Monday, June 30, 2014

25 ივნისი, 2014 წელი - ისპაჰანი, შაჰ-აბასის რეზიდენცია

ისპაჰანში დილის 6 საათზე ჩამოვედით. გარეთ გრილოდაო ვერ ვიტყვი, თუმცა სასიამოვნო ნიავი მაინც ქროდა. მოულოდნელობები აქაც გაგრძელდა, როცა ქალაქის ცენტრში მიმავალ ავტობუსში მე და გიომ ერთი ასასვლელიდან ასვლა დავაპირეთ. ერთმა ქალმა გიოს წინა ასასვლელისკენ უბიძგა, მე კი უკანა ასასვლელიდან ამათრია. რა თქმა უნდა, ქალები და კაცები აქაც ცალ-ცალკე სხედან.

გამოვიარეთ უზარმაზარი ესტაკადები და მაგისტრალები, სანამ ქალაქში შევიდოდით. გარშემო მოშიშვლებული მთები და თითქმის უდაბნოები იყო გადაჭიმული. მაგრამ როგორც კი ქალაქში შევედით, მაშინვე შემოგვხვდა გაფოთლილი ხეებისა და ბუჩქების მთელი წყება. ყოველ 50 მეტრში კი წყლის ბაკი-მაცივრებია განთავსებული. ასევე ორნაირი ნაგვის ურნები - ერთი გადამუშავებადი ნარჩენებისთვის, მეორეც - პლასტმასის ბოთლებისთვის.

უნდა ითქვას, რომ აქ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და სუფთაა. რკინიგზის და ავტობუსების სადგურები, ქუჩები, პარკები... სიგარეტის ერთ ნამწვსაც კი ვერ ნახავთ ვერსად, ვერც უადგილოდ დაგდებულ პლასტმასის ბოთლს.

სიოსეპოლის ხიდი
ჩამოსვლისთანავე გეზი სიოსეპოლის ხიდისკენ ავიღეთ. ხიდი მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის დაკვეთით არქიტექტორმა, ალავერდი-ხან უნდილაძემ ააშენა. ულამაზესი შენობა 33 თაღიანია, თუმცა აშკარად ცუდ დროს ვნახეთ. მდინარე დამშრალიყო და ხიდიც უფუნქციოდ იდგა.

ხიდზე ფოტოების ყველა პოზაში გადაღების შემდეგ შაჰ-აბასის ერთ-ერთი უძველესი სასახლე და მისი ბაღი მოვინახულეთ. ამბობენ, რომ ეს რვაკუთხედისფორმიანი შენობა იმგვარადაა ნაშენები, რომ საოცარი აკუსტიკა შეიქმნას და არც ერთი ბგერა არ დაიკარგოს. რაღა თქმა უნდა, გიო სწორედ ამ შენობით დაინტერესდა. კარგა ხანს უარა აქეთ-იქით, იმღერა, იწრიალა, ბოლოს როცა მობეზრდა, წამოვედით. 

მერე ქალაქის უძველეს მოედანზე გავედით. მობილურების დატენა გვინდოდა და მოედანზე ვწრიალებდით. ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში შევედით, რომელიც მინიატურული ნახატების გამოფენა აღმოჩნდა. სანამ ჩვენ პირდაღებულები ვათვალიერებდით ნამუშევრებს, მანამდე მაღაზიის მფლობელი მოხუცი კაცი გაგვეცნო. ინგლისურად თავისუფლად საუბრობდა და რამდენიმე წინადადების გაცვლის მერე შემრცხვა კიდეც, დამარცვლით და გამოკვეთილად რომ ველაპარაკებოდი. მფლობელი მხატვარი ჰოსეინ ფალლაჰი აღმოჩნდა. სულ მალე კი გავარკვიეთ, რომ საკმაოდ ცნობილი და დაფასებულიც, გამოფენები თურმე მთელ მსოფლიოში ჰქონია.

- ანუ არტისტი ხართ - ვუთხარი აღტაცებით.
- oh, artist no, I’m just a painter - დაიმორცხვა რაღაცნაირად და კეთილად მიღიმის.

სავიზიტო ბარათი გამოვართვით და ვუთხარით, რომ საქართველოში მთელი გულით და სული დაველოდებოდით მის გამოფენას. ისიც დიდის ამბით დაგვპირდა.
მერე დავათვალიერეთ უძველესი მოედანი, არქიტექტურული შედევრები, უზარმაზარი შადრევანი და ბაღი, სადაც ეტლებით დაასეირნებდნენ დამთვალიერებლებს. ბაზარიც ვნახეთ. იქვე პატარა კაფეში ვისაუზმეთ გემრიელად, მერე კი სუვენირები და იქაური ტკბილეული ვიყიდეთ.

გზაშ ბევრი გვეკითხებოდა, საიდან ვიყავით. ალბათ უცხოელებს ვგავდით უზარმაზარი შვეიცარული ზურგჩანთებით და მობილურებში რუკებს ჩაჩერებულები.

- არგენტინელები ხართ? - შეგვეკითხა ერთი ეშმაკურთვალებიანი სიმპათიური გრძელთმიანი ბიჭი, რომელიც თავად ჰგავდა ძალიან სამხრეთ ამერიკელს.
- არა, გურჯისტანი! - ვუხსნით.
- აუუუ, გურჯისტანი, რა მაგარია, ნატახტარი, ნატახტარი - გვეძახის გახარებული.
- რაო? - ვტრიალდებით ეგრევე. - შენ საიდან იცი? მოიცა კაცო, ლუდი თუ ლიმონათი?
- ჩუმად, გოგო, ჩუმად! - იკრიჭება გიჟივით, თან იქვე მეჩეთზე მანიშნებს თვალით.
- აა, უი, ბოდიში - ვიცინით ჩვენც. - მაგრამ ისე, ნატახტარზე უკეთესი „ნატახტრებიც“ გვაქვს საქართველოში.
- ეჰ, მშიერ კაცს ხმელა პურიც კი აკმაყოფილებს, იმას ხორცი რათ უნდა - იცინის ისევ გიჟივით.

მისი თანამგზავრი ბიჭი იქვე თავიანთი ხალიჩების მაღაზიაში ჩაიზე გვპატიჟებს. ჩვენც ხალისით ვთანხმდებით და პატარა, გრილ ოთახში შევდივართ, რომელიც სულ ხალიჩებითაა მოფენილი. მას ოთხი პატარა ჭიქით ჩაი და ნატეხი შაქარი გამოაქვს.

- მე პირადად მომწონს, როცა შაქარს პირში ვიდებ და ჩაის ისე ვსვამ - გვიხსნის მხიარული ალი და ცხელ ჩაის ყლურწავს.

გიო მაშინვე პირში იქანებს შაქარს, მე კი უკვე ჩაგდებული მაქვს ჭიქაში და ამიტომ ცოტათი გულდაწყვეტილი კოვზით ვურევ. ჩაი მართლაც უგემრიელესია!

ალი საქართველოში მყოფ მის მეგობარზე გვიყვება, რომელმაც ერთხელ ჩუმად ჩამოუტანა ლუდი ნატახტარი და გაასინჯა. მას მერე გიჟდება საქართველოზე. მერე სამომავლო გეგმებს გვაცნობს - ყატარის გავლით კატმანდუში უნდა წასვლა. მერე კი საუბრის თემას ცვლის.

- რა პროფესიის ხართ? - გვეკითხება. ჩვენ ვპასუხობთ და მათაც ვეკითხებით.
- მეე? მე დამამთავრებელ კლასში ერთი მასწავლებელი მყავდა. ერთხელაც, ამხედა, ჩამხედა, კიდევ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მომახალა, შენ მეტს ნუღარ ისწავლიო! - თან კვდება სიცილით. - ამას კიდევ, - გვიჩვენებს ცერა თითით მეორე გამყიდველზე, - მასწავლებელმა ზევიდან ქვევით კი არა, წინ და უკან შეხედა და ასე უთხრა, შენ ძააან დიდი მომავალი გაქვსო... ოღონდ ბაზარშიო - და სიცილით ბჟირდება.

მერე სპარსულ და ქართულ დამწერლობებსა და ენებზე ვსაუბრობთ. გავარკვიეთ, რომ ალი არაბი ყოფილა, მეორე ბიჭი კი - უზბეკი.

- ისე, ჩვენში უზბეკი სალანძღავი სიტყვაა! - თან მეორეს უყურებს და გიჟივით იცინის ისევ. აშკარად მაგრად ეკაიფება. ის კიდევ მორიდებით იცინის.

ბოლოს სამახსოვრო ფოტოებსაც ვიღებდ და ვემშვიდობებით. ორივეს ხელს გვართმევენ.
- მართალია აქ ქალებს მაჰმადიანები ხელს არ ართმევენ, მაგრამ მეჩეთში სალოცავად ბოლოს როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. იქ მხოლოდ იმიტომ შევდივარ, ტუალეტში თუ მინდებაო.

გამახსენდა, იტალიაში როგორ გვითხრა მე და ანის ერთხელ ერთმა ბრიტანელმა ბიჭმა, ტომ ჰამფრიმ, მაკდონალდსში მხოლოდ მაშინ შევდივარ, თუ ტუალეტში მინდაო.

ჩვენც ვუხსნით ალის, რომ მაინცდამაინც რელიგიურები არც ერთი არ ვართ და რომ სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიებში ტუალეტიც კი არაა, რომ შევიდეთ. ბოლოს ფეისბუქის ექაუნთებსაც ვცვლით და გულითადად ვემშვიდობებით.

შემდეგი ფარდული საკმაოდ უცნაურია. აქ სპეციალური ბეჭდებით და ნატურალური საღებავებით ქსოვილებს ხატავენ. მასპინძელი ბიჭი გვიხსნის, რომ სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავებულ მათ ნაწარმს ფერი არასოდეს გასდის და რომ ამაზე პირადად იუნესკოა პასუხისმგებელი. სანამ გასაყიდად გამოიტანენ, ქსოვილი რამდენიმე დღე გამდინარე ცივ წყალში ევლება, მერე კი - იხარშება. გისო და მე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი კვირის წინ ნანახი ბიბისის დოკუმენტური ფილმი გვახსენდება, ზუსტად მათ ოჯახზე. ისინი უკვე შვიდი თაობაა, რაც ასე მუშაობენ. რა საოცარია არა? შუა ისპაჰანში, ასეთ მაგარ ოჯახს რომ შეხვდები!

-  ჩვენი ნაწარმი ცოტა ძვირი კია გარეთ რაც იყიდება იმაზე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იმ ქსოვილებს სამჯერ გარეცხივს მერე ფერები გადასდის და პრაქტიკულად გადასაგდები ხდება. ჩვენსას კი არასოდეს გაუვა. მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, იუნესკო 10-დღიან მოგზაურობას სთავაზობს მყიდველს ირანში ყველაზე მდიდრულ სასტუმროებში. - გვიხსნის მთელი ენთუზიაზმი. ბიჭი ლაპარაკობს, მამამისი კი ამ დროს ქსოვილს ამუშავებს. ჩვენ ფოტოებს ვუღებთ. დამშვიდობებისას, ბიჭი გიოს ხელს ართმევს, მეც ვუწვდი ხელს, მაგრამ ის თავს მიკრავს და ღიმილით მეუბნება, რომ მაჰმადიანია და ქალისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეუძლია.

მოედნის დათვალიერების შემდეგ ტურისტულ ცენტრში მივდივართ. ქალაქის რუკა გვჭირდება. რუკა არ აქვთ, მაგრამ ოპერატორი ქალი მეუბნება, რომ სახელოები ცოტა უნდა ჩამოვიწიო. მე საშინელ პროტესტს ვაცხადებ - თავზე მაფარია, ამხელა მოსასხამი ბოლომდე მაქვს შეკრული, იდაყვებამდე მაინც ავიწევ სახელოებს, რა გახდა ვერ გავიგე! ვეუბნები, რომ საშინლად მცხელა, არ ვარ მიჩვეული ამათ ჰავას და მოვკვდები-მეთქი, თან ვუცინი. ქალი ზრდილობიანად და ცივად მიღიმის და თავს მიკრავს. აშკარად არ აქვთ იუმორის გრძნობა.

შემდეგ საჭმელად მივდივართ. გზად ისევ ნესვის ცივ და მაცოცხლებელ წვენს ვსვამთ. პატარა კაფეში ჩემ გვერდით ჩემხელა გოგო ზის და ნაყინს ჩუმად შეეექცვა. უცებ სკამი ზანზარს იწყებს და თავიდან ვერ ვხვდები რატომ. მერე გოგოს შევხედე და თურმე დაიხრჩო ხველებით, ლურჯდება თანდათან და ხმასაც კი არ იღებს! ასეა. აქ ქალები უჩინარები არიან. არც ფორმა აქვთ, არც - ხმა, არც - სახელი. აქ ქალებს იმის ღირსადაც კი არ თვლიან, რომ გაეცნონ და ხელი ჩამოართვან. ვისაც კი შევხვდებით და ვეცნობით, გიო ჩემს თავსაც აცნობს, ისევე როგორც თბილისში და ყველგან იქცევა ხოლმე საერთოდ, მაგრამ ისინი ჩემი ვინაობით არც კი ინტერესდებიან და იშვიათად მიყურებენ. მათთვის არ ვარსებობ. მხოლოდ გიოს დანამატი ვარ.

ექვსი კიოსკიდან მხოლოდ ერთგან მოვკარი თვალი გაზეთს, რომლის ყდაზეც ქალია გამოსახული. ალბათ არც პრესაშია მათი ადგილი. მხოლოდ რამდენიმე ქალთა ჟურნალზე მოვკარით თვალი. ქალები სახლში, გაპრიალებულ საოჯახო ტექნიკასთან და მდიდრულ თეთრეულთან ასოცირდებიან. არც ერთ რეკლამას ქალი არ ახმოვანებს. ყველგან კაცის ხმა ისმის. ქალები ავტობუსში ცალკე იჭყლიტებიან, როცა კაცების მხარეს გაცილებით სიხალვათეა. ქალები სკამებზე ყველგან გასწორებულები სხედან. ფეხები ჩემსავით დაუდევრად კი არ უყრიათ, არც ჩემსავით გადაწოლილები სხდან. მოწესრიგებულები და ჩუმები არიან რაღაცნაირად.

ისპაჰანის მოედნის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე წავედით და იქვე მომლოდინე ხალხს ვკითხეთ, რომელი ავტობუსი გავიდოდა ავტოვაგზლისკენ. ინგლისური ერთმა სიმპათიურმა გოგონამ იცოდა, სახელად ელი ერქვა. ხალისიანი და ენერგიული გოგო იყო. გამოგვეცნაურა და სანამ ჩვენი ავტობუსი არ მოვიდა, იქამდე არ დაგვტოვა. გზის ფულიც კი გადაგვიხადა, თქვენო სტუმრები ხართო. არქიტექტორი ყოფილა. სამსახურიდან სახლში მივდივარ და არ მეჩქარებაო.

ვაგზალზე შირაზისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთები სულ რაღაც 10 დოლარად ვიყიდეთ და ახლა ჩვენს ავტობუსს ველით. შემდეგი გაჩერება შირაზია, სადაც შუაღამისას, 12 საათზე ვიქნებით. ოღონდ სასტუმრო ჯერ არ გვაქვს დაჯავშნილი, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, სად უნდა გავჩერდეთ ან იმ შუაღამისას რა უნდა მოვნახოთ. მე ვნერვიულობ, გიო კი მამშვიდებს, რომ რამეს მოვნახავთ. თუ არა და, ღამეს ავტოვაგზალზე გავათევთ, რა პრობლემააო.

შვიდსაათიანი დამღლელი მგზავრობის, რამდენიმე საათიანი ძილისა და კიდევ რამდენიმე სიზმრის შემდეგ (რომელთა შინაარსიც აღარ მახსოვს), შირაზის ვაგზალზე შევედით. იქვე ტაქსოპარკი იყო მოწყობილი. პირდაპირ იქ წავედით და ქალაქის ცენტრამდე ტაქსი შევუკვეთეთ. 5 დოლარად გამოვედით დაახლოებით. ტაქსმა ერთ წყნარ და ლამაზ სასტუმრომდე მიგვიყვანა. როცა ბარგს ვიღებდით, მძღოლმა გიოს ჩხუბი დაუწყო, ოღონდ ვერ მივხვდით რა უნდოდა. მერე ადმინისტრატორ ბიჭს ვათარგმნინეთ და აღმოჩნდა, რომ მძროლს სურდა, გიოს არამხოლოდ თავისი ჩანთა წამოეღო, არამედ ჩემიც მოეკიდებინა ზევიდან!


რას ვიზამთ, ძალიან უცნაურად ესმით ამათ ქალის პატივისცემა. ამ შუა ზაფხულში ჩადრებში ხარშავენ და ეგ არა უშავს თურმე და 20 კგ-იანი ზურგჩანთა რომ ატარო და კუნთები გაიმაგრო, ეგ თურმე კაცისთვის შეურაცხმყოფელი ყოფილა! ალბათ არ სურთ, ფიზიკურად ძლიერები და ამტანები რომ ვიყოთ. თუმცა თუ ფიზიკურ სიძლიერეზეა საუბარი, უკვე დიდი ხანი ხელი ჩავიქნიე. ალბათ ირანში რომ დავბადებულიყავი, პირველივე ზაფხულს, როცა ჩადრს მოვიხვევდი, ცუდად გავხებოდი. ახლა კი ამ ყველაფერს როგორც ეგზოტიკას და გასართობს, ისე ვუყურებ. თუმცა ეს „გართობა“ შუადღისას ძალიან ძვირად მიჯდება. 

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ