Friday, April 15, 2011

is this revolution..?

წესად მექცა, რომ რამდენიმე თვიანი სტაბილურობის შემდეგ, ტვინში არეულობა უნდა მეწყებოდეს, რაღაცებს ვაფასებდე, ვირეცხავდე, ახალს ვიღებდე, ძველს ვიშორებდე, ჩემს თავს გავურბოდე და ახალ მე-ს ვეძებდე. ყველა ასე ხართ? 

თავს "დოგვილის" პერსონაჟი, გრეისი მგონია. თითქოს სანამ გამართლებას და შვებას მივაღწევდე, იქამდე ყველამ რაღაც უნდა დამიშავოს და დავუშავო. ან ბოლომდე თავი დავხარო და come what may, ყველამ ის ქნას, რაც უნდა. მე კი ბოლომდე ვითმინო, სანამ მამაჩემი მოვა და გადამარჩენდეს. (ლარს ფონ ტრიერის სიმბოლოებზე ლაპარაკი სულაც არ მინდა და არც გამომივა). 

ბევრი ცუდი რამ გავაკეთე ამ ერთ წელიწადში, რაც ალბათ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. იმდღეს სერგიმ მითხრა, რომ პეტრე სასწორი იყო. მგონი პეტრესავით მამლის ყივილამდე სამჯერ იესოს გაცემა მეც მარადიულად უნდა ვიგლოვო. 

ნუ ფოტოები მაქვს, ტყუილია:))
ნეტა სუყველა ისევე განიცდის ცუდ საქციელს, როგორც მე? ხშირად ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. ცუდ რამეებს ვაკეთებ და მგონი იმაზე მეტად განვიცდი, ვიდრე ის, ვისაც რაღაც დავუშავე. მგონია, რომ სალომ ყველაფერი სწორი მითხრა. ალბათ იმიტომ, რომ ის არაა ჩემი მეგობარი და ყველაფერს ისე მომახლის, თვალსაც რომ არ დაახამხამებს. ხანდახან ძალიან საჭიროა ასეთი ადამიანები, სილის შემოკვრასავით, რომ გამოგაფხიზლოს და იმ გზიდან მოგაბრუნოს, რომელიც ყველაზე სწორი გგონია და ამ დროს ჯოჯოხეთში თუ არა, არც უკეთეს ადგილას მიგიყვანს. 

ტვინში, მაინც ბევრი აზრი მერევა. ასეთ მომენტებში, სულ ვამბობ, რომ არასოდეს აღარ ვენდობი ბოლომდე არავის, მაგრამ დრო გადის, წყენა მავიწყდება, სიტუაცია სტაბილური ხდება და მეც ვიწყებ ადამიანების ხელახლა შეყვარებას უგონოდ და მათ ბრმად მინდობას. ცხელ გულზე წამოსროლილ სიტყვებს კი აქა-იქ რამდენიმე სწერვულად ნათქვამი თუ მახსენებს ხოლმე. 

ერთადერთმა ადამიანმა გაიგო, რატომ დავშორდი მთვარეს. "შენ გაიზარდე და ის ვერ დაგეწია, არა?" მკითხა. როგორ შეიძლება უცხო ადამიანები აბსოლუტურად ხმის ამოუღებლად ხვდებოდნენ როგორი ხარ, რას განიცდი, რა გიყვარს და როგორ იზრდები? და როგორ შეიძლება ამას უახლოესი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ? 

ახლა ისევ გზაჯვარედინები მელანდება. როგორც წესი, ბევრი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი. გული მწყდება, რომ აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. კარგია, როცა არც ეჭვიანი ხარ, ყველას ენდობი, მერე რა რომ ამ ნდობით ბევრი სარგებლობს, საბოლოო ჯამში, გულში ეკლებად მაინც არ გრჩება შენი სიავე. 

ცუდია, რომ ამ გზაჯვარედინებში, ხანდახან ადამიანებიც გამოერევიან ხოლმე. მე ერთხელ უკვე დავკარგე საყვარელი მეგობრები ჩემი შეცვლის გამო და მეორეჯერ ამის გაკეთების მეშინია. თანაც, დღეს არც ერთი ადამიანი აღარ მიღირს დაკარგვად, რომელიც ახლა ჩემ გვერდზეა. ვფიქრობ, რომ ადამიანის სიმდიდრე მეგობრებია და ვერც ერთი ფეშენებელური სასტუმრო, ლამაზი კაბები და ბრჭყვიალა სამკაულები ვერ შეცვლის ამას.

და იმედია, რომ ჩემს მეგობრებსაც არ უღირთ ჩემი დაკარგვა. ზოგს მოქმედება და შეცდომის დაშვება ჭირდება, რომ ჭეშმარიტებას მიაგნოს, ზოგი ამას უმოქმედოდ და თითის გაუნძრევლადაც გადასარევად ხვდება. მე ბევრი შეცდომის დაშვება დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავში ბევრი რამე აღმომეჩინა, რაც მჭირდება.



 

Sunday, April 3, 2011

აპრილი on my mind

გვერდით ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება. მოიცა, გადავხედო: ერთი ჭიქა ცოტა ლუდით, რამდენიმე მარილიანი ჩხირი, ლეპტოპი, (უი, მუსიკა უნდა ჩავრთო!) ახალი პოსტის ფანჯარა, ორი ცალი ფურცელი "კი" და "არა"–თი და მე. ნუ წესით ნორმალური პოსტი უნდა გამოვიდეს, ისეთი, მინიმუმ მე და მაქსიმუმ ჩემი 22 follower-ი რომ წავიკითხავთ, ისეთი.

ჰო, ახლა მეკითხება ჩემი ერთი მომდურებული მეგობარი, რატომ სვამო. რა უნდა ვუპასუხო? ერთი ჭიქა ლუდი რა სასმელია–თქო? ღამე კარგად რომ დამეძინოს თუ გავლოთდი და ვერ შევამჩნიე–თქო? :S

მოკლედ, who cares. დღეს რაღაც კონცერტზე ვიყავი. კარგზე რა, კი გავერთეთ. კორკოტა მღეროდა. მანამდე ვიღაცებმა იმღერეს. კაი იყო. მერე ბილიარდიც ვითამაშეთ. ჩემი სასწაულებრივი თამაში არ გენახოთ, საოცრებებს ჩავდივარ:))

იმდღეს ბუტკაში ჩავედი, სემიჩკა უნდა მეყიდა. გვერდით ერთი მოხუცი ქალი იდგა, მათხოვარი. სადღაც იყურებოდა და კანკალებდა. ცოტა ცრიდა და ციოდა. ხურდებით მქონდა ლარი და ერთი საათი ვიფიქრე სემიჩკა მეყიდა თუ იმ ქალისთვის მიმეცა. მერე სემიჩკა ვიყიდე სულ და ერთი 5–თეთრიანიც კი არ დამიტოვებია, რომ იმისთვის მიმეცა. ძალიან კი შემეშინდა. რატომღაც მეგონა, რომ ის მათხოვარი ღმერთი იყო, მე კიდე ასეთი უნიკალური შანსი გავმაზე. მერე ეს ამბავი ჩემს მეგობარს მოვუყევი, იმან კიდევ, რა თქმა უნდა, დამცინა. სხვას მეც დავცინებდი, იმას რას ვერჩი. რამდენი მათხოვრისთვის არ მიმიცია ხურდა და რამდენ ეკლესიასთან არ გადამიწერია პირჯვარი, რამდენი მათხოვრისთვის ამირიდებია თვალი, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს დამმართნია. სახლისკენ რომ ავდიოდი, ვფიქრობდი, ჩამოვუტან ფულს მეთქი, მაგრამ ეგეც დამეზარა. მოკლედ, რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო ვკარგავ სიკეთის კეთების სურვილსაც და შესაძლებლობებსაც. ალბათ, როცა მოვხუცდები, ჩემზე ავი და ბოროტი არავინ იქნება. კუდიც რომ გამომეზარდოს, მაგარი სანახავი ვიქნები.

იმდღეს "ამერიკული ზღაპრები" დავამთავრე. ისე მომეწონა, რომ ტურაშვილს ფეისბუქზე წერილიც კი მივწერე. რამდენი ისეთი მწერლის წიგნი წამიკითხავს, ვინც ცოცხალია და სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებსაც იყენებს, მაგრამ არავისთვის მიმიწერია.

ღმერთი, როცა არ ველოდები, მაშინ მეცხადება ხოლმე.
სიკვდილი ასე ახლოს ჩემთან ჯერ არასდროს ყოფილა. პირველად გავიგე, რა ხდება მეგობრის დაკარგვის დროს და რას ნიშნავს დაკრძალვა.
ბევრი რამე და ვინმე იმდენად ახლობელია ჩემთვის, რომ მის დაკარგვას ვერ ვეგუები.
თუ 19–მდე პროექტს არ დავწერთ, ამ სამსახურის შანსიც დაიკარგება.
ლოგინში ყოველღამე gossip girl-ის სერიებს ვუყურებ. ვამოწმებ, რამდენად ჰგავს ჩემი ცხოვრება მანჰეტენელი თანატოლებისას.
გიტარაზე დაკვრა მგონი სულ დამავიწყდა.
მგონი ისევ ავურიე.

 America, I've given you all, now I'm nothing!

Tuesday, March 8, 2011

women from conflict-zone

  გასაოცარი პროფესია ავირჩიე. ერთ დღეს სად ვარ, მეორე დღეს _ სად. ამას წინასწარ ვერასდროს ვსაზღვრავ. გუშინ "რედისონში" ერთ–ერთმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ქალებს 8 მარტი განსაკუთრებულად მიულოცა და დიდი და "დასტოინნი" პრეზენტაციაც გამართა. პრეზენტაცია რაღაც ახალ ეკო–პროდუქტს შეეხებოდა (კსტაწი, ეგ სტატია დასაწერი მაქვს, რა კარგ დროს გამახსენდა!), რომელსაც ქართველი დიასახლისების გაუსაძლისი ყოფა უნდა შეემსუბუქებინა და ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად, ქალების პრობლემებიც უნდა გადაეჭრა. ვინღა არ შეიკრიბა ამ პრეზენტაციაზე! მით უმეტეს, რომ ამ კომპანიამ 80 ყველაზე წარმატებული ქალის დაჯილდოება განიზრახა. ნუ, გლამურული რაღაცა სანახაობა!
ეს ქალი ამბობს, რომ როცა ქმარი ეჩხუბება, რატომღაც
ჰგონია, რომ ეს მისი ოსური წარმომავლობის გამო ხდება.
 კაბები, მაღალი ქუსლები, ძვირფასი სუნამოები, კილომეტრიანი ფურშეტი, შამპანურის ბოკლები (სადაც გაურკვეველი სითხე ესხა, მე ფორთოხლის წვენი მეგონა და ნახევარი ჭიქა რომ დავცალე, მივხვდი რომ ვთვრებოდი), იქ საჩუქრები, წამყვანად შარმიანი და უზადო ლევან ხურცია... ნუ მოკლედ პეროების ფრიალი! (ეს ჰონორარი რას არ გაგაკეთებინებს უხელფასო სტუდენტს!)

ჰოდა, გაირკვა, რომ 8 მარტი მარტო 80 ქალს მიულოცეს. ნუ, ჰა–ჰა, მაქსიმუმ კიდე 80–ს, სულ 160–ს. საქართველოში 160–ზე გაცილებით მეტი ქალი ცხოვრობს. 8 მარტს ჯიპელები ერგნეთისკენ წავედით და გზად სოფლებში გავნაწილდით. სოფელ შინდისში ვნახეთ ქალები, რომლებიც სოფლის გაუსაძლის პირობებში ცდილობენ, ხალისი შეინარჩუნონ და ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ერთად ცდილობენ; დღისით ყველა მუშაობს, ხელები გაშავებული და გაუხეშებული აქვთ, ზამთრობით ოჯახებთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობენ, სადაც ერთი ღუმელი უდგათ; აცვიათ ძველი, უხეში და ფერდაკარგული ფეხსაცმელები და იმ გლამურული პრეზენტაციების შესახებ, რომელსაც გუშინ მე დავესწარი, მხოლოდ პატარა ჯადოსნური ყუთების მეშვეობით იგებენ, რომელსაც ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები უშვებენ. რომლებიც თავის მხრივ, მხოლოდ 80 გამორჩეულ ქალბატონს აჯილდოებს ყოველწლიურად, გაურკვეველია რისთვის. ალბათ მაღალი ქუსლებისთვის, მოვლილი ხელებისთვის, სურნელოვანი კანისთვის... მიუხედავად იმისა, რომ არც ძვირფასი სამკაულები ჰქონიათ ოდესმე და არც _ ფრანგული სუნამოები, ეს შინდისელი ქალები მოუთმენლად ელიან საღამოს, როცა იმ დღის რუტინულ სამუშაოს მოითავებენ, რომ მერე ერთად აღნიშნონ 8 მარტი  ყველანაირი მომხიბვლელი წამყვანის, საჩუქრების, ქუსლებისა და ფურშეტის გარეშე. 

ნახეთ, რა ლამაზია ეს ბავშვი:) 
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. გასაგებია ეს ვარდები (ჩემმა ერთ–ერთმა ფრენდმა დაწერა ფეისბუქზე, რომელიც დანახვისთანავე მომეწონა), მაგრამ who cares for rights? ვინ ზრუნავს ქალების უთანასწორო შრომაზე, მათ უფლებებზე, მათ ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე, არჩევანის თავისუფლებაზე? ვინ კითხავს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქალებს? 

Wednesday, March 2, 2011

winter is over, at last!

ბოლოსდაბოლოს ზამთარიც გავიდა. დაკვირვებული ვარ, ყოველი წლის თებერვალში ყოველთვის რაღაც ცუდი ხდება. წელს, მაგალითად, მთელი თვე უფულო, უმუშევარი და უსაქმური ვიყავი. შარშან _ ჩუტყვავილით და ა.შ. მოკლედ, გამოფიტვის და ყველანაირი დარტყმების თვეა.




აი ბატონო, მარტი! პირველივე დღეს ჯერ ერთი ვაკანსიიდან დამირეკეს, მერე, მეორედან მომწერეს. ადენაუერის ფონდიც გაცოცხლდა, 15–სთვის სტიპენდია ჩამომივა! (უჰჰ, გული მინათდება ხოლმე, როცა ადენაუერის ფონდი მახსენდება, რომ არსებობს:D).

ჰოდა, ამ ორი შანსიდან ერთი ძალიან მინდა რომ გამოვიდეს, მეორე კი, იმ შემთხვევაში, თუ პირველი არ გამოვიდა. რა არის? ჯერჯერობით არ ვიტყვი, არ დავითარსო, ვა! :O

can you hear the smell of the leafs?
მთავარი ისაა, რომ ამდენი წვიმის მიუხედავად ჩემს ტვინში ჩიტებმა უკვე დაიწყეს ჭიკჭიკი, ჭრიჭინებმა ჭრიჭინი და ბაყაყებმა? მმ, არაა, ბაყაყი მე ერთი ვიცი მარტო საყვარელი, ისიც პრინცი. ისიც, თუ კოცნა გავრისკე. ბრრრ, ბაყაყის კოცნა, მიდი და გარისკე. :|

ვხუმრობ, უკვე 22 წლის ვარ, რაღა დროს ბაყაყია. ჩემი უკანასკნელი შანსი, რამდენიმე წლის წინ ზაფხულში შემოაკვდა ჩემი ბიძაშვილის ცოლს შემთხვევით. :))) ტუალეტის კარებში მოაყოლა. აფსუს, რა სამეფო გვირგვინი გავმაზე.

ბუკიას ბაღში რომ ხეები მწვანდება, საირმეზე ორი თუ სამი ცალი ნუში ყვავდება და მეტროს ჩასასვლელთან მინდვრის ყვავილებს დააწყობენ ხოლმე გასაყიდად, ეს იმის უეჭველი მანიშნებელია, რომ გაზაფხული მოვიდა.

ჰოოდა, ნელი ფურტადოსავით, I'm like a bird, go ahead spring. ვზივარ და მახსენდება აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სიაც, რომელიც წელს უნდა გამეკეთებინა. მათ შორის ის იყო, რომ უფრო კეთილი და კარგი გავმხდარიყავი. რამე ცვლილებას ატყობთ? :S კიდევ, ვარჯიში უნდა დამეწყო... მაგრამ ჯერ ამინდი არ გამოსულა წესიერად, ფიტნეს–კლუბის აბონიმენტის ფულს დედაჩემს ნამდვილად ვერ და არ ვთხოვ (პრინციპის ამბავია, აუცილებლობის და ფუფუნების ამბავში). მოკლედ, ბევრი რამეა სამსახურზე დამოკიდებული.

აი, ეს ჩიტები მყავს ტვინში:))))
არ გეჩვენებათ ისე, რომ ძალიან ბევრს ვწუწუნებ სამსახურზე?? მგონი, enough! ბოლოსდაბოლოს, გაზაფხული მოვიდა და ტვინში ჩიტები თბილი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ! :ჭიკჭიკ:

Sunday, February 20, 2011

If my dreams come true :P

რას ვიზამდი, ყველაფრის გაკეთება და ყველა ოცნების ახდენა რომ შემეძლოს? 

არ ვგულისხმობ ისეთ ოცნებებს, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში რომ იჭრება, აი უბრალოდ, როგორ წარმომიდგენია ჩემი იდეალური მომავალი?

შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს და ფანტაზიის ნაკლებობა და გონებაშეზღუდულობაც დამაბრალოს, მაგრამ არა უშავს. აი ჩემი ოცნებებიც:

მინდა ვიცხოვრო ზღვისპირა ქალაქში.
მყავდეს ოჯახი და დიდი ძაღლი.
ყოველ შაბათ–კვირას ჩემი სახლი სავსე იყოს ჩემი მეგობრებით, რომლებსაც ჩემივე გაკეთებული კერძებით და ღვინით გავუმასპინძლდები.
ვაკეთებდე დოკუმენტურ ფილმებს, ისეთებს, როგორიც დისკოვერიზე ან ბიბისიზე გადის.
შესაბამისად, ვმოგზაურობდე ბევრს.
სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც "ჰილტონის" სასტუმროს ვბრონავდე, მაგრამ ვმოგზაურობდე საზღვარგარეთ.
მქონდეს დიიიდი ბიბლიოთეკა.
მყავდეს ნიჭიერი და ლამაზი შვილები. ( :D)
არ მეზარებოდეს დილაობით სირბილი!!!!
არ მყავდეს მელოტი და დაბალი ქმარი :))))))
ჩემს სახლს ჰქონდეს ტერასა და წინ ბაღი, ერთი ვაშლის ხით მაინც.
ყველა ოჯახურ და ტრადიციულ დღესასწაულზე შევძლოთ შეკრება მთელმა ოჯახმა. (ეს, სხვათა შორის, მე და ჩემმა ძმამ მოვიფიქრეთ, რომ რაც არ უნდა გვეზარებოდეს, ახალი წლის ღამე სულ ერთად გავატაროთ ხოლმე, როცა დავბერდებით და ჩვენი შვილები გასართობად წავლენ).
რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ 14 იანვარს მე, სალომე და ანი ერთად ვხვდებოდეთ, ოღონდ მარტო ჩვენ სამნი, გოგოები, არავითარი ქმარი, შვილი და დამსწრე საზოგადოება. 
დიიახ, აი ასე!;)
ასევე რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ ზაფხულს მე და ჩემმა დაქალებმა ყოველთვის უნდა მოვიწყოთ დასვენება, მარტო ჩვენ რომ მივდიოდეთ, ასევე დამსწრე საზოგადოების გარეშე.

სულაც არაა ისეთი სურვილები, რომელიც არასოდეს განხორციელდება. მგონი, საკმაოდ რეალური ოცნებები მაქვს. :)))))
თქვენ რაზე ოცნებობთ? 

Wednesday, February 16, 2011

როგორ მოვხვდეთ იტალიაში!

ძალიან მაგარია იმის გაცნობიერება, რომ გყავს მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. თუნდაც მაშინ, როცა სადღაც შუაგულ ევროკავშირში იკარგები, საღამოს 6 საათია, ბნელდება, ცივდება და შენ უკვე თბილისში გინდა. შენს მეგობარს უყურებ და ხვდები რომ ისიც ცოტაც და ატირდება. შენც ძალაუნებურად იბრუნებ ყელში გაჩხერილ ბურთს უკან და გზას განაგრძობ. მერე მთელ კედელზე რომ მატარებლების განრიგია გაკრული იმას უბრუნდები და შენ ერთი ბოლოდან მოყვები, შენ მეგობარი კი მეორედან. ასე ეძებთ რომი–პერუჯას რეისს. მერე გორგოლაჭებიანი ჩანთებით გასწრობანას თამაშობთ შუა რკინიგზაზე, რომელიც ათჯერ უფრო დიდია, ვიდრე შენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტი და სასურველ მატარებელში სხდებით. მერე ერთი მონაზონი შეგიცოდებთ ორ დაბნეულ, თვალზე ცრემლმომდგარ შტერს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნად ვერც ერთი მარადიული ქალაქი ვერ შეედრება საკუთარ უბანს, და ასიზიში წაგიყვანთ. კარგადაც გავახშმებთ, დაგაძინებთ, მეორე დღეს კი იმ მატარებელზე დაგსვამთ, რომელიც დაჯავშნილ სასტუმრომდე მიგიყვანთ.

ან კი რა შენი ბრალია, თუ დაბნეულობისგან არ იცი რა გააკეთო და სასტუმროს არა ქალაქის ცენტრამდე ათი წუთის სავალზე, არამედ ქალაქიდან ათი წუთის სავალზე სულ სხვა დაბაში ჯავშნი. იტალიაში ასეთი მოგზაურობის შანსი 1%–ია და ის 1%–იც სათანადოდ უნდა გამოიყენოს კაცმა. თორემ მერე ვინ დაარღვევს თქვენ გარდა შუა იტალიაში ყველანაირ წესს, ვინ მოივლის იტალიის ტრასებს ველოსიპედით, ვინ იფრენს ასევე ველოსიპედით რამდენიმე მეტრს, ვის გამოეკიდებიან იტალიელი ბიჭები "ბელლა, ბელლა"–ს ძახილით, ვის მოუნდება პირველივე ღამეს, რომელსაც შენივე შეცდომით ასიზის მონასტერში ათევ, დედა და თბილისში ყოფნა??

თუმცა მეორე დღეს შიში სადღაც ქრება. მით უმეტეს, რომ გვერდით შენი საუკეთესო მეგობარია, საქართველოსგან განსხვავებით იტალია უფრო მეტადაა სამხრეთით და უფრო მეტადაც თბილა, პერუჯის რკინიგზაზე ნაგავი არ ყრია და შენი სასტუმროს პატრონიც, ახალგაზრდა და მხიარული ჯანჯაკომოა. ჯანჯაკომო ზარმაცებს და არაფრისმაქნისებს კი გეძახით, "აი ნიდ ით თუდეი, ნოთ თუმოროუს" ძახილით გაჩქარებთ, რომ მალე დაჭრათ ხახვი, იტალიურად კაცმა არ იცის რას გიყვირით, მაგრამ ყოველ საღამოს არაჩვეულებრივი პასტითა და სოუსით გიმასპინძლდებათ, არც იტალიურ შავ ღვინოს ივიწყებს. ხოდა ყოველი ვახშამი თავისებური იტალიური რიტუალია ამ პატარა ინტერნაციონალურ სასტუმროში, სადაც ათასი ჯურის ახალგაზრდას ხვდები. ზოგი არდადეგებს ატარებს, ზოგიც, შენსავით ვითომ კონფერენციაზეა ჩამოსული, ზოგი მოგზაურობს და გზად შემოირბინა, ზოგს თავგადასავლები უნდა.

შენ და შენი მეგობარი ამ შუაგულ იტალიაში, სადაც სუყველას აშშ–ს ჯორჯიადან გონიხარ, თავგამოდებით იცავთ პატარა და უცნობ ქვეყანას, მით უმეტეს, რომ ომი ახალი მომხდარია და ყველა, "oh, Russia, occupation"-ით გიცნობთ. ჰო მართლა, ვერც ერთ ამერიკელ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე როუზის იტანთ, მოფერებით როზას რომ ეძახით და პირველივე შემთხვევაზე ლუდის ბოთლში უფურთხებთ. სამაგიეროდ, იმწამსვე წყვეტთ მშობლიურ ენაზე ყაყანს, როცა სასტუმრო ოთახში ორი ერთმანეთზე სიმპათიური, მაღალი და მზემოკიდებული ბიჭი შემოდის! იმდენად სიმპათიური, რომ თქვენთვის უკვე სულერთია, რომელი მოგეწონებათ და დაქალსაც დიდი სიამოვნებით უთმობთ ერთ–ერთს:)))) მერე კი, საღამოთი დასეირნობთ და თქვენ წარმოიდგინეთ და, "ტრამალის მგელსაც" არჩევთ. ვინ თქვა, უცხოელები ზოგად განათლებას არ აფასებენო!

ან ის ვიღამ მოიგონა, ქართველებზე სტუმართმოყვარე ერი ქვეყნად არ არსებობსო! ჩადით რა იტალიაში! ჯერ უნივერსიტეტის დეკანატი და თვითმმართველობა ააწიოკეთ, მერე იტალიის საელჩოში აბრახუნეთ კარზე, სანამ შეწუხებული შვეიცარი "მამა მიას" ძახილით არ გაგიღებთ კარს, ელჩსაც ექაქანეთ გაურკვეველი ქართულით აქოშინებულებმა, თუ როგორ გინდათ იტალიაში წასვლა, მერე მთელი რუსთაველი გადაშლილი პასპორტით აიარეთ, სადაც ახალჩარტყმული ვიზა ბრწყინავს, მერე კი, შუაღამისას აეროპორტში წადით და სტამბულის აეროპორტის გავლით, სადაც 8 საათი გაჩერდებით და მთელ იქ მომსახურე პერსონალს გაიცნობთ, გაფრინდით რომში!

მაგრამ, თუ გვერდით საუკეთესო მეგობარი არ გყავთ, რომელსაც გარეთ შტორმის და ტურბულენტური ზონების ეშინია, ამ ყველაფრის შეგრძნება გაგინახევრდებათ და აზრიც არ ექნება. ხოდა, ყველანაირი სამსახურის, აპლიკაციის და გასაუბრებისაც, იტალია ამ ყველაფრად ღირს!

"ესაც ჩვენი მოგებული ომი"!

არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალია, რომ კონფლიქტების გაშუქებას გავდივართ და ზოგადად ჩემთვის კონტექსტს და რა ჭრილში ითქმება ხოლმე რაღაცები, დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არც "მტრის ხატს" ვუყურეთ დღეს, რომელიც ამერიკელის გადაღებულია ამერიკის პროპაგანდისტულ მანქანაზე და არც შემთხვევით დაულინკავს ზოის პრესა.ჯის სტატია.

გუშინ ბათუმის პრეს–კაფეში ვახტანგ კომახიძის ფილმის, "ესაც ჩვენი მოგებული ომის" ჩვენება გაიმართა. პრესა.ჯის ჟურნალისტს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც კი უნახავს არც ერთი კადრი ამ ფილმიდან, არ მოუსმენია არც ერთი სინქრონი, ისე უწოდებს ამ ფილმს ანტიქართულს, პრორუსულს, აგენტს, მოსყიდულს და ა.შ. მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

დღეს რომ ჟიჟის არ აეხსნა ჩვენთვის, თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა და რა მესიჯებს გზავნის ხელისუფლება ხალხში, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, ალბათ ასეთი პროტესტის გრძნობა არ გამიჩნდებოდა. შეიძლება არც მენახა ეს ფილმი და 48 წუთის მოცდენა დამზარებოდა.

ფილმის ნახვის მერე ვიფიქრე, რომ 22 წლის განმავლობაში მე კარგად მქონდა ჩანერგილი თავში, რომ საქართველო მხოლოდდამხოლოდ მსხვერპლია დიდ რუსეთთან და ამ მსხვერპლს არასოდეს დაუჩაგრავს სხვა და ძალიან გამიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ ზუსტად იმავე როლში გამოვდივართ, როგორ როლსაც მივაწერთ ჩვენს "აგრესორ, ოკუპანტ და ა.შ." მეზობელს. ვართ თუ არა ისეთივე აგრესორები და ოკუპანტები აფხაზებისთვის და ოსებისთვის როგორიც რუსეთია ჩვენთვის?

აი ეს ფილმიც. ჩემი რჩევაა, რომ ყველამ ნახოთ.