Monday, December 13, 2010

Do we need another revolution?

"შოკოლადის" ერთ–ერთ ძველ ნომერში წავაწყდი სპეც–პროექტს: "მე რომ 18 წლის ვიყავი". ჰოდა, ასე 40 წლამდე ასაკის ქართველები იხსენებენ, რას აკეთებდნენ ისინი თინეიჯერობის დროს. ჯერ ერთი, რომ იმ უხსოვარ დროს სიტყვა "თინეიჯერი" არ არსებობდა, თუმცა ამას შევეშვათ.მგონი თითქმის ყველა "როლინგ სტოუნზს" და "ბითლზს" უსმენდა. ან თუ ამას არა და ალა პუგაჩოვას. მაგრამ ამას აღარ აბაზრებენ.

იმდღეს, ჩემს ლექტორთან პატარა დისკუსია მქონდა იმის თაობაზე, გვჭირდება თუ არა საქართველოში სექსუალური რევოლუცია. ჰო, სწორედ ისეთი, დასავლეთში 60–იან წლებში რომ მოხდა და ჰიპების მოძრაობა დაიწყო. ლექტორმა დამცინა და მითხრა, რაღა დროს ეგაა, ჩვენთანაც მოხდა და გადატრიალდა რაც გადასატრიალებელი იყოო. იმწუთას ვერ დავუჯერე, თუმცა ახლა ვხვდები, რომ მამაჩემის თაობასა და ჰიპებს შორის, არის რაღაც საერთო და კაცმა რომ თქვას, აღარც ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის ჩრდილში. იდეოლოგია ნელ–ნელა, მაგრამ მაინც იშლება და დროთა განმავლობაში სულ უფრო ცოტა დარჩება ისეთი, ვისაც "ის" დრო ენატრება.

პირველ რიგში საერთო არის დრო. ავად თუ კარგად, ჩემი მშობლების თაობაც გამოხატავდა პროტესტს, უსმენდა როკს, იჭერდა რადიო "თავისუფლებას" და "ამერიკის ხმას", ეცვა ჯინსები და ატარებდა გრძელ თმას. მართალია ოღრაში ქართველი მამაკაცები და ძველი ბიჭები მაშინ უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ არც ქართველი სუროგატი ჰიპები იყვნენ ცოტანი. ნუ, ყოველ შემთხვევაში იმდენნი, რომ დღეს უკვე რამდენი იხსენებს იმ დროს კარგად, ჯინსებს და როლინგ სტოუნზის ფირფიტებს გადამყიდველებისგან რომ ყიდულობდნენ და მაღაზია "მელოდია" ატალახებული რომ ჰქონიათ. (არადა, ჩემს თაობას ფირფიტა კი არა, ალბათ კაი ხანია დისკი აღარ უყიდია, ღმერთმა მოიგონა იუტუბი და იქმნა ნათელი ინტერნეტში!)

ცოტას პროტესტსაც გამოთქვამდნენ, შეუფერებლად ეცვათ, შეუფერებელს უსმენდნენ, ყველაზე გაბედულები უნივერსიტეტის ეზოში რაღაც ჟურნალებს დააფრიალებდნენ. მოკლედ, თბილისშიც დუღდა რა ახალგაზრდული ცხოვრება.

მერე მოვედით MTV–ს თაობა. ანუ ჩვენ. თუ გინდათ, თაობა Z თუ Y. თუ მამაჩემი ბითლზზე იყო გაზრდილი და იმის მამა ბითლზებს ეძახდა გოიმობას, მამაჩემი თუფაქს, ბრითნი სპირსს, სპაის გერლზს, ბექსტრიტ ბოიზს და მაიკლ ჯექსონს მიწუნებდა. სულ პაპსას და ემ–ტი–ვი–ს ბავშვს მეძახდა. მაშინ არც პაპსა ვიცოდი რა იყო და საკაბელო "მე–7 არხი" ახალი გაგებული მქონდა. ის დალოცვილი საკაბელო კიდევ ათასში ერთხელ ჩართავდა ხოლმე ამ MTV-ს და მეც მივადებდი ჩემს კასეტიან მაგნიტოფონს ტელევიზორს და იქიდან ვიწერდი საყვარელ სიმღერებს. თან ოჯახის დანარჩენ წევრებს ვაჩუმებდი. აბა რა მექნა, ჩემი მაგნიტოფონი გაფუჭებული იყო და არც კასეტიდან კასეტაზე იწერდა და არც რადიოდან კასეტაზე. თანაც რადიოს ანტენა გაფუჭებული იყო და სულ შიშინებდა. მერე ნავთის კერასინკით გამთბარი ნავთისვე ლამპის შუქზე ვმეცადინეობდი და დაჭეჭყილი ბატარეებით ვუსმენდი ხოლმე 90–იანების ჰიტებს.

რაის როლინგ სტოუნზი და ლედ ზეპელინი! :)

ზაფხულობით კიდევ, თუ მამაჩემი და იმისი თაობა "ამერიკის ხმის" მოსასმენად ბაზალეთზე დადიოდნენ, ჩემი ბიძაშვილი სოფელში მეორე სართულზე ავიდოდა, აივნამდე ამოჭიმავდა ხოლმე მავთულს, მეორე ბოლოს მაგნიტოფონის ანტენას დაამაგრებდა და ასე ვიჭერდით "მამაჩემის რადიოს". ასე უსკდებოდა მამაჩემს გული. მთელ ჰოლივუდს და ამერიკულ შოუ–ბიზნესს აგინებდა შვილების გემოვნების გაფუჭებისთვის.

ჰოდა, დღეს უკვე ვეთანხმები ჩემს ლექტორს. ჩვენ აღარ გვჭირდება სექსუალური რევოლუცია. იმ დროს, როცა ჰიპები ამერიკაში შტატიდან შტატში კადილაკით გადადიოდნენ და ავტოსტოპერობდნენ, ჩვენთანაც ცხოვრობდნენ უდარდელად, დაგრიალებდნენ მართალია "ნოლშესტებით", მაგრამ მაინც, ცოტ–ცოტას დასავლურსაც უსმენდნენ. იმდროინდელმა ახალგაზრდებმა ისწავლეს როგორ უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები. ნელ–ნელა ჩემი მშობლების თაობაშიც მომწიფდა აზრი, რომ ადამიანები თავისუფლები არიან. უფრო ძნელად ვიდრე ჰიპების თავებში, მაგრამ მაინც.

აი რაც შეგვეხება ჩვენ, ე.წ. MTV-ს სუროგატებს, როგორც მამაჩემი იტყვის ხოლმე, არ ვიცი. ჩემს გარშემო ფეისბუქს თუ ვენდობით მინიმუმ 600 ნაცნობი ტრიალებს. აქედან 80% დაახლოებით იზიარებს ჩემს აზრს ადამიანის უფლებების ხელშეუხებლობის და უზენაესობის შესახებ. ჰოდა, რაც შეეხება თაობა P.S.–ს (აბა ლათინური ასოები Z-ზე მთავრდება და რამე ხომ უნდა დამერქმია), იმათ ალბათ ასეთ რთულ რამეებზე ფიქრი აღარ დაჭირდებათ. კაცმა რომ თქვას, რამდენიც არ უნდა ვიკითხო, ჩემით არ შევსწრებივარ იმ დროს. ყველა კიდევ თავისებურად მიყვება და ერთი დაუმონტაჟებელი შავი მასალაც სამწუხაროდ არ არსებობს. ზოგადად კიდევ, იმის თქმა მინდოდა, ჩვენ მაინც შევეშვათ ყვავილებიანი რომანტიკოსებივით ფიქრს და ცაში ფრენას და საქმე ვაკეთოთ, თორემ გაგვისწრო ისევ ევროპამ და როდემდე უნდა ვსდიოთ კუდში:))

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ