Friday, November 2, 2012

დრაკონის წელიწადი. გაჩერება: ხელნაწერები, შოკოლადი, მზერა

საოცარი წელი იყო. ვერაფრით ამოვისუნთქე. ასე მეგონა, ყელში ვიღაც მიჭერდა, ან ერთი ადგილიდან მეორემდე მერბინა, ვიღაცისთვის მიმესწრო, მოკლედ ნამდვილი დრაკონის წელი, თავისი ფეიერვერკებით, ხანძრით, ფერფლით და ისევ თავიდან აღდგომით.

ორჯერ დავიწყე წელს ყველაფერი თავიდან. ორივე სამსახურში პირველი სტატია მახსოვს, პირველი სიუჟეტი, პირველი ლაიქი ფეისბუქის გვერდზე, პირველი ადამიანები, ვისაც ვუთხარი, რომ ახალი პროექტი იწყებოდა და იმედგაცრუებები - რადგან ყველაფერი რეორგანიზაცია-კონცეფციის ცვლილებით მთავრდებოდა.


დრაკონის წელიწადს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შევხვდი. ეს იყო არაჩვეულებრივი სამსახური, რომელშიც არაჩვეულებრივი უშუალო უფროსი და მეგობარი, ანა ბაქანიძე მყავდა და ძალიან კარგი და ღირსეული დირექტორი, ბუბა კუდავა, რომელიც ყოველდღე მაოცებდა. ბუბასგან ვსწავლობდი იმას, თუ როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი ქვეყანა კონკრეტული რამეების გამო - ვსწავლობდი ამ დეტალებს, იმიტომ რომ მასაც გააზრებულად და შეგნებულად უყვარს ეს ქვეყანა, მიუხედავად ბევრი ნაკლისა და იმედგაცრუებისა. ამ ადამიანისგან ვსწავლობდი ისტორიის დაფასებას და შენახვას, მის მოვლას. და არა მხოლოდ მისგან. ამ ადგილას ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი მუშაობს დღესაც, რომლებიც უფრთხილდებიან, უვლიან ხელნაწერებს, ხელნაწერებს, რომლებიც "არ იწვიან", ერთი ჭკვიანი პროფესორის თქმისა არ იყოს. და ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემი რეზიუმე გავგზავნე, რადიო "ცხელი შოკოლადი" იყო, რომელმაც მაშინ ის-ის იყო ვაკანსიები გამოაცხადა.

რატომ გადავედი ასეთი კარგი ადგილიდან სხვაგან? იმიტომ, რომ საარჩევნო წელი მოდიოდა, იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრი საინტერესო ცვლილება დაიწყო, რისი გამოტოვებაც არ მინდოდა როგორც ჟურნალისტს და "აუტსაიდერად" ვგრძნობდი თავს ამ დროს. ეს იყო ამბიცია, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც ყველაზე "ცხელი" ადგილია და რაც ნამდვილად "ჩემი" ადგილია.

ასე დავიწყე"შოკოლადში" მუშაობა. აქაც ძალიან გამიმართლა ადამიანებში, რომლებიც დღეს ჩემი კარგი მეგობრები არიან. ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ ამ "გაუგებრობაში" გავყავი თავი ჩემი ნებით. შოკოლადმა დამანახა, როგორ უდგანან 2 თვის გაცნობილი ადამიანები ერთმანეთს გვერდში, როგორ უწევენ ერთმანეთს სოლიდარობას და როგორ არაფრით არ ირღვევა ერთიანობის განცდა ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, როცა ყველას ძალიან უჭირს. ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა წელს სწორედ ეს მასწავლა - სოლიდარობის, თანაგრძნობის და მხარდაჭერის გამოხატვის უნარი. ცხელ შოკოლადში მე ბედნიერ, ღირსეულ, განათლებულ და რეალიზებულ ადამიანებთან ვიმუშავე სამი თვე. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეტკინა გული როგორც მე, ისე იმ ათ ადამიანს, რომლებმაც დავტოვეთ ეს პროექტი, საერთოდ არაფრით არ ვნანობ, რომ ამას დავთანხმდი. იმიტომ რომ მე აქ დავინახე, როგორ უნდა მეგობრობა.

შოკოლადიდან წამოსვლიდან ზუსტად ორ კვირაში ახალი პროექტი გამოჩნდა. ეს იყო "მზერა". "მზერა" და ნათია აბრამია, რომელიც მანამდე ჩემი ლექტორი იყო ჯიპაში, (ერთ-ერთი საუკეთესო) და შემდეგ ტრენერი "ცხელ შოკოლადში", აქ მთავარი რედაქტორი და პროექტის სულისჩამდგმელი იყო. ნათია იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დამიმსხვრია სტერეოტიპი დიდ ნიუსრუმზე, სადაც ქართული გაგებით აუცილებელია შფოთი, ყვირილი და წივილ-კივილი და გვასწავლა, როგორ უნდა ვიმუშაოთ სწრაფად, მაგრამ მშვიდად და აუღელვებლად. "თუ მგზავრები ვერ გრძნობენ პილოტის შეცდომებს, ესე იგი ფრენა წარმატებულად განხორციელდა", ამბობდა ხოლმე როცა ჩვენ შეცდომებს ვუშვებდით, რაც გამოუსწორებელი გვეგონა.

იმიტომ რომ ამ პროექტში იყო ნათია, ჩვენ, 5 კაცი, დავთანხმდით "მზერაში" მუშაობას. ამ პროექტში ჩართვა ბევრ რისკთან იყო დაკავშირებული. ჯერ ერთი, იმასთან, რომ ჩვენი სახელი ერთ კონკრეტულ დამფინანსებელთან ასოცირდებოდა, რაც ბევრჯერ გამხდარა თუნდაც ჩემი საუკეთესო მეგობრების საქილიკო და ძალიან ბევრჯერ დამწყვეტია გული მათ მიერ ნასროლ ვითომ შემთხვევით ცინიკურ ფრაზებზე, მოსყიდულობასთან დაკავშირებით. თუმცა არც ერთხელ შემიტანია ეჭვი ჩემი და ჩემი თანამშრომლების გულწრფელობასა და პროფესიონალიზმში. ჩვენ მართლა ბეწვის ხიდზე გავედით. ნანა საჯაიას ჰქონდა 30-კაციანი სია, რომლებმაც უარი თქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიზეზების გამო. და ის 30 კაცი (და მეტიც) არჩევნების მერე ყოველდღე გვირეკავდა და გვწერდა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდა. აღარ ვახსენებ იმას, რომ უკვე ზეპირად ვიცოდით იმ მანქანების ნომრები, რომლებიც პერიოდულად გვხვდებოდნენ ოფისთან თუ სახლებთან. დაბურულშუშებიანი თეთრი შკოდები გვაცილებდნენ დილაობით სამსახურში. არ დაგვისვენია ზაფხულში არც ერთი დღე. მეტიც, ხშირად, "ოვერტაიმებით" ვმუშაობდით და შაბათ-კვირებს ვაბამდით. მაგრამ არც ერთს არ მოგვსვლია თავში აზრად, რომ ეს უსამართლობა იყო - პირიქით, ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და ყველა ერთ გუნდად ვგრძნობდით თავს. ამ ყველაფერს ნათიას და ირაკლის დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი ემატებოდა, რომლებიც ყოველწუთას რეკავდნენ ლონდონიდან, ვცვლიდით ინფორმაციას, ვაწყობდით თათბირებს, განვიხილავდით დღის თემებს, სიუჟეტებს, სტუმრებს და ა.შ.

ყოველ შეცდომას, ყოველ შენიშვნას ცალ-ცალკე განვიხილავდით. მაგალითად, ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც გლდანის ციხესთან იმ შემზარავი კადრების გავრცელების გამო იმართებოდა, მე აქციაში მონაწილე ერთმა ბიჭმა თავში ცოცხი ჩამარტყა, რეალტივის ჟურნალისტი ხარ და შენ ინტერვიუს არ მოგცემო. ლოგოც კი არ გვქონდა მიკროფონზე, მიკროფონიც კი არ გვქონდა, "პეტლიჩკა" მქონდა წაღებული. არაფერი მითქვამს საერთოდ, უკან გამოვბრუნდი ხმაამოუღებლად. იმ დღის მერე გადავწყვიტეთ, რომ ყველგან ლოგოიანი რადიომიკროფონით და კამერით უნდა გვევლო. დაგვიმზადდა პრეს-ბარათებიც. რაც მთავარია, ყველა შეცდომის განხილვისას დამნაშავეს კი არ ვეძებდით, არამედ მისი გადაჭრის გზებს და მერე ამ შეცდომაზე აუცილებლად ვსწავლობდით, რადგან ერთმანეთს არავინ უყვიროდა და ემუქრებოდა.

ამ ყველაფერს და ჩვენს "სტარტ-აფს" არჩევნებიც თან დაერთო. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ სიტუაცია ასე უცებ, მეორე დღესვე შეიცვლებოდა. ჩვენ ხომ ისიც კი გვქონდა დაგეგმილი, თუ ქუჩის აქციები დაიწყებოდა, ვინ საიდან იმუშავებდა.

არჩევნები 10-ზე მეტი რეგიონიდან გავაშუქეთ. თითქმის ყველა საკვანძო ცენტრი მოვიცავით. იმის გამო, რომ "ინტერპრესნიუსივით" ჟურნალისტები ყველგან არ გვყავდა და მათთან კონკურენციას ამ მხრივ არ ვაპირებდით, სხვა სტრატეგია ავირჩიეთ და ჟურნალისტები ყველაზე რთულ რეგიონებში წავედით გასაშუქებლად. გადაწვეყტილება სწორი აღმოჩნდა. იმ დროს, როცა მესტიაში, (საიდანაც მე ვაშუქებდი) უკვე ხმებს ითვლიდნენ ღამის პირველ საათზე გვანცამ დამირეკა და მახარა, რომ ჩვენს საიტს ერთ დღეში 600-ზე მეტი ლაიქი მიემატა და 1000-ს გადაცდა. ისეთი კივილი ავტეხე, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრები ცალ-ცალკე მეკითხებოდნენ, ვინ მოიგოო. არადა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა იმ მომენტში.

რომ ჩამოვედი, ბევრმა მითხრა - მათ შორის ყველაზე პრეტენზიულმა მკითხველებმაც, რომ არც ერთ გამოცდილ მედიასაშუალებაზე მეტად თუ არა, ნაკლებად არჩევნები არ გაგვიშუქებია.

და ბოლოს "მზერაშიც" რეორგანიზაცია დაიწყო. თუმცა ეს ის რეორგანიზაცია არაა, რაც "შოკოლადში" მოხდა. იწყება ტელევიზიის ამოქმედება, რასაც ასჯერ მეტი ძალისხმევა მაინც დასჭირდება, რაც ვებს ჭირდებოდა. დღეს უფრო მეტი კონკურენციაა, უფრო ველური, მაგრამ უფრო საინტერესო მოცემულობაში ვართ. მგონია, რომ თავისუფალია სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თავი წარმოადგინოს საუკეთესო კუთხით. ამის შანსი ყველა მედიას აქვს, მათ შორის "მზერასაც". მე არ ვიცი რა იქნება შემდეგში. ვიქნები თუ არა მე ისევ ამ ტელევიზიაში, მაგრამ ის ვიცი, რომ მე და ჩემი მეგობრები, ვიყავით პირველები, რომლებიც ამ მედიაში მუშაობას საკუთარი უსაფრთხოების, სახელის და რეპუტაციის ფასად დათანხმდა და გვანცასი არ იყოს, მე მიყვარს ჩემი აგური, რომელიც ამ საქმეში ჩავდე.

და სულ მთლად ბოლოს და მთავარ ადგილას, გიო არის ადამიანი, რომელმაც ჩემთან ერთად გაუძლო ამ რყევებს წინ და უკან, წინსვლის და უკანდახევის პერიოდებს და ყველაფერი გადამატანინა. ის არის ყველაზე ღირსეული, კეთილშობილი და ძლიერი ბიჭი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ბიჭი, რომელიც არასოდეს წუწუნებს, არასოდეს არის სუსტი და ყოველთვის, ნებისმიერ პროვოკაციულ ნაბიჯზეც კი მზადაა წამომყვეს და უბრალოდ მითხრას, attraversiamo. :)

1 comment:

დააკომენტარეთ