Wednesday, March 25, 2015

შვიდი სიმართლე, რომელიც მას მერე აღმოვაჩინე, რაც 30 წელს მივუახლოვდი

იმდღეს ვკითხულობდი სტატიას, რა იცვლება ცხოვრებაში როცა 30 წელს უახლოვდები. ჩემ შემთხვევაში, გარდა თავის მოვლის საშუალებების გამრავლებისა, უფრო მეტი რამ შეცვლილა, ვიდრე - წარმოვიდგენდი. პრინციპში, ალბათ არაფერია იმაში უჩვეულო, როცა 27 წლის ასაკში აღარ ფიქრობ ისე, როგორც 20 წლისა ფიქრობდი.

1. პირველი და მთავარი - ჩემი მშობლები ღრმა ბავშვობიდან გვიმეორებდნენ მე და ჩემს ძმას, რომ ფული ყველაფერი არაა და რომ მატერიალური კეთილდღეობა ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ცვლადია ამ ცხოვრებაში, შესაბამისად, ამაზე დაყრდნობა და ამ ცვლადის მიხედვით ადამიანებთან ურთიერთობის დაწყება ან გაწყვეტა არ ღირს. ბანალური ცნება "ფული ყველაფერი არ არის" როგორც იქნა, დავიყვანე ჩემს შეგნებამდე: მე მქონდა მაღალი ხელფასიც და - დაბალიც. (ახლა საერთოდაც არანაირი ხელფასი არ მაქვს და სამსახურს ვეძებ). მიუხედავად ამისა, ფული არასოდეს მყოფნიდა. მეცვლებოდა საჭიროებები და სურვილები. არ იცვლებოდა მხოლოდ ჩემი ურთიერთობები და გრძნობები მეგობრებთან და შეყვარებულთან (ქმართან). ახლა უკვე ვიცი: მე ხან მექნება, ხანაც - არ მექნება მაღალი ხელფასი. მთავარი ჩემი ურთიერთობებია ადამიანებთან და ის ემოციები, შთაბეჭდილებები და მოგონებები, რასაც მათთან ვიღებ.

2. მე მომწონს ჩემი თავი - კი, მაქვს ცელულიტი. არც მუცელზე მაქვს სასწაული პრესი. თმაც არ მაქვს მაინცდამაინც ხარისხიანი, სიმაღლითაც საშუალო სიმაღლის გოგო ვარ და საერთოდაც, მოდელის აღნაგობა და გარეგნობა არ მაქვს. უცნაურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემს საყვარელ კაცს საერთოდ არ ადარდებს მე 2კგ-თი მეტი ვიქნები თუ - ნაკლები, ის კი არა, ნამდვილად ვერ ამჩნევს, თუ მე არ ვუთხარი და თვალებში არ შევჩხირე ჩემი ფიზიკური ნაკლი. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ 24 საათი ფასტ-ფუდის რესტორანში ვიჯდე და გაზიანი სასმელი ვსვა წყლის მაგივრად. ეს ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით დავაფასე ჯანსაღი კვება და ბუნებრივი, ჩვეულებრივი წყალი, ბევრი კოსმეტიკის ნაცვლად, კანის მოვლის საშუალებები. იმიტომ რომ ჯანმრთელობაა. იმიტომ რომ მინდა, დიდხანს ვიცხოვრო და ჯანმრთელობამ თავგადასავლებში ხელი არასოდეს შემიშალოს.

3. ყველაფერი შესაძლებელია - ამ ფრაზას ჩემი ერთი კარგი ნაცნობი წლების წინ მიმეორებდა და მეც ბატივით თავს ვუქნევდი, მაგრამ ვერ ვიაზრებდი. ახლა მივხვდი, რომ მართლა ყველაფერია შესაძლებელი! (კი, აქედან გამომდინარე ყველაფერი შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამაზე დავა ახლა არ მინდა). ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს, რაც კი თავში გამივლია. და უკვე დროის კარგვად მეჩვენება რაიმე საკითხზე დავა, ან წესებსა და კანონებზე კამათი. მით უმეტეს, გემოვნებაზე დავა. კი, ყველაფერი შესაძლებელია! ყველანაირი თეორია შესაძლებელია, რომ ასრულდეს პრაქტიკაში. ყველანაირ აზრს, რაც კი ჩვენს გონებაში გაჭაჭანებულა, აქვს არსებობის უფლება. ჩვენ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს. ის კი არა, ფიზიკის კანონების დარღვევაც კი შესაძლებელია, არათუ - ადამიანის უფლებების. ამიტომაც შენ რასაც ამტკიცებ, ისიც მოსულა და შენი მოწინააღმდეგე რასაც ამტკიცებს - ისიც! არაფერი არაა ცალსახა და ერთადერთი. ცხოვრება მარტო კონკრეტული შავი და თეთრი არ არის, ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ სამყარო ამოუწურავია. ღმერთო, რა მარტივია ასე ცხოვრება!:)))) კამათობთ, რომ, სიტყვაზე, ნაციონალები ჯობიან ქართულ ოცნებას ან - პირიქით? შენც მართალი ხარ და შენც, იმიტომ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ აგერ, ნასა 2020 წელს მარსზე მოხალისეებს უშვებს ექსპედიციაში მუდმივად საცხოვრებლად. :D

4. სიყვარული ყველაფერზე ძლიერია - "ინტერსტელარის" ყურებისას ერთი ფრაზა დამამახსოვრდა. თარგმანში ან პერიფრაზში შინაარსი რომ არ დამეკარგოს, პირდაპირ დავაკოპირებ:

"Love isn’t something that we invented. It’s observable. Powerful. It has to mean something. Maybe it means something more, something we can’t yet understand. Maybe it’s some evidence, some artifact of a higher dimension that we can’t consciously perceive. Love is the one thing that we’re capable of perceiving that transcends dimensions of time and space."
შეიძლება ძველმოდურად ჟღერს, მაგრამ მთებს გადაგადგმევინებს სიყვარული. ეს ყველაზე საჭირო და ძლიერი ინსტინქტია, თუ რაღაც ასეთი, რაც დაგვმართნია. ვერანაირი ფული, სოციალური კეთილდღეობა, სახელი, დიდება, წიგნები, განათლება ან, თუნდაც, მოგზაურობა, ვერ შეცვლის იმ ძალას, რასაც სიყვარული გვაძლევს. 

5. თავგადასავალი ბარგის ჩალაგებიდან იწყება - და არა იქიდან, როცა ძვირადღირებულ სასტუმროში დაბინავდები. ჩალაგება, გზა, გულისფანცქალი საზღვრის გადაკვეთისას, სხვადასხვა ადამიანების გაცნობა მგზავრობისას, იქაური ყოფითი კულტურის და უბრალო ადამიანების გაცნობა, იმ ადგილების მონახულება, რომელზეც სკოლაში ისტორიის ან გეოგრაფიის გაკვეთილის დროს გიყვებოდა მასწავლებელი და ვერც იოცნებებდი, რომ ოდესმე ნახავდი, ხიფათი და თუნდაც, ბარგის დაკარგვა :)) - ეს აძლევს მოგზაურობას განუმეორებელ ხიბლს, და არა - სასტუმროში მომსახურების ხარისხი. 

6. არაფერი არ "ტეხავს", თუკი გაბედნიერებს - რაღა თქმა უნდა, ამაში დანაშაულს და კრიმინალს არ ვგულისხმობ. არ ტეხავს არც ადრე გათხოვება, არც - უმუშევრობა (ნუ, თუ ფული იმდენი გაქვს, რომ გადარჩენისთვის არ იბრძვი ყოველდღე); არც რამის არცოდნა, არც ბოლოს გამოსული სასწაული ფილმის უნახაობა ან ნახვა და არმოწონება, ან ვერგაგება; არ ტეხავს ჩვეულებრივობა; არ ტეხავს კონფორმისტობა, ყველა ნამდვილად არაა გმირი და თუ თეთრი ყვავობა არ გაბედნიერებს, არც უნდა იყო! არ ტეხავს "გოგოშკური" მელოდრამების და რომანწიკების ყურება და მერე ამაზე ტირილი; არ ტეხავს ზედაპირულობა; არ ტეხავს სიყვარული. საერთოდაც, არანაირი სიყვარული არ ტეხავს. ოღონდ უნდა გაბედნიერებდეს. წერტილი.

7. ჭეშმარიტი სიყვარული არ კვდება - ჰო, მიყვარს ჰარი პოტერიც და "მაკდონალდსის" ჩიზბურგერიც და თქვენი გამკვირვებია ხალხო, რით ვეღარ მოგბეზრდათ ჩემი კრიტიკა:))) კაი ხანს ვამტკიცებდი, რომ იცი რა, ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ახლაც ბევრს ვკითხულობ, მაგრამ ჰარის ეკუთვნის ჩემი გული ცხოვრების ბოლომდე, "- after all this time? - Harry always" და რამე. მაგრამ იცით რა? აი, დარდი, თუ ისევ გგონიათ, რომ მარტო ჰარი პოტერი მაქვს წაკითხული. :)) ჩიზბურგერს რაც შეეხება, ვიცი, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, ნეტავ, მაგ ქაღალდის საჭმელს რა მაჭმევს, ბლა-ბლა-ბლა... გმადლობთ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ახლა შეიძლება ეს ჩიზბურგერი ბოლომდე შევჭამო? <3 div="" nbsp="">

1 comment:

  1. შენ 27 წლისა როგორ დაბრძენებულხარ და 30-ის რომ გახდები, რას იზამ :პ

    არ ვკაიფობ, მართლა!!! შვიდივე პუნქტში გეთანხმები და მიხარია, რომ ასე ფიქრობ.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ