Friday, October 14, 2011

ორშაბათიდან რომ ახალ ცხოვრებას იწყებენ, აი ისეთი პოსტი

უკვე ორი კვირაა რაც ახალ სამსახურში დავიწყე მუშაობა. ძველშიც ვმუშაობ, ოღონდ არ მკითხოთ, როგორ. მე თვითონაც არ ვიცი ორი კვირა როგორ გავქაჩე. დილით ახალ ოფისში მივდივარ, 10-2-მდე აქ ვრჩები, ვწერ სტატიებს, მერე 3-ზე ძველ ოფისში. გზაში ჭამასაც ვასწრებ, ეს ხომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღის წესრიგში.

Friday, October 7, 2011

დიდი ძმა ისევ გვიყურებს

და აი, მორიგი მესია პოდიუმზე! ბიძინა ივანიშვილმა ხმალი (უფრო სწორედ, ეროვნული ვალუტა) იშიშვლა და არენაზე გამოაჭენა. რა უნდა ამ კაცს? ან ჩვენ რა გვინდა?

Saturday, September 24, 2011

ჩემი სკანდალი BIAFF-ზე :))

გუშინდელი პოსტის შემდეგ, დღეს ისევ იძულებული ვარ, კიდევ ერთი პოსტი დავწერო. როგორც წესი, ამ ბლოგზე ათასში ერთხელ შემოვდივარ. მხოლოდ მაშინ, როცა ემოციურად გადატვირთული ვარ. გუშინაც ასე მოხდა. BIAFF-ზე მოხალისედ ჩამოვედი, ვმუშაობ პრეს-ცენტრში, გუშინ დავწერე პოსტი, სადაც ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე ფესტივალის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კი ძალიან მეწყინა, რომ ფესტივალზე დაპირებული "მელანქოლია" არ აჩვენეს.

BIAFF-ის კინოფესტივალი

ბლოგსპოტიც კი განახლდა, აი BIAFF კი როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, მეექვსე წელია უარესობისკენ მიექანება. დაპირებული ტონინო გუერა, მითიური და ქიმერული ”მელანქოლია”, უხარისხო ”შუაღამე პარიზში”, არეულ-დარეული პროგრამა, მოხსნილი ფილმები - მოკლედ, საშინელი არაორგანიზებულობა და ცუდი მენეჯმენტი მთელი ერთი კვირის განმავლობაში.

Friday, September 2, 2011

ჰარი პოტერი დავამთავრე! :))))

ჰო, აი ეს ბიჭი. ზუსტად წუხელ ღამე დავამთავრე ბოლო ტომის კითხვა. ბოლო ორ კვირაში 7-ვე ტომი წავიკითხე. ზოგადად, წიგნებს ყოველთვის სწრაფად ვკითხულობდი, თითო წიგნზე, მაქსიმუმ, 3-4 დღე დამეხარჯა, მაგრამ ჰარის ტომებით ჩემივე პირადი რეკორდი გავიუმჯობესე. :))))))

აღარ მოვყვები იმას, როგორ მეგონა სათითაოდ ყველა პერსონაჟი ვოლდემორის ჯაშუში, როგორ ვიტირე სნეიპის და ლილის ამბავზე, როგორ დავაღე პირი დამბლდორის გეგმაზე - მოკლედ. ეს განცდები მგონი სუყველას ერთნაირი გვაქვს.

იმაზეც შევთანხმდით, რომ ჰარი პოტერი ყველა ბავშვს წაკითხული უნდა ჰქონდეს. ამისთანა ჯადოქრობების მერე ძნელია, კითხვის სურვილი არ გაგიღვივდეს და უკეთესი (უკვე დიდობაში, რა თქმა უნდა) რამეები არ შემოგეკითხოს გზად.

მაგრამ, ყველაზე ღადაობა მაინც მთელი ამ ისტორიების ლაიტმოტივია: ე.წ. მუქსისხლიანების ჩაგვრა. ეხლა ზურა და ანი გამოვარდებიან და დამცინებენ ალბათ, მაგრამ თვალში მეცა ეგრევე და რა ვქნა :დ თან ეს ქსენოფობიის ამბებიც ძალიან წამოიწია ამ ბოლო დროს და რა ჩემი ბრალია, თუ უნებურად ვოლდემორის მომხრეები ქართველ ქსენოფობებს დავუკავშირე :)))

მოკლედ, ასეა თუ ისეა, პოტერი გუშინდელის მერე უკვე მენატრება, კიდევ კარგი ფილმებიც მხოლოდ პირველი და მეორე მაქვს ნანახი, დავჯდები და ახლა ფილმებს ვუყურებ. არ შემედაოთ, სულაც არ ვაპირებ კამათს ფილმი vs წიგნი (ყველაზე გაცვეთილი და არაფრისმომცემი, ვითომ "ინწილექტუალი" კამათი ever :D), უბრალოდ კიდევ მინდა ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო.

P.S. ჩემი პატარა ბიძაშვილის შვილი მეკითხება რაღაც ტოტზე, ეს რომ გავიქნიო, წითელ ნაპერწკლებს აყრისო? :)))))

Thursday, August 11, 2011

PINA

გუშინ მე, ზურა, ანი და სალო "პინაზე" ვიყავით. მანამდე რამდენიმე სტატია, რაც ხელში მომხვდა, გადავიკითხე, იმისთვის, რომ სრული წარმოდგენა შემქმნოდა. ბევრგან იყო თვითონ ლეგენდარული ქორეოგრაფის, პინა ბაუშის ცხოვრების შესახებ, თუმცა უშუალოდ ფილმზე თითკმის ყველა ავტორს საკმაოდ მოკლედ ეწერა.

არ ვიცი ეს რისი ბრალია. ეტყობა იმის, რომ ფილმი თვითონ დოკუმენტურია და ისიც, ბუნებრივია, რომ პინას შესახებ ყვება. შეიძლება თვითონ რეჟისურა და ოპერატურა თავად ამ ქალის გენიალობით არის დაჩრდილული, ყველა მხოლოდ ცეკვას ამჩნევს სტატიებში, ხაზს უსვამს საოცარ ქორეოგრაფიას და არაფერს ამბობს თუნდაც 3D ხარისხზე, რომლის მეშვეობითაც, მაყურებელი არა მხოლოდ ფილმის, არამედ თვითონ წარმოდგენის ნაწილი ხდება, თვითონ ადის სცენაზე და ნერვიულად მოძრავ კაცებთან და თვალდახუჭულ, ქალებთან ერთად იწყებს ცეკვას.

ბევრი ფილმი მინახავს, სადაც პერსონაჟები ცდილობენ თავიანთი მარტოობა დაგანახონ, მერე გზებიც გირჩიონ, როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ სევდას. "პინა" კი არაფერს გაძლევს, ის გაჩვენებს მოწყენილობას. გმირები მოწყენილები არიან და არაფერსაც არ აკეთებენ იმისთვის, რომ გაერთონ. უბრალოდ ცეკვავენ და თავიან მოწყენილობას ამითი ამძაფრებენ. გაშტერებული სახეებით, მიყინული ღიმილით ტორტმანებენ და საერთოდ არ ანაღვლებთ ამ დროს მაყურებელი რას ფიქრობ: სამსახურის და ცხოვრების რუტინაზე ხარ ჩაფიქრებული, კომუნალური გადასახადები გახსენდება თუ ბალის საოცარ ლანდშაფტზე ოცნებობ.

ცეკვავენ ველურებივით. არც მაკიაჟი, არც ქუსლიანი ფეხსაცმელი. მხოლოდ ინსტინქტები. მარტოობა, მოწყენილობა და ინსტინქტები. და ამ ყველაფერს სამი განზომილება უფრო ამძაფრებს _ სცენის ფარდა თითქოს ცხვირწინ გიფრიალებს, სცენიდან წყალი პირდაპირ სახეში გესხმევა და ერთი მოცეკვავე მეორეს რომ მონდომებით აყრის მიწას, თითქოს ის მიწაც შენ გეყრება.

აქამდე ვიცოდი, რომ ასეთი ქორეოგრაფია სადღაც არსებობდა. არა ჩვენთან, რა თქმა უნდა, მაგრამ სადღაც, სადაც MEZZO-ს ოპერატორები დადიან გადაღებებზე. გამიგია, რომ ჩვენთანაც იყო ჩამოსული ასეთი დასი, თუ არ ვცდები ირჟი კალიანის. თუმცა აქამდე არც დავინტერესებულვარ, რა იყო ეს. ცეკვა, სპექტაკლი, პერფორმანსი, თუ _ რა.

როგორც სალაროში გვითხრეს, 10-ის მერე თუ მოთხოვნა იქნა, დავამატებთ სეანსებსო. იმედია დაამატეს და კიდევ ბევრს გექნებათ საშუალება ეს საოცარი ფილმი ნახოთ.

Here is a Trailer ;) enjoy!

Saturday, July 23, 2011

ვინ არის გოიმი?

ვცდილობ იმის გარკვევას, რომელი უფრო უარესია: ხალხი, ანუ ჩვენ, თუ _ ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. რამდენად ვიმსახურებთ წესიერ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანად გრძნობ თავს? სადაც არავინ გატყუებს ყოველ წუთას? სადაც ფოტორეპორტიორებს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით ღამის 3 საათზე არ იჭერდნენ, მერე საპროცესო შეთანხმებით, ვითომ ჯიბის ქურდები იყვნენ და მეტი არაფერი, ათავისუფლებდნენ? სადაც საბჭოთა სიმბოლიკას ყველა ფეხის ნაბიჯზე კრძალავენ, თვითონ კი 37-იან წლებს მიყვებიან ფეხდაფეხ და ნიცას და პარიზს ედრებიან თითოეული შუშის შენობის გახსნისას?

პრეზიდენტს კიდევ მერე წყინს, ვინმე მის გემოვნებაში ეჭვს რომ შეიტანს და უბრალოდ რომ ვთქვათ, გოიმს დაუძახებს. არადა, გოიმი უნდა იყო (სიტყვა კიტჩი რომ არ ვახსენოთ, არ უყვარს ეს სიტყვა და მოკალი :)) ), ეს შუშიანი, ჭყეტელა ფერებში გადაწყვეტილი ქალაქის იერსახესთან აბსოლუტურად შეუსაბამო შენობები რომ მოგეწონოს. გოიმი უნდა იყო, უნივერსიტეტის პირველ კორპუსიც ამ შუშებში რომ გადაწყვიტო და გოიმი უნდა იყო, რომ ამხელა კაცი პრეზიდენტი იყო და მართლა ყველა ოთახის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდე. მაგრამ უარესი გოიმი და საცოდავი უნდა იყო, ამისთანა გოიმს მიკროფონით და ტრიბუნით რომ დაყვები.

არადა, როგორც მახსოვს, გოიმი ქართულად "არაებრაელს" ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო უგემოვნოსთან. მაგრამ მოდი და ნუ დაეთანხმები ერთი-ორ "დაბოღმილ" და "რუსულ კლასიკურ ტიპ" ინტელექტუალს (ნუ აი ეს მონაკვეთი ყველაზე მაგარი იყო), რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ფასადები კი გადავღებეთ, მაგრამ პროვინციალიზმი დავტოვეთ.

გოიმობაა აბა რა არის "მასმოდა", "ჯაშუშების" დაკავება, ყველანაირი განსხვავებული აზრის რუსეთთან დაკავშირება; გოიმობაა ახალი პასპორტების გაპროტესტებაც _ ხო, აი ეს დიიიდი პროვინციალიზმია. ადამიანო, ჯერ კარგად ჩაიხედე იმ კანონში, ნუ გეზარება, კარგად წაიკითხე, ერთხელ, ორჯერ, თუ ისე გეზარება, რომ ვერაფერი გაიძულებს მის წაკითხვას, გაჩუმდი რა! ე.ი. არ გაინტერესებს, და თუ არ გაინტერესებს, ტყუილად გულზე მჯიღის ცემას შეეშვი! გოიმობაა სოფო ნიჟარაძე მარად და ყველგან და ყოველთვის, სუბტიტრებიანი საკითხავი ფილმები, 2 კვირაში მოხსნილი "კარიბის ზღვის მეკობრეები" და ორ თვეზე გაწელილი "აგვისტოს 5 დღე"; გოიმობაა წვეტიანი ტუფლები, უსახელო მაიკები და ტრუსიკში ჩატანებული დუბლიონკაც, მაგრამ თუ მხოლოდ ეს იქნება ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე პრობლემა, გამიშვით, მარტო მე მოვაგვარებ და თქვენ გაიქეცით, ამათ მე შევაჩერებ. გოიმობაა, როცა მართლა "ინწილიქტუალები" და ე.წ. "ელიტა" დემაგოგიას აფრქვევენ მედიიდან, შენ კიდევ მყარი არგუმენტი არ გაგაჩნია, რომ დაუპირისპირო, არადა სადღაც გულში გრძნობ, რომ გატყუებს. სათანადოდ პასუხს იმიტომ ვერ სცემ, რომ განათლება არ გყოფნის, პროვინციალიზმი და გოიმობა კი ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა გაუნათლებლობა და ინფორმაციის ნაკლებობა. კიდევ გაძვირებული მარშუტკები და აფერისტი ტაქსისტები და გაძვირებულ მარშუტებში და ტაქსებში ჩართული "არ დაიდარდო" და "ავტორადიო". კიდევ "თერგდალეული" ახალგაზრდები, რომლებიც კანონს "იქ" იცავენ, "აქ" _ არა, გოიმობაა რუსთაველის გადაკვეთა, კონტროლიორების მიერ ბილეთების ქუჩაში დაყრა, ზოგადად, ნაგვის ქუჩაში დაყრაა გოიმობა.

პროვინციალიზმია საკურორტო ზონებში დიდი ჯიპებით მოძრაობა. ნუ ეს პროვინციალიზმი და გოიმობა კი არა, დანაშაულია და დავახევდი სუყველას ყურებს, ჩვენი პრეზიდენტის თქმისა არ იყოს, ვინც ეკოლოგიის დაბინძურებას ასე შეეცდებოდა. ასევე დანაშაულისა და გოიმობის ზღვარზე გადის მაღაზია, რომელშიც 4000 ლარიანი ჰალსტუხი იყიდება და რომელსაც 400 VIP მომხმარებელი ჰყავს, როცა 400 მათხოვარი მარტო ქაშუეთთან შეიძლება შეგხვდეს. (აი, სამებასთან კი უფრო მეტი, უფრო დიდია და ადგილიც მეტია დასაჯდომად ალბათ). გოიმობაა საუბარში ინგლისური და რუსული სიტყვების გამოყენება. მაგრამ ყველაზე დიდი გოიმობა, მგონი, ამ ხელისუფლებისთვის, კიდევ ხმის მიცემა იქნებოდა. :D

ნუ კიდევ ბევრი რამეა გოიმობა, მეტი უბრალოდ ახლა არ მახსენდება. თუ ვინმეს რამე გაგახსენდათ ან უფრო საინტერესო, მეც გოიმი გგონივართ, დამიკომენტარეთ და ამიხსენით, რატომ.

მარად თქვენი,

ნუ, როგორცაა:))