Wednesday, July 10, 2013

უსამართლობა ზნეობის სახელით

ჩემი მეგობრის, გიორგი გოგუას ფანტასტიური
ფოტო "ლიბერალისთვის"
ჩემი მეგობრები სცემეს 17 მაისს, გოგოებიც და ბიჭებიც. ჟურნალისტებიც და უშუალოდ, აქციის მონაწილეებიც. იმ დღეს ზოგმა ფეხსაცმელი დაკარგა, ზოგს თავში მოხვდა, ზოგს - ცხვირში. ზოგს გული გაუხეთქეს. ზოგს კარგა ხანს ქუჩაში გამოსვლისაც ეშინოდა. ზოგს თავზე ცეცხლი მოუკიდეს, ზოგი იმიტომ სცემეს, რომ ღია ფერის პერანგი ეცვა, ზოგს იმიტომ, რომ მოკლე და წითელი თმა ჰქონდა. მერე, მეგობართან ერთად ვიყავი ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად დედა ენის ბაღში და ჩვენზე პოლიციელებმა თქვეს, "ბიჭო, ესენიც იმნაირები არიანო?" 


მერე მე და ჩემი შეყვარებული მაკდონალდსში ჯდომისას დაცვის თანამშრომელმა გაგვლანძღა. უფრო სწორედ, გიოს ელაპარაკა, მე შეხედვის ღირსადაც არ ჩამთვალა. კაცურად გეუბნები, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, თავი შეიკავეთო. ჯერ ერთი, რანაირადაც არ უნდა ვმსხდარიყავით მისი საქმე არ იყო, მაგრამ მხოლოდ ხელი ჰქონდა გადახვეული და მხარზე ვიყავი მიყრდნობილი. ვლაპარაკობდით და ქუჩაში გამვლელებს ვუყურებდით. მეც წამოვდექი და ვუთხარი, შემომხედე, ჩემთან რამე პრობლემა გაქვს-თქო. ისევ გიოს უყურებდა, მე ხომ გოგო ვიყავი. გოგოს კაცურ საქმეებში და გარჩევებში ხომ არ რევენ.

ზაფხულში არასდროს მაცვია გრძელი შარვალი ან - კაბა. ჯერ ერთი, მგონია, რომ მოკლე მიხდება. მეორეც, სულ რომ ტანკი ვიყო, ისე აუტანლად ცხელა, ჯინსს ვერ ჩავიცმევ. ორი წლის წინ გაჩერებაზე დგომისას, ერთი კაცი, დაახლოებით 60-65 წლის, მოვიდა და მეუბნება: "იცით, პარლამენტს ახალი კანონი მიუღია, აღარ შეიძლება მოკლე შორტით დიდი გოგოების ქუჩაში სიარული". მე გამეცინა და ვუთხარი, რომ მსგავს კანონს პარლამენტის არც ერთი წევრი, გონებაშიც არ დაუშვებს, ბოლოს და ბოლოს, რაც არ უნდა იყოს, საჯაროდ მაინც არ გაამხელს, რომ ირანიზაციის მომხრეა. მერე მაპი და მაპზე უკეთესი? დღეს კი ჩემი ჩაცმულობა ვიღაც დარტყმულს საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფად შეიძლება მოეჩვენოს და ეს სავსებით რეალურია. შეიძლება ცრუ განგაშია, მაგრამ კანონი ინტერპრეტირების საშუალებას ნამდვილად რომ იძლევა, ეს ფაქტია და ამას ჩემნაირი დილეტანტიც კი ხვდება.

იმდღეს პლეხანოვზე მორიგ საცობში დგომისას (თუ ჯდომისას) აივანზე ერთი ღიპიანი და ბანჯგვლიანი წელზევით შიშველი კაცი გამოვიდა. მგონი ბავშვებმა არც ასეთი კაცები უნდა ნახონ, რომ არ ჩათვალონ: არასპორტულობა და არაჰიგიენურობა (თან ასე საჯაროდ) კარგია. იქამდე, ელბაქიძის დაღმართზე ერთი კაცი კედლისკენ პირმიბრუნებული ფსამდა. ეტყობა ეგონა, რომ გაჭედილ ქუჩაზე ვერავინ ამჩნევდა.

ორი კვირის წინ საფრანგეთში ვიყავი. პარიზში ყოფნისას ერთ-ერთი დიდი შოკი რაც მივიღე, ის იყო, რომ მატარებელში ჭეჭყვისას ათასნაირი ხალხი მოვხვდით: მათ შორის, ქართველების მიერ სუნიანებად და დაუბანლებად შეფასებული ინდოელები, არაბები და შავკანიანები. სუნი საერთოდ არ იდგა. იქამდე მეგონა, რომ ბევრ ხალხში სუნი აუცილებლად დგება. აქედან დასკვნა: სუნიანები და დასაბანები ჩვენ თვითონ ვართ.

ჩემს მეგობრებზე წერს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ-ტირაჟიანი გაზეთი საქართველოში, რომ ისინი ჩვენი ბრეივიკები, ჭკუასუსტები, მოძალადეები და ერის გამრყვნელები არიან; რომ დალესთან გადიან პრაქტიკას ქართველების გადაჯიშებაში და ა.შ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ძალიან ნერვიულობს ამის გამო. არ უნდა, რომ როგორც მწერალმა, გზა ასე ეპატაჟურად გაიკვლიოს. იმიტომ რომ ნიჭიერი, ჭკვიანი, წესიერი, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერია. ასეთი რამ პირველად შეემთხვა და ამას ძალიან განიცდის. ეუბნებიან, რომ არა უშავს, უნდა მოითმინოს და აიტანოს, ზოგი ეხუმრება, ზოგიც - ამშვიდებს. მე მგონია, რომ სასამართლოში უნდა იჩივლოს, თანაც, დაუყოვნებლივ. 

იმიტომ, რომ აქციები არ ამართლებს. პრინციპში, ამ ბოლო წლებს რომ თვალი გადავავლოთ, დიდად არც არასდროს ამართლებდა.


No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ