Saturday, July 6, 2013

აბრეშუმის დღე

მუსკომედიის თეატრიდან მუშტაიდის ბაღისკენ რომ გაუხვევ, იქვე, კუთხეში მწვანეში ჩაფლული ძველებური შენობა დგას. შეგიმჩნევიათ?
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

შეიძლება, ვიღაცას ძველი სასახლეც ეგონოს, სადაც ადრე სალონური ტიპის შეხვედრები ეწყობოდა და მაშინდელი თბილისური ელიტა ერთობოდა. არა, ეს მუზეუმია. დაარსების დღიდან ეს შენობაც სწორედ მუზეუმისთვის შეიქმნა.



შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აბრეშუმის მუზეუმისთვის აშენდა, რომელსაც სათავეში რუსი მეცნიერი, ნიკოლაი შავროვი ედგა. მუზეუმის შემადგენლობაში მეაბრეშუმეობის სადგური, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი შედიოდა. 1996 წლიდან შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად ითვლება. ამ ძველი შენობის შესასვლელში კიბეებზე მსხვილი შრიფტით ამოტვიფრულ SALVE-ს შენიშნავთ. ეს იმდროინდელი არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია - სტუმრებს ყველგან სალმით ეგებებოდნენ.

აბრეშუმის მუზეუმზე ბუნდოვანი კი არა, საერთოდ წარმოდგენაც კი არ მქონდა, მანამ, სანამ ჩემი მეგობარი გვანცა იქ მუშაობას არ დაიწყებდა. საათობით გველაპარაკებოდა ათასობით იშვიათი ჯიშის პეპლებზე, ჭუპრებსა და აბრეშუმის საოცარ კოლექციაზე, რომელსაც ეს მუზეუმი ინახავს. პეპლების არც მეშინია და არც მეზიზღება, მაგრამ მაინცდამაინც არც მაინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, გუშინდლამდე ვერც ვხვდებოდი, რატომ შეიძლებოდა ეს მწერები ვინმეს მუზეუმში გამოეფინა.

გინახავთ, როგორ პეპლებს ხატავენ ბავშვები? დიდებს, ფერადებს, უცნაური ფორმებით. აი, დაახლოებით, ასეთებს.
6 წლის სანდრო ჯაფარიძის ნახატი

 ალბათ, ბევრს არც გჯერათ, რომ ასეთი საოცარი ფორმის მწერები მართლა არსებობენ და მარტო ბავშვების ფანტაზიის ნაყოფი არაა.

შენობის დერეფნებში კიდევ ერთი გამოფენაა მოწყობილი. ესაა დამთვალიერებლების ემოციები და შთაბეჭდილებები - მათ მიერ დახატული პეპლები.

დამთვალიერებლების ნახატები















გარდა პეპლებისა, მუზეუმში ჭუპრების, აბრეშუმების და აბრეშუმის დასამზადებელი ათასნაირი ხელსაწყოს მუდმივმოქმედი გამოფენაც მოქმედებს. აქვე ნახავთ ათასნაირ თუთის ხეს. თუთის ფოთლები ხომ მთავარი საკვებია აბრეშუმის ჭიებისთვის!
თუთის ხის ფესვი
მულაჟების მეშვეობით გაიგებთ, როგორ ამზადებდნენ დასავლეთ საქართველოში აბრეშუმს და რაც მთავარია, დარბაზის ერთი მხარე თავად ამ საოცარ ქსოვილს ეთმობა - აბრეშუმის მაქმანები, ქსოვილები და ძაფები - ათასნაირი ფერით. ვერც წარმოიდგენთ, რა საოცრება შეუძლიათ ამ მახინჯ  ჭიებს! შეიძლება ვიღაცას ეს უსამართლოდ მოეჩვენოს, ვიღაცას კი, პირიქით, ბუნების კანონზომიერებად.



ბევრი პეპელა ვერ გადავიღე. არადა, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ! ისეთი ფერებია, პირს დააღებთ, თანაც ამხელა პეპლები ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. (წარმომიდგენია, მამიდაჩემის შოკირებული სახე, რომელიც პეპლის დანახვაზე პარალიზებული ხდება).





გარდა პეპლებისა და საოცარი აბრეშუმისა, ნიჟარების იშვიათი კოლექციაც დავათვალიერე.


მაგალითად, ამ ნიჟარაში მარგალიტები იბადება, შეხედეთ!


ზოგიერთი კი, სულაც, შხამიანი იყო და ჩემთვის გამოცანად დარჩა, როგორ მიამაგრეს სტენდზე.



გარდა ამ საოცარი კოლექციებისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მუზეუმში ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა მოქმედებს. სკოლა სამდღიანია და ბავშვებს სრულ წარმოდგენას უქმნის აბრეშუმზე და მასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მონოტონური სახე არ აქვს! გარდა შემეცნებითი გაკვეთილებისა, ბავშვებს სხვადასხვა ცნობილი ადამიანები ესაუბრებიან, ხატავენ პეპლებს და ნიჟარებს, თავისი ხელით აკეთებენ ხელნაკეთ წიგნებს აბრეშუმზე და ათასი შთაბეჭდილებით ბრუნდებიან სახლში. ეს ყველაფერი სამდღიანია და ძალიანაც სასარგებლო პატარებისთვის ;) მე როცა მივედი, სწორედ ასეთ გაკვეთილზე აღმოვჩნდი, უფრო სწორედ, ცნობილ ადამიანთან შეხვედრაზე. ბავშვები მსახიობ, დათო ველიჯანაშვილს აყრიდნენ ათას კითხვას.





2 comments:

  1. Ra mshvenieri ragacebia Tbilisshi da ra cota adamianma icis, magram mgoni uketesicaa ase.
    Didubeshi gavizarde da sul mushtaidshi davdiodi, verafrit gamixsenebia axla eg muzeumi :/

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰეჰე:)) დინამოს ქვევით არის ზუსტად, სანამ მუშტაიდისკენ წახვალ. მუსკომედიის თეატრის მეორე მხარეს. ეზოში დგას, შეიძლება უცებ ვერც კი შეამჩნიო. :)

      Delete

დააკომენტარეთ