Monday, June 30, 2014

22 ივნისი, 2014 წელი - ბაქოდან ასტარამდე

ახლა ასტარასკენ მიმავალ კომფორტულ ავტობუსში ვსხედვართ და გასვლას ველოდებით. ავტობუსმა, რომელიც ათ წუთში დაიძვრება, აზერბაიჯანის და ირანის უკიდურეს საზღვრამდე უნდა მიგვიყვანოს. როგორც აქ გვითხრეს, იქ შეიძლება 5-6 მანათადაც კი ვიშოვოთ იაფიანი სასტუმრო, დილით კი გეზს თეირანისკენ ავიღებთ.

მთელი დღეა ქალაქში ზურგჩანთებით დავეხეტებით და წელში გავწყდით. სამაგიეროდ, ბაქოს თითქმის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი ვნახეთ. ცათამბჯენები, ქალწულის კოში, იქვე ციხესიმაგრე და მეჩეთი. ბულვარზეც გავისეირნეთ, ცენტრში მაღაზიები და კაფეები ვათვალიერეთ, ფოტოები გადავიღეთ, რაღა თქმა უნდა, მაკდონალდსშიც ვიყავით და ჩიზბურგერებით გამოვსკდით (ისე, მაინცდამაინც ჩიზბურგერების ჭამას არ ვაპირებდით, უბრალოდ ინტერნეტი გვჭირდებოდა, რომელიც არ ყოფილა), მერე კი ისევ ავტოვაგზალზე დავბრუნდით და ასტარას ავტობუსი მოვნახეთ.

ისე, დილითაც ეგრევე აქ მოვედით. აქაც მაგარი ქაოსია, თბილისისა არ იყოს. თანაც გაცილებით დიდი სადგურია და შესაბამისად, ქაოსიც მეტია. ერთის აათის წოწიალის მერე (მას შემდეგ რაც სალაროს გამყიდველმა გვითხრა, რომ თეირანის ავტობუსი ხვალამდე აღარ გავაო და ასტარამდე ავტობუსი კიდე ან გავა და ან არაო), ვერაფერიც ვერ გავარკვიეთ და იქვე, ბინძურ და პატარა „ზაბეგალოვკაში“ ჩამოვსხედით სასაუზმოდ. წინა დღიდან ორი შეკვრა „ტუკისა“, სამი ჭიქა ჩაის და ერთი ბოთლი წყლის მეტი კუჭში არაფერი ჩაგვსვლოდა, ამიტომ იქ შემოთავაზებულ ღარიბულ, მაგრამ გემრიელ საუზმეს (ერბოკვერცხში შემწვარ კატლეტს) მთელი გულით შევექეცით. მერე ცხიმიან ტუჩებს ვილოკავდით და იქაურებს ვაკვირდებოდით. კაფეში მხოლოდ კაცები და ბიჭები შემოდიოდნენ, ეტყობა ქალებისთვის ნამეტანი იაფი და უბრალო ადგილი იყო. გიომ იქაური ლუდიც დააყოლა, მეც მოვყლუპე, მაგრამ მაინცდამაინც არ მომეწონა, წყალგარეულ ნატახტარს ჰგავდა. ჩვენ გვერდით ექვსიოდე ბიჭი იჯდა და ტანში გამოყვანილი ჭიქეიბით ცხელ ჩაის წრუპავდნენ. აი ისეთი ჭიქებით, ჩვენ რომ აქ ღვინოს ვსვამთ. აქ ყველა ყველგან ჩაის სვამს! ჩაის სვამენ საშაურმეებთან ფეხზე დამდგრები, ყურმოტეხილი ფაიფურის ჭიქებით, ქაღალდის ჭიქებით, ტანში გამოყვანილი გამჭვირვალე ჭიქებით, მდიდრულ რესტორნებში და ბულვარზე, კასპიის ზღვის ბრიზის თანხლებით.

უკან რომ ვბრუნდებოდით, გიოს გაოცებისგან აღმოხდა კიდეც, ნეტა მთელი ქალაქი ასეთი მოვლილი და ლამაზიაო? და უეცრად, თითქოს-და მის პასუხად, დავინახთ დაცხავებული, მიშენებებით გადატვირთული, ჭრელა-ჭრულა, უგემოვნო ოთხსართულიანი შენობა, რომელსაც ძნელად თუ უწოდებდით საცხოვრებელ სახლს. იდგა დიდი და ლამაზი შენობების უკან და სულ ერთი წამით შევავლეთ თვალი. მაცხოვრებლების უმეტესობას საკაბელო თეფშები ეყენათ სახურავზე, ზოგს იქვე წყლის გამაცხელებელი ბაკებიც დაემაგრებინა და მილი პირდაპირ გარედან, ფანჯრების გავლით შეეყვანა სახლში. ფანჯრები კი ისეთი პატარა და ვიწრო ჰქონდა, რომ ჩიტიც კი ძლივს გაეტეოდა. ამ ყველაფერმა წამები გასტანა მხოლოდ, შემდეგ კი ისევ ჩაგვიქროლეს წინ მდიდრულმა და შემინულმა შენობებმა და მოვლილმა ქუჩებმა.

ჰო, და ბოლო დასკვნაც ბაქოსა და ბაქოელების შესახებ: აქაურობა მართლაც ძალიან სუფთაა. იმდენად სუფთა, რომ გიო კარგახანს ყოყმანობდა, სანამ ბულვარში სიგარეტს მოწევდა, არ ვიყავით დარწმუნებულები რომ იქ შეიძლებოდა მოწევა, ისეთი გაკრიალებული იყო მთელი ბულვარი! ბიჭები გაცილებით უგემოვნოდ იცვამენ, ვიდრე - გოგონები. რაღაცნაირი ტანზე მომდგარი ტანსაცმელების მოდაა. მაგრამ საერთო ჯამში, ორივენი, ბიჭებიც და გოგოებიც პუტკუნები არიან. აქ იმანაც გამაოცა, რომ ერთად მოსეირნე გოგოებიდან, ერთ-ერთს ჩადრი ეხურა, დანარჩენებს კი ჩვეულებრივად, საზაფხულოდ ეცვათ. ერთი პატარა გოგოც შევამჩნიეთ ვაგზალზე - 16 წლისა ძლივს იქნებოდა, ჩადრი ეხურა და ძალიან, ძალიან გულისმომკვლელი სანახავი იყო.

ბაქოელები და, ზოგადად, აზერბაიჯანელებზე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. ისინი მზად არიან ნებისმიერ რამეში დაეხმარონ უცხოელს! თანაც ქართველები ძალიან მოვწონვართ. ასტარასკენ მიმავალ გზაზე ავტობუსში ჩვენი მშობლებისხელა ცოლ-ქმარი გავიცანით. შაბათ-კვირას თურმე ბაქოში ჩასულან თავიანთი შვილების მოსანახულებლად, რომლებიც იქ სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში. კაცი მასწავლებელი ყოფილა. გზაში ჩაიზე დაგვპატიჟა და გულითადი საუბარიც გაგვიბა. რაღა თქმა უნდა, პოლიტიკას ვერ ავცდით.

- თქვენი ახალი პრეზიდენტი რუსია, არა? - გვითხა ეშმაკურად.
ჯერ ვერ მოვედით აზრზე და დავუწყეთ იმის მტკიცება, რომ არა, ქართველია. მერე უცებ მივხვდით, რომ გვეღადავებოდა და გაგვეცინა.
- დავიცადოთ 27 ივნისამდე, როცა ევროკავშირთან ასოცირებსი ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, ვამბობ მე. ჩემმა სიტყვებმა ვერ შეძლო მასპინძლის ეჭვების გაბათილება. ისევ ეჭვით იქნევდა თავს. თქვენი მიშა უფრო მომწონდაო, გაგვიმხილა. მერე დაგვპირდა, ასტარაში კარგ და იაფ სასტუმროს მოგაძებნინებთო.


ასტარაში შუაღამისას ჩავედით. რომ არ დაგვხმარებოდა ის კაცი, მართლა არ ვიცი, რას ვიზამდით. ჯერ იყო და ასტარამდე ცოლი ჩაუშვა ავტობუსიდან და დააბინავა, თვითონ ჩვენ გამოგვყვა, სადგურზე ცოლისძმა დაგვახვედრა და ერთად წაგვიყვანეს სასტუმროსკენ. ამ ცოლისძმას ახალი მანქანა ყავდა, მერსედესი, რომელიც იმ დღეებში ჩამოუყვანია საქართველოდან თურმე. სასტუმრო, რომელშიც 16 მანათი მივეცით, ღარიბული, მაგრამ სუფთა იყო. ნომერში მხოლოდ ერთი ოთახი იყო. აბაზანა-ტუალეტი საერთო იყო და გარეთ, თუმცა ჩვენ ისეთი დასიცხულები და გაოფლილები ვიყავით, თავპატიჟი არ დაგვიდვია და ეგრევე შევვარდით წყლის გადასავლებად. 

დაწოლისთანავე გავითიშეთ. 

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ