Wednesday, June 10, 2015

მალე ვიქნებით სამნი

როცა ორსულობის ტესტზე ორი ხაზი ჩნდება, მთელი განვლილი ცხოვრება ერთ წამში ჩაგირბენს თვალწინ ერთ კადრად, გახსენდება ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ სიკვდილის წინა იმ ლეგენდარული წამისგან ერთადერთი რამე განასხვავებს: წარსულის შეცდომების მაგივრად, გახსენდება ყველა საუკეთესო მოგონება, რაც კი გქონია; ყველა დიდი წვეულება, სადაც ყოფილხარ და მაგარი დრო გიტარებია; ყველა გიჟური ზაფხული და ყველა არანორმალური თავგადასავალი, რაც თავს გადაგხდენია და თან ფიქრობ, ამის მერე როგორღა იქნება?


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ზუსტად ეს შეგრძნებები გამოვცადე ზუსტად ერთი წამის განმავლობაში და ამიტომ იყო, ვიცინოდი თუ ვტიროდი, მე თვითონ ვერ გავიგე.

რაც არ უნდა დაგეგმილი ორსულობა იყოს, რაც უნდა ბევრი გქონდეს ნაფიქრი პარტნიორთან ერთად და რაც უნდა ბევრჯერ გქონდეს დეტალებში განხილული შვილის მდგომარეობა ემბრიონიდან სრულწლოვნებამდე მიღწევამდე, პირველი, რასაც განიცდი, პანიკური შიშია. უცებ მომინდა ყველაფრის მიტოვება და გაქცევა, მნიშვნელობა არ აქვს საიდან სად.

ამის ნაცვლად, ავიღე ტელეფონი, გიოს დავურეკე და ახალი ამბავი მოვახსენე. ცოტა მერე კი, მას მერე რაც პულსი ნორმაში ჩადგა, შევედი აპპ-სტორზე და what to expect-ის ტიპის ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი აპლიკაცია გადმოვწერე. საკმაოდ სასარგებლო აპლიკაცია გამოდგა. გარდა დღეების და კვირების გამოთვლისა, ბევრი საინტერესო სტატია იდება, ყოველ კვირას ახალ ვიდეოს დებენ, სადაც ჩანასახის განვითარების ყოველი ეტაპია ნაჩვენები, კიდევ ვიღაც სასიამოვნო გარეგნობის დეიდა აცნობს ფეხმძიმეებს იმ კვირაში რას უნდა ელოდონ, რა განუვითარდება ნაყოფს, რა სიძნელეები და რა პრობლემებია. კიდევ არის ფოტოჟურნალი და ფორუმი, სადაც ათასობით შენნაირი პოსტავს ათასობით სულელურ სტატუსს, მაგალითად: "ექიმმა კოკა-კოლას სმა ამიკრძალა, მაგრამ დღეს ორი ყლუპი მაინც დავლიე, ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ" და ა.შ. ფორუმზე დიდად არ შევდივარ (თუ შევდივარ ისიც იმიტომ, რომ გავერთო და ვიცინო ვიღაცებზე), აი, ვიდეოებმა კი მართლა ბევრი რამე მასწავლეს. (http://www.whattoexpect.com/what-to-expect/landing-page.aspx) აი ლინკიც, თუ ვინმეს დაგჭირდათ.

მაგალითად, თითქმის, იმ წუთიდანვე ვგრძნობდი ნაყოფის მოძრაობას, როცა რეფლექსები განუვითარდა, იდაყვები და მუხლები გაეზარდა, მიხვდა, რომ მათი გამოყენებაც შეეძლო და მათი ვარჯიში დაიწყო. შედეგად, თავიდანვე სულ ვგრძნობდი მუცელში პეპლისმაგვარ ფრთხიალს, რომელიც, ყურადღების მიქცევისთანავე ჩერდებოდა.

მერე, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ კი, ბიჭო, მართლა სუპერ-ძალაა, როცა ახალ ადამიანს ზრდი ორი უჯრედისგან - სპერმატოზოიდისგან და კვერცხუჯრედისგან, როგორც ჩვენ ვართ შექმნილები: მეც, გიოც და მთელი დანარჩენი კაცობრიობა. სასწაულად გამართული და უხარვეზო, სრულყოფილი სისტემაა, მე თუ მკითხავთ, კონვეიერივით აწყობილი.

ვიდეოების საშუალებით ვაკვირდებოდი, როგორ გადაიქცა ნელ-ნელა ეს ორუჯრედიანი რაღაც ამფიბიის მსგავს რაღაცად, გამოეზარდა კუდი, ჰქონდა რამდენიმე დვრილი ორის ნაცვლად, მერე ჰქონდა აპკიანი ხელ-ფეხი, გული წუთში 200 დარტყმამდე აფიქსირებდა. მერე ნელ-ნელა განუვითარდა შინაგანი ორგანოები. ისეთი გამჭვირვალე კანი ჰქონდა, ყველაფრის დანახვა შეიძლებოდა. ამ დროს უკვე თავკომბალას კი არა, თავმოყვარე ხვლიკისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ჰგავდა. მერე ჯერ აპკისგან გაუთავისუფლდა თითები, მერე სასქესო ორგანოები განუვითარდა, ტვინი, შინაგანი ორგანოები, კანი გაუსქელდა - აი ასე, ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა ადამიანად, რომელიც დღეს უკვე 20 სმ-ია და 450 გრამი და ძალიან ჰგავს იმას, რაც უნდა დაიბადოს.

ახლა 23-ე კვირაში ვარ. ამ კვირაში გემოს რეცეპტორები უვითარდება, შეძლებს გაარჩიოს ტკბილი, მწარე, მლაშე. უკვე აქვს წამწამები და წარბები, ტვინი და ნერვული სისტემა დასრულების პროცესშია, ახლახანს აღმოაჩინა, რომ შეხებისას რაღაცას გრძნობს, რეაგირებს სინათლესა და სიბნელეზე, 24 საათიდან 14-ს წესით ძილში უნდა ატარებდეს, მაგრამ მგონი ჩემი გამონაკლისია და 24-ივე საათს ხელ-ფეხის ქნევაში ატარებს. (ენაცვალოს დედამ, მშობლებივით ვერ ეგუება ჩაკეტილ სივრცეებს :D ).

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ აპლიკაციის მიხედვით, ცოტა ხანში, მთლიანად თმით დაიფარება, რომელიც მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე, დასცვივდება. საინტერესო იმიტომაა, რომ დარვინის ევოლუციის თეორიას ფეხდაფეხ მიყვება. გიო ამბობს, ჩვენი შვილი ჩვენზე უფრო სწრაფად ბერდებაო. მართალიცაა, მუცელში გაცილებით სწრაფად იზრდება ის, ვიდრე - ჩვენ დედამიწაზე. აი, როგორც, "ინტერსტელარში" ჩადიან მეთიუ მაკკონაჰი და ენი ჰეთვეი ერთ-ერთ პლანეტაზე, სადაც გატარებული ერთი საათი ბორტზე დარჩენილი ტიპისთვის 7 წელს უდრის. მოკლედ, ალბათ, მხოლოდ გარემო და არა - დრო განაპირობებს ჩვენი ზრდის სისწრაფეს.

არ მახსოვს, როდის გავაცნობიერე, რომ არა უშავს, ეს არაა პრობლემა, რომ შუბლზე მუდმივი ტატუ არ გამჩენია  "მე შვილი მყავს", გიოს ისევ მოვწონვარ, არც დავმახინჯებულვარ. იმაზე ფიქრი, რომ ჩემს კარიერას რამე დაემუქრება, სასაცილოც კი მგონია. არა, გულისცემის მოსმენაზეც არა, არც მაშინ, როცა სქესი გავიგეთ და ნაყოფის პიროვნებას უფრო დაკონკრეტებული სახე მიეცა. :)) (აქამდე რაღაცა იყო და გიო მოფერებით ვაძიმას ეძახდა, ახლა ვიცით, რომ ბიჭია). უფრო თანდათანობით, როცა ამ ვიდეოებს ვუყურებდი. სიცოცხლე ხომ სასწაულია! ახლაღა გავაცნობიერე მე თვითონ, რამხელა ძალა მომეცა, როცა ჩემმა მშობლებმა გამაჩინეს. ცოდნის შეძენის, კითხვებზე პასუხების ძიების, ახალი სივრცეების აღმოჩენის, ემოციების და შთაბეჭდილებების მიღების შანსი მომცეს. თუკი "მე" ჩემს სულს, თუ რაღაც არამატერიალურ ფორმას ქვია, მაშინ ამ "მე"-ს მისცეს შანსი ჩემმა მშობლებმა, რომ დედამიწაზე, ფიზიკურადაც გამომეცადა ძალები. ხოდა, როცა ამხელა რამე  გავაცნობიერე, მერე ღლიცინი და წუწუნი ფიზიკური ფორმების დამახინჯებაზე, ტანსაცმლის დაპატარავებაზე, გრაფიკის არევასა და მომავალ უძილობებზე ცოტა სასაცილოც კი მეჩვენა.

ჰო, მოგვიწევს მე და გიოს ღამეების თენება; მოგვიწევს ჩვენი ფინანსების შემცირება და ბავშვის ფინანსების გაზრდა; მოგვიწევს გრაფიკიდან ამოვარდნა. მაგრამ, განა კარგ სამსახურში გადასვლისას ამბობენ, რომ "კარგი და საინტერესო სამსახურია, მაგრამ გრაფიკია ცუდი და ამიტომ ვერ დავრჩებიო"? პირიქით, საინტერესო და დატვირთული საქმე ყველას მოსწონს. (ნუ, ჩემ გარშემო ყველას, ჩემი ჩათვლით); შეიძლება დროებით ფიზიკური ფორმიდან ამოვვარდე, მაგრამ მე გაცილებით საამაყო მიზეზი მექნება საამისოდ, ვიდრე ნებისმიერ მამრს, რომელსაც ღიპი ლუდის სმისგან აქვს დადებული და არა - ახალი ადამიანების გაჩენისგან.

რაც მთავარია, მგონია, რომ ყველაფერი დროებითია. დროებითია ყოველღამე ღამის თენება, ძუძუთი კვება, გრაფიკის არევა, ფინანსების შემცირება, ფორმების დამახინჯება... მე ბევრი მაგარი ქალი და კაცი მყავს სამაგალითო გვერდით, ჩემი და გიოს მშობლების ჩათვლით, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ: შვილების და ერთმანეთის სიყვარულს, გართობას და თავგადასავლებს, მოგზაურობას და არც ერთს არ აქვს, ზოგადად, იმდენი შემოსავალი, რომ ვთქვა, იმათ რა ენაღვლებათ, აწყობილი ცხოვრება აქვთო. ხოდა, სადაც ბევრმა შეძლო ჩვენამდე, იქ ჩვენც არ გაგვიჭირდება, ორივე ხომ სასწაულად ყოჩაღები ვართ - მეც და გიოც.

შეიძლება ვცდები, მე და გიოს აქამდე მსგავსი გამოცდილება ხომ არ გვქონია. მაგრამ მახსოვს, როგორ მაფრთხილებდნენ ოჯახის შექმნაზეც დაახლოებით იმავენაირად: "ამის მერე ქმარს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო, ვიდრე - დაქალებს", "შენ ოჯახი ცანცარი ნუ გგონია", "ოჯახი ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევს", "დაივიწყე ეგ შენი აღმა-დაღმა წანწალი, ახლა ქმართან ერთად თუ ივლი, თორემ ისე - ვეღარ". უცნაურია, მაგრამ ქმართან ერთად უფრო მეტი ვიწანწალე კიდეც, უფრო ხშირად ვერთობოდი, ჩემს დაქალებთან შეხვედრების განრიგი არ შემცვლია (სიმართლე რომ ვთქვა, მძიმეგრაფიკიანი სამსახურები უფრო გვიშლის ამაში ხელს, ვიდრე - ქმარი). მოკლედ, ამაში საბოლოოდ და მყარად დავრწმუნდი, რომ ოჯახის შექმნა და მთელი ცხოვრების, სიყვარულის და ემოციების ერთადერთი ადამიანისთვის მიძღვნა ძნელი სულაც არაა. მთავარი მიდგომაა და მეორე მხარის მზაობაც, შენნაირად მიუდგეს საკითხს. ჩვენს შემთხვევაში, ეს თავიდანვე გარკვეული იყო. სიძნელეები გვქონდა, მაგრამ, მხოლოდ, ფინანსური და დროებითი, რაც არასოდეს გადასულა ემოციურ ჭრილში. ყველაფერს დეტალებში ვწერდით და ფინანსთა მინისტრებივით ვადგენდით კრიზისიდან ამოსვლის გზებს. მეთოდმა გაამართლა. ახლა უკვე ვიცი, თუნდაც ვალების ჭაობში ვიხრჩობოდეთ, გიო აუცილებლად დამთანხმდება იმ დღეს ბოლო 20 ლარით სადმე გასეირნებაზე, ან სახლში ლუდის დალევასა და ფილმის ყურებაზე და ისევ ისე მეტყვის "ატტრავერსიამო!" <3 .="" p="">
ჰოდა, რატომაც არ უნდა გადმოვიტანო ეს "მთავარია როგორ მიუდგები"-ს მეთოდი ბავშვზე?



1 comment:

  1. gilocav :)
    bevri dzalian saintereso dge da celi gelit cin:)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ