Sunday, February 20, 2011

If my dreams come true :P

რას ვიზამდი, ყველაფრის გაკეთება და ყველა ოცნების ახდენა რომ შემეძლოს? 

არ ვგულისხმობ ისეთ ოცნებებს, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში რომ იჭრება, აი უბრალოდ, როგორ წარმომიდგენია ჩემი იდეალური მომავალი?

შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს და ფანტაზიის ნაკლებობა და გონებაშეზღუდულობაც დამაბრალოს, მაგრამ არა უშავს. აი ჩემი ოცნებებიც:

მინდა ვიცხოვრო ზღვისპირა ქალაქში.
მყავდეს ოჯახი და დიდი ძაღლი.
ყოველ შაბათ–კვირას ჩემი სახლი სავსე იყოს ჩემი მეგობრებით, რომლებსაც ჩემივე გაკეთებული კერძებით და ღვინით გავუმასპინძლდები.
ვაკეთებდე დოკუმენტურ ფილმებს, ისეთებს, როგორიც დისკოვერიზე ან ბიბისიზე გადის.
შესაბამისად, ვმოგზაურობდე ბევრს.
სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც "ჰილტონის" სასტუმროს ვბრონავდე, მაგრამ ვმოგზაურობდე საზღვარგარეთ.
მქონდეს დიიიდი ბიბლიოთეკა.
მყავდეს ნიჭიერი და ლამაზი შვილები. ( :D)
არ მეზარებოდეს დილაობით სირბილი!!!!
არ მყავდეს მელოტი და დაბალი ქმარი :))))))
ჩემს სახლს ჰქონდეს ტერასა და წინ ბაღი, ერთი ვაშლის ხით მაინც.
ყველა ოჯახურ და ტრადიციულ დღესასწაულზე შევძლოთ შეკრება მთელმა ოჯახმა. (ეს, სხვათა შორის, მე და ჩემმა ძმამ მოვიფიქრეთ, რომ რაც არ უნდა გვეზარებოდეს, ახალი წლის ღამე სულ ერთად გავატაროთ ხოლმე, როცა დავბერდებით და ჩვენი შვილები გასართობად წავლენ).
რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ 14 იანვარს მე, სალომე და ანი ერთად ვხვდებოდეთ, ოღონდ მარტო ჩვენ სამნი, გოგოები, არავითარი ქმარი, შვილი და დამსწრე საზოგადოება. 
დიიახ, აი ასე!;)
ასევე რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ ზაფხულს მე და ჩემმა დაქალებმა ყოველთვის უნდა მოვიწყოთ დასვენება, მარტო ჩვენ რომ მივდიოდეთ, ასევე დამსწრე საზოგადოების გარეშე.

სულაც არაა ისეთი სურვილები, რომელიც არასოდეს განხორციელდება. მგონი, საკმაოდ რეალური ოცნებები მაქვს. :)))))
თქვენ რაზე ოცნებობთ? 

Wednesday, February 16, 2011

როგორ მოვხვდეთ იტალიაში!

ძალიან მაგარია იმის გაცნობიერება, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. თუნდაც მაშინ, როცა სადღაც შუაგულ ევროკავშირში იკარგები, საღამოს 6 საათია, ბნელდება, ცივდება და შენ უკვე თბილისში გინდა. შენს მეგობარს უყურებ და ხვდები რომ ისიც ცოტაც და ატირდება. შენც ძალაუნებურად იბრუნებ ყელში გაჩხერილ ბურთს უკან და გზას განაგრძობ. მერე მთელ კედელზე რომ მატარებლების განრიგია გაკრული იმას უბრუნდები და შენ ერთი ბოლოდან მოყვები, შენ მეგობარი კი მეორედან. ასე ეძებთ რომი–პერუჯას რეისს. მერე გორგოლაჭებიანი ჩანთებით გასწრობანას თამაშობთ შუა რკინიგზაზე, რომელიც ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე შენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი და სასურველ მატარებელში სხდებით. მერე ერთი მონაზონი შეგიცოდებთ ორ დაბნეულ, თვალზე ცრემლმომდგარ შტერს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნად ვერც ერთი მარადიული ქალაქი ვერ შეედრება საკუთარ უბანს, და ასიზიში წაგიყვანთ. კარგადაც გავახშმებთ, დაგაძინებთ, მეორე დღეს კი იმ მატარებელზე დაგსვამთ, რომელიც დაჯავშნილ სასტუმრომდე მიგიყვანთ.

ან კი რა შენი ბრალია, თუ დაბნეულობისგან არ იცი რა გააკეთო და სასტუმროს არა ქალაქის ცენტრამდე ათი წუთის სავალზე, არამედ ქალაქიდან ათი წუთის სავალზე სულ სხვა დაბაში ჯავშნი. იტალიაში ასეთი მოგზაურობის შანსი 1%–ია და ის 1%–იც სათანადოდ უნდა გამოიყენოს კაცმა. თორემ მერე ვინ დაარღვევს თქვენ გარდა შუა იტალიაში ყველანაირ წესს, ვინ მოივლის იტალიის ტრასებს ველოსიპედით, ვინ იფრენს ასევე ველოსიპედით რამდენიმე მეტრს, ვის გამოეკიდებიან იტალიელი ბიჭები "ბელლა, ბელლა"–ს ძახილით, ვის მოუნდება პირველივე ღამეს, რომელსაც შენივე შეცდომით ასიზის მონასტერში ათევ, დედა და თბილისში ყოფნა??

თუმცა მეორე დღეს შიში სადღაც ქრება. მით უმეტეს, რომ გვერდით შენი საუკეთესო მეგობარია, საქართველოსგან განსხვავებით იტალია უფრო მეტადაა სამხრეთით და უფრო მეტადაც თბილა, პერუჯის რკინიგზაზე ნაგავი არ ყრია და შენი სასტუმროს პატრონიც, ახალგაზრდა და მხიარული ჯანჯაკომოა. ჯანჯაკომო ზარმაცებს და არაფრისმაქნისებს კი გეძახით, "აი ნიდ ით თუდეი, ნოთ თუმოროუს" ძახილით გაჩქარებთ, რომ მალე დაჭრათ ხახვი, იტალიურად კაცმა არ იცის რას გიყვირით, მაგრამ ყოველ საღამოს არაჩვეულებრივი პასტითა და სოუსით გიმასპინძლდებათ, არც იტალიურ შავ ღვინოს ივიწყებს. ხოდა ყოველი ვახშამი თავისებური იტალიური რიტუალია ამ პატარა ინტერნაციონალურ სასტუმროში, სადაც ათასი ჯურის ახალგაზრდას ხვდები. ზოგი არდადეგებს ატარებს, ზოგიც, შენსავით ვითომ კონფერენციაზეა ჩამოსული, ზოგი მოგზაურობს და გზად შემოირბინა, ზოგს თავგადასავლები უნდა.

შენ და შენი მეგობარი ამ შუაგულ იტალიაში, სადაც სუყველას აშშ–ს ჯორჯიადან გონიხარ, თავგამოდებით იცავთ პატარა და უცნობ ქვეყანას, მით უმეტეს, რომ ომი ახალი მომხდარია და ყველა, "oh, Russia, occupation"-ით გიცნობთ. ჰო მართლა, ვერც ერთ ამერიკელ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე როუზის იტანთ, მოფერებით როზას რომ ეძახით და პირველივე შემთხვევაზე ლუდის ბოთლში უფურთხებთ. სამაგიეროდ, იმწამსვე წყვეტთ მშობლიურ ენაზე ყაყანს, როცა სასტუმრო ოთახში ორი ერთმანეთზე სიმპათიური, მაღალი და მზემოკიდებული ბიჭი შემოდის! იმდენად სიმპათიური, რომ თქვენთვის უკვე სულერთია, რომელი მოგეწონებათ და დაქალსაც დიდი სიამოვნებით უთმობთ ერთ–ერთს:)))) მერე კი, საღამოთი დასეირნობთ და თქვენ წარმოიდგინეთ და, "ტრამალის მგელსაც" არჩევთ. ვინ თქვა, უცხოელები ზოგად განათლებას არ აფასებენო!

ან ის ვიღამ მოიგონა, ქართველებზე სტუმართმოყვარე ერი ქვეყნად არ არსებობსო! ჩადით რა იტალიაში! ჯერ უნივერსიტეტის დეკანატი და თვითმმართველობა ააწიოკეთ, მერე იტალიის საელჩოში აბრახუნეთ კარზე, სანამ შეწუხებული შვეიცარი "მამა მიას" ძახილით არ გაგიღებთ კარს, ელჩსაც ექაქანეთ გაურკვეველი ქართულით აქოშინებულებმა, თუ როგორ გინდათ იტალიაში წასვლა, მერე მთელი რუსთაველი გადაშლილი პასპორტით აიარეთ, სადაც ახალჩარტყმული ვიზა ბრწყინავს, მერე კი, შუაღამისას აეროპორტში წადით და სტამბულის აეროპორტის გავლით, სადაც 8 საათი გაჩერდებით და მთელ იქ მომსახურე პერსონალს გაიცნობთ, გაფრინდით რომში!

მაგრამ, თუ გვერდით საუკეთესო მეგობარი არ გყავთ, რომელსაც გარეთ შტორმის და ტურბულენტური ზონების ეშინია, ამ ყველაფრის შეგრძნება გაგინახევრდებათ და აზრიც არ ექნება. ხოდა, ყველანაირი სამსახურის, აპლიკაციის და გასაუბრებისაც, იტალია ამ ყველაფრად ღირს!

"ესაც ჩვენი მოგებული ომი"!

არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალია, რომ კონფლიქტების გაშუქებას გავდივართ და ზოგადად ჩემთვის კონტექსტს და რა ჭრილში ითქმება ხოლმე რაღაცები, დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არც "მტრის ხატს" ვუყურეთ დღეს, რომელიც ამერიკელის გადაღებულია ამერიკის პროპაგანდისტულ მანქანაზე და არც შემთხვევით დაულინკავს ზოის პრესა.ჯის სტატია.

გუშინ ბათუმის პრეს–კაფეში ვახტანგ კომახიძის ფილმის, "ესაც ჩვენი მოგებული ომის" ჩვენება გაიმართა. პრესა.ჯის ჟურნალისტს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც კი უნახავს არც ერთი კადრი ამ ფილმიდან, არ მოუსმენია არც ერთი სინქრონი, ისე უწოდებს ამ ფილმს ანტიქართულს, პრორუსულს, აგენტს, მოსყიდულს და ა.შ. მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

დღეს რომ ჟიჟის არ აეხსნა ჩვენთვის, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა და რა მესიჯებს გზავნის ხელისუფლება ხალხში, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, ალბათ ასეთი პროტესტის გრძნობა არ გამიჩნდებოდა. შეიძლება არც მენახა ეს ფილმი და 48 წუთის მოცდენა დამზარებოდა.

ფილმის ნახვის მერე ვიფიქრე, რომ 22 წლის განმავლობაში მე კარგად მქონდა ჩანერგილი თავში, რომ საქართველო მხოლოდდამხოლოდ მსხვერპლია დიდ რუსეთთან და ამ მსხვერპლს არასოდეს დაუჩაგრავს სხვა და ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ ზუსტად იმავე როლში გამოვდივართ, როგორ როლსაც მივაწერთ ჩვენს "აგრესორ, ოკუპანტ და ა.შ." მეზობელს. ვართ თუ არა ისეთივე აგრესორები და ოკუპანტები აფხაზებისთვის და ოსებისთვის როგორიც რუსეთია ჩვენთვის?

აი ეს ფილმიც. ჩემი რჩევაა, რომ ყველამ ნახოთ.

Wednesday, February 9, 2011

movies I've watched

ოსკარის დაჯილდოებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ყველა ფილმის ნახვა კი რა თქმა უნდა მეზარება. კაცმა არ იცის, რატომ გადავწყვიტე "გვახარიობანა", პრინციპში ეს სულაც არაა ამ პოსტის დაწერის მიზანი. თუმცა ჯობია ამ სულელურ შესავლებს პირდაპირ საქმეზე გადავიდე. ჰო, აშკარად ასე სჯობს.

რა საყვარელია თან :S
ფიილმი #1. "127 საათი". დენი ბოილი.

ჯერჯერობით არც თუ ისე ბევრი ფილმი მაქვს ნანახი. პირველი რაც ოსკარზე წარდგენილი ვნახე, არის დენი ბოილის "127 საათი". ჯეიმზ ფრანკო თამაშობს. ფილმი "საუკეთესო ფილმისთვის", ჯეიმზ ფრანკო კი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვისაა წარდგენილი. ნომინაციები კიდევ უხვად აქვს, მათ შორის საუკეთესო საუნდტრეკი, რომელსაც Dido ასრულებს. ფილმი რეალურ ისტორიასა და ფაქტებზეა დაფუძნებული. "127 საათს" შუაღამისას, რამდენიმედღიანი ფიქრის მერე ვუყურე. ტრეილერი გადასარევი ჩანს _ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები როგორ ერთობიან გრანდ–კანიონზე. ჰა, ჰა, ჰა, გგონიათ საღამოს სასუსნავს გვერდით მოიდგამთ, ნაუშნიკებს ყურებში გაირჭობთ და სასიამოვნო 2 საათის გატარება გიწერიათ?:))) არაა! ნამდვილად არა. ადრენალინი, აჩქარებული პულსი, გაბნეული კადრები, გრანდ–კანიონი და პრაქტიკულად ერთი მსახიობი, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში მიყავს მოქმედება და დინამიკას არ აგდებს. შინაარსს რომ მოვყვე, ფილმის ნახვას აზრი აღარ ექნება. როცა ეკრანზე ტიტრები გამოჩნდა, ეგრევე ფეისბუქზე შევვარდი და პირველივე, ვინც ონლაინზე იყო, მივწერე. ვეღარ ვიძინებდი.

დახატულია ეს გოგო:|
ფილმი #2. "შავი გედი" დარენ არანოვსკი.


ამ ფილმის ყურება ორმა რაღაცამ გადამაწყვეტინა. ნატალი პორტმანის როლმა და "გედების ტბის" მიმართ ჩემმა სიყვარულმა. მოქმედება ფანტასტიკას, ფსიქოლოგიურ დრამას და თეატრალურ წარმოდგენას შორის მიმდინარეობს. ნატალი პორტმანი პატარა გოგოა, რომელიც თეატრის პრიმა–ბალერინობაზე ოცნებობს, რომელი სპექტაკლი, თუ არა "გედების ტბა" მოუტანს მას წარმატებას და აღიარებას? ჰოდა, ისიც პრემიერისთვის ემზადება. პატარა, დედის დამჯერი გოგო ნელ–ნელა მშობლის ყოვლისშემძლე ფრთისგან გამოდის და ფრთებს თავად ისხამს. ნუ კაი ხო, ეჩვენება, მაგრამ ეს საერთოდ არაა მნიშვნელოვანი რა ეჩვენება და რა _ არა. მთავარია, მაყურებელი როგორ წყვეტს, რა რეალობად ჩათვალოს და რა _ არა. ძალიან მიყვარს ისეთი ფინალი, როცა მე თვითონ ვიგონებ დასასრულს. მიყვარს ასევე ისეთი ფილმებიც, რომლებშიც მოქმედება თეატრში ხდება. გრიმი, კოსტიუმები, კლასიკური მუსიკა, ქორეოგრაფია. ვერც ამ ფილმზე შეგპირდებით, რომ აუცილებლად საღამოს "შეიკეცავთ ფეხებს ბებრულად", ლიმნიან ჩაის მოიდგამთ და საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ. თუმცა ამ ფილმის ყურებაში დახარჯული წუთები ნამდვილად ღირს. ბოლოსდაბოლოს, ნატალი პორტმანი თუ არ გევასებათ, ჩაიკოვსკია!

ფილმი #3. "ბავშვები კარგად არიან". ლიზა კოლოდენკო.


საკმაოდ სახალისო ფილმი, რომელიც, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, მთლიანად ადამიანურ ურთიერთობებზეა აგებული. აქ ვერ შეხვდებით ვერც იარაღებს, ვერც სექსუალურ ლამაზმანებს, ვერც კაი ტიპებს, ფანტასტიკაც კი არაა, არც ფსიქოლოგიური დრამაა. მოკლედ, არაა აქ არაფერი ის, რაც დღევანდელ კინოს ან პოპკორნის მოყვარულებს აინტერესებთ. (ნუ, ვმამენტ შეიძლება აინტერესებდეთ, მე და კიდე ბევრი აბა რატომ დააინტერესათ) თუმცა აქ არის მაგალითად ასეთი მომენტი: "მერჩივნა, შენც გეი ყოფილიყავი, უფრო მეტად ემოციური იქნებოდი" (ზუსტი ციტატა არ მახსოვს). ესაა ოჯახი, სადაც ერთმანეთი უყვართ და აფასებენ, გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ, ერთად განიცდიან ყველა პრობლემას და ერთადვე წყვეტენ. მოკლედ, ამერიკული ოჯახი, სადაც ბავშვები ბოლოსდაბოლოს იზრდებიან, 18 წლისები ხდებიან და კოლეჯში მიდიან. (რა მაგარია, მეც მინდა ასე ვა!) მშობლები კი, ბებერი მშობლები, ერთად რჩებიან, მარტოები და უფრო მეტად ხვდებიან, თუ როგორ უყვართ ერთმანეთი. ჰო რა, მოკლედ, ვეთანხმები ჩემს მეგობარს. ეს ფილმი არის ურთიერთობებზე.

ფილმი #4. "მეფის სიტყვა". ტომ ჰუპერი.


აუცილებლად, აააუცილებლად უყურეთ ამ ფილმს ინგლისურად! სხვა შემთხვევაში მის ნახვას აზრი არ ექნება. ნუ, როგორ არ ექნება, მაგრამ მთელი თავისი "პრელესწებით" ვერ აღიქვამთ. "aand what if my husband is a duke?" აბა წარმოიდგინეთ როგორ იტყოდა ნამდვილი ბრიტანელი ამ წინადადებას? წარმოიდგინეთ? ჰო, კიდევ ამას დაუმატეთ უესტმინსტერის სააბატო, ინგლისური ამინდი, გასული საუკუნის 20–30–იანი წლები, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდი და კოლინ ფირტი, რომელიც მეფის როლს ასრულებს. იცით რატომ უნდა ნახოთ კიდევ ეს ფილმი ინგლისურად?? იმიტომ რომ ამქვეყნად ვერც ერთი ენა ვერ გადათარგმნის ისე სიტყვა "kinging"-ს, როგორც ამას ინგლისურ ენაში მოახერხებდით.

ფილმი #5. "ზამთრის ძვალი". დებორა გრანიკი.


ესაა ერთადერთი ფილმი, რომლის ნახვის დროსაც არ გამჩენია სურვილი დამეხედა, რამდენი წუთი გავიდა და რამდენი დარჩა. ძალიან ბევრი რამით ჰგავს ქართულ კინოს. "მერე ეს კარგია?" მკითხა ერთ–ერთმა ჩემმა ფრენდმა ფეისბუქზე. წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ, რაღაცნაირად მშობლიური განცდა დამრჩა, კიდევ იმისი, რომ ჩვენ ასეთ დღეში მარტოები არ ვართ და ვიღაცები, თუნდაც გაფერადებულ და ბილბორდივით გაბრდღვიალებულ ამერიკაში, ჩვენს ბედს იზიარებენ. სახლს უყიდიან, ნარკომანი ახლობლები ჰყავთ, პოლიციას იქაც ჰყავს "ნასეტკები", მევალეები იქაც არიან.. არ ვიცი, რამდენად კარგად აღვწერე ეს ფილმი, მაგრამ ჩემი მიზანი ის ხომ არაა, მისი შინაარსობრივი თუ მხატვრული ღირებულებები ვარჩიო. ფილმის განმავლობაში ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მეც იგივე მექნა, რასაც ეს 17 წლის გოგო აკეთებს. მაგალითად, მომევლო პატარა და–ძმისთვის, ავადმყოფი დედისთვის და აუტანელ სიღარიბეში მეცხოვრა. ოჯახისთვის ყველანაირი დამცირება მომეთმინა. სწორედ ეს ფილმია ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი სხვა ფილმებს შორის.

ფილმი #6. "სოციალური ქსელი". დევიდ ფინჩერი.

რას აკეთებთ ხოლმე ყოველდღე? რამდენი ხანი უთმობთ კომპიუტერთან ჯდომას? და კომპიუტერთან გატარებული საათებიდან რამდენი ხანი ხართ ფეისბუქზე? თქვენი აზრით, რა უფრო მნიშვნელოვანია კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიისთვის ჯილდოს გადასაცემად, ის რომ ამ სოციალურმა ქსელმა ხალხი შეცვალა, თუ თავად ფილმი როგორაა გადაღებული? გასაგებია, რომ მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს ამაზე ფილმის გადაღება, მაგრამ იმასაც ხომ უნდა მიაქციოს კაცმა ყურადღება რა გადაიღეს? მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ტიპური ჰოლივუდური ჩარჩოების მიხედვითაა გადაღებული (ანუ კარგად გადამღერებული კონკიას სცენარით), ესეც ღირს ერთხელ სანახავად. ნუ, კაი, ორჯერაც და რამდენჯერაც გინდათ. პრინციპში, სულაც არ მექნებოდა ამხელა აგრესია, წლის ყველა დაჯილდოების და ბოლოს ოსკარის რჩეული ფილმი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ როცა ყველგან თვალში ეს "სოციალური ქსელი" მაქვს გაჩხერილი და აღარა და აღარ მთავრდება ამ ფილმით გამოწვეული აღფრთოვანებების კასკადი, რა გავაკეთო, აღარ მინდა! :)))) ვგიჟდები "მამა მიაზე", "სიამაყე და ცრურწმენაზე" და "ნოუთბუქზე", მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, რომ სუყველა აუცილებლად ოსკარზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი და გამარჯვებული?:)) და მაინც, რადგანაც ამხელა ყურადღება სწორედ ამ ფილმზეა მოქცეული, აუცილებლად უნდა ნახოთ, აუცილებლად! ბოლოსდაბოლოს ის მაინც ხომ გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ეს ჩვენი უკვე მშობლიური და კარგად ნაცნობი ბირჟა, სადაც ერთმანეთს საქმეებს, სიყვარულს, მეგობრობას და ა.შ. ერთნაირი წარმატებით ვურჩევთ?

ვსო, ესაა ჯერჯერობით რაც ვნახე. ძააააააალიან მინდა, რომ "127 საათმა" და "ზამთრის ძვალმა" გაიმარჯვოს!!!

Thursday, February 3, 2011

ცუკერბერგის ზღაპარი

რა არის ზღაპარი? ზღაპარი კარგი საშუალებაა ცხოვრების მარტივად აღსაქმელად. ზღაპრის გმირების პროტოტიპებს რეალობაში ვეძებთ და ჩვენს ნაცნობებს ვარგებთ. ჰოდა ამ პრინციპით ზოგი ნაცარქექიაა, ზოგი _ რაფუნზელი, ზოგი _ დაღლარა. დაღლარა გახსოვთ რომელია? აი, ჯარისკაცი რომ არის, ომი რომ დამთავრდება და სამი ჯარისკაცული პური და სამი ჰელერი რომ აქვს მარტო. არ გაგახსენდათ კაცო? აი ისა, წმინდა პეტრეს რომ მოატყუებს და სამოთხეში რომ აღმოჩნდება ბოლოს.

მოკლედ, დაღლარა რა შუაშია. მთავარი გამომრჩა. ზღაპრებში კონკრეტული ტიპები არიან, ზოგი ბოროტია და ამით ყველაფერი ნათქვამია, ზოგი გაქექილია, მაგრამ გული მაინც კეთილი აქვს, ზოგი კეთილია და შტერი, ზოგი რაინდი. მოკლედ, ბევრნაირი გმირია, მაგრამ ერთ გმირს ერთი კონკრეტული სახე აქვს, ერთგანზომილებიანია, როგორც ნახატები.  ხოდა, ადამიანებს გვახასიათებს ერთი საზიზღარი ჩვეულება: სხვებიც ასე ერთ განზომილებაში მოვაქციოთ და მასში მხოლოდ კეთილი, ან მხოლოდ ბოროტი დავინახოთ.


დღეს "სოციალურ ქსელს" ვუყურე. ფილმზე ლაპარაკი არ მინდა. უბრალოდ, იმას ვიტყვი, რის გამოც ამხელა შესავალი გავაკეთე: ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ ვერ გაიგეს, როგორი ტიპია ეს მარკ ცუკერბერგი (ფილმის გმირი ამ შემთხვევაში), კეთილი თუ ბოროტი. ჩემი აზრით, ეს არაა მნიშვნელოვანი. გარემოება განაპირობებს ყველაფერს. აბსოლუტურად სუყველაფერს. მარტო კონკრეტულ გარემოებაზეა დამოკიდებული ის ადამიანი როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. ჰოდა, ჩვენ კიდევ, ჩვენი სიზარმაცის გამო, ეგრევე ვათავსებთ რომელიმე ზღაპრის გმირის ყალიბში. ასე ჩნდებიან ჩვენ გვერდით ფერიები, ჯადოქრები, დემონები და რა ვიცი, ათასი გამოგონილი ვიღაც, რომელსაც რეალურად ის ჩვენი ნაცნობი შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ასე ვცხოვრობთ ხოლმე ზღაპრებში. ამიტომ ველოდებით პრინცებს და პრინცესებს, ისინი კიდევ სინამდვილეში რას იარსებებენ, ადამიანები დახატულები ხომ არ ვართ, სამგანზომილებიანი ტიპები ვართ. (რა კარგია!) ასე რომ ეს ცუკერბერგიც, ჩემი აზრით, ადამიანია რა და არა ვიღაც კეთილშობილი რაინდი ან ჩვეულებრივი გარეწარი. მრავალდონიანი, მრავალფუნქციური და მრავალმხრივი ადამიანი, რომელიც ცუდადაც იქცევა, კარგადაც და ხანდახან ისეც, თვითონაც რომ არ იცის. კაცმა რომ თქვას, ყველანი ისე ვიქცევით, რომ ის მივიღოთ, რაც გვინდა. ხოდა ამ მიზნის მისაღწევად, ხან ცუდად ვიქცევით, ხან კარგად. ხან შეცდომას ვუშვებთ, ხან სწორად მივდივართ.

ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები ისეთებად აღვიქვათ, როგორებიც არიან და არ ველოდოთ მათგან ლოგიკურ, რაღაც ჩარჩოში მოქცეულ საქციელს; არ ჩავსვათ ისინი ზღაპრების გმირების მაგივრად და არ დავიჯეროთ, რომ ცხოვრებაში ზღაპრისმაგვარი რამეები ხდება. კი, ხდება ზოგჯერ, როგორ არა, მაგრამ ყველაფერი უფრო რთული და ჩახლართული სცენარით, ზღაპარივით პრიმიტიულად _  არა.

ეგეთია ამ ცუკერბერგის ამბავიც. :)