Monday, June 30, 2014

24 ივნისი, 2014 წელი - თეირანი

აქ სინამდვილეში ძალიან ადრეა. იმდენად ადრე, რომ ჩვეულებრივი დასავლელი რიგითი მოკვდავი ვერც კი წარმოიდგენს - 1393 წელი დგას! ეს იმიტომ, რომ დასავლური სამყაროსგან განსხვავებით, ისინი წლებს მუჰამედის მერე ითვლიან.

ქალაქის დასათვალიერებლად დილაუთენია წამოვხტით. მოვიხურე ჩემი მოსასხამი და შარფი და გავუდექით გზას. უკვე ისე ცხელოდა, რომ ორ ნაბიჯში გასაწური გავხდი.

ერთ-ერთ კაფეში შესვლისას, სადაც იქვე დაწურული ცივი ნესვის წვენი ვიყიდეთ, ერთ ქალს გამოველაპარაკე. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, მაშინვე ის მკითხა, თბილისშიც ასევე ცხელოდა თუ არა. მე ვუთხარი, რომ ასე არა, მაგრამ საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ იქ შორტებით და მოკლე კაბებით დავდივართ-მეთქი. უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და თავის ჩადრზე მანიშნა, აუტანელიაო, თან ხელით დაინიავა.

ლანჩზე ერთ-ერთ კაფეში შევედით და გიომ სინზე იმდენი საჭმელი დაიხვავა, მოლარე გოგო სიცილისგან ჩაბჟირდა, რას ჭამთ ამდენსო. მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა! 450 000 რიალის ვჭამეთ! მთელი ცხოვრება მემახსოვრება ასეთი ძვირი სადილი რომ გამოგვივიდა და შვილიშვილებსაც მოვუყვებით, როგორ ვისადილეთ მე და ბაბუამ ნახევარ მილიონად შუა თეირანში.

სადილის შემდეგ ფულისა და ძვირფასეულობის მუზეუმში წავედით. მუზეუმი ერთ-ერთი ბანკის სათაო ოფისშია განთავსებული. ეს ძვირფასეულობა ამათი ვალუტის კურსს ამყარებს. სანამ შევიდოდით, სამ კარში გავიარეთ, ყველანაირად შეგვამოწმეს, დაგვატოვებინეს ყველაფერი, ჩანთებიდან დაწყებული, მობილურითა და მზის სათვალეებით დამთავრებული. ჩვენს გაჩხრეკვას რომ მორჩნენ, როგორც იქნა, შეგვიშვეს. მთავარ დარბაზში ბნელოდა. თუმცა შუქი იქ საჭირო არ იყო. ექსპონატები თვითონ გამოსცემდნენ საოცარ სინათლეს! აქ იყო აურაცხელი სიმდიდრე თავმოყრილი, რაც კი ოდესმე მინახავს! დიდი ალმასები, ბრილიანტები, ზურმუხტები და ლალები, ფირუზები, ოქრო-ვერცხლი, ხმლები და აბჯრები, მდიდრული სამკაულები და სამეფო გვირგვინები. ისეთი ენითაუწერელი სილამაზის, რომ სუნთქვა შეგვეკრა. დარბაზის შუაგულში კი პატიოსანი თვლებით მოოჭვილი უზარმაზარი ოქროს გლობუსი იდგა. ირანის ტერიტორია ალმასებით იყო გამოყოფილი, წყალს ზურმუხტი აღნიშნავდა, ხმელეთს კი - ლალები.

იქიდან დაშოკილები და ენაგადაყლაპულები გამოვედით და გარეთ კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდით. მერე გოლესთანის სასახლეში წავედით. ულამაზესი და უძველესი დარბაზები ვნახეთ, ფაიფურის ჭურჭლით და სამეფო ავეჯით. ერთ-ერთი დარბაზი მთლიანად სარკეებში იყო! მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად გაგვაფრთხილეს, ფოტოს გადაღება არ შეიძლებაო, მაინც მოვახერხე და ჩუმად ერთი სელფი გადავიღე! მაშ როგორ!


შემდეგ კი ლალეს პარკში წავედით. დიდი ხნის ფეხით სიარულის მერე, რასაც ჩემი ცოტახნით გაბუტვა და ჭინჭყლობაც მოყვა (რასაც გიომ გმირულად გაუძლო), როგორც იქნა სიმწვანეში, სიგრილესა და სიმშვიდეში შევაღწიეთ. აქ არსად ისმოდა მოტოციკლეტების გაუთავებელი ზუზუნი. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული ხელოვნური პარკი ხელოვნური მდინარით ერთდროულად დასვენებისა და ამხელა ქაოტურ ქალაქში სუნთქვის შესაძლებლობას იძლევა. ამხელა პარკები აქ რამდენიმეა და არსად, არც ერთ პარკში არც ერთ ინვესტორს სასტუმრო არ ჩაუკვეხებია! ცოტა ხნით მიწაზე წამოვწექით, იქვე ცივი წყალი ავავსეთ და სახეზე შევისხით. ისეთი სასიამოვნო იყო, წამოსვლა აღარ გვინდოდა. გრილი ნიავი გველამუნებოდა სახეზე და ძალიან მოვითენთეთ. მით უმეტეს, რომ იქამდე მთელი ქალაქი ეხით მოვიარეთ.

პარკის შემდეგ იქვე ხალიჩების მუზეუმი მოვინახულეთ. თმცა გოლესთანის სასახლესა და ძვირფასეულობის მუზეუმის შემდეგ ისე ძალიანაც ვეღარ აღვფრთოვანდით. ერთ-ერთ ხალიჩაზე, რომელსაც სიცოცხლის ხე ერქვა, ამერიკის პრეზიდენტები იყვნენ გამოსახულები. ფრანკლინი რომ ვიცანით, თვალებს არ ვუჯერებდით!

ამის მერე ტაქსი გავაჩერეთ და იმამ ჰომეინის მეჩეთში წავედით. ტაქსმა ერთი საათი გვატარა წინ და უკან და ბოლოს 11 დოლარის გამორთმევა დაგვიპირა, მაგრამ გიომ ფეხები გაფშიკა და როგორც იქნა 8 დოლარზე დაგვთანხმდა ძალიან უკმაყოფილოდ. ჩვენ გულარხეინად გადმოვედით.

მეჩეთის ეზოში გახურებული ვაჭრობა იყო გაჩაღებული. ძვირფასეულობას, ჩაის და ათას ხარახურას ყიდიდნენ ტურისტებისთვის. შიგნითაც კი შევედი, სამლოცველოში. იქ ორი გოგო იჯდა და ჭორაობდნენ. იქიდან მალე გამოვედი და ფეხით გავუყევით ჩვენს სასტუმრომდე გზას.

გზაში კი იცით რა შეგვხვდა?? შემწვარი სიმინდი! ერთი კაცი პირდაპირ ტროტუარზევე წვავდა! რა თქმა უნდა, ვიყიდეთ ორი ცალი და შუა თეირანში შემწვარი სიმინდის ჭამა დავიწყეთ, რომელსაც სოფლის, ზაფხულის და მდინარის გემო ჰქონდა.

სასტუმროს ადმინისტრატორმა, ძალიან თავაზიანმა ბატონმა მუსავიმ ისპაჰანისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთები დაგვიჯავშნა, ფული თვითონ გადაგვიხურდავა, ტაქსიც გამოგვიძახა და გულთბილად დაგვემშვიდობა.

ახლა მატარებელში ვსხედვართ. ღამეა, 11 საათი ხდება. ისპაჰანში დილის 6 საათზე უნდა ვიყოთ. ჩვენთან ერთად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ერთი 14-15 წლის გოგო მგზავრობს, ორ პატარა ბავშვთან ერთად. გიო ფანჯარაში იყურება და მეუბნება, რომ ეს თავგადასავალია. თუმცა მე თავს უხერხულად სულაც არ ვგრძნობ. ყველაზე მაღალ საწოლზე ავძვერი, მესამე სართულზე, საიდანაც ის კაცი ვერ დამინახავს, ეგრევე მოვიხსენი თავიდან შარფი და ლამის მაშინვე ჩამეძინა.

3 comments:

  1. ირი, რა მაგარი მოგზაურობა გაქვთ, ყველაზე ორიგინალური.
    ფოტოზე რა სათნო სახე გაქვს, ნამდვილი მანდილოსანი ხარ :პ

    უი უი უი უნდა გითხრა, ვერ მოვითმენ, არ მიწყინო ოღონდ რა, ასე მოუმზადებელი როგორ წახვედი სპარსეთსა ზედა? :პ მუსულმანებს რომ ღვინის სმა აკრძალული აქვთ, ეს როგორ გამოგეპარა. მარჯანე სატრაპის ნებისმიერი წიგნი წაიკითხე, მაგრად მოგეწონება და თან სპარსეთ-ირანის ისტორიასაც მხიარულად გაგაცნობს.

    ისე, კი ევროპის გადმოსახედიდან, როგორი სიბნელეა თითქოს მანდ, მაგრამ მომწონს კიდეც, იმიტომ რომ ორიგინალურია და ყველა ერი, კულტურა, რელიგია განსხვავებული რომაა, ამითაა სამყარო ასეთი მიმზიდველი და ლამაზი.

    კიდევ წერე რა, ველოდები შენს აფდეითებს შუაგული ევროპიდან :დ მაგრები ხართ შენ და გიო!!!

    ReplyDelete
  2. გოგო ეგ კი ვიცოდი, ღვინის სმა რომ აკრძალული აქვთ, მაგრამ აი სად რომ ისე იცი, თეორიულად და სად უცებ რომ შეეჯახები, ყოველდღიურობაში! :))))))

    სიბნელის რა გითხრა, უფრო განსხვავებული ტიპები არიან. კაკრაზ მოწესრიგებული ქვეყანაა, საქართველოზე გაცილებით კარგი ინფრსასტრუქტურით და ეკონომიკურადაც ძლიერები არიან, სისუფთავეა ყველგან, ისევე როგორც ევროპაში და ბევრი სიმწვანე ქალაქში (ნუ რა იმათი ბრალია შუა უდაბნოში რომ ცხოვრობენ)...

    მოკლედ, დანარჩენი დღეებიც დავდე და გადაათვალიერე მერე!
    მადლობა შეფასებისთვის :*:*:*:*

    ReplyDelete
  3. უი მე, ამ პოსტებით ირანში წასვლას მომანდომებ შენ :დ არა და ეგ სიტყვა რომ მესმის შიშისაგან მზარავს :დ

    ReplyDelete

დააკომენტარეთ