თითქოს ზაზუნას დღეები გვაქვს - ყოველდღე ვხსნი ფეისბუქს და ერთი და იგივე ამბავი მხვდება: ვიღაც ქალი თმით ათრიეს, ცემეს, სოფლის ბირჟაზე ჩაქოლეს, ურტყეს, მოკლეს, ამით ოჯახის ღირსება დაიცვეს... სიუჟეტი ერთსა და იმავე დროს დათქმულივით მეორდება, ლოკაციის და პერსონაჟების სახელები კი - იცვლება. გეგონება, ეს ამბავი მთელ ქვეყანაში დამოგზაურობსო.
გუშინ ვფიქრობდი: ნუთუ, ამ ქალებს, როცა საქორწინო კაბებს იცვამდნენ და მილოცვებს იღებდნენ, უკვე წარმოედგინათ, რაც ელოდათ? ნუთუ ეს პატარა გოგოებიც ისევე ხითხითებდნენ და ქმრებს საკურთხეველთან ჩუმად თვალს უკრავდნენ, როგორც - მე და ჩემი ქმარი, როცა მღვდელი "მორჩილებაი ქმრისაო", თუ რაღაც ასეთს, ახსენებდა ჯვრისწერისას?
შესაძლებელია კი, ასეთ რამეებზე ფიქრი ამ დღეს, საერთოდ? იხდიდე 1000 ლარს საქორწინო კაბაში, 150-ს - მაკიაჟში, ამდენივეს - ვარცხნილობაში და თან, ფიქრობდე, რომ ესაა ის ბოლო დღე, როცა ლამაზი ხარ, ბედნიერი და ჯანმრთელი. იმიტომ, რომ წლებთან ერთად, ჯერ ჯანმრთელობა გაქრება, მერე სილამაზე მოგესპობა და ბოლოს სიკვდილსღა ინატრებ ყოველდღე?
რას პირდებით საცოლეებს ქორწილის დღეს? რომ ყოველდღე იჩხუბებთ? რომ თუ ბიჭთან ერთად დაინახავთ, უბანში ყველას თვალწინ სცემთ? რომ თუ შვილი ეყოლება, ყველანაირ გასართობს მოუსპობთ, სამაგიეროდ, თქვენ უპრობლემოდ გაერთობით? და თუ შვილი არ ეყოლება, მაინც ყველანაირ გასართობს და ბედნიერებას მოუსპობთ? რომ თუ მუშაობა დაიწყო, გაშორდებით? რომ თუ ხმა ამოიღო, მოკლავთ? რომ ყოველდღე უღალატებთ? რომ სოკოს და ათას საშინელ დაავადებას გადასდებთ? რომ ყოველღამე დააძალებთ, სექსი ჰქონდეს თქვენთან და არ მისცემთ უარის თქმის ნებას? რომ ჩაცმულობას გაუკონტროლებთ? რომ ბურკას ჩააცმევთ?
როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, გიოს მაგივრად, ასეთ ტიპს რომ გავყოლოდი ცოლად? ალბათ, არ ვიმუშავებდი. უკვე შვილი მეყოლებოდა, ჩემს აზრს საერთოდ არ გაითვალისწინებდა და ფეხებზე დაიკიდებდა, რომ დედობისთვის მზად არ ვარ. ალბათ, ზურასთან, ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან, ურთიერთობასაც ამიკრძალავდა. ჩემს მოკლე, საზაფხულო, ჭრელა-ჭრულა სარაფნებს გადამიყრიდა. ჩემს ცხოვრებაში ბოლო მოგზაურობა საქორწინო მოგზაურობა იქნებოდა (ან - ისიც არ იქნებოდა). წაკითხული წიგნების შესახებ ჩემს აზრს არ მოუსმენდა. და საერთოდაც, ჩემს აზრს არ მოუსმენდა და ყოველ სიტყვაზე დამცინებდა. ხოლო, როცა ამ ყველაფრის გაპროტესტებას დავიწყებდი, ადგებოდა და მომკლავდა.
ნუთუ ამქვეყნად ცოტანი ხვდებიან (გოგოების მშობლების ჩათვლით) თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ქორწინება? რომ არ უნდა ჩაუგდონ უცხო კაცს ხელში 14-15 წლის მოზარდი შვილი? რომ, მინიმუმ, საკუთარი მცირეწლოვანი შვილები არ უნდა დაასწრო დედისთვის ყელის გამოჭრის "საზეიმო ცერემონიალს"?
ვცდილობ, ჩემი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. როცა ცოლად გავყევი, მიყვარდა? კი. მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ სიყვარული არაა საკმარისი ისეთი მასშტაბური პროექტის დასაწყებად, როგორიც - ოჯახია. ჩემთვის თანასწორობის განცდაა საჭირო. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც ვერაფრით გაზომავ და დათვლი. ვერ იტყვი, რომ აი, დღეს მე დავრეცხე ჭურჭელი, ან, მე მოგიტანე ცხელი ჩაი კომპიუტერთან და ხვალ შენ ქენი იგივე, ზეგ - ისევ მე ვიზამ და ა.შ. უბრალოდ, რაღაცებს ინტუიციით ხვდები - მაგალითად, რამდენად ემთხვევა შენი და შენი პარტნიორის ღირებულებები ერთმანეთს; რამდენად განვითარებული ემოციური ინტელექტი გაქვთ და რამდენად სცემთ პატივს ერთმანეთს.
ხო ბანალურია? მაგრამ, საერთო ჯამში, როცა ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, არ ითვლიან, რომელმა რამდენჯერ გააკეთა საჭმელი, ან რამდენჯერ გამოგავა ოთახები და გადაწმინდა მტვერი, ან რამდენჯერ მიუტანა ერთმა მეორეს ჩაი კომპიუტერთან და მოურია თუ - არა.
შესაძლებელია, წინასწარ გათვალო, იქნები თუ არა ამა თუ იმ ადამიანთან თავისუფალი და თანასწორი? იმიტომ, რომ მხოლოდ თანასწორობისა და თავისუფლების შემთხვევაში შეიძლება ბედნიერი იყო. და ეს ქალებიც, რომელთა მკვლელობების შესახებაც მთელი წელია გვესმის, არც მეტი, არც - ნაკლები, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
მოკლული ქალები როგორც გმირები.
ReplyDeleteნეტა კიდევ რამდენი შეეწირება.
ჯვრისწერისას რა გახითხითებდა შენ, ჰა? :პ თუ არ გჯეროდათ, რასაც მღვდელი გეუბნებოდათ, ვინ დაგაძლათ ჯვრის დაწერა, სერიოზულად? :პ ვხუმრობ ნახევრად და პასუხი არ არის საჭირო, ხომ მიცნობ, ირი :დ
ReplyDeleteვაიმე, 150 ლარს იხდიან მაკიაჟში? გაჭირვებულ საქართველოში, კაცო? გავაფრენ.
მაკიაჟიც და თმაც მე თვითონ გავიკეთე ჩემი ქორწილისთვის, ოღონდ დღემდე არავისთვის გამიმხელია (ქმრის გარდა), თორემ იტყვიან, გოიმი ხარო :ლოლ: :დ
პოსტში სულ სხვა რამეზეა მთავარი აქცენტი, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი მოწესრიგდება.