ჩემივე ფეხსაცმელებს დავემსგავსე |
სხვა ტიპი გავხდი. ადრე რაც მეზარებოდა, ახლა უფრო დიდ დროს ვუთმობ. მაგალითად, ფრჩხილების მოვლას. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა წამესვა მანიკური. ან, ფეხსაცმლის გაწმენდა რა საჭირო იყო. ნუ ასეთი დეტალები რა.
თითქოს ჩემს ბევრ მე–სთან ვითათბირე, ვითათბირე და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ მინდოდა.
უცნაური შეგრძნებაა. თითქოს ერთ დღესაც გავიღვიძე და დათქმულივით, საერთოდ სხვა ტანსაცმელი ჩავიცვი, საერთოდ სხვაგან წავედი, სხვა რაღაცები ვაკეთე, სხვა რაღაც ვილაპარაკე... და ეს ყველაფერი სრულიად გულწრფელად, არავისთან დათმობის ხარჯზე. აი უბრალოდ, ასე გადავწყვიტე და მორჩა.
ნეტა ყველა ადამიანი ასე წყვეტს, რომ მორჩა, გაიზარდა და ამის მერე როგორც მოიქცევა, ეს მისი ბუნებრივი სურვილი იქნება და არა საზოგადოების დაკვეთა? ხომ არიან ადამიანებიც, რომლებიც ვერასოდეს იზრდებიან და თუ ისინი სერიოზულად იქცევიან, მხოლოდდამხოლოდ საზოგადოებისთვის ირჯებიან ასე და ამით სიამოვნებას ვერ იღებენ?
უკვე მივეჩვიე, რომ ცხოვრებაში რამდენიმეთვიანი ეტაპები მაქვს ხოლმე. ვარ რამდენიმე თვე მშვიდად, ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილიც ვიპოვე, ჩემი გარკვეული ინტერესები და მიზნებიც მაქვს, მაგრამ გადის რამდენიმე თვე და ისევ მიწყებს რაღაც შიგნიდან ღრღნას: ნუთუ ეს ისაა, რაც მე მინდა? და ეჭვებში ვვარდები. ახლის ძიებას ვიწყებ. ეს ეტაპი შეიძლება იყოს ლაშქრობები და რამდენიმე თვე ტყის მეტი არაფერი მაინტერესებდეს, მაგრამ საკმარისია დრო გავიდეს, რომ ვხვდები, კიდევ მეტი მინდა.
მგონი მუდმივად ასე ყოფნა საშიშია. ერთხელაც იქნება ჩემს ასეთ რყევებს ვეღარ გაუძლებენ და მეგობრებიც დამტოვებენ და საყვარელი ადამიანიც. მაგრამ მე თვითონ მომწონს ასე. ერთფეროვანს საკუთარ თავს ვერ ვიტან...
გაიზარდე, ადამიანო, გაიზარდე :დ
ReplyDelete