ყველაზე მაგარი: დამბლდორის არმია |
და მაინც, მაშინაც თვალში მომხვდა წიგნში ბოროტი ჯადოქრების მთავარი მესიჯები: "სისხლის სიწმინდე", "ჯადოქრები უპირველეს ყოვლისა", "ბინძურსისხლიანები", "შერეულები" და ა.შ. ამ ყველაფერს უპირისპირდებოდა ყველაზე კეთილი, ბრძენი და სამართლიანი ჯადოქრის, ალბუს დამბლდორის ერთი, პატარა წინადადება: "არ აქვს მნიშვნელობა რანაირ ოჯახში ვიბადებით. მთავარია ის, თუ რა გამოვდივართ ჩვენ". დამბლდორი, ჰოგვორტსის დირექტორი, ყოველთვის ყველა დაჩაგრულის მხარეს იდგა: ნახევრადგოლიათების, რომლებსაც გენეტიკურად არ გამოჰყოლოდათ გოლიათის საშინელი, აგრესიული ხასიათი და ყველაზე კეთილი, გულუბრყვილო და პატიოსანი მეტყევეები იყვნენ დედამიწის ზურგზე; მაქცების, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მაქციამ დაკბინა, მაინც ინარჩუნებდნენ ადამიანის ხასიათს, სულგრძელები და კეთილშობილები რჩებოდნენ ცხოვრების ბოლომდე და სიმართლის მხარეს იბრძოდნენ; მაგლებთან დაბადებული ჯადოქრების, რომლებსაც, იქნებ არ ჰყავდათ ისეთივე პატივსაცემი და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ოჯახი, როგორიც - წმინდასისხლიან ჯადოქრებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ნიჭიერები, ჭკვიანები, სამართლიანები, კეთილები, დაუზარლები და შრომისმოყვარეები იყვნენ.
ჰარი პოტერის კითხვისას, ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ადვილად შეიძლება გაწირო ადამიანი, მხოლოდ იმის გამო, რომ ჯადოქრების ოჯახში დაბადებული წმინდასისხლიანი არაა. და ძალიან მალევე, რაც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ამიხდა:
მალევე აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც შეიძლება, ძალიან ადვილად გაიწიროს ადამიანი, რომელიც არაა ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი და უმრავლესობისთვის მისაღები სექსუალური ორიენტაციის; ზოგს საერთოდ არ აინტერესებს გადარჩება თუ არა, ზოგს უნდა, რომ ცემოს, ზოგი, კი, პირდაპირ, მოსაკლავად იმეტებს. და, არავინ, არც ერთი ჩვენგანი არ უფიქრდება სიტყვებს, რომ "არ აქვს მნიშვნელობა, რანაირ ოჯახში ვიბადებით, მთავარია, თუ რა გამოდის ჩვენგან". მე კი, დამბლდორის, ჰოგვორტსის სკოლის კეთილი დირექტორის სიტყვებს დავამატებდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორები ვართ ჩვენ ჩვენი სოციალური სტატუსის მიხედვით. მთავარია, რამდენად მამაცები, გამბედავები, კეთილშობილები, პატიოსნები, შრომისმოყვარეები, კაცთმოყვარეები და სამართლიანები ვართ. მე ბევრს ვიცნობ ასეთს. კეთილს, პატიოსანს, მამაცსა და გამბედავს, სამშობლოსთვის თავდადებულს, შრომისმოყვარესა და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალს, რომელიც არც ეთნიკურად ქართველი არაა, არც - მართლმადიდებელი, არც - ჰეტეროსექსუალი, მაგრამ, მაინც, "რატომღაც", ღირსეულია და საუკეთესო. იმიტომ, რომ გვარი, რწმენა და სექსუალური ორიენტაცია ჩვენს ღირსებებს უბრალოდ ვერ განსაზღვრავს.
ჰარი პოტერის კითხვისას, კიდევ ერთი რამ გავიგე: რომ ბიჭი, რომელსაც სურდა თავისი პრობლემები მაგიით და ჯადოქრობით მოეგვარებინა, (11 წლის განმავლობაში მას უსამართლოდ ჩაგრავდნენ დეიდა, ბიძა და დეიდაშვილი, არ ჰყავდა სკოლაში მეგობრები ბოროტი დეიდაშვილის, დადლის გამო და ა.შ.), აღმოაჩენს, რომ მხოლოდ სიყვარულით, თავდადებით და მეგობრობით შეძლებს ბოროტების დამარცხებას. უბოროტეს ჯადოქარ, ლორდ ვოლდემორზე უფრო მეტ მაგიას არ ფლობს, გაცილებით გამოუცდელია, ვიდრე - ის, მაგრამ მას მაინც გააჩნია ამოუცნობი და დაუმარცხებელი ძალა. ესაა სიყვარული, რომელიც ყველანაირ ბოროტებას ამარცხებს.
საბავშვო ზღაპრები, სიყვარული, დედის თავგანწირვა, მეგობრობა, სამართლიანობისთვის დაუღალავი ბრძოლა გადარჩენის შანსს არ უტოვებს ბოროტ ჯადოქრებს და საბოლოოდ ასე იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე - საუკეთესო მაგია მეგობრებისთვის თავდადება და სიყვარული ყოფილა, საუკეთესო თავდაცვა კი - დედის თავგანწირვა. ეს კი ბოროტს არაფრით შეუძლია, რომ გაიგოს.
და, რა თქმა უნდა, კაცი, რომელმაც თავი თავისივე ბავშვობის სიყვარულს შესწირა: სევერუს სნეიპი - ადამიანი, რომელიც სიკეთის მხარეს მხოლოდდამხოლოდ თავისი ერთადერთი სიყვარულის, ლილი ევანსის, ჰარის დედის გამო გადმოვიდა, დიდებას და ძალაუფლებას ზურგი სწორედ ამ, დიდი სიყვარულის გამო აქცია და მთელი ცხოვრება სიკეთის მხარეს ისე იბრძოდა, რომ არავინ იცოდა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ამას გვასწავლის ქრისტიანობაც: რომ ჩვენმა ერთმა ხელმა არ უნდა იცოდეს, რა სიკეთეს თესავს მეორე.
31 ივლისს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე საოცარი ადამიანის, ჯოანა როულინგის დაბადების დღე იყო. ამავე დღეს დაიბადა ჰარიც, რომელიც დღეს, სავარაუდოდ 34 წლის გახდა, აურორია და დღემდე ბნელი ძალების წინააღმდეგ იბრძვის. ამ დღეს არის იმ მწერლის დაბადების დღე, რომელმაც ჰარი პოტერის შვიდი ტომი აჩუქა მსოფლიოს. მეცოდება ის ადამიანი, ვინც პრინციპულად არ კითხულობს ჰარი პოტერს. ზოგი თვლის, რომ ეს წიგნი სატანიზმია (ამათზე მეცინება - რადგანაც მაგიასთან და ეშმაკთან გვაქვს საქმე, ე.ი. "ოსტატი და მარგარიტა", "ფაუსტი" და ა.შ. უნდა დავწვათ თურმე და გავანადგუროთ); ზოგი თვლის, რომ უკეთესი წიგნები დაწერილა ფენტეზის ჟანრში და ჰარი პოტერი უგემოვნო ბესტსელერია (შეიძლება, მაგრამ ჰარი პოტერი მხოლოდ ფენტეზისთვის არაა შედევრი და არც მხოლოდ ბესტსელერი არაა, რომელიც 50 წლის მერე მიავიწყდება ყველას); ზოგს კი ჰგონია, რომ საბავშვო ლიტერატურაა და დრო არ უნდა მოაცდინოს (რა ვქნა, ფაქტია, რომ მეც და დედაჩემმაც ერთნაირი გატაცებით წავიკითხეთ და ერთნაირი დასკვნები გამოვიტანეთ, ის რაც ზევით მიწერია და საერთოდაც, ბევრი, ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი ამბობს, რომ ჰარი პოტერი 21-ე საუკუნი შედევრია, მაგალითად დავით ზურაბიშვილი ან ლევან ბერძენიშვილი).
მთავარი ისაა, რომ ჩვენი წიგნების თაროებს შეემატა კიდევ ერთი საოცარი, ჯადოსნური ისტორია მეგობრებზე, რომლებმაც უამრავი დაბრკოლება გადალახეს, უამრავი ტკივილი გამოსცადეს, ბევრი ძვირფასი ადამიანიც დაკარგეს, მაგრამ გული ისევ ისეთი შეურყვნელ და პატიოსანი დარჩათ და ესაა წიგნის მთავარი მესიჯიც: მაგია არაფერ შუაშია. მთავარია უანგარო სიკეთე (მაშინაც კი, როცა დრაკო მალფოის გადარჩენაზე მიდგება საქმე). დაბადების დღეს გილოცავ, ჰარი <3 p="">
3>
No comments:
Post a Comment
დააკომენტარეთ