Wednesday, September 29, 2010

honey september

სექტემბერი თაფლისფერია. როცა მზის სხივებს ჩრდილში აღარ ემალები და გსიამოვნებს. ნაირ-ნაირი ჟაკეტის და ფერად-ფერადი შარფების დრო დგება და დიდი ჭიქით ლიმნიან ჩაისაც სხვა გემო აქვს.

ზაფხულიც გავიდა. ადრე მთელი ზაფხულის განმავლობაში 10-მდე წიგნს მაინც ვკითხულობდი, წელს არც ერთი ფურცელი არ გადამიშლია. ეტყობა საშინლად დავიღალე, ან წიგნის სიყვარულმა გადამიარა, ან რა ვიცი. როგორც წესი სექტემბრისთვის ახალი ძალებით ვივსები ხოლმე, რომელიც იქითა მაისამდე მყოფნის, მაგრამ წელს არა. ამაზე კონკრეტულად რამ იმოქმედა, არ ვიცი. ალბათ ცოტ-ცოტა ყველამ და ყველაფერმა. სულ იმის მეშინია ხოლმე, რომ ჩემს უბედურებებში სხვები არ დავადანაშაულო, როგორც წესი ჩემს ყველა ნაბიჯს ვიხსენებ და ვაანალიზებ, რომ მივხვდე, მე რა დავაშავე. თუმცა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ერთი რამ, რაც წელს ვისწავლე, ისაა, რომ არ მოთხოვო ადამიანებს ბევრი. ბევრი კი არა, სამსახურის და საქმის გარეთ არაფერიც არ მოითხოვო. იმიტომ რომ არავის შეუძლია იმის მოცემა, რაც გინდა. ეს არაა ან ცუდი, ან კარგი. ეს უბრალოდ ფაქტია, ასეთი ვარ მეც. კიდევ ის ვისწავლე, რომ ადამიანებთან ზედაპირული უნდა ვიყო. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან. ზოგადად სუყველა ერთმანეთთან ზედაპირულად ურთიერთობს. რამდენი ხანია ამას ვაკვირდები. მე-9 კლასის მერე და ასეა. ამ ზაფხულს სულ ცოტა დამოუკიდებლობაც ვისწავლე. პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაც და კუთვნილი დასვენების დამოუკიდებლად გატარებაც. თუმცა ვერ ვისწავლე წინააღმდეგობის გაწევა. ეს ალბათ მომავალი წლისთვის გადაიდო. ვისწავლე ავტოსტოპერობა. პირველად რომ ტრასაზე დავდექით, სუყველას გვიტყდებოდა ხელის აწევა. ახლა კი ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, როცა მანქანა ჩერდება, თან საკმაოდ ტევადი. (თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, კორსაშიც გადასარევად ჩაეტევი).

აქ მარტო ვარ და ჩემ ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. ლექტორებიც და სტუდენტებიც წავიდნენ. ერთი ჭიქა რძიანი ყავა და ფუნთუშა დახატავდა ამ სიტუაციას.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ