Thursday, February 3, 2011

ცუკერბერგის ზღაპარი

რა არის ზღაპარი? ზღაპარი კარგი საშუალებაა ცხოვრების მარტივად აღსაქმელად. ზღაპრის გმირების პროტოტიპებს რეალობაში ვეძებთ და ჩვენს ნაცნობებს ვარგებთ. ჰოდა ამ პრინციპით ზოგი ნაცარქექიაა, ზოგი _ რაფუნზელი, ზოგი _ დაღლარა. დაღლარა გახსოვთ რომელია? აი, ჯარისკაცი რომ არის, ომი რომ დამთავრდება და სამი ჯარისკაცული პური და სამი ჰელერი რომ აქვს მარტო. არ გაგახსენდათ კაცო? აი ისა, წმინდა პეტრეს რომ მოატყუებს და სამოთხეში რომ აღმოჩნდება ბოლოს.

მოკლედ, დაღლარა რა შუაშია. მთავარი გამომრჩა. ზღაპრებში კონკრეტული ტიპები არიან, ზოგი ბოროტია და ამით ყველაფერი ნათქვამია, ზოგი გაქექილია, მაგრამ გული მაინც კეთილი აქვს, ზოგი კეთილია და შტერი, ზოგი რაინდი. მოკლედ, ბევრნაირი გმირია, მაგრამ ერთ გმირს ერთი კონკრეტული სახე აქვს, ერთგანზომილებიანია, როგორც ნახატები.  ხოდა, ადამიანებს გვახასიათებს ერთი საზიზღარი ჩვეულება: სხვებიც ასე ერთ განზომილებაში მოვაქციოთ და მასში მხოლოდ კეთილი, ან მხოლოდ ბოროტი დავინახოთ.


დღეს "სოციალურ ქსელს" ვუყურე. ფილმზე ლაპარაკი არ მინდა. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რის გამოც ამხელა შესავალი გავაკეთე: ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ ვერ გაიგეს, როგორი ტიპია ეს მარკ ცუკერბერგი (ფილმის გმირი ამ შემთხვევაში), კეთილი თუ ბოროტი. ჩემი აზრით, ეს არაა მნიშვნელოვანი. გარემოება განაპირობებს ყველაფერს. აბსოლუტურად სუყველაფერს. მარტო კონკრეტულ გარემოებაზეა დამოკიდებული ის ადამიანი როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. ჰოდა, ჩვენ კიდევ, ჩვენი სიზარმაცის გამო, ეგრევე ვათავსებთ რომელიმე ზღაპრის გმირის ყალიბში. ასე ჩნდებიან ჩვენ გვერდით ფერიები, ჯადოქრები, დემონები და რა ვიცი, ათასი გამოგონილი ვიღაც, რომელსაც რეალურად ის ჩვენი ნაცნობი შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ასე ვცხოვრობთ ხოლმე ზღაპრებში. ამიტომ ველოდებით პრინცებს და პრინცესებს, ისინი კიდევ სინამდვილეში რას იარსებებენ, ადამიანები დახატულები ხომ არ ვართ, სამგანზომილებიანი ტიპები ვართ. (რა კარგია!) ასე რომ ეს ცუკერბერგიც, ჩემი აზრით, ადამიანია რა და არა ვიღაც კეთილშობილი რაინდი ან ჩვეულებრივი გარეწარი. მრავალდონიანი, მრავალფუნქციური და მრავალმხრივი ადამიანი, რომელიც ცუდადაც იქცევა, კარგადაც და ხანდახან ისეც, თვითონაც რომ არ იცის. კაცმა რომ თქვას, ყველანი ისე ვიქცევით, რომ ის მივიღოთ, რაც გვინდა. ხოდა ამ მიზნის მისაღწევად, ხან ცუდად ვიქცევით, ხან კარგად. ხან შეცდომას ვუშვებთ, ხან სწორად მივდივართ.

ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ისეთებად აღვიქვათ, როგორებიც არიან და არ ველოდოთ მათგან ლოგიკურ, რაღაც ჩარჩოში მოქცეულ საქციელს; არ ჩავსვათ ისინი ზღაპრების გმირების მაგივრად და არ დავიჯეროთ, რომ ცხოვრებაში ზღაპრისმაგვარი რამეები ხდება. კი, ხდება ზოგჯერ, როგორ არა, მაგრამ ყველაფერი უფრო რთული და ჩახლართული სცენარით, ზღაპარივით პრიმიტიულად _  არა.

ეგეთია ამ ცუკერბერგის ამბავიც. :)

1 comment:

  1. ცუკერბერგი ჭკვიანი ტიპია და ფილმში კიდევ – ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყვანენ.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ