Friday, September 10, 2010

ირაკლი ჩარკვიანი და ქვიშხეთი–თბილისის გზა

საერთოდ პოსტების თემები ერთი მეორის მიყოლებით მომდის ხოლმე თავში. მაგრამ ვერასოდეს ვფიქრობ როგორ დავიწყო. სამოტივაციო წერილებზეც ეგრე მჭირს. მოკლედ, როგორც მეწერინება ისე დავიწყებ, მაინც ჩემი ბლოგია, რასაც მინდა იმას დავწერ.

სიმართლე რომ ვაღიარო, (და ალბათ ბევრი აღიარებს) ბავშვობაში მაგარი პაპსა ვიყავი. ვუსმენდი ბრიტნი სპირსს, სფაის გერლზს, ბექსტრიტ ბოიზს და ა.შ. მამაჩემმა მე–13 თუ მე–14 დაბადების დღეზე დიდი და ლამაზი მუსიკალური ცენტრი მაჩუქა, დისკიანი. მე კიდე ამ მაგარ ცენტრზე ასეთ პაპსებს ვუსმენდი. ჰოდა, საწყალ კაცს გული უჩუყდებოდა ჩემს შემხედვარე. მომიტანა deep purple-ს დისკი, the best–ი იყო მგონი. მე კიდე სიცილადაც არ მეყო, მეოცე საუკუნის "ჟღარუნი". და სანამ ამ "ჟღარუნს" ჩემი მოსმენის ღირსად ჩავთვლიდი, იქამდე ირაკლი ჩარკვიანის გადაწერილი კასეტა ჩამივარდა ხელში. ჩემმა დაქალმა მოიტანა. ისიც პაპსა იყო, და იმ პერიოდში ვეცნობოდით "ანდერგრაუნდს". :D ორღანი 78 იყო, სექსი, ზანგო და მე გადმოვცურავ ზღვას. ხოდა მოგვეწონა.

ჰოდა იმის მერე ცოტ–ცოტას მაგრამ ჩარკვიანს სულ ვუსმენდით. თან მაშინ უბანში დაგვცინოდნენ, რეებს უსმენთ, ა.შ. ხოდა მერე, მაგ ამბიდან ერთ წლის მერე მე და ბიძაჩემი მოვდიოდით ქვიშხეთიდან. დილა იყო, ბიძაჩემს რაღაც დანჯღრეული და შელოცვით აღდგენილი მანქანა ჰყავდა. წინა სიდენიის შუშას რო ჩამოუწევდი, მერე ხელი უნდა მოგეკიდა შუშაზე და ისე აგეწია უკან. ხოდა ჩამოწეული კი არა და ჩამოვარდნილია ეს შუშა და გვიბერავს კარგად. ხაშურში გაგვიჩერდა მანქანა თან. ერთი საათი ვეწვალეთ, ვეწვალეთ, ძლივს გავაკეთეთ. ხოდა ამ დაბოღმილზე და დაღლილზე ჩართო რაღაც კასეტა. გადაწერილი კასეტა იყო რაღაც, აღარც ის იკითხებოდა რა იყო ზედ ჩაწერილი ოდესღაც. ხოდა გაიჩითა ირაკლი ჩარკვიანის "სულს". აუუუ როგორ გაასწორა...

"მივქროდით" ამ ჩვენი დანჯღრეული მანქანით ტრასაზე, ჩარკვიანს ვუსმენდით, ზაფხული იყო და კახას (ბიძაჩემის ანუ) ძველი რეიბანები მეკეთა. თავი 70იანების ჰიპი მეგონა, როგორც მინიმუმ! :D კახა თავის სტუდენტობის ამბებს მიყვებოდა, როგორ სწავლობდა თეატრალურში და ჯინსებზე რა ამბავი იყო მაშინ :D

ჰოდა ისე გამოვიდა, რომ კახამ და ირაკლი ჩარკვიანმა მომარჯულეს და ადამიანური გემოვნება ჩამომიყალიბეს. :D

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ