Thursday, October 21, 2010

მარტო საჩემო პოსტი

უცნაურია, როცა ადამიანები ყველაზე მეტად მჭირდებიან ხოლმე, მაინცდამაინც მაშინ მტოვებენ. განშორება უფრო მეტად ამტკიცებს სიყვარულს, ბლაბლაბლა.... თან მჯერა, თან _ არა. უფრო თავის მართლება თუ თავის დამშვიდება მგონია ხოლმე, ვიდრე სინამდვილე. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ერთგული ადამიანი არ ვარ და ჩემთვის ღალატი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ყოველდილას კბილების გახეხვა. ისიც უფრო უცნაურია, რომ როცა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოს მტკიცებას ვიწყებ, მე თვითონვე ვაძლევ საბაბს ყველას, რომ ასე იფიქრონ ჩემზე. ან კიდევ, არ მისმენენ, ან კიდევ ცინიკურად იცინიან და ამით ყველაფერი მთავრდება. არ მესმის კიდევ იმის, თუ რატომ ანიჭებთ ადამიანებს მეგობრის დაცინვა უცხო საზოგადოებაში სიამოვნებას. რატომ ჰგონიათ რომ ამით ამაღლდებიან ვინმეს თვალში?

ისიც უცნაურია, რომ საკმარისია ცოტათი მაინც ვიგრძნო თავი ბედნიერად, რომ მაშინვე ვხვდები როგორ მარტო ვარ. გასაჭირში ყველა ჩემს გვერდით ჩნდება, ყველა თავს მევლება და ყველა ცდილობს ტკივილი გადამატანინოს. ერთმანეთზე უკეთეს რჩევებს მაყრიან. საკმარისია ამ გასაჭირიდან ამოვძვრე, რომ იწყება ჩემ გარშემო დაწყვილებები, შეთქმული სახეები და ა.შ. ძალიან კარგი ტაქტიკა ჰქონდათ საბჭოთა კავშირში, ადამიანს არ უჯერებდნენ და გიჟად გამოჰყავდათ. მგონი მეც ასე მომდის... ოღონდ საკუთარი თავი გამომყავს გიჟი.

ამ ბოლო დროს მივეჩვიე ასე ფიქრს. მერე ნელ–ნელა ვივიწყებ ყველა განცდილ ემოციას და გავლილ სიტუაციებს, გონებას ვაჩვევ იმას, რომ ეს ყველაფერი არც მომხდარა და ვივიწყებ. ვივიწყებ, მაგრამ რაც უფრო მეტია ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ფაქტები, მით უფრო უფერულდება მეგობრებთან, ნაცნობებთან და ადამიანებთან, ზოგადად, ჩემი ურთიერთობების სიღრმე. ეტყობა ესაა გაზრდა. როცა სულ შეჯიბრის სიტუაციაში ხარ, სულ იმაზე ფიქრობ, ვინმემ რამე არ მოგატყუოს, სულ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ. ბევრჯერ გაუცრუებიათ გული ჩემთვის მეგობრებს. ბევრჯერ დამივიწყებია თავიდან ბოლომდე ყველაფერი.  

და მერე ვიტვირთები ათასი საქმით, რომ ამდენ სისულელეზე ფიქრის დრო აღარ დამრჩეს. რომ არ დავკარგო არც ერთი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოვაგროვე ჩემ გვერდით. იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველანაირი ტიპები მღლიან. ჩემ გარშემო კი, როგორც წესი, ყველა ერთი, კონკრეტული ტიპია: ზოგი გადარეული, ზოგი _ დალაგებული, ზოგი _ არტისტი, მოკლედ, ზოგი _ როგორი, და ზოგი _ როგორი.
არ მყოფნის მეგობრებში მხოლოდ ერთი ტიპაჟი. ბევრ სხვადასხვანაირ ტიპს ვითხოვ მათგან.

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ