Monday, June 30, 2014

ირანში მოგზაურობის ტექნიკური დეტალები

რამდენი დაგვეხარჯება?

ირანში სამოგზაუროდ სულ 600 დოლარი გვქონდა. ეს ფული გვეყო ყველაფერში: მგზავრობაში იქით და აქეთ, ქვეყნის შიდა მგზავრობაში, სასტუმროში, კვებაში, მუზეუმებში და სუვენირებში.


როგორ მოვხვდეთ თეირანში?

არის ორი ვარიანტი: თბილისიდან წახვიდეთ პირდაპირ თეირანში. ავტობუსები გადის ორთაჭალიდან, ღირს 50 დოლარი ერთი კაცი. გზა 27 საათი გრძელდება და გადის თურქეთზე. თბილისიდან რომელ საათზე გადის ავტობუსი არ ვიცი, მგონი 12-1 საათზე. უმჯობესია, წინასწარ მიხვიდეთ და ბილეთები ისე იყიდოთ. მძღოლები ირანელები არიან, თუმცა ქართული იციან.

და მეორე, ნახოთ ბაქოც. თბილისიდან წავედით 21 ივნისს აზერბაიჯანის მატარებლით და დავბრუნდით 28-ში. აქედან 82 ლარად თბილისიდან ბაქომდე მიმავალი მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ. თბილისი ცენტრალიდან მატარებელი დღის 4:30-ზე გადის და ბაქოში 10 საათზე ჩადის. 

ბაქოში სიარულში დაახლოებით 30 დოლარი დაგვეხარჯა. + ჭამა. ბაქოდან ასტარაში (ქალაქი, რომელიც ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს) დაახლოებით 4 საათზე გავედით, გადავიხადეთ 13 მანათი ორივე კაცზე. ასტარაში საზღვართან ახლოს ერთ სასტუმროში გავჩერდით, რომელიც არც გვქონდა დაჯავშნილი, პირდაპირ მივადექით და იქ სულ 16 მანათი გადავიხადეთ. საუზმეც შედიოდა და უკაბელო ინტერნეტიც იყო. ასტარადან დილის 9 საათზე გადავედით საზღვარზე, დაახლოებით 40 წუთი ვიდექით. სასტუმროდან საზღვრამდე სულ 5 წუთი უნდა ფეხით. არ გაგიჟდეთ და ფუთები არ გადაიტანოთ, ვინც არ უნდა შემოგთავაზოთ, რა იცით, იმ ფუთებში ვის რა უდევს! ძალიან ბევრი შემოგთავაზებთ, ტვინს წაგიღებენ, მაგრამ არ დათანხმდეთ!

ირანის მხარეს უკვე ტაქსით წავედით ავტობუსის გაჩერებამდე 3 მანათად. ავტობუსმა თეირანში ორივე 400 000 რიალად ჩაგვიყვანა. საღამოს 8 საათზე უკვე იქ ვიყავით. მერე ტაქსით გავედით 200 000 რიალად სასტუმრომდე ცენტრში. თუ ვერ დაჯავშნით სასტუმროს, არა უშავს, იქ იმდენია იაფიანი სასტუმროები, რომ მიადგე პირდაპირ, შეგიშვებენ. პრობლემა არაა. ვაგზლიდან გააჩერებ ტაქსს, 200 000 რიალად გამოგიყვანს ქალაქის ცენტრში და მერე იქ ივლი, ბევრი იაფიანი სასტუმროა და მონახავთ რამეს. ფულის კურსს რაც შეეხება, 30 000 რიალი არის დაახლოებით ერთი დოლარი. თუმცა იქაურები ფულს თუმანს ეძახიან, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ როგორ ითვლიან, ერთ ნულს აკლებენ და მოკლედ, ყველგან მოითხოვეთ ოფიციალურად რამდენი ჯდება. კალკულატორზე განახებენ, ან დაგიწერენ. 

როგორ შევადგინოთ სამოძრაო რუკები და საერთოდაც, რა ვნახოთ

თეირანში აუცილებლად უნდა ნახოთ გოლესთანის სასახლე და ძვირფასეულობის მუზეუმი. კიდევ კარგი იქნება თუ გაქვთ სმარტფონი, იმიტომ რომ გადმოწერთ აპლიკაციას triposo iran guide და შეადგენთ სასიარულო ტურებს. 

https://www.triposo.com/loc/Iran  აი, ეს საიტია. აიფონზეც და ანდროიდზეც უფასოდ და კარგად მუშაობს. ძალიან სასარგებლო აპლიკაციაა და ინტერნეტის გარეშეც გიხსნის რუკებს. მისი წყალობით უცებ მოვიარეთ ფეხით ღირსშესანიშნავი ადგილები. მანდვე მონიშნავ რომელი ღირსშესანიშნავი ადგილი გინდა რომ ნახო, დაამახსოვრებ და გიდგენს ფეხით სასიარულო რუკას. 

რა ვჭამოთ 

საჭმელი ძალიან იაფია. 3-4 დოლარად გასკდებით იმდენს შეჭამთ (ანუ ეს დაახლობით 100 000-150 000 რიალია). ნუ ახლა, ბრინჯი და ქაბაბი რომ უნდა გასინჯოთ, ამას თქმა არ უნდა. შიდა ავტობუსებიც ძალიან იაფია და ტაქსებიც. მეტროცაა, მაგრამ სულ გაუგებარი წარწერებია და ისევ ავტობუსი ვარჩიეთ. 

როგორ ვიმოძრაოთ ქვეყანაში

საქალაქთაშორისო ავტობუსები ძალიან კარგად მოძრაობენ. აქაურები, ძირითადად,  ღამღამობით დადიან ხოლმე. ასე უფრო მომგებიანია დროის ამბავში. ამიტომ ჯობია სხვა ქალაქში ღამე გადახვიდეთ და იქ დილით ჩახვიდეთ. ასე დროსაც მოიგებთ და ფულსაც დაზოგავთ. ისპაჰანში არ დავრჩენილვართ. საღამოს გავედით ავტოსადგურიდან შირაზში. აქაც დაახლოებით 10 დოლარამდე გადავიხადეთ ავტობუსის ორივე ბილეთში. იქ, რა თქმა უნდა, ხან უნდილაძის აშენებული ხიდი და მთავარი მოედანი უნდა ნახოთ. დანარჩენი თქვენი გემოვნებით. ბაზარი ყველგან სანახავია. კიდევ ცივი ნესვის წვენი დალიეთ. ერთი დოლარიც კი არ ღირს და უგემრიელესია.

რა ჩავიცვათ

თეირანი ყველაზე „შემწყნარებლური“ ქალაქია. დანარჩენ ქალაქებში კარგი იქნება თუ ზუსტად ისე ჩაიცმევთ, როგორც ადგილობრივებს აცვიათ. არ გაგიჟდეთ და ირანში ზაფხულში არ წახვიდეთ, თუ არ გინდათ, რომ სიცხემ მოგკლათ. არანაირი შორტები და მოკლე კაბები. მოკლე კაბაში ვგულისხმობ კაბას კოჭებს ზემოთ. კარგი იქნება, თუ ჩაიცმევთ ელასტიკს და ზევიდან რამე ტუნიკასმაგვარს, თხელს, აუცილებლად გრძელსახელოიანს (მაჯებს უნდა ფარავდეს) და არაფრით გამორჩეულს და გამომწვევს. ტუნიკას სიგრძე მუხლამდე უნდა იყოს. ან გრძელი კაბა ჩაიცვით, კოჭებამდე, ან რამე შემოსაცმელი წაიღეთ მაგ სიგრძის, ოღონდ წინაც რომ იკვრებოდეს. მოკლედ, არავითარ შემთხვევაში თეძო არ უნდა გიჩანდეთ, თორემ ისე დაგაშტერდებიან, გეგონება ქალაქში კუპალნიკით მოძრაობდე. ოღონდ ეცადეთ, რომ რაც შეიძლება თხელი იყოს ეს გრძელი რაღაცები. თორემ ამოიხუთებით. ნუ, გრძელი შარფი რომ უნდა წაიღოთ და იქ თავიდან არ უნდა მოიხადოთ არსად, ეგ ცხადია. ამას ტურისტებსაც არ პატიობენ. ბიჭებს შორტის გარდა ყველაფრის ჩაცმა შეუძლიათ. ნუ, რაღა თქმა უნდა, ტანზე გახდილი, როგორც საქართველოში, არავინ დადის. :) 

არ გაბედოთ და არსად ალკოჰოლური სასმელი არ მოითხოვოთ. ნუ, თუ მაინცდამაინც ერთგული და თავდადებული მეგობარი არ გყავთ, რომელიც საიდანღაც დააძრობს ალკოჰოლს. მაგრამ ჩვენ ასე არ გაგვირისკავს.

თუ ირანში წახვალთ, პერსეპოლისი აუცილებლად უნდა ინახულოთ. აბა თეირანში მაინცდამაინც სანახავი არაფერია პერსეპოლისთან შედარებით. ამისათვის შირაზის ავტოვაგზლიდან გადის ავტობუსი, მართალია არაა კომფორტული, სამაგიეროდ ძალიან იაფია, თანაც 30-40 წუთი უნდა მგზავრობას, მეტი არა და ორი ბილეთი 1 დოლარიც კი არ გამოვიდა. ან კიდევ 4 დოლარად შირაზიდან პერსეპოლისში ტაქსით წახვიდეთ. ეგ არ ვიცოდით, თორემ შირაზიდან პერსეპოლისში ჩვენც ტაქსით წავიდოდით, თუმცა იქიდან ტაქსით წამოვედით.

მერე შირაზიდან ღამე დავბრუნდით თეირანში ავტობუსით. დილით უკვე იქ ვიყავით. მერე თეირანში, აზადის ავტოსადგურზე (იქ ორი ავტოსადგურია, იკითხეთ აზადი) თბილისამდე მიმავალი ავტობუსის ორი ბილეთი ვიყიდეთ 50-50 დოლარად, რომელიც გაჩერებაზე ჩამოდგება 1 საათზე და თეირანიდან გადის 3 საათზე და თბილისში ვიყავით მეორე დღის 5 საათზე. გზაში ორი საზღვარი გავიარეთ. ირანიდან თურქეთამდე გადმოსვლას დიდი ხანი მოუნდა. ღამე იყო, თენდებოდა და გავიყინეთ. მაგრამ მზე რომ ამოვიდა, არარატის მთა დავინახეთ და ლამაზი იყო. 

სად დავრჩეთ

ჰო, მგონი ყველაფერი დავწერე. ჩვენ არც სასტუმროები გვქონდა დაჯავშნილი, არც მგზავრობის ბილეთები, მაგრამ იქვე ვახერხებდით ყველაფერს. თანაც იაფიან სასტუმროებს ვებ-გვერდები არ აქვთ, მხოლოდ ძვირიანებს აქვთ და ამიტომ აზრი არ აქვს ინტერნეტში რამის ძებნას. ისე, ბევრი ჰოსტელია საკმაოდ, დორმებიცაა და ნორმალური ფასიც ღირს. მაგრამ ეს ყველაფერი იქვე უნდა მოაგვაროთ. არ შეშინდეთ, სასტუმროების უმეტესობა მთელი ღამე მუშაობს. 

5 comments:

  1. ვიზა არაა საჭირო?

    ReplyDelete
  2. ა, უი, მთავარი დამავიწყდა. ვიზა ქართველებს არ გვჭირდება ;)

    ReplyDelete
  3. გამარჯობა:)
    ყველგან ვკითხულობ რომ სოციალური ქსელები დაბლოკილია, პირადი გამოცდილებიდან როგორ იყო თუ შეგიძლიათ მითხრათ? :)
    Facebook, instagram, whatsapp, etc, რომელიმეთი მაინც სარგებლობდით?

    ReplyDelete
    Replies
    1. foursquare და ინსტაგრამი მუშაობდა და იქ ვდებდით ფოტოებს და ვჩექინდებოდით და მასე ხვდებოდნენ ახლობლები,რომ ცოცხლები ვიყავით :))))

      Delete
  4. მადლობა. ძალიან დამეხმარა შენი ინფორმაცია

    ReplyDelete

დააკომენტარეთ