Monday, June 30, 2014

26 ივნისი, 2014 წელი - შირაზი და პერსეპოლისი

შირაზის დასათვალიერებლად ისევ უთენია წამოვხტით, მაგრამ სანამ ბარგი ჩავალაგეთ, გიოს ჯერ პერანგი დარჩა, მერე - ფეხსაცმელი, ამასობაში საუზმეზე დაგვაგვიანდა და მშივრები დავრჩით. რაღას ვიზამდით, ჩანთბი ჩამოვიტანეთ, „ჩექაუთი“ გავაკეთეთ, ბარგი ადმინისტრატორს შევანახვინეთ და ქალაქში გავედით.

ჯერ ერთ ისეთ პატარა ფასტფუდში ვისაუზმეთ, მხოლოდ გამყიდველი ბიჭი რომ ჩანდა, მაგრამ დახლს იქით ერთი სამი ქალის ხმა მაინც ისმოდა. ამაზე ბევრი ვიხალისეთ, გვემალებიანო, ვმაიმუნობდით, მოდი შევუვარდეთო. მერე უცებ ვიტრინიდან დავინახეთ კაცი და ორი ქალი - ერთ ქალს მთლანად შავი პირბადე ჰქონდა აფერბული, მეორეს კი ჩადრი ეხურა და თვალებზე რაღაცა ნიღაბივით ჰქონდა აფარებული. სასაცილო უკვე აღარაფერი იყო, დავიზაფრეთ.

საუზმის შემეგ სხვადასხვა რამეები ვნახეთ. შირაზი განთქმულია თავისი ულამაზესი ბაღებით. გიო ამბობს, შირაზი პოეტებისა და ბაღების სამშობლოაო. მართალიცაა. თუკი მაშინაც ასეთი მშვენიერი ბაღები და სასახლეები ჰქონდა შირაზს, მაშინ მართლა ბევრი ხელოვანი დაიბადებოდა აქ. ვიყავით ვაკილის მეჩეთსა და აბანოში. აბანო ახლა მუზეუმადაა გადაკეთებული და იმენად ნატურალისტურია, რომ ზოგიერთი ცვილის ფიგურა, ნამდვილი ადამიანი გვეგონა. სურათები გადავიღეთ, ვიცინეთ და წამოვედით.


შემდეგ მეჩეთში შევედით, სადაც მორიგი შოკი მელოდა - ადმინისტრატორმა ბიჭმა დიდი მოწიწებით მიმითითა, რომ რადგანაც ეს მეჩეთი წმინდა ადგილია, მხოლოდ ჩემი წამოსასხამი და შარფი არ მეყოფოდა და ამ სიწმინდესთან მისაახლოებლად იმათი გრძელი ჩადრი უნდა მომეხურა. რაღას ვიზამდი. ფხუკუნ-ფხუკუნით მოვიხვიე ჩადრი და ფრთხილად წავედი, ფეხებში რომ არ ამბლანდვოდა კალთები. გიო იცინოდა და ვიდეოს მიღებდა. ძალიან მოუხერხებელი რამეა. გაიძულებს წელში მოხრილმა და თავდახრილმა იარო, რომ არ გადაგძვრეს და ვაიდა თმა არ გამოგიჩნდეს. და თმა თუ შემთხვევით სადმე გამოგიჩნდა, ისე შემოგხედავენ, გეგონება უტრუსიკოდ დადიოდე.

მერე ნაზარის ბაღში შვედით, სადაც ქარიმ ხან ზანდის რვაკუთხედის ფორმის სასახლეში ამოვყავით თავი. სასახლე 1936 წელს მუზეუმად გადაუკეთებიათ. თავად შენობა კი 1750-1793 წლებშა აშენებული. მუზეუმში გამოჩენილი სპარსი მხატვრეის ტილოები იყო გამოფენილი. და უეცრად, რაღაც უცნაური ნიშანივით, ერთ-ერთ კედელზე შევამჩნიეთ წარწერა: „un-known Georgian woman”. სპარსი ქალებისგან განსხვავებით, საკმაოდ თამამად გამოიყურებოდა. ღრმა დეკოლტე, გაშლილი, გრძელი თმა, სქელი ტუჩები, თეთრი კანი და ულამაზესი, სადღაც გაშტერებული თვალები. ნახატი მე-19 საუკუნით იყო დათარიღებული. უცნაურია, რომ ჩვენი თანამემამულე ამ ფორმით შეგვხვა შირაზში. ერთი ეგაა, დროსა და განზომილებაში ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს. თუმცა მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

ამის მერე შირაზის ბაზარში შვედით, სადაც კიევ ერთი ცდუნება გველოდა წინ. სადაც გაიხედავდი, ყველგან ადგილობრივ ტკბილეულს ყიდიდნენ! ჩვენც სულმა წაგვძლია და 300 გრამი მაჰჯუნი ვიყიდეთ, რომელსაც ჩვენებური გოზინაყის გემო დაკრავდა, თუმცა ათასჯერ უფრო გემრიელი და უფრო მსუყეც იყო.

ამის შემდეგ კი ავტოვაგზალზე წავედით და პერსეპოლისისკენ მიმავალი ავტობუსი მოვნახეთ, რომელიც ჩვენებურ, დაფახფახებულ საბჭოთა ყვითელ ავტობუსს გავდა საშინლადაც გრუხუნებდა, თუმცა 40 წუთის სავალ გზაზე სულ 1 დოლარამდე გადავიხადეთ. პერსეპოლისამდე ავტობუსმა სადღაც ქალაქის ტიპის დასახლებაში ჩამოგვყარა ყველა, ამიტომაც იძულებულები გავხდით, ტაქსი გაგვეჩერებინა.
გავაჩერეთ კიდეც. მაგრამ მძღოლს ჩვენი ინჩი-ბინჩი არ ესმოდა და არც ჩვენ - მისი. საბოლოოდ 50 000 გადავუხადეთ, რაც 2 დოლარიც კი არაა და ძალიანაც უკმაყოფილო დაგვრჩა, მაგრამ რაღას გვიზამდა. „გულზე ხელი რომ დავიდე და ვუთხარი, ძმაო, მეთი ნაღდად არ მაქვს-მეთქი, თვალები აუწყლიანდაო“, იცინოდა მერე გიო. ისე კი ყველა გვაფრთხილებდა, ტაქსისტებმა არ მოგატყუოთო და გიოს ვინ რას მოატყუებს, აქეთ გავწეწეთ აქაური ტაქსისტები.






აი პერსეპოლისის აღსაწერად კი სიტყვები არ მეყოფა! მანქანიდან გადმოსულები პირდაპირ უდაბნოში აღმართულ მთებში მოვხვდით, რომლის ვულკანურ ლავასაც ჯერ ფორმა არ მიეღო და მთებად ბოლომდეც არ ჩამოყალიბებულიყვნენ. ამ ყვითელ ქვებში კი აღმართულიყო ნაქალაქარი - სასახლე, ქალაქის მოედანი, ზოროასტრიზმის სამლოცველო, სასაფლაო, მეფის თუ ქურუმის კვარცხლბეკი და ათასი უცნაური ცხოველებისფორმებიანი ძეგლი, რომელთა დანიშნულებაც ვერ გავიგეთ, მაგრამ საოცარი შთაბეჭდილება კი მოახდინა.

ეს იყო აქამენიდური იმპერიის დედაქალაქი, რომელიც დაახლოებით 515 წელს ძველი წელთაღრიცხვით კიროს დიდმა დააარსა. დღემდეა შემორჩენილი ულამაზესი სასახლის სვეტები, ზოროასტრული ტაძარი და ტერასები, ასევე მეფეების საფლავები. პერსეპოლისის მშენებლობა მეფე დარიოს პირველის დროსაც გაგრძელდა, რომელმაც ქალაქს ტერასა და დიდებული სასახლეები მიუშენა. მისმა მემკვიდრემ, ქსერქსემ კი სრულჰყო ქალაქის არქიტექტურა და ტერასის მშენებლობა დაასრულა. პერსეპოლისის დიდება აქამენიდების დინასტიის მმართველობასთან ერთად დასრულდა, როცა ალექსანდრე დიდმა უძლეველი იმპერიის საცერემონიო დედაქალაქი გადაწვა. 

დავდიოდით ამ უძველეს ნანგრევებში და არც კი მჯეროდა, რომ იქ ვიყავი. სიჩუმე, აუტანელი სიცხე, ბევრი ხვლიკი, ქვიშა, მდუმარე ქვები და მაღალი სვეტები, ზედ გამოქანდაკებული მრისხანე ფიგურებით - ეს იყო საოცრად ხელშესახები და რეალური წარსული. სკოლის სახელმძღვანელოებიდან ნასწავლი უძველესი მსოფლიოს ისტორიიდან მოყოლებული დღემდე, როცა პერსეპოლისი ვნახეთ. როგორც არ უნდა ეცადო, ამ ქალაქს ვერ გააუბრალოებ, ვერ დაიყვან ბანალურ აწმყომდე, რომელიც ტურისტების გასართობადაა ქცეული, რამდენი ფოტო უნდა გადაუღო, რომ მისი დიდება ციფრულ ტექნიკაში მოაქციო...

საბოლოოდ, იუნესკომ გასული საუკუნის 70-იან წლებში პერსეპოლისი დაცულ ტერიტორიებში შეიყვანა. ახლა მეფე დარიოს პირველის სამფლობელოში wi-fi იჭერს, კოდით - perse1234.

პერსეპოლისიდან დამუნჯებულები შირაზში ტაქსით დავბრუნდით. ცოტა არ იყოს და, მშივრები, დაღლილები და შეშინებულებიც, იმიტომ რომ საკუთარი სასტუმროს მისამართი არ ჩაგვიწერია და აღარ გვახსოვდა. თუმცა გიოს საოცარმა ორიენტაციის უნარმა აქაც იმარჯვა და 5 წუთის ბოდიალის შემდეგ სასტუმრო „თელარას“ მივადექით. იქიდან ჩვენ-ჩვენი ბარგი ავიღეთ, ადმინისტრატორს დავემშვიდობეთ და ტაქსითვე ავტოვაგზალზე დავბრუნდით. ამჯერად შევაჭრების გარეშე წაგვიყვანა მძღოლმა 2 დოლარად. ვაგზალზე თეირანისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთები ვიყიდეთ, კაფეში ჩაი დავლიეთ, მერე ავტობუსი მოვნახეთ და ჩავსხედით.

ახლა უკვე თეირანისკენ მივდივართ. ჩვენი ირანული თავგადასავლი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. თეირანში სავარაუდოდ დილის 6:30-ზე უნდა ვიყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტობუსში ღამის გათენება მოგვიწევს. ორი დღეა ჩვენებისთვის არაფერი მიმიწერია, ინტერნეტი ვერ დავიჭირე ვერსად, მაგრამ იქნებ ვინმემ გიოს foursquare-ზე პერსეპოლისიდან დაჩექინებული ნახოს და ჩვენებს უთხრას, რომ კარგად ვართ! 

2 comments:

  1. არც ისე იაფი ყოფილა მგზავრობა. 40 წუთიან სავალ გზაზე აქაც იგივე ჯდება მგზავრობა ავტობუსით.

    ReplyDelete
  2. რა ჯადოსნური თავგადასავალია და რა კარგად აღწერილი! იუმორით შეზავებული.
    ძალიან მომინდა იქ.

    ReplyDelete

დააკომენტარეთ