Friday, December 10, 2010

I miss you, Daddy

მე და მამა როცა ერთად ვართ სულ ამ სიმღერას ვუსმენთ ხოლმე. როცა მენატრება, მაშინ მარტო მე ვუსმენ და მასზე ვფიქრობ.



მამაჩემს უნდა იცნობდეთ რა, ისე ვერ მიხვდებით რა ტიპია. ის კი არა, 22 წელია ერთად ვცხოვრობთ და ყველაზე არაპროგნოზირებადი მამაა მთელ მსოფლიოში. რაზეც მეჩვენება, რომ წესით უნდა გაბრაზდეს, არ ბრაზდება. მამაჩემი არის ლომი, თანაც მერე როგორი ლომი! უყვარს როცა ეპირფერები, ეფერები, ნამოქმედარს უფასებ და აღფრთოვანებას არ იშურებ. ერთხელ დედა სახლში არ იყო და იმ საღამოს სტუმრები გვყავდა. დილით დასარეცხი ჭურჭელი იყო ბლომად ხოდა მთელი დღე იმ ჭურჭლის დარდი მქონდა, დარეცხვა მეზარებოდა. მოვედი სახლში და რას ვხედავ, დაუკრიალებია მამაჩემს იქაურობა! ჰოდა, მესიჯი მივწერე, "მამ, შენ ყველაზე მაგარი მამა ხარ მთელ მსოფლიოში თქო", ის მესიჯი დღემდე შენახული აქვს.

ყველაზე არაპროგნოზირებადი ტიპია მთელ მსოფლიოში. ვერასოდეს ვხვდები სად შეიძლება გამიშვას და სად _ არა. შეუძლია ორი წელი გამიშვას ოკეანის გაღმა და სულ მიჩიჩხინებს მთელი ცხოვრება, რომ სადმე წავიდე. (სასწავლებლად, რა თქმა უნდა!) თუმცა ამ დროს შეიძლება საღამოს 8 საათიდან ამიკლოს რეკვით, დროზე მოდი სახლშიო. მამაჩემი ისეთი ტიპია, ვისაც შეუძლია არ დაიზაროს და ერთ საათში სახლში მთელი ავეჯი გადააადგილოს; ბავშვების გასართობად ძველი ადიელებისგან კარავი ააშენოს; მხოლოდ მამაჩემს შეეძლო ჩემი ხუჭუჭა და გრძელი თმის უმტკივნეულოდ დავარცხნა, ცირკის იმხელა კიბეებზე არბენა და ჩამორბენა გაზით გაბერილი ბუშტებისთვის; ვისაც შეუძლია არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ წავიდეს, რომ ყველა კანდიდატი გადახაზოს; ვისაც შეუძლია ყველაზე მეტად სწამდეს ღმერთის და ამავე დროს საერთოდ არ იზიარებდეს არც რელიგიურ დოგმებს, არც ეკლესიის ფანატიზმის გავლენის ქვეშ მოექცეს; ვისაც ჰგონია, რომ ყველა ტაძრიდან ღმერთს ერთნაირად ესმის და არ აქვს მნიშვნელობა რა რელიგიის აღმსარებლად დაიბადე; ვისი ცხოვრების მიზანი ხეტიალი და მოგზაურობაა, მამაჩემს უნდა რომ ტყეში ჰქონდეს ხის სახლი, რომელიც გატენილი იქნება ყველაზე მაგარი წიგნებით, ექნება ინტერნეტი და კომპიუტერი, ექნება სარწეველა, ბევრი შავი ღვინო, ბუხარი და ექნება საშუალება, რომ დატკბეს ამ კომფორტით. მამაჩემს შეუძლია, რომ გამისწოროს და ყველაზე ძალით რომანტიკულ სიმღერაზე მეცეკვოს, თუკი ეს მე მინდა; კიდევ ის შეუძლია, რომ კამათისას თავისი აზრი თავს ძალით მომახვიოს, კი არა და, კამათი საერთოდ არ შეუძლია! :D 

კიდევ იცით როგორი ტიპია მამაჩემი? აბაზანაში როცა ვარ, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მიკაკუნებს. ამოწმებს, ხომ ყველაფერი რიგზეა და რამე ხომ არ მჭირს:)) მამაჩემს ყველაზე მეტად მოვწონვარ მოკლედ აჭრილ თმაში, მუქ ლურჯ ჯინსებსა და ტრაქტორის ძირებიან ბათინკებში.

მოკლედ, კაი ტიპია რა. თან ჯაზი და როკი ევასება და ცუდი რატომ უნდა იყოს. :D

ჰოდა, I love my Dad! :)

1 comment:

  1. რა კარგი მამა გყავს.

    წარმოვიდგინე ცირკის კიბეები და გამახსენდა ბავშვობა: მეგონა ხოლმე, არასოდეს დასრულდებოდა და სანამ ბოლომდე ავიდოდი, უკვე დიდი ვიქნებოდი და ცირკი აღარ მეყვარებოდა. ძაან მეშინოდა. ფროიდ, მოდი, მომხედე, ბავშვობის ტრავმები მოვატივტივე :დ

    ReplyDelete

დააკომენტარეთ