Monday, October 26, 2015

როგორ გავხდით მშობლები

ასე ვიყავით ლაზარემდე
და აი, გავხდით სამნი. 6 ოქტომბრის ღამეს უეცრად წყლების დაღვრის შემდეგ ავფუცხუნდით; სამი თუ ოთხი კვირით ადრე გამზადებული ორი ჩანთა ავიღეთ და გაგუას სამშობიარო კლინიკაში მოვუსვით. შუაღამის 12 საათზე ადგილზე ვიყავით, დილის შვიდის ნახევარზე კი ლაზარეც გაჩნდა - ჯერ გალურჯებული თავი დავინახეთ მე და გიომ, მერე კი ხმაც გავიგეთ: გაჩენის წამიდანვე აგვიკლო ტირილით!

ჰოდა, აი ასე: თითქმის ერთი თვის შემდეგ პირველად ჩავრთე ჩემი ლეპტოპი, პირველად დავლიე ცხელი და ქაფქაფა ჩაი და პირველად არ ვაკეთებ რამეს. ესეც იმიტომ, რომ ეს ბოლო რამდენიმე დღეა, როგორც იქნა, დღის რეჟიმი დავუმუღამეთ: საღამოს, 10 საათამდე ისე სძინავს, ბომბი რომ აუფეთქო ყურთან, ვერაფერს გაიგებს! 

ესეც ლაზარეს დაბადების შემდეგ
რამდენიმე დღის წინ პირველად გავედი გარეთ, ლაზარე კი ბებიებს დავუტოვეთ. წავედით მე და გიო თბილისი მოლში და ჩემთვის ლამაზი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ვიყიდეთ. ასე დავაჯილდოვე საკუთარი თავი ლაზარეს გაჩენისთვის! (დამატებითი მოტივაცია ხომ ყველასთვის მნიშვნელოვანია!) 

სამი კვირა გავიდა და ჩვენი ბიჭი ყოველდღიურად იცვლება, იზრდება და წონაში იმატებს. რამდენიმე ბოდე სიგრძეში უკვე აღარც ეტევა, რაღაც ჩვევები დაივიწყა, რაღაცები ახლა ისწავლა. ახლა სწავლობს სიცილს, ძილში ღიღინებს (მართლა ღიღინებს!), ჩუმდება და ერთ წერტილს აშტერდება, როცა ბობ დილანის You belong to me ესმის, ფეხებს გამოცდილი მოცურავესავით თავდაჯერებული უსვამს, როცა ვაბანავებთ - მოკლედ, მეც ჩვეულებრივი "დედის სინდრომი" მჭირს: სხვა დედებივით მგონია, რომ ჩემი შვილია განსაკუთრებული, ჩემი შვილი უფრო სწრაფად და განსაკუთრებულად სწავლობს რაღაცებს და მისი ყველა ახალი ჩვევა საჯაროდ აღნიშვნის ღირსია. მაგრამ ფეისბუქზე პოსტვის მაგივრად ვუყურებ ხარბად და ყოველ წამს ვიმახსოვრებ და მერე ტვინში გადახვევით ვიმეორებ - ზუსტად ვიცი, რომ ლაზარე ყველაზე მეტად ამ ასაკისა მომენატრება - ადრეულ გაზაფხულზე ხილი რომ გამოებმება ხოლმე ხეს და პატარა ყუნწი რომაა ჯერ მარტო და ყუნწის ბოლოში პაწუკა, მრგვალი რაღაცა, ისეთია:)))

რაც შეეხება სიძნელეებს, გაჩენის პირველივე წუთიდან ქარიშხალივით დაგვატყდა თავს. მშობიარობისგან მიღებული სტრესი უკვე ბავშვის მოვლაში გავიდა (არადა, როგორი დიდი იმედი მქონდა, რომ ერთს კარგად და გემრიელად შევჭამდი და მერე გამოვიძინებდი, ზღაპარი, თურმე, ზღა-პა-რი!), ბოლო სამი კვირაა 8 საათი გადაბმულად არც მე და არც გიოს არ გვიძინია; ზურგი და ხელები განუწყვეტლივ მტკივა, გარეთ გასვლა და ხალხთან კონტაქტი მენატრება, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ვაკეთებ (უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ყველა მშობელს შეუძლია CV-ში თამამად შეიტანოს მშობლობა!! და მე ჯერ კიდევ სად ვარ, ჩემს მეგობრებს უკვე ორ-ორ და სამ-სამ ასეთ პატარა დიქტატორთან უწევთ გამკლავება!), მაგრამ არც კი შევადარებ ამ ეტაპს ორსულობის პერიოდთან - უბრალოდ, ბედნიერებაა, როცა შენი სხეული ისევ შენ გეკუთვნის! ისევ ისე შეგიძლია სირბილი, კიბეებზე არბენა-ჩამორბენა, ხტუნვა, მძიმეების აწევა, ვარჯიში (ვარჯიში და კიდევ ერთხელ, ვარჯიში! <3 ) და, რა თქმა უნდა, მუცელზე წოლა!

არაფრით მჯეროდა, როცა ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, შვილის სიყვარული ყველა ამ სიძნელეს გადაწონისო. მით უმეტეს, არ მჯეროდა დედაჩემის - სიყვარული გაგაძლებინებსო. თურმე მართლა წონის. ვერც ვხვდები - როგორ, რანაირადაც არ უნდა ავხსნა, ვისაც შვილი არ ჰყავს, მაინც არ დამიჯერებს, ისევე, როგორც მე არ ვუჯერებდი არავის, ვინც ამას მეუბნებოდა მანამდე. 

ვუყურებ ლაზარეს და მგონია, რომ სიცოცხლის და სამყაროს მარადიულობის საიდუმლოებას ჩავწვდი. ასე მძაფრად არასოდეს მიგრძვნია, როგორ ყალიბდება და გრძელდება ახალი სიცოცხლე და მე და გიოს რამხელა წვლილი მიგვიძღვის ამაში! ხალხი ათას სისულელეს ეძახის სასწაულს, აკეთებენ მილიონ მეტანიას მირონმდინარე ხატების წინ, თაყვანს სცემენ მკვდრების ნეშტებს, ხოხვა-ფორთხვით დადიან საფლავებზე, ყოველწამს ელიან რაღაც იაფფასიან ტრიუკს, რომელსაც მერე სასწაულს ეძახიან, არადა, ამაზე მეტი სასწაული, როგორიც - ახალი სიცოცხლეა, რა გინდა! იმდენად შევეჩვიეთ ამ განუწყვეტელ პროცესს, იმდენად ჩვეულებრივი გვგონია სპერმატოზოიდით და კვერცხუჯრედით, ამ ორი პატარა უჯრედით დაწყებული ამბავი, რომ ვერ აღვიქვამთ ბუნების მთავარ და ერთადერთ სასწაულს, სიცოცხლის გაგრძელებას და ვერც სამყაროს მარადიულობას აღვიქვამთ. 

მინდა, რომ კარგი მშობლები ვიყოთ ლაზარესთვის. ბევრ ვარიანტს ვამუშავებ ხოლმე თავში, როგორი მინდა, რომ იყოს, როგორი ცხოვრება მინდა, რომ ჰქონდეს და საბოლოოდ სულ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ერთადერთი რაც შეიძლება, ვისურვოთ მისთვის, არის კარგი ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველასათვის ერთნაირად განსაზღვრული მუდმივი მონაცემია და იმიტომ. დანარჩენ ცვლადებს - ბედნიერებას, წარმატებას, კარგ განათლებას, საინტერესო ცხოვრებას და ა.შ. - მე და გიო მისთვის ვერ განვსაზღვრავთ. ეს ყველაფერი ლაზარემ თვითონ უნდა განსაზღვროს. 

3 comments:

  1. არ ვიცი, თუ გართვევინებს ლაზარე კომპიუტერს საერთოდ, მაგრამ როგორ გამიხარდა!!! გილოცავ ირიშკა!!! რა საყვარელი ბურთულაა თქვენი ლაზარე. სახელიც ულამაზესი. ჯანმრთელი და ბედნიერები იყავით ყველანი!!!

    მუცელზე წოლას კიდევ ნუ იტყვი, მშობიარობის მერე მუცელზე რომ დაწვები და ამ ბედნიერებას შეიგრძნობ, მართლა რა ჯობია :ლოლ: ბოლო თვეები რა გასიებული პერიოდია, არა? :დ

    პოსტპარტუმ დედისთვის ძალიან კარგად და ლამაზად წერ ისევ, მე თუ მკითხავ, განსაკუთრებით ბოლო აბზაცები. ასეც იქნება, ადამიანი როცა ასეთ სასწაულს შეამჩნევს, მერე ბავშვსაც ზუსტად ასე აღზრდის და დარწმუნებული ვარ, შენ და გიო ძალიან კარგი მშობლები იქნებით.

    გთხოვ, კიდევ დაწერე ამბები და ლაზარეს ოინები :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი :* გვართვევინებს კომპიუტერს, როგორც იქნა, ჩაჯდა რეჟიმში:))) მუცელზე წოლა არის ბედნიერება, თუმცა, ჯერჯერობით ბუნებრივ კვებაზე მყავს და ცოტა დიდი მკერდი ხელს მიშლის ამაში:))) ბოლო თვეები ზაფხულში მომიწია, თან ხელ-ფეხის დასიებისკენ ისედაც მიდრეკილება მქონდა და, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. მაგრამ ახლა ეგეც კარგად და საინტერესოდ მახსენდება. მადლობა, რომ ისევ კითხულობ ჩემს პოსტებს:**

      Delete
  2. ეძებთ ბიზნეს სესხებს, პირად სესხებს, საშინაო სესხებს, CarsLoans- ს, სტუდენტურ სესხებს, სესხის კონსოლიდაციის სესხებს, დაუცველ სესხებს, ბიზნეს კაპიტალის სესხებს და ა.შ. ... ან უარს ამბობთ უარი ბანკიდან ან ფინანსური ინსტიტუტიდან, მინიმუმ ერთი მიზეზის გამო , თქვენ სწორ ადგილას ხართ, გადაიხადოთ თქვენი საკრედიტო გამოსავალი!
    სესხები დაბალი პროცენტით და ხელმისაწვდომი ფასებით
    2% კურსი
    გაინტერესებს? დაგვიკავშირდით, რომ აკონტროლოთ საკრედიტო ოპერაციები და გადარიცხეთ 48 საათში. ელ.ფოსტა: helpdesk@xtradeoption.com
    დიახ
    გამოგვიგზავნეთ ელექტრონული ფოსტა @ (Code360optionsloancompany@gmail.com) და ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებ-მისამართს: https://xtradeoption.com/

    Გმადლობთ,

    ReplyDelete

დააკომენტარეთ