Monday, December 20, 2010

რა მოხდა მუხათწყაროში

სამხედრო ჟურნალისტიკის კურსის დროს ორი ყველაზე საინტერესო ლექცია გამოვტოვე. ერთი ვაზიანის ბაზა, მეორე _ აირსოფტთან თამაში. პირველი თამაშის ფოტოები შეგნებულად არ ვნახე. ჯერ ერთი შური ოხერია, მეორეც _ მეორე თამაში თითქმის მეორე დღესვე დაიგეგმა და ამიტომაც პირველი შთაბეჭდილების ფოტოებით მიღება არ მინდოდა.

დათქმულ დროსაც ჩვენ ოთხივე დროულად გამოვცხადდით. დროულად კი არა, ცხვიტოსაც კი დავასწარით :))) ნახევარი საათის განმავლობაში ძლივს ვგროვდებოდით. ჩემი სათვალე იქვე გამოიცადა. (არც ელიავაზე მიყიდია, არც ბიჭებს უთხოვებიათ, ჩემი იყო). აბა თვალის დაკარგვას, ისევ სათვალე გატყდეს, ის მირჩევნია! მარშუტკაში ჩასხდომის წუთიდან ვფიქრობდი, რომ "ირინ, არ აყვე, გიჩალიჩებენ", "აქ არ დაჯდე, აფეთქდები" და მსგავს სისულელეებს. მაგრამ არაფერი მსგავსი. არაფერი, სანამ პირველ ბლოკპოსტამდე არ ავედით.

მოდი, ცოტა რამეს airsoft Georgia-ზე მოვყვები. ეირსოფტის ფედერაცია 2009 წლის დეკემბერში დაარსდა საქართველოში. მიზეზები ბევრია და მარტივი. დაწყებული ქაუნთერ–სტრაიკის სიყვარულით, დამთავრებული ახალი, ჯანსაღი ჰობის შექმნით. ასეთი ფედერაციები უკვე არსებობს იაპონიაში (რომლებიც როგორც ყველგან, აქაც პიონერები აღმოჩნდნენ), ინგლისში, რუსეთში, უკრაინაში და უკვე საქართველოშიც. უკვე დაარსდა ეირსოფტის ასოციაციაც. დეტალური ინფორმაციისთვის, როგორც უკვე გითხარით, საიტი იხილეთ, იქვე ფორუმიცაა და თუ ბედმა გაგიღიმათ, გაიხსნა და დარეგისტრირება მოახერხეთ, აზრების ფრქვევასაც შეძლებთ.ჰო, ახლა კი ისევ ჩვენს თამაშს დავუბრუნდეთ.

მოკლედ, სცენარი შემდეგნაირი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში რომელიღაც ქვეყნის სეპარატისტები სამხედრო ოპერაციებში ჩაებნენ. ვითარებას დიდად ვერ აკონტროლებს ქვეყნის შეიარაღებული ძალები და ჩვენ, ჟურნალისტები, საერთაშორისო მშვიდობიანი დამკვირვებლებთან ერთად მივდივართ, რომ გავარკვიოთ რა ხდება. ადგილზე მისულებს სიტუაცია საკმაოდ დაძაბული გვხვდება: ახალი ნაომარია, სეპარატისტები ნელ–ნელა სტრატეგიულ ობიექტებსაც იკავებენ. მოკლედ, სერიოზული ამბავია.

პირველად მაშინ შევშფოთდი, როცა ბლოკპოსტზე ავედით და ფანჯრიდან 100–მდე შეიარაღებული ტიპი დავინახეთ. ფანჯრის გაღება და ფოტოს გადაღება მინდოდა, მაგრამ ერთ–ერთმა ეირსოფტელმა (როგორც მერე გაირკვა, ლაშა ნარსიამ) მაშინვე დამახურინა. თურმე შეიძლებოდა ესროლათ!

ჰო, მერე ის იყო, რომ უცებ სროლა ატყდა, მარშუტკა გაგვაჩერებინეს, შიგნით ამოვიდნენ, რაღაცა ისროლეს, ჩვენ კი ჩამოსვლა გვიბრძანეს. ჩამოვედით! (რატომღაც რომ ვინმე გაძალიანებოდა). ძირს დაგვყარეს სუყველა. (ქუდი მაშინვე მომძვრა, მაგრამ ერთადერთი წინ ჩამოკიდებული ჩემი დედისერთა ნიკონი, იგივე "ნიკუშა" მედარდებოდა, რომლის ობიექტივსაც ჩემი თვალის ჩინივით ვუფრთხილდები!). მერე ხელები გაგვკოჭეს და სადღაც გაგვაქანეს. (სირბილისას ჩემს გამტაცებელს ვუთხარი, გეხვეწები ცოტა ნელა ვირბინოთ, თორემ წინ რომ მაქვს ხელები შეკრული წონასწორობას ვერ ვიკავებ თქო, ამის თქმა იყო და ვიღაცამ უკნიდან მომაძახა, თუ ვეღარ მორბის, წამოათრიეო, რაზეც რატომღაც უფრო სწრაფად გავიქეცი :D). აგვიყვანეს სადღაც სახლში.

აქ, არ შემიძლია რომ არ მოვყვე: ჩვენი გამტაცებლები მალე შემოვიდნენ კონტაქტში. მით უმეტეს, რომ რადგან ფოტოგრაფად ვითვლებოდი, ხელები მაშინვე გამიხსნეს. ფოტოებს ვიღებდი და თან "გამტაცებლებს" ვეტლიკინებოდით. :)))) მოკლედ, ამ ტლიკინში გაირკვა, რომ რამდენიმე ჩემი ყოფილი სკოლელი ყოფილა, მართალია უხსოვარ დროში ჰქონიათ დამთავრებული, მაგრამ მაინც 161–ელი. მასწავლებლებიც კი გავიხსენეთ. რაც მთავარია რუსულის მასწავლებელი დალი და ქურიძე მანანა ყველას გვახსოვდა!

სამწუხაროდ, თამაში ყველასათვის მოულოდნელად დავასრულეთ. სანამ გვერდითა სახლებიდან "brotherhood"-ის საოცარ შეძახილებს ვისმენდით, მანამდე იმ სახლის პატრონი მოვიდა, ვის სახლშიც ომობანას ვთამაშობდით :D. ნეტა მისი სახე მენახა, როცა ამდენი შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამრი  დაინახა! :))))

მერე ჯგუფები გავცვალეთ და ჩვენ შეტევაზე გადავედით. ცოტა მოსაწყენი იყო, ჩვენ არავინ გვესროდა, სარბენი და საფხორთხიალოც ცოტა იყო, ვერც დავიღალეთ, არც დიდი აზარტი აღარ ყოფილა. მოკლედ, ცოტა არ იყოს, მოვიწყინეთ.

აი ასეთია ქაუნთერ–სტრაიკი "ლაივში". უფრო საინტერესოა ზოგადად, მით უმეტეს, როცა იარაღი გიჭირავს, მთელი დღე ტყვედ არ ზიხარ და გამტაცებლების ნერვების მოშლის მეტი გასართობი არ გაქვს.

მერე after-party-ც იყო, და თან არაერთი, მაგრამ ეს თემას მნიშვნელოვნად სცილდება და აქ მოსაყოლად არაა საინტერესო. ისე კი, აქვე ჩამოვწერ ბარემ იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ითამაშო სტრაიკ–ბოლი ყოველ კვირას:

1. ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული თამაში ქაუნთერ–სტრაიკია ლაივში. დაჟე, სახლებიც კი ჰგავს ერთმანეთს.
2. ქუჩაში ბირჟაობას და ზოგადად, უსაქმურობას და მახათების მოძებნას ჯობია ითამაშო.
3. ფულის სასმელში და სიგარეტში ტყუილად გადაყრას, ჯობს იარაღი იყიდო და ითამაშო.
4. უცნაური ჰობი გექნება და გოგოებში (ან ბიჭებში) იმარიაჟებ, კაი ტიპი ვარო. (რა ეხლა, არც ერთი ეირსოფტელი არ მარიაჟობს გულის სიღრმეში მაინც ამით?: ))))) )
5. თუ მუშაობ და შენს ბოსზე ვერ იყრი ჯავრს, შეგიძლია მეორე გუნდის წევრზე იყარო და რამდენიც გინდა იმდენი ესროლო, თუ მით უმეტეს იმათი შეძახილები ნერვებს გიშლის. :D
6. თუ უბრალოდ აგრესიული ხარ და აცნობიერებ, რომ ამაში შენი ახლობლები არ არიან დამნაშავეები, შეგიძლია მთელი აგრესია თამაშში ამოიღო. სახლში ბედნიერი და დასვენებული მიხვალ, ჭირი _ იქა, ლხინი _ აქა.
7. მერე ფორუმზე დარეგისტრირდები და ერთ–ერთი გუნდის პაროლს მაინც გაიგებ :D
8. Facebook-ზე ფოტოებს დაყრი თამაშის მერე და ათას აღტაცებულ კომენტარს წაიკითხავ.

ნუ, მიზეზების განვრცობა უსასრულოდ შეიძლება და კიდევ ერთი დამატებითი და ერთი შეხედვით სულელური რჩევა, განსაკუთრებით გოგონებს: არ გაგიჟდეთ და საყურეები არ გაიკეთოთ. ან თუ გაიკეთეთ, მერე ჯიბეში არ ჩაიდოთ, თორემ ისე დაშავდებით, ტყვია სულ არ დაგჭირდებათ :D

ჰუჰუ, მაგარი კამუფლაჟი აქვს ტიპს:)))))
ასე რომ, go, Johnny, go!

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ