Wednesday, February 16, 2011

როგორ მოვხვდეთ იტალიაში!

ძალიან მაგარია იმის გაცნობიერება, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. თუნდაც მაშინ, როცა სადღაც შუაგულ ევროკავშირში იკარგები, საღამოს 6 საათია, ბნელდება, ცივდება და შენ უკვე თბილისში გინდა. შენს მეგობარს უყურებ და ხვდები რომ ისიც ცოტაც და ატირდება. შენც ძალაუნებურად იბრუნებ ყელში გაჩხერილ ბურთს უკან და გზას განაგრძობ. მერე მთელ კედელზე რომ მატარებლების განრიგია გაკრული იმას უბრუნდები და შენ ერთი ბოლოდან მოყვები, შენ მეგობარი კი მეორედან. ასე ეძებთ რომი–პერუჯას რეისს. მერე გორგოლაჭებიანი ჩანთებით გასწრობანას თამაშობთ შუა რკინიგზაზე, რომელიც ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე შენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი და სასურველ მატარებელში სხდებით. მერე ერთი მონაზონი შეგიცოდებთ ორ დაბნეულ, თვალზე ცრემლმომდგარ შტერს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნად ვერც ერთი მარადიული ქალაქი ვერ შეედრება საკუთარ უბანს, და ასიზიში წაგიყვანთ. კარგადაც გავახშმებთ, დაგაძინებთ, მეორე დღეს კი იმ მატარებელზე დაგსვამთ, რომელიც დაჯავშნილ სასტუმრომდე მიგიყვანთ.

ან კი რა შენი ბრალია, თუ დაბნეულობისგან არ იცი რა გააკეთო და სასტუმროს არა ქალაქის ცენტრამდე ათი წუთის სავალზე, არამედ ქალაქიდან ათი წუთის სავალზე სულ სხვა დაბაში ჯავშნი. იტალიაში ასეთი მოგზაურობის შანსი 1%–ია და ის 1%–იც სათანადოდ უნდა გამოიყენოს კაცმა. თორემ მერე ვინ დაარღვევს თქვენ გარდა შუა იტალიაში ყველანაირ წესს, ვინ მოივლის იტალიის ტრასებს ველოსიპედით, ვინ იფრენს ასევე ველოსიპედით რამდენიმე მეტრს, ვის გამოეკიდებიან იტალიელი ბიჭები "ბელლა, ბელლა"–ს ძახილით, ვის მოუნდება პირველივე ღამეს, რომელსაც შენივე შეცდომით ასიზის მონასტერში ათევ, დედა და თბილისში ყოფნა??

თუმცა მეორე დღეს შიში სადღაც ქრება. მით უმეტეს, რომ გვერდით შენი საუკეთესო მეგობარია, საქართველოსგან განსხვავებით იტალია უფრო მეტადაა სამხრეთით და უფრო მეტადაც თბილა, პერუჯის რკინიგზაზე ნაგავი არ ყრია და შენი სასტუმროს პატრონიც, ახალგაზრდა და მხიარული ჯანჯაკომოა. ჯანჯაკომო ზარმაცებს და არაფრისმაქნისებს კი გეძახით, "აი ნიდ ით თუდეი, ნოთ თუმოროუს" ძახილით გაჩქარებთ, რომ მალე დაჭრათ ხახვი, იტალიურად კაცმა არ იცის რას გიყვირით, მაგრამ ყოველ საღამოს არაჩვეულებრივი პასტითა და სოუსით გიმასპინძლდებათ, არც იტალიურ შავ ღვინოს ივიწყებს. ხოდა ყოველი ვახშამი თავისებური იტალიური რიტუალია ამ პატარა ინტერნაციონალურ სასტუმროში, სადაც ათასი ჯურის ახალგაზრდას ხვდები. ზოგი არდადეგებს ატარებს, ზოგიც, შენსავით ვითომ კონფერენციაზეა ჩამოსული, ზოგი მოგზაურობს და გზად შემოირბინა, ზოგს თავგადასავლები უნდა.

შენ და შენი მეგობარი ამ შუაგულ იტალიაში, სადაც სუყველას აშშ–ს ჯორჯიადან გონიხარ, თავგამოდებით იცავთ პატარა და უცნობ ქვეყანას, მით უმეტეს, რომ ომი ახალი მომხდარია და ყველა, "oh, Russia, occupation"-ით გიცნობთ. ჰო მართლა, ვერც ერთ ამერიკელ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე როუზის იტანთ, მოფერებით როზას რომ ეძახით და პირველივე შემთხვევაზე ლუდის ბოთლში უფურთხებთ. სამაგიეროდ, იმწამსვე წყვეტთ მშობლიურ ენაზე ყაყანს, როცა სასტუმრო ოთახში ორი ერთმანეთზე სიმპათიური, მაღალი და მზემოკიდებული ბიჭი შემოდის! იმდენად სიმპათიური, რომ თქვენთვის უკვე სულერთია, რომელი მოგეწონებათ და დაქალსაც დიდი სიამოვნებით უთმობთ ერთ–ერთს:)))) მერე კი, საღამოთი დასეირნობთ და თქვენ წარმოიდგინეთ და, "ტრამალის მგელსაც" არჩევთ. ვინ თქვა, უცხოელები ზოგად განათლებას არ აფასებენო!

ან ის ვიღამ მოიგონა, ქართველებზე სტუმართმოყვარე ერი ქვეყნად არ არსებობსო! ჩადით რა იტალიაში! ჯერ უნივერსიტეტის დეკანატი და თვითმმართველობა ააწიოკეთ, მერე იტალიის საელჩოში აბრახუნეთ კარზე, სანამ შეწუხებული შვეიცარი "მამა მიას" ძახილით არ გაგიღებთ კარს, ელჩსაც ექაქანეთ გაურკვეველი ქართულით აქოშინებულებმა, თუ როგორ გინდათ იტალიაში წასვლა, მერე მთელი რუსთაველი გადაშლილი პასპორტით აიარეთ, სადაც ახალჩარტყმული ვიზა ბრწყინავს, მერე კი, შუაღამისას აეროპორტში წადით და სტამბულის აეროპორტის გავლით, სადაც 8 საათი გაჩერდებით და მთელ იქ მომსახურე პერსონალს გაიცნობთ, გაფრინდით რომში!

მაგრამ, თუ გვერდით საუკეთესო მეგობარი არ გყავთ, რომელსაც გარეთ შტორმის და ტურბულენტური ზონების ეშინია, ამ ყველაფრის შეგრძნება გაგინახევრდებათ და აზრიც არ ექნება. ხოდა, ყველანაირი სამსახურის, აპლიკაციის და გასაუბრებისაც, იტალია ამ ყველაფრად ღირს!

4 comments:

  1. auu tavidan gamaxsenda yvelaferi, rogor minda :(((((

    ReplyDelete
  2. ვაიმე, აქამდე რატო არ ვიცოდი შენი ბლოგი?

    კარგად წერ, მომანდომე წასვლა, მომანდომე მასეთი მეგობარი : ))

    ReplyDelete
  3. :))) რავი, მე თვითონ არ ვიცოდი სხვისი ბლოგები და ალბათ იმიტომ:)
    მადლობა შეფასებისთვის:)
    უჰ, იტალია რაა, ამ პოსტთან შედარებით!

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ