა, ზოგი ფეხზე წამოდგა. ჟიური თვალმოუშორებლად მიყურებდა და მიღიმოდა. მეორე სტროფი უფრო გაბედულად განვაგრძე. მოდულაციაზე ტაში დამიკრეს და, აი, მაშინ პირველად გამეღიმა. ფრთაშესხმულმა დავასრულე სიმღერა და გამარჯვებული სახით გამოვხედე დარბაზს. აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მტვრის ნაწილაკები ირეოდა პროჟექტორების შუქზე და მათ შორის ბუნდოვნად ვხედავდი აჟიტირებულ მასას, რომელიც ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. ბოლოს, როგორც იქნა, ჟიურიმაც ამოიღო ხმა და დარბაზიც გაჩუმდა. ჩემ წინ ამწეკრანზე დამაგრებულმა კამერამ შხუილით ჩამიქროლა (გული გამიხეთქა) და პირდაპირ ჟიურის წევრ რეჟისორთან შეჩერდა.

- ასეთ ხმას აქამდე როგორ მალავდი? - მკითხა გაოცებულმა. სხეულში თბილმა ტალღამ დამიარა. გადავრჩი! ჩემზე არ იღადავებენ!
- საოცარი ხმა გაქვს, ჩამოყალიბებული ვოკალი, გემოვნება, ზუსტი ბგერები - აგრძელებდა რეჟისორი, მაგრამ მისი სიტყვები ნაწილ-ნაწილ აღწევდა ჩემამდე.
- თქვენ ოთხი “დიახ” გაქვთ, შემდეგ ტურში გელოდებით - გამიღიმა ბოლოს ჟიურის თავმჯდომარემ.


ბედნიერებისგან თავბრუდასხმული დავბრუნდი კულისებში. ჩავუარე იქვე მიწყობილ მიკროფონის შტატივებს და ერთმანეთზე აწყობილ შავ, საოფისე სკამებს და სტაფილოსფერთმიან გოგოს მივუახლოვდი, რომელიც ხელს მიქნევდა.

- ჩქარა, ჩქარა, წამოდი, სიუჟეტი უნდა გავაკეთოთ - მიბიძგა დერეფნისკენ. - გილოცავ შემდეგ ტურს - დააყოლა ცოტა ხნის შემდეგ.


მოსაცდელ დარბაზში ხალხი უკვე შეთხელებულიყო. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მეგონა შესვლიდან გამოსვლამდე რამდენიმე საათმა გაიარა. გოგომ უკმაყოფილო თვალი მოავლო დაცარიელებულ დარბაზს, კაბაზე პატარა მიკროფონი ხელახლა დამიმაგრა და ავტომატის ჯერივით დამახალა კითხვები:

- მოგვიყევი შენს თავზე: ვინ ხარ, საიდან ხარ, რამდენი ხანია რაც მღერი, რატომ გადაწყვიტე აქ მოსვლა.
- მე მარგო ვარ, 19 წლის, ბავშვობიდან ვმღერი. რა ვიცი, გარშემო ყველა მირჩევდა აქგამოსვლას და მეც გამოვედი… - ავბლუკუნდი. რაც მოვეშვი, დაღლილობა უცებ ვიგრძენი.


გოგოს უფრო უკმაყოფილო სახე აქვს. რაღაცას ფიქრობს და უცებ მეკითხება:

- როგორ შოუს შესთავაზებ მაყურებელს? რას იზამ ისეთს, რომ ხალხი გააოცო? ჟიურის შენი ნამღერი რატომ მოეწონა, შენი აზრით?
- არ ვიცი… ალბათ მართლა კარგად ვიმღერე - უცებ შემეშინდა. რამე ისე რომ ვერ ვთქვა და მაინცდამაინც ის ჩასვან?
- უფრო ვრცლად! - მოკლედ მომიჭრა.
- ააა, რა ვიცი… მაყურებელს მინდა, რომ დაუვიწყარი შოუ შევთავაზო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პროექტი მოვიგო და ჩემს ნამღერზე წლობით ილაპარაკონ. ჟიურის კი ალბათ იმიტომ მოვეწონე, რომ გულწრფელი ვარ - მომადგა ერთმანეთზე სულელური წინადადებები ენაზე.
- კარგი გოგო ხარ, ასე სჯობია - მიღიმის უცებ და იმ პატარა მიკროფონს მხსნის. - ახლა კი, ადექი და შედი ისევ კულისებში.

მეც მის დავალებას ვასრულებ და რამდენჯერმე შევდივარ და გამოვდივარ კულისებში. უკნიდან კამერა მიღებს. მას მერე რაც ჩემს წვალებას მორჩა, შემდეგ გამომსვლელზე გადავიდა, მრავალშვილიან მუსიკალურ ოჯახზე. ჩემი კოორდინატები დავტოვე და სახლში ფრთაშესხმული წამოვედი.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ