Tuesday, May 26, 2009

რატომ არ დავდივართ ახალგაზრდები მიტინგებზე?

ძალიან ხშირად უფროსი თაობა დღევანდელ ახალგაზრდობას ნიჰილიზმში გვადანაშაულებს. სულაც არ ტყუიან ჩვენი მშობლები, ეს მართლა ასეა. “ალტერვიზიამ” კარგად დაგვანახა, რომ თბილისში თურმე უამრავი ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელმაც საპროტესტო აქციებს “ხელისუფლების მიერ გამართული” ევროვიზიის ალტერნატიული ფესტივალი არჩია. უნდა ვაღიარო, რომ მეც მათ შორის ვარ. ახლავე აგიხსნით რატომაც.მიტინგზე მისულ საზოგადოებას რომ გადახედო, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ის თაობაა, რომელმაც, პრინციპში, გადააგდო საბჭოთა კავშირი (ყოველ შემთხვევაში მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში), რომელმაც მოიყვანა შევარდნაძე და დაამხო მისი რეჟიმი, რომელიც ვარდების რევოლუციის დროსაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ იდგა. და რომელიც დღესაც აქ დგას უკეთესი მომავლის მოლოდინში, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა პარლამენტის წინ საჯაროდ გამოსული ოპოზიციონერების და ჰგონია, რომ ამის მერე ხელისუფლებაში მოსული ადამიანები “ვეღარ გაბედავენ” ისე პარპაშს, როგორც წინა ხელისუფლება ბედავდა... კეთილი, გულუბრყვილო და მუდამ ოპტიმისტი თაობა!.. და ეს თაობა ჩვენ, ახალგაზრდებს, გვადანაშაულებს იმაში, თუ რატომ არ გვჯერა ოპოზიციონერების, (ან ნებისმიერი ტრიბუნასთან გამომსვლელი ასე თუ ისე ცნობილი პოლიტიკოსის), რატომ ვართ ნიჰილისტები, რატომ აღარ გვიჩნდება პროტესტი არსებული მანკიერებების მიმართ და რატომ არ “ვუჯერებთ” ოპოზიციას, როდესაც ისინი ქუჩაში გამოსვლისკენ მოგვიწოდებენ? ერთ დღეს, მაშინ, როდესაც ე.წ. “საზოგადოებრივი არხის” (ჯერ იმაში გამარკვიეთ, გვყავს თუ არა საზოგადოება საერთოდ და მეორეც, კაცმა არ იცის, მართლაც საზოგადოებრივია თუ არა იმ არხის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის ჟურნალისტები პირდაპირი რეპორტაჟების დროს ცინიკური გამომეტყველებით და ათასი ჰიპერბოლით “ალამაზებენ” მიმდინარე მოვლენებს) წინ კოსტავას გამზირი გადაკეტილი იყო, ქუჩაში ხუთიოდე წლის ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა, და სავარაუდოდ, მამამისი იდგნენ. ეს ძალიან ლამაზი, ქერა გოგონა არხეინად ხევდა კედლებზე გაკრულ ძველ პლაკატებს და ძირსაც ნება-ნება ყრიდა. მამამისი კი ამ დროს იმდენად იყო გართული “საზოგადოებრივი არხის” წინ უსამართლობის და სოციალური პრობლემების მიმართ პროტესტის გამოხატვით, რომ სავარაუდოდ, ვერ შეამჩნია, როგორ მშვიდად და აუღელვებლად დაანაგვიანა მისმა შვილმა იქაურობა. მართალია ამ ბავშვის მამა, ის უფრო ეროვნული პრობლემებითაა დაკავებული და ალბათ ამიტომაც გამორჩა ის ფაქტი, როგორ ანაგვიანებდა შვილი საკუთარ დედაქალაქს!.. ეს ისე, ლირიკული გადახვევისთვის.სულაც არ მინდა არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ჩემს ხარჯზე პარლამენტში შესვლის მოსურნე პოლიტიკოსმა, ჩემი ხმა მიტინგზე გამოიყენოს და ჩემით “დაიწეროს ქულები”; ჩემით “ემარიაჟოს” ხელისუფლებას, აი, ქუჩაში რამდენი ხალხი გამომყავსო... სამოქალაქო საზოგადოება თვითონ ამჩნევს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და თვითონ გამოხატავს პროტესტს. საამისოდ მას რიგითი ხელისუფლებიდან “პროტესტის ნიშნად” წამოსული, სინამდვილეში კი გამოგდებული პოლიტიკოსის მოწოდება არ სჭირდება. ქვეყანაში, სადაც საზოგადოება არსებობს (საზოგადოების საუკეთესო გაგებით!), პროფკავშირები მარტო “გრანტიჭამია სასტავი” არ არის, საკმარისია ერთი რგოლი მაინც გაიფიცოს (მაგალითად, ავტობუსის მძღოლები), რომ ქვეყანა ეკონომიკურ ზარალს იღებს. თუმცა, ალბათ ჩვენთან იმიტომაც სვამენ პროფკავშირებში ლიტრობით ყავას და ავსებენ რამდენიმე კროსვორდს დღეში (გნებავთ, სუდოკუს), რომ ჩვენ არც გამართული ეკონომიკა გვაქვს, რომ დაზარალდეს და არც სამოქალაქო საზოგადოება, რომ ხმა ამოიღოს... მგონი, აქ დროულია, გავახსენო ჩვენს უფროს თაობას, რომ პატრულის მიერ მკვლელობების სერიის შემდეგ პირველად ახალგაზრდებმა, თანასწორობის ინსტიტუტმა და რიგითმა სტუდენტებმა, ამოვიღეთ ხმა. მართალია, არც ათასობით ვყოფილვართ, არც რუსთაველის გამზირი გადაგვაკეტინეს, პატრულმაც რამდენიმე ჩვენგანი “ხულიგნობისთვის” დაიჭირა, მაგრამ ახალგარდობა ქუჩაში მაინც გამოვიდა. რატომ არ დავდივარ მე, ჩემი უამრავი თანატოლის მსგავსად, საპროტესტო აქციებზე, რატომ არ ვუერთდები ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნებს და რატომ მივედი “ალტერვიზიის” ფესტივალზე? ამასწინათ, წინა თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეკითხებოდა, თქვენი თაობის კუმირი ვინააო. არავინაც არაა. რა კუმირი შეიძლება ჰყავდეს თაობას, რომელიც 90-იან წლებში სათამაშოების მაგივრად, ჩაბნელებულ ეზოებში “ჯაბაიოსელიანობანას და ზვიადისტობანას” თამაშობდა, შუქის მოსვლის ეშინოდა და ნაყინსაც მხოლოდ დღესასწაულზე ჭამდა? რა მაგალითი შეიძლება მისცეს ახალ თაობას ყოფილმა მხედრიონელებმა, ზვიადისტებმა (და კიდევ ათასმა ვიღაცისტმა...) და ა.შ. ვინ შეიძლება იყოს ახალი თაობის გმირი, რომელსაც მიბაძავს თაობა? როცა იმ დროს ჩვენი მშობლები ჩვენს გამოკვებაზე ზრუნავდნენ ათასი გზით, (და დიდი მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენ გამო არავითარ დამამცირებელ სამუშაოს არ თაკილობდნენ!) სამწუხაროდ აღარ დარჩათ იმდენი დრო, რომ ჩვენთვის აზროვნება, მსჯელობა, სწორი დასკვნების გამოტანა ესწავლებინათ. არც მასწავლებლებს შეუწუხებიათ თავი სკოლებში იმაზე ფიქრით, რომ ჩვენგან არა დაზუთხული გაკვეთილები, არამედ ჩვენი ნაფიქრი, გაანალიზებული და შეფასებული დასკვნები მოესმინათ. ჩვენი მასწავლებლები მაშინ არც იმაზე დაფიქრებულან, რატომ ვუცდენდით ხშირად გაკვეთილებს, რატომ არ ვუსმენდით მათ მონაყოლს, რომელსაც პრინციპში, წიგნებში ბევრად უფრო გამართული ქართულით მაინც წავიკითხავდით. მასწავლებლებს ისიც უკვირდათ ჩვენგან, რატომ უყვარდა ყველა მოსწავლეს ერთადერთი მასწავლებელი მთელ სკოლაში. ჩემთვის ასეთი “გამონათებები” სულ ორი იყო: ქართულის ახალგაზრდა მასწავლებელი 61-ე სკოლაში და ისტორიის ასევე ახალგაზრდა მასწავლებელი _ 161-ეში. ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მათ გაკვეთილებზე ვგრძნობდით, როგორ ვაზროვნებდით, როგორ შეგვეძლო მოცემულის გაანალიზება და შეფასება. თუმცა, სულაც ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ორი მასწავლებელი რომელიმეს ნიშანს გვიმატებდა. არც არავის უწერდა “სამადლო სამიანს”. საქმე ისაა, რომ ასეთი წვრილმანებით ვვითარდებოდით. სკოლას ჩვენთვის არც ფიქრის და ანალიზის უნარი, არც პასუხისმგებლობის გრძნობა და არც გუნდური მუშაობის ჩვევა არ მოუცია. სკოლა ჩვენგან მხოლოდ მეორე დღისთვის ჩასაბარებელ დაზუთხულ გაკვეთილს ითხოვდა. სწორედ ასე დავამთავრეთ შვიდმა კაცმა სკოლა ფრიადებზე. მშობლებმა კი, თავიანთი მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, ყველაფრიდან თავის შეუმჩნევლად დაძვრენისა, კანონის დარღვევის და ასე გადარჩენის ჩვევები შეგვმატეს. სწორედ ასე გამოგვიმუშავდა ჩვენს თაობას დაუსჯელობის სინდრომი. და ახლა მე თქვენ გეკითხებით: რატომ უნდა მივიდეს ახალგაზრდა მიტინგზე, როდესაც ისედაც არავინ სჯის კანონის დარღვევაზე, სამართალს ძალით პოულობს (ძირითადად, ისევ ქუჩაში), როდესაც მშობლები წელებზე ფეხს იდგამენ, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ და ჯიბის ფული მაინც გვქონდეს(!), როდესაც თვითონ ჩვენს მშობლებსვე ეთაკილებათ ჩვენი მიმტანობა, ბარმენობა, მეეზოვეობა... (რა სჭირს ჩემს შვილს სხვისი სამათხოვრო!), როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ რაც არ უნდა თავი მოიკლას სწავლით, “შემცირებაში” მოაყოლებენ და მის მაგივრად უფროსის მოყვანილს დანიშნავენ, მას კი მადლობას გადაუხდიან გაწეული სამსახურისთვის და თანაგრძნობის ნიშნად გაუღიმებენ... რატომ უნდა მივიდეს ახალგაზრდა იმათ მიერ გამოცხადებულ საპროტესტო აქციაზე, რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ხელისუფლებიდან ახსოვს, რომლებიც სირცხვილის დერეფნებს ახალგაზრდებს უწყობენ, თავად კი ყოველგვარ მორალურ, ზნეობრივ პრინციპებს უსირცხვილოდ აბიჯებენ; რატომ უნდა ვიარო მე აქციაზე, როცა ვხედავ, რომ ამ აქციას ხელისუფლებიდან უფრო მეტის მომლოდინე და განაწყენებული ადამიანები მართავენ, რატომ უნდა გავაპროტესტო მე დღეს “საზოგადოებრივი არხის” საინფორმაციო პოლიტიკა, როცა მთელი ოთხი წელი ეს არხი ჩემი ჯიბიდან 23 მილიონ ლარს იღებდა და გასული ოთხი წლის მანძილზე ჩემი ფული არ მომიკითხავს! რატომ უნდა მივცე ხმა ამ განაწყენებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც ვარდების რევოლუციის დროს, პრაქტიკულად, კონკურენტების გარეშე შევიდნენ პარლამენტში და როდესაც “სახეირო” არაფერი მისცეს, თავად მოინდომეს მმართველობის ხელში აღება! რატომ უნდა ვუსმენდე იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 7 ნოემბერს ხმაც არ ამოიღეს, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირდა, რატომ უნდა ვუსმენდე იმ არხებს, რომლებიც როცა “იმედი” დახურეს, როცა სულ მანამდე “იბერიის” და “მე-9 არხის” დახურვა მიაფუჩეჩეს, შურით ხარობდნენ, კონკურენტები რომ ეცლებოდნენ გარშემო, რატომ უნდა ვუსმენდე იმ ადამიანის არხს, რომელსაც შოუ-ბიზნესის “ვარსკვლავების” კეთება მობეზრდა და ახლა “პოლიტიკოსების” კეთებაზე გადავიდა... ახლა მე ვეკითხები ჩემი მშობლების თაობას: რატომ არ ამოიღეთ ხმა მაშინვე, როცა ვარდების რევოლუციის დროსვე შეიცვალა სახელმწიფო დროშა, როცა დროშაზე და ჰიმნზე ხდებოდა მუდმივი აპელირება, როცა ყველა აშკარად ვხედავდით, რომ საქმე ფუნდამენტალიზმთან და ნაციზმთან გვქონდა და არა _ ჯანსაღ პატრიოტიზმთან, რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა იმ დროს დატრიალებულ კლიპებში (რომელსაც დღევანდელი ოპოზიციური არხები მაშინაც სიხარულით უშვებდნენ) მუდმივად ფიგურირებდნენ დროშები, ჯარისკაცები, იარაღი, ტანკები, ვერტმფრენები.რა თქმა უნდა, რომ ძალიან ცუდია, როცა პირველ რიგში, ახალგაზრდობა არ აქტიურობს, როცა მათი ძირითადი ნაწილი რუსთაველზე მხოლოდ ძვირფას რესტორანში სავახშმოდ მიდის (სავარაუდოდ დედიკოს ან მამიკოს ფულებით) და არა მიტინგზე, ძალიან ცუდი მოსასმენია ფრაზა: “მე პოლიტიკაში არ ვერევი”, რადგან დღეს, პოლიტიკაში არჩარევა უკვე დანაშაულია. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ: ჩვენ პროტესტის გრძნობა გვიჩნდება, არა მარტო პოლიტიკოსების, პირველ რიგში, საზოგადოების მიმართ. იმ საზოგადოების, რომელიც ხელისუფლებას “ოღონდ ეს არა”-ს პრინციპით ბრმად ცვლის, იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც პატიობს პოლიტიკოსებს ყველა ხელისუფლებაში და ყველა დროის ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნას, საზოგადოება, რომელიც თავგამოდებით იცავს (უფრო სწორედ, ჰგონია, რომ იცავს, არადა კონსტიტუციის ერთხელ გადაკითხვაც კი ეზარება ზოგიერთს) უფლებებს და ამავე დროს თავისი მოვალეობები არც კი ახსენდება, იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც ალასანიას “ტუჩზე ხალის გამო”, გრეჩიხას “კაი ტიპობის”, ხაინდრავას კი “ნაღდი თბილისელობის” გამო აირჩევს. (რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს უამრავი ღირსება და ნაკლი გაააჩნიათ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არაა მათთვის!). მე იმ საზოგადოებას ვუცხადებ პროტესტს, რომელმაც პრეზიდენტი, მოფერებით კი მიშა, საკუთარ შვილებთან და შვილიშვილებთან გააიგივა, რომელმაც ჩვენს პრეზიდენტს თავის დროზე წვრილმანი სიგიჟეები (სინამდვილეში კი, სავარაუდოდ, სერიოზული ფსიქიკური პრობლემები) აპატია, რომელიც მიტინგზე ვიღაცების სახელებს ყვირის დღესაც, აფეტიშებს ვიღაცების სახელებს, უცნობს, იგივე გია გაჩეჩილაძეს, სამშობლოს გადამრჩენელს და გაადამიანებულ წმინდა გიორგის ეძახის და დაფნის გვირგვინები მოაქვს მისთვის (და რა თქმა უნდა ამით უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებს. უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია, არა მარტო მას, არამედ არც ერთ ადამიანს არ უნდა აიგივებდეს საზოგადოება წმინდანთან და მესიასთან). მე პროტესტს იმ საზოგადოებას ვუცხადებ, რომელიც დამცინავად მიყურებს, როცა გზას მანამ არ ვკვეთავ, სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქი არ აინთება, როცა ორას მეტრს ფეხით გავდივარ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლო და მძღოლებს პრობლემა არ შევუქმნა მოძრაობისას, როცა ხელით დამაქვს ნაგავი იქამდე, სანამ ნაგვის ბუნკერს არ შევხვდები და ხშირად სახლამდეც; იმ საზოგადოებას, რომელმაც ნაგვის დაყრაზე 150 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა (ნუ დაყრი, შე კაი ადამიანო, იმ ნაგავს, ძალით კი არ გართმევს ჯარიმას ვინმე!)! და ეს საზოგადოება, რომელმაც 97%-ით აირჩია პრეზიდენტი და მმართველი პარტია, ჩემი ერთი ლექტორისა არ იყოს, დამნაშავეს მაგონებს, რომელსაც 8 წელი მიუსაჯეს და 3 წლის მერე ციხიდან გამოსვლა ნებავს! დაბოლოს, როცა ჩემი მშობლები მსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვუერთდები ოპოზიციას, მე ასე ვპასუხობ. ჩემი მშობლები იმასაც მსაყვედურობენ, რომ თუკი ეს ყველაფერი ასე არ მომწონს, მაშინ ჩემი პროტესტი ყველას მიმართ საჯაროდ გამოვხატო. კი ბატონო! აი ჩემი პროტესტიც!
უჰ, და აი სიმღერაც:
http://www.youtube.com/watch?v=RDfdzipN8pQ&feature=related

No comments:

Post a Comment

დააკომენტარეთ