Saturday, January 12, 2013

ჩემი ღირსეული აფხაზი მეგობრებისთვის

რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა world policy journal-ის ჟურნალისტმა მომწერა, ინტერვიუები უნდოდა აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან. ინტერვიუ უნდა ყოფილიყო lifestyle: ანუ რას საქმიანობენ, რას აკეთებენ თავისუფალ დროს, რას სწავლობენ, როგორი ქალაქია სოხუმი მათთვის, როგორ უყურებენ დამოუკიდებლობას, ევრო-კავშირსა და ნატოს, რუსეთსა და საქართველოს; როგორ აფასებენ კონფლიქტს, და ა.შ.


მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები საკმაოდ მეგობრულები და ენაწყლიანები აღმოჩნდნენ და ის გოგო, რომელიც სოხუმში ცხოვრობს და ჩემი Facebook-მეგობარია და მან დამაკავშირა ბევრს, ყველაზე რთული ჩემთვის სწორედ აფხაზებთან ინტერვიუ აღმოჩნდა.

და არა იმიტომ, რომ მათ დამოუკიდებლობა უნდათ და არ აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას; არა იმიტომ, რომ 90-იან წლების მოვლენებში საქართველოს სდებენ ბრალს; არა იმიტომ, რომ ფიქრობენ, აფხაზების სამშობლო სწორედ აფხაზეთია და არსად წასასვლელი არ აქვთ; არა იმიტომ, რომ ერთ-ერთმა რესპონდენტმა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანებში გამოქვეყნებული ყველა ქსენოფობური და რასისტული სტატია დამიკოპირა, რაც კი ქართველებმა წერეს იმ პერიოდში აფხაზების მისამართით და შემრცხვა; არა იმიტომ, რომ უბრალოდ, ნებისმიერ ქართველს, მნიშვნელობა არ აქვს როგორ პოლიტიკურ კურსს იზიარებს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის გააზრებაც კი არ უნდა;

არა.

უბრალოდ, მათთან საუბარში, პირველად შემერყა რწმენა, რომ ქართველი ერი ასე თუ ისე, მაინც მშვიდობიანი ერია. პირველად შევხედე ჩემს თავს სხვა კუთხით; პირველად შემეპარა ეჭვი ჩვენს უდანაშაულობაში და "ჩაგრულობაში"; პირველად შემრცხვა ჩემი "გმირი" წინაპრების; პირველად დავეჭვდი ისტორიის წიგნების სიმართლეში; შემრცხვა, რომ ამ ადამიანებთან მე თავი უნდა ვიმართლო და ურთიერთობები ახლიდან უნდა ავაწყო, ანუ ის, რაც 20 წლის წინ ჩემი მშობლების თაობამ დაანგრია. (თუმცა ამაში ორივე მხარეს მეტნაკლებად თანაბრად ვადანაშაულებ, იმიტომ რომ, ვფიქრობ, ომი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი არასდროს არაა).

და ყველაზე მეტად, მათთან ინტერვიუების მერე, მომინდა მეთქვა, რომ "ბოდიში, ჩემი ერი, რითაც მე თავი მომაქვს, და მეტნაკლებად, კარგი მგონია თავი, საზიზღრად მოგექცა. არაფრით არაა რუსეთზე მეტი, რომ ერთ მუჭა ხალხს უთხრა, გაეთრიეთ ჩემი მიწიდანო და ჯარები შეიყვანა; რომ ჩემი ერის და წინაპრების დამსახურებაა, რომ ყველა აფხაზს ოჯახში მინიმუმ ერთი ომში დაღუპული მაინც ჰყავს."

ჩემთვის ძალიან მძიმე თემა იყო საწერად და ძალიან მძიმე იყო ამ ადამიანებთან კონტაქტი და საუბარი, რომლებიც თავიანთ ტკივილს დაუფარავად მიყვებოდნენ. ვიცი რასაც იტყვით, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მხოლოდ 90-იანებში არ დაწყებულა, რომ ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს, გაცილებით ადრე დაიწყო ყველაფერი და საერთოდაც ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, მაგრამ მე უკვე შედეგებზე ვლაპარაკობ. ძალიან მწყინს, რომ ჩემს თანატოლს, ძალიან ჭკვიან, გონებაგახსნილ, საინტერესო გოგოს ვუხსნი, რომ მერე რა რომ ქართველი ვარ, მე კარგი ვარ, და ის მე - პირიქით. როცა შეიძლებოდა, სულაც მეგობრები ვყოფილიყავით, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო. ჩემი მშობლების თაობა უფრო ნაკლებად აგრესიული და ტოლერანტი ყოფილიყო და ერთმანეთს ასე არ დატაკებოდა.

და კიდევ, ერთი რამ ყველაზე მეტად არ მესმის: როცა აფხაზეთის კონფლიქტზეა საუბარი, ყოველთვის, ყველგან ახსენებენ, რომ აფხაზ-ეთ-ი უნდა დაიბრუნონ და არა - აფხაზ-ებ-ი. ადამიანები ყველას ავიწყდება.

1 comment:

  1. ძალიან დამაინტერესა თქვენმა სტატიამ, ალაბთ უფრო იმიტომ, რომ თქვენს ასაკს მივხვდი, უბრალოდ გირჩევთ, ფსევდო-მორალი ყველაზე მეტად ამორალურია... მე მესმის, რომ ცალკეულ აფხაზებთან საუბარში ზედპირეული განცდები გაგიჩნდა, სამწუხაროდ იმ აფხაზებთან, რომლებიც რუსული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არიან, ამაზეც არ მეკამათოთ ოღონდ. მინდა გთხოვო, თუ არ დაიზარებ, ერთი აბზაცი მაინც ისტორიისდა, გნბავთ ქართული, რუსული, ბერძნული, ნებსმიერი ისტორიიდან, თუ მომიძებნით თქვენი სიტყვების გასამართლებელს, რომ ეჭვი თქვენს მორალში არ შემეპაროს. და თუ მიმტევებლობაზე მესაუბრებით, ქრისტიანობა უზნეობასთან და ღალატთან კომპრომისს არ ცნობს! თუ რამე სხვა მორალი გაქვთ, მე ასეთს არ ვიცნობ...

    ReplyDelete

დააკომენტარეთ