Tuesday, June 22, 2010

ბიბლიოთეკა


ორ კვირაში სუყველას, ჩემს ჯგუფელებს, საჯაროში ჯდომა მოგვიწევს. ზოგი უკვე დადის, ზოგიც, ჩემსავით, გაურკვეველი ვადით დებს. ვერავინ დამაბრალებს წიგნის სიძულვილს, ვერც იმას იტყვიან ჩემზე, მეცადინეობა ოდესმე დაზარებიაო. მაგრამ საჯარო ბიბლიოთეკაში მარტო ერთხელ ვიყავი. მე და სანდრო, ისიც პირველად იყო. ველოდებოდით გამოწერილ წიგნს და ჩუმად ვფხუკუნებდით მაგიდის ქვეშ. მაცინებდა ერთ–ერთ ქალზე, საოცარ სახეებს იღებდა. მოკლედ, დიდად საჯაროს არ აღვუფრთოვანებივარ.

ყოველ ზაფხულს, როცა სოფელში ჩავდივარ, მეორე დღეს ტრადიციულად სოფლის ბიბლიოთეკას ვსტუმრობ ხოლმე. ამ ძველ და მონღრეულ შენობას ჩემსა და იმ ბიბლიოთეკარის გარდა მგონი არავინ სტუმრობს. ხანდახან სკოლის მოსწავლეები, როცა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ავალებენ ხოლმე. ცისფერი მოაჯირი და აივანი აქვს. დახეთქილი საღებავით. შიგნით ნამდვილი წიგნის მტვრის სუნი დგას. კარს რომ გააღებ ვიწრო ზოლად მზის სხივი ჩანს, ამ სინათლეში მტვერსაც დაინახავ. პირველ დარბაზში საბავშვო ლიტერატურა და ენციკლოპედიებია. სწორედ აქ წავიკითხე ასტრიდ ლინდგრენის უამრავი ის რომანი, რასაც თბილისში ვერსად გადავაწყდი თავის დროზე _ "კალე ბლუმკვისტი", "მაწანწალა რასმუსი", ნილსი, ჟიულ ვერნის და მაინ რიდის რვატომეულები. მოკლედ, ბავშვობაში კითხვა ასე შემიყვარდა. მაგრად მომწონდა, როცა ყოველ ზაფხულს ახალ ბარათს ვიღებდი, მოხუცი ბიბლიოთეკარი იქ წიგნების კოდებს ჩაწერდა, მე კიდევ, დიდივით, ხელს ვაწერდი. მერე ნელ–ნელა ვაბრუნებდი. ზაფხულის ბოლოს მთელი ბარათი სავსე იყო. აი ეს მიხაროდა ყველაზე მაგრად.

მეორე დარბაზში მოგვიანებით გადავინაცვლე. იმ ზაფხულს "იდიოტი" ახალი წაკითხული მქონდა და საბავშვო ზღაპრებს აღარ ვკადრულობდი. სწორედ აქ აღმოვაჩინე რემარკის "სამი მეგობარი". ბარათის შევსების მუღამმა გაზრდასთან ერთად გამიარა, თუმცა ამ მეორე დარბაზში (სადაც სულ შმორის სუნი იდგა ხოლმე), იმდენი კარგი წიგნი ვიპოვე, მათ ხელში ჩაგდებას აქ რომ ვერც ვიოცნებებდი. რეი ბრედბერი, ხულიო კორტასარი, სომერსეტ მოემი... უჰ, რა ვიცი, ბოლოს როცა ჯოისის "ულისეს" თეთრყდიანი წიგნი ჩავაბარე ბიბლიოთეკარს, ქალმა მაგრად დამცინა და ის წიგნი სახლში გამატანა. "ულისესთვის" აქამდე შენ გარდა ხელი არავის დაუკარებია მთელი 20 წელია და რაღა ეხლა მოიკითხავენო. ჰოდა, თბილისში გამომატანა.

ეხლა ვზივარ და კენ კიზის "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას" ვკითხულობ. მიკვირს, ან ეს წიგნი როგორ ვერ აღმოვაჩინე იმ ბიბლიოთეკაში. მით უმეტეს, რომ ძველი თარგმანიც არსებობს. თუმცა რა უჭირს. თუკი ოდესმე დავბრმავდი და წერა უკეთესად დავამუღამე, ვიცი რაც უნდა ვაკეთო. ცოტა ამბიციური შედარება კი გამომდის, მაგრამ რატომაც არა. ვისზე ნაკლებად მიყვარს ლაბირინთები და ზღაპრული ურჩხულები.

Tuesday, June 1, 2010

როგორ აღმოვაჩინე ღმერთი


მახსოვს, როგორ აღმოვაჩინე პირველად ღმერთის არსებობა. 6 თუ 7 წლის ვიყავი, როცა ზაფხულში ჩემს სოფელში ვისვენებდი. ერთხელ, საღამოს, არც კი მახსოვს რა ხდებოდა, გარეთ უბანში ვიყავით ბავშვები შეკრებილები და ვთამაშობდით. წარმოდგენა არ მაქვს, უცებ რატომ მომინდა ამის თქმა, მაგრამ ჩემს ერთ–ერთ თბილისელ მეგობარს, რომელიც ჩემთან ერთად ისვენებდა ხოლმე, ჩავუჩურჩულე, რომ ერთ–ერთ გოგოს და იმის დას ტილები ჰყავდა. ამ ჩემმა მეგობარმა სხვას უთხრა, იმან კიდევ სხვას და ეს ამბავი 15 წუთში სუყველამ იცოდა იმ ორის გარდა. რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ, რას ვჩურჩულებდით, ჰოდა ერთ–ერთმა უთხრა. ისიც დააყოლა, რომ მე ვთქვი პირველად. ძალიან შემრცხვა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ ამბიდან 10 წუთიც კი არ იყო გასული, რომ ბალახებში გველი დავინახე. შიშისგან ლამის გული წამივიდა. 

ჰოდა ღამე, როცა დავწექი, ვფიქრობდი, რომ ღმერთმა დამსაჯა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამ ბავშვებს მართლა ჰყავდათ ტილები თუ არა, არ უნდა მეთქვა. მით უმეტეს, რომ არც მე მომიგია ამით რამე და არც _ იმათ. 

დღემდე, როცა მორიგ კამათში ვყოფ ცხვირს, სადაც ღმერთის არსებობა–არარსებობის საკითხს განიხილავენ და ათეისტები ცინიკურად ხითხითებენ, აგნოსტიკოსები ჩუმად არიან, მორწმუნეები კი ფანატიკოსობენ, მე ეს ამბავი მახსენდება. 

ვინ იცის, ის გველი ეხლა როგორ დამენახვება.