Tuesday, May 26, 2009

იდიოტები

აბზაცები თემაზე “დოგმა_95”

არ ღირს არაფრის შელამაზება. სულაც არაა საჭირო უადგილო ადგილას მუსიკის, “შარპების” და “ბლარების”, კონტრასტების ბალანსის, ფერების დაწყობის გამოყენება. ქვეყანამ უნდა აღიაროს რომ დანარჩენი მსოფლიოსგან საკმაოდ შორს ცხოვრობს, საკუთარ გამოგონილ საზღვრებში ჩაკეტილი. იქ, შორს, ხალხი იცავს კანონს, იფიცებიან პროფკავშირები, ცვლიან კანონებს, ზრდიან ხელფასებს, გამოხატავენ პროტესტს და იღებენ შედეგს, ახალგაზრდები არ თაკილობენ “ოჯახის და გვარისშვილობის შეუფერებელ სამსახურს”, მაგალითად მიმტანობას ან დამლაგებლობას, და 20-25 წლისებს სულაც არ ეჩქარებათ სახელმწიფო სამსახურში კანცელარიის თაგვად ქცევა, არც ძვირფას რესტორნებში ვახშმობაზე გიჟდებიან მაინცდამაინც, ჩვენი ქართველი თანატოლებისგან განსხვავებით, “შარდენის” და “პეროვის” ქუჩები რომ აქვთ საფუძვლიანად ათვისებული. (სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ბლოგზე მოვკარი თვალი ამ ფრაზას, “რა გეჩქარება 20 წლის ახალგაზრდას სახელმწიფო სამსახურში ნაადრევად დაბერებაო”. აბა რა უნდა ქნას, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ახალგაზრდამ, რომელსაც ოჯახი უშლის (!) მუშაობას, მთელი თავისი არსით აიძულებს სწავლას ახლა უკვე PhD-მდე და უამრავ ფულს აძლევს დაუნანებლად დასახარჯად). იქ ხალხი არ აძლევს ხელისუფლებას საშუალებას, გაერიდნონ ხალხს, შეიქმნან საკუთარი ჩაკეტილი სამყარო, გამოიგონონ თავიანთ თავებში იდიოტები და მარაზმამდე დატკბნენ საკუთარი თავებით, ისე, რომ გარშემომმყოფნი დაივიწყონ.
აი რა უნდა ავსახოთ.

აბა, კარგად დაფიქრდი, რა მოხდებოდა, თუკი შენი სკოლის ქართულის შინაბერა მასწავლებელი, შენი დეპუტატი მეზობელი, რომელიმე სარეკლამო კომპანიის მენეჯერი, შენი ერთ-ერთი ჟურნალისტი მეგობარი ერთად წასულიყვნენ სადმე, რომელიმე მიყრუებულ დაბაში და მოქცეულიყვნენ როგორც იდიოტები, ეჭამათ, ესვათ და ევლოთ ისე, რომ ყველაზე დაფარული სურვილები აესრულებინათ.

შუაგულ ევროკავშირში, სადაც გარანტირებულია უსაფრთხოება, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ეკონომიკური მდგრადობა, ძლიერი პოლიტიკა და დემოკრატია, შეგიძლია თავს იდიოტობის უფლება მისცე. ერთ დღეს ადგე, შეკრიბო რომელიმე შენი ნათესავის სახლში ვიღაცები (არაა აუცილებელი მეგობრები იყვნენ) და დატკბე საკუთარი შინაგანი იდიოტის ყურებით. კარინასავით იგრძნო, როგორი ბედნიერი ხარ სრულიად უცხო ხალხთან და როგორ აღარ გინდა საკუთარ სახლში დაბრუნება, სადაც, პრინციპში, არავის აინტერესებ და ორი კვირის დაკარგულს სახლში მარტო “გამარჯობა, კარინა”-თი დაგხვდებიან.

იქ, შუაგულ დანიაში, რომელიმე მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში შეგიძლია გული თავისუფლად დაგწყდეს იმაზეც, რომ საკუთარ იდიოტს შენს ახლობლებს ვერ შეაყვარებ და გულის გადაშლა მხოლოდ უცხო ხალხისთვის მოგიწევს. მაგრამ აქ არა. ქვეყანაში, სადაც თვითონ ხელისუფლებაა ჩაკეტილი ლარს ფონ ტრიერის გამოგონილ სახლში, შენ ვერც იდიოტს დაირქმევ და ვერც ამ იდიოტს შეაყვარებ სხვებს. უბრალოდ, ამის დრო და ნერვები არავის აქვს.

აქ მე ჩემი მეგობრების ერთი ბლოგიდან მეორეზე გადავდივარ და აქციები, მიტინგების ხმაური, დროშის ფრიალი პირდაპირ მონიტორიდან მესმის. ჩვენ უკვე ორი საუკუნეა რაც ერთი და იგივე პრობლემები გვაწუხებს. ვტკეპნით გოლოვინის, ლენინის, რუსთაველის გამზირებს, ვწუწუნებთ ბიჭებზე და “მარადიულ” ქალიშვილობაზე, დასაბადებელ და დაბადებულ ბავშვებზე, შუა ქუჩაში “შემთხვევით” და “შეუმჩნევლად” დაგდებულ ნაგავზე, ცელოფნის პარკებით დახუნძლულ შეცდომით დარგულ ალვის ხეებზე, ორი საუკუნის წინანდელ დაგებულ და ერთი საუკუნის წინ აყრილ ასფალტზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობაზე... სანამ ჩვენში საბოლოოდ გაუღვიძიათ იდიოტებს, სანამ ყველა უბედურებასთან ერთად, სუფრასთან მოქცევის კულტურაც დაგვვიწყნია და ნაჭამი ლუკმა ისევ უკან არ დაგვიდია თეფშზე (თუმცა საერთაშორისო მასშტაბებით არც უამისობა არაა), იქნებ ცოტა ხნით მაინც დაგვეწყნარებინა ჩვენ-ჩვენი იდიოტები იმ დაპირებით, რომ ოდესმე ჩვენთვისაც მოვა დრო და სკოლის მასწავლებელი, რომელიღაც პრესტიჟული სარეკლამო სააგენტოს მენეჯერი, თუნდაც ჩვეულებრივი შინაბერა ერთად იცხოვრებენ, გაწვებიან შუაგულ მზეზე და გაირუჯებიან, შეჭამენ და დაიძინებენ ისე, როგორც მოსწონთ, ქუჩაშიც ისე მოიქცევიან, როგორც ნამდვილ იდიოტებს შეეფერებათ. იდიოტად ყოფნის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს. როცა საყოველთაო უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა პარლამენტში შესვლაზე მოწადინებული პოლიტიკოსების მოწოდებების გარეშე შევძლებთ, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, რომ ვიყიდოთ, ან ვითხოვოთ საძილე ტომარა და ლეიბი. როცა პატარა ქერა გოგონა შეწყვეტს კედლებზე გაკრული პლაკატების ახევას და აუჩქარებლად ძირს დაყრას, ხოლო შორიახლოს მდგარი მამამისი დაუშლის ამ საქმიანობას, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, ჩავალაგოთ ჩვენი ბარგი-ბარხანა და მოვემზადოთ იდიოტობისთვის. როცა ჩვენი საყვარელი მძღოლები ქალაქში ოდესმე ისწავლიან, რომ შუქნიშნის ყვითელი ფერი გასაჩერებლად მომზადებას ნიშნავს და არა მთელი სიჩქარით წითელზე გასწრებას, ჩვენ დავრთავთ საკუთარ თავებს ნებას, შევხვდეთ ჩვენნაირ ადამიანებს, რომელთაც განზრახული აქვთ, დაჰყვნენ თავიან ფარულ სურვილებს, შეიყვარონ თავიანთი იდიოტები. თუკი ოდესმე ხალხი იმასაც მიხვდება, რომ პოლიცია საზოგადოებრივი ინსტიტუტია და არა ხელისუფლების “კუნთები”, ჩვენ იმის ნებასაც მივცემთ საკუთარ თავებს, მოვნახოთ ძველი სახლი რომელიმე წყნარ დაბაში (დანია აუცილებელი არაა, არც ევროკავშირი) და გავემართოთ ორი კვირით საცხოვრებლად და საკუთარი იდიოტების შესაყვარებლად. და თუკი ოდესმე სხვების პირადი ცხოვრების მიხედვის მაგივრად საკუთარი პირადი ცხოვრების მიხედვას ვისწავლით, მაშინ ამ ჯადოსნური სახლის ილუზიას რეალობაში გადმოვიტანთ.

და მოხდება ისე, რომ მე, ჩემი სკოლის ქართულის შინაბერა მასწავლებელი, ჩემი დეპუტატი მეზობელი, ჩემი რეჟისორი მეგობარი და რამდენიმე გამოშტერებული პოეტი, “ალტერნატივშჩიკებად” რომ მოაქვთ თავი და ოქროს უსასრულობს თავგამოდებით ეძებენ, წავალთ ხევსურეთის რომელიმე სოფელში, მაგალითად, როშკაში. აი იქ, სულიერიც რომ აღარ ჭაჭანებს, ერთი-ორ არწივს თუ არ ჩავთვლით, შევიყვარებთ საკუთარ იდიოტებს და ერთმანეთს გადანათებულ კადრებზე სუბიექტური კამერით მუსიკის, შტატივის, “წჰიტე ბალანცე”-ის გარეშე გადავიღებთ. ორი კვირის მერე ცივილიზაციაში დაბრუნებულები კი დანანებით ვიტყვით, “აი, რეალობაც!”, ვიამაყებთ შინაგანი იდიოტებით და სხვებსაც ხელახლა შევაყვარებთ ჩვენს თავებს.

here is a new one: http://www.youtube.com/watch?v=natCa2asaq4&NR=1

2 comments:

  1. მოხდება რო?
    მეეჭვება :(
    ჩემი ფრაზა იყო ეგ, "სამწუხაროდ" :( რა აჩქარებთ სახელმწიფო სამსახურში შევარდნა და მონებად ქცევა, არ ვიცი :|
    ძალიან კარგი პოსტი იყო, დიდი ხანია ასეთი არ წამიკითხავს; ეტყობა, რომ ჯერ ახალი ბლოგერი ხარ და ყველაფერი პირდაპირ გულიდან მოდის :) (ჩვენ მერე ცოტა ვმაიმუნობთ ხოლმე, გამოცდილი ბლოგერები, I mean)

    ReplyDelete
  2. ძალიან მაგარი პოსტია, ჩემ ბლოგ ლისტში გამატებ თუ წინააღმდეგი არ იქნები:)

    ReplyDelete

დააკომენტარეთ