Monday, June 30, 2014

27 ივნისი, 2014 წელი - თეირანიდან უკან

მე და გიო თეირანის უშველებელ ავტოსადგურში ვართ, საიდანაც ჩვენი ავტობუსი თბილისისკენ ორ საათში უნდა გავიდეს. ახლა დილის 11 საათია.

დილის 8:30-დან აქ ვსხედვართ და ხალხს ვაკვირებით. ვისაუზმეთ, ვიარეთ, ტუალეტებშიც ვიყავით, მოკლედ ყველაფერი ვქენით, ახლა უსაქმურად ვსხედვართ. თან ტელეფონებს ვტენით. ძალიან ვნერვიულობ უკვე. ჩვენებისთვის ხმა სამი დღეა არ მიგვიწვდენია, არ იციან სად ართ და როდის ჩამოვდივართ. ნანა კი არ შეიმჩნევს ალბათ, მაგრამ არჩილა ალბათ უკვე კედლებზე დადის, ხომ ვიცი მაგისი ხასიათი.

ვზივარ და ვფიქრობ, მომეწონა თუ არა ირანი. ოთხ ქალაქში ვიყავით: თეირანში, ისპაჰანში, შირაზსა და პერსეპოლისში. ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ისევ უკან ვიმგზავრეთ, გადავლახეთ ათასობით კილომეტრი; უამრავ ადგილობრივს შევხვდით და გავიცანით; ავტობუსის ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ დაუზარლად ამუშავებდნენ მიწას შრომისმოყვარე გლეხები, მოჰყავდათ ხორბალი და ბრინჯი, როგორ იყვნენ გვიანობამდე პარკებში წამოწოლილები ოჯახები და პიკნიკობდნენ; როგორ ეკარგებოდნენ ბავშვები დედებს ბაზარში და ხალხმრავალ სადგურებში და როგორ გულამოსკვნილი ტიროდა ორიოდე წლის პატარა, ყვითელკაბიანი და კიკინებიანი გოგო, სანამ დედამისმა არ მიაგნო; როგორ იძრობდნენ ტუალეტებში შესვლისთანავე ქალები ჩადრებს და თვალდახუჭულები ისხამდნენ წყალს სახეზე; როგორ იწმენდნენ ჩუმად ოფლს საფეთქლებიდან და კისრიდან ქუჩებში, როცა ეგონათ, რომ არავინ უყურებდათ; როგორ დარბოდნენ შორტებსა და მინიკაბებში გამოწყობილი პატარა გოგონები და არ იცოდნენ, რომ ერთ დღესაც მათაც მოუწევდათ ჩადრებში ამობუგვა და დარჩენილი ცხოვრების ასე გატარება; როგორ გვაშტერდებოდნენ ყველანი ქუჩაში მე და გიოს. ქუჩებში გიჟებივით დაქროდნენ მოტოციკლეტები, არ ერიდებოდნენ ტროტუარებსა და ხალხმრავალ ადგილებსაც კი და ჩვენც გულგახეთქილები ფრთხილად დავდიოდით. ახლაც მიდგას ყურებში მოტოციკლეტების ღმუილი.

და ბოლოს, ყველგან იდგა რაღაც შერეული სურნელი - სუნელების, მამაკაცის მძაფრი სუნამოს, თაფლის, ნელსაცხებლების და კიდევ რაღაცის, ალბათ ჩაის, იმიტომ რომ 40 გრადუსიან სიცხეშიც კი ყველა კუთხეში ყველა ჩაის სვამდა. ამ სურნელს შიგადაშიგ ცხვრის ხორცის საშინელი სუნიც გამოერეოდა ხოლმე და ასეთ დროს იმ ადგილს ელვის სისწრაფით ვშორდებოდი.

ხალხი საკმაოდ მოწესრიგებული და ორგანიზებული ჩანდა. მუზეუმები, საქალაქთაშორისო ავტობუსები, გზები, მაგისტრალები, მოწესრიგებული ქუჩები, კაფეები და რესტორნები, ამხელა უდაბნოში გაშლილი ხელვონური პარკები, სადაც არავის მოსვლია თავში აზრად, სასტუმრო ჩაედგა, ან ხეები გაეჩეხა. პირიქით, თითოეული ხე ცალ-ცალკე ირწყვებოდა. სამივე ქალაქში უნივერსიტეტები გვხვდებოდა და ბოლოს, აფერისტი ტაქსის მძღოლები, რომლებიც ალბათ მთელ მსოფლიოში ერთნაირები არიან და, სავარაუდოდ, ცალკე საიდუმლო კასტა აქვთ შექმნილი.
დავდიოდით მუზეუმებში და პირდაღებულები შევცქეროდით გამოფენილ ექსპონატებს, მდიდრულ სასახლეებსა და ბაღებს, აურაცხელ და შეუფასებელ ძვირფასეულობას. ვამბობდით, რომ რამხელა კულტურა და შთამბეჭდავი ისტორია აქვს ამ ხალხს და რომ ეს ყველაფერი ერის ინტელექტსა და განვითარებულობაზე უნდა ისახებოდეს. და ეს ისახება კიდეც, ოღონდ არა ქალებისთვის და, ზოგადად, არა გამოხატვის თავისუფლებისთვის. აქ ხომ სოციალური ქსელები აკრძალულია, თუმცა აქაური ახალგაზრდები Facebook-ზე შესვლას მაინც ახერხებენ.

გულსატკენია, რომ მდიდარი წარსულის და გამოცდილების, პოეტებისა და მხატვრების სამშობლოში ადამიანებს რელიგიის სახელით ბოჭავენ და აიძულებენ მათი ნების საწინაამღდეგოდ იცხოვრონ, დაიცვან ყოვლად უაზრო წესები და გადაუხვიონ თავიანთ მდიდარ წარსულს. ისტორიის პარალელურად ქუჩებში გამოფენილი ომში დაღუპულების გადიდებული, კიტჩური ფოტოები ყვავილებიანი მდელოთი და სულიერი ლიდერების ფოტოები სასაცილო და ამავდროულად საწყენ კონტრასტს ქმნის.
ისიც საოცარია, რომ ხალხს არ აძლევენ უფლებას სახლებში შინაური ცხოველები იყოლიონ. ვერსად ნახავთ ძაღლებს, თუმცა უპატრონო კატები ბევრნი არიან. კატები და ყვავები. სულ ყვავები ჩხავიან ყველგან. პატარა და ლამაზი ჩიტები კი გალიებში ჰყავთ ჩამწყვდეულები და ყიდიან.

სასაცილო კიდევ ის იყო, რომ როცა მე და გიო ვინმესთვის რამის კითხვას ვაპირებდით და ჯერ ვეკითხებოდით, do you speak English-ო, ჯერ გაიღიმებდნენ, შორს სივრცეში გაიხედავდნენ, კაი ხანს დაფიქრდებოდნენ და წამით გაშტერდებოდნენ და მერე ერთი და იმავე ინტონაციით და გამომეტყველებით გვპასუხობდნენ, კიო, თითქოს, ეს-ესაა აღმოაჩინეს, რომ ინგლისური „მამენტ“ როგორ არ იციან. სინამდვილეში კი ძალიან ცოტამ იცოდა, ცოტას ინგლისურად გვეტყოდნენ და მერე ისევ სპარსულზე გადადიოდნენ.

და ბოლოს, ირანში მოგზაურობა ჩემთვის იყო საოცარი თავგადასავალი. ჯადოსნური დღეები, როცა ხანდახან წარმოუდგენლადაც კი მეჩვენებოდა, რომ იქ ნამდვილად ვიყავი. თუმცა ეს იყო ყველაზე ძნელი და დამამცირებელი დღეები ჩემთვის, როცა იძულებული ვიყავი სიცხეში ჩადრჩამოფარებულს თან მძიმე ზურგჩანთა მეტარებინა, თან ოფლში გავხვითქულიყავი და თან მაინც არ გავბრაზებულიყავი ამ საწყალ ხალხზე, რომლებიც ასე სულელურად მოექცნენ რელიგიის პროპაგანდის ქვეშ. ეს იყო კარგი გამოცდილება, რომ დამენახა, კიდევ რამდენიმა საბრძოლი ქალთა უფლებებისათვის და ამ პრობლემის მასშტაბებიც გამეაზრებინა. „ირანელ ქალებს ასე მოსწონთ“ და „შენ სახლში უნდა ნახო, ოჯახში მთავარი ქალია“ ასეთი განმარტებები აღარ მაკმაყოფილებს. მთავარი ისაა, რომ 40 გრადუსიან სიცხეში ვიღაც გიკონტროლებს როგორ უნდა ჩაიცვა და, შემთხვევით რამე რომ არ გამოგიჩნდეს, პალტოს ტარებას გაიძულებენ. გოგოებიც იძულებულები არიან, თავიანთი გარეგნობა მხოლოდ სახეზე გამოხატონ და აუარებელ მაკიაჟს ისვამენ, მერე ოფლად იღვრებიან. არადა, გოგოებიც და ბიჭებიც ძალიან ლამაზები არიან.

ახლა თბილისისკენ მიმავალ ავტობუსში ვსხედვართ. ირანს ჩრდილოეთისკენ მივუყვებით. ირანიდან თურქეთში გადავალთ, ყარსს გავივლით და ვალედან საქართველოში ჩავალთ. ასე არასოდეს გამხარებია სამშობლოში დაბრუნება. როგორც იქნა, მოვიხდი ამ საშინელ ჩადრს და დავივიწყებ, როგორ ვიტანჯებოდი ერთი კვირა.

ჩვენი ჯადოსნური თავგადასავალიც სწორედ ასე სრულდება. 

1 comment:

  1. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომ არ აძლევენ ხალხს შინაური ცხოველების ყოლის უფლებას? o.O რა სულელური შეზღუდვაა

    ReplyDelete

დააკომენტარეთ